არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ აღდგა ჩვენი ოჯახი

როგორ აღდგა ჩვენი ოჯახი

როგორ აღდგა ჩვენი ოჯახი

მოგვითხრეს ლას და იუდით ვესტერგარებმა

მათ ჩვეულებრივი სახლი აქვთ, რომელშიც ნებისმიერი ბედნიერი ოჯახი იცხოვრებდა დანიაში. ეს არის მშვიდ სოფელში მდებარე მყუდრო სახლი მიმზიდველი ეზოთი. მის შიგნით კედელზე დიდი ფოტოსურათია, რომელზეც ჯანმრთელი და მომღიმარე ბავშვები არიან გამოსახული.

ოჯახის თავი, ლასი, უხუცესია იეჰოვას მოწმეთა კრებაში, ხოლო მისი მეუღლე, იუდითი — პიონერი (სრული დროით მქადაგებელი). თუმცა დღესდღეობით ისინი ბედნიერი წყვილია, ეს ყოველთვის ასე არ იყო. ლასს და იუდითს პრობლემები და დაძაბული ურთიერობა ჰქონდათ ერთმანეთს შორის, რის შედეგადაც განქორწინდნენ და ოჯახი დაენგრათ. მაგრამ ამჟამად მათი ოჯახი კვლავ გაერთიანებულია. რამ განაპირობა ეს? ისინი თავად აგიხსნიან, თუ რა მოხდა.

ლასი და იუდითი მოგვითხრობენ, რატომ ჰქონდა ასეთი ცუდი დასასრული მათ ქორწინებას და ხელახლა როგორ შეერთდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი გამოცდილება შეიძლება სხვებსაც დაეხმაროს.

ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო

ლასი: 1973 წლის აპრილში ნამდვილად გავბედნიერდით. მთელი მსოფლიო ჩვენი გვეგონა. მაშინ არც ბიბლიას ვიცნობდით და არც იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ შევძლებდით მსოფლიო შესანიშნავ საცხოვრებელ ადგილად გვექცია, თუ ყველა ადამიანი საკმაო ძალისხმევას მოახმარდა ამას. ამიტომ აქტიურად ჩავებით პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩვენ უფრო ბედნიერები გავხდით, როცა ოჯახს სამი ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე ბიჭი შეემატა — მარტინი, ტომასი და იონასი.

იუდითი: სახელმწიფო დაწესებულების ერთ-ერთ განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. იმავე პერიოდში ჩაბმული ვიყავი პოლიტიკასა და პროფესიული კავშირის საქმიანობაში. თანდათანობით დიდი პასუხისმგებლობებიც დამეკისრა.

ლასი: დიდ პროფესიულ კავშირში ვმუშაობდი, სადაც პრივილეგირებული მდგომარეობა მეკავა. ჩემი და იუდითის კარიერა აღმავლობას განიცდიდა და ჩვენს ცხოვრებასაც თითქოს არაფერი ემუქრებოდა.

ერთმანეთისგან დაშორება

ლასი: მაგრამ იმდენად ჩაფლული ვიყავით საკუთარ საქმეებში, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ვუთმობდით ერთმანეთს. ჩვენ ერთი და იგივე პოლიტიკურ პარტიაში ვმუშაობდით, მაგრამ სხვადასხვა სფეროში. ჩვენს სამ ვაჟიშვილზე სხვები ზრუნავდნენ; ან ვქირაობდით მათთვის მომვლელს, ან საბავშვო ბაღში დაგვყავდა ისინი. რამდენადაც ორივე მხოლოდ საკუთარი საქმიანობით ვიყავით დაინტერესებული, ჩვენი ოჯახური ცხოვრება აირია. შინ ყოფნისას ხშირად ვჩხუბობდით. შემდეგ დასამშვიდებლად ალკოჰოლის მიღება დავიწყე.

იუდითი: რასაკვირველია, ჯერ კიდევ გვიყვარდა ერთმანეთი და ბავშვები, მაგრამ ჩვენი სიყვარული არასდროს ყოფილა ისე მტკიცე, როგორც საჭირო იყო; ის თითქოს ქრებოდა. ჩვენი ურთიერთობა ძალიან არასასიამოვნო გახდა, რის შედეგადაც ბავშვები იტანჯებოდნენ.

ლასი: სასოწარკვეთილებაში მყოფი ვცდილობდი, აღმედგინა კარგი ოჯახური ურთიერთობა, რის გამოც გადავწყვიტე სამსახურის მიტოვება. 1985 წელს ქალაქიდან სოფელში გადავედით, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ. მდგომარეობა ცოტა ხნით გამოსწორდა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე კვლავ ჩვენ-ჩვენი საზრუნავით ვიყავით დაკავებული. საბოლოოდ, 1989 წლის თებერვალში, 16 წლის მანძილზე ერთად ცხოვრების შემდეგ განვქორწინდით. ჩვენი ოჯახი დაინგრა.

იუდითი: საშინელება იყო, როცა ვუყურებდით ჩვენს დანგრეულ ოჯახს და ვხედავდით, როგორ იტანჯებოდნენ ბავშვები. ჩვენ იმდენად დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, რომ შეთანხმებაც კი ვერ შევძელით, რათა ორივეს მიგვეღო მონაწილეობა ბიჭების მოვლა-პატრონობაში; ამიტომ ჩემს თავზე ავიღე სამივე მათგანზე ზრუნვის პასუხისმგებლობა.

ლასი: მე და იუდითი რამდენჯერმე შევეცადეთ ჩვენი დანგრეული ოჯახის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ. დახმარებისთვის ღმერთსაც კი მივმართავდით ლოცვით. მაგრამ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით ღვთის შესახებ.

იუდითი: როდესაც ვლოცულობდით, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ ღმერთი არ გვისმენდა. მადლობლები ვართ, რომ მას შემდეგ ვხედავთ, როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებს.

ლასი: ჩვენ არ გვესმოდა, რომ ძალისხმევა გვმართებდა საკუთარ თავში ცვლილებების მოსახდენად. ამიტომ განქორწინება მწარე სინამდვილედ იქცა.

მოულოდნელი ცვლილებები ლასის ცხოვრებაში

ლასი: მაგრამ, სანამ მარტო ვცხოვრობდი, სრულიად მოულოდნელად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთხელ იეჰოვას მოწმეებისგან ორი ჟურნალი მივიღე. მანამდე გაუთვითცნობიერებლად უარვყოფდი მოწმეებს. მაგრამ, როცა მათ ჟურნალებს თვალი გადავავლე, დავინახე, რომ მოწმეებს სინამდვილეში ღმერთიც სწამდათ და იესო ქრისტეც. ამან ძალიან გამაოცა. არც კი ვიცოდი, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ.

დაახლოებით იმავე პერიოდში ჩემს მეგობარ ქალთან გადავედი საცხოვრებლად. როგორც გაირკვა, ადრე ის იეჰოვას მოწმე ყოფილა. როდესაც კითხვები დამებადა, მან ბიბლიაში მაჩვენა, რომ იეჰოვა არის ღვთის სახელი. გავიგე, რომ „იეჰოვას მოწმეები“ „ღვთის მოწმეებს“ ნიშნავს.

ამ ქალის დახმარებით იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში საჯარო მოხსენებას დავესწარი. იქ ნანახმა მართლაც გამიღვივა ინტერესი. იმისათვის, რომ უფრო მეტი გამეგო, ადგილობრივ სამეფო დარბაზში მივედი და ბიბლიის შესწავლაც დავიწყე. დიდი ხანი არ დამჭირვებია იმის გასაანალიზებლად, რომ ჩემი ცხოვრების წესი არასწორი იყო; ამიტომ მეგობარ ქალთან კავშირი გავწყვიტე და მშობლიურ ქალაქში გადავედი, რომ მარტო მეცხოვრა. მცირეოდენი მერყეობის შემდეგ იქ იეჰოვას მოწმეებს დავუკავშირდი და გავაგრძელე ბიბლიის შესწავლა.

მაგრამ ჯერ კიდევ მქონდა ეჭვები: ნამდვილად იყვნენ იეჰოვას მოწმეები ღვთის ხალხი? რის თქმა შეიძლებოდა ყოველივე იმის შესახებ, რაც ბავშვობაში ვისწავლე? რადგან მეშვიდე დღის ადვენტისტად გავიზარდე, ერთ ადვენტისტს დავუკავშირდი. ის დამთანხმდა, ოთხშაბათობით ესწავლებინა ჩემთვის ბიბლია, მაშინ როდესაც ორშაბათობით იეჰოვას მოწმეებთან მქონდა შესწავლა. ჩემი სურვილი იყო, ნათელი პასუხი მიმეღო ორივე რელიგიური ჯგუფისგან ოთხ განსაკუთრებულ საკითხზე — ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, აღდგომაზე, სამების მოძღვრებასა და იმაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო კრება ორგანიზებული. მხოლოდ რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ ყველა ეჭვი განმქარვებოდა. ოთხივე საკითხში — და ყველაფერშიც — მხოლოდ იეჰოვას მოწმეების შეხედულებები იყო სრულიად დაფუძნებული ბიბლიაზე. შედეგად, სიხარულით დავიწყე მონაწილეობის მიღება კრების ყველა საქმიანობაში და მალე თავი მივუძღვენი იეჰოვას. 1990 წლის მაისში კი მოვინათლე.

რის თქმა შეიძლება იუდითზე?

იუდითი: იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, კვლავ დავიწყე ეკლესიაში სიარული. ძალიან არ მესიამოვნა, როდესაც გავიგე, რომ ლასი იეჰოვას მოწმე გახდა. ჩვენი ათი წლის უმცროსი ვაჟი, იონასი, ხანდახან ინახულებდა მამამისს, მაგრამ მე ლასს ავუკრძალე იონასის იეჰოვას მოწმეების კრებაზე წაყვანა. ლასმა დახმარებისთვის უფლებამოსილ პირებს მიმართა, მაგრამ მათ ჩემი პოზიცია დაიკავეს.

მე გავიცანი სხვა მამაკაცი. ამავე დროს უფრო მეტად ჩავები პოლიტიკასა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამიტომ იმ დროისთვის ვინმე რომც დამლაპარაკებოდა ჩვენი ოჯახის აღდგენაზე, ვერ დავიჯერებდი.

იეჰოვას მოწმეების საწინააღმდეგო მასალის მოსაძებნად ადგილობრივი მრევლის მღვდელს მივმართე, რომელმაც მაშინვე აღიარა, რომ არაფერი იცოდა მოწმეებზე და არანაირი ლიტერატურა არ ჰქონდა მათ შესახებ. მან მხოლოდ ის მითხრა, რომ რაც შეიძლება შორს დამეჭირა თავი მათგან. ამან, რასაკვირველია, არ შეცვალა ჩემი უარყოფითი წარმოდგენა იეჰოვას მოწმეებზე. მაგრამ მოგვიანებით იძულებული გავხდი, შევხვედროდი მათ ისეთ ვითარებაში, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

ჩემი ძმა, რომელიც შვედეთში ცხოვრობს, იეჰოვას მოწმე გახდა; მან თავის ქორწილში მიმიწვია, რომელიც სამეფო დარბაზში უნდა გადაეხადა. ამ შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა ჩემი წარმოდგენა მოწმეებზე. ჩემდა გასაოცრად, ისინი უხალისო ადამიანები კი არ იყვნენ, როგორც მე წარმომედგინა, არამედ გულკეთილები და ბედნიერები, რომელთაც კარგი იუმორის გრძნობაც კი ჰქონდათ.

ამასობაში ჩემი ყოფილი მეუღლე, ლასი, სრულიად შეიცვალა. ის უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა, დროს ბავშვებთან ერთად ატარებდა, სიკეთეს ავლენდა, თავის ნათქვამს აკონტროლებდა და ისე უზომოდ არ სვამდა, როგორც წარსულში. მისით ნამდვილად მოიხიბლებოდა კაცი! ის ახლა ზუსტად ისეთი მამაკაცი იყო, როგორსაც ყოველთვის ვნატრობდი, რომ ყოფილიყო. გულს მიტეხდა ის, რომ მისი ცოლი აღარ ვიყავი და როდისმე შეიძლება სხვა გაჰყოლოდა ცოლად.

მაშინ მიზნად დავისახე, ჭკუა მეხმარა და „იერიშზე გადავსულიყავი“. ერთხელ, როცა იონასი მამამისთან დარჩა, ჩემს ორ დასთან ერთად გავემგზავრე იონასისა და ლასის სანახავად ვითომცდა იმ მიზნით, რომ ორ დეიდას დისშვილი მოენახულებინა. ჩვენ ერთმანეთს პარკში შევხვდით. სანამ დეიდები ბავშვთან იყვნენ, მე და ლასმა სკამი ვიპოვეთ და ჩამოვსხედით.

ჩემდა გასაოცრად, როგორც კი ჩვენს მომავალზე წამოვიწყე საუბარი, ლასმა ჯიბიდან წიგნი ამოიღო, რომლის სახელწოდება იყო „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“ *. მან მომცა წიგნი და მირჩია, წამეკითხა თავები ოჯახში ქმრისა და ცოლის როლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გამიმახვილა, რომ წიგნში მოყვანილი მუხლები ბიბლიაში მომეძებნა.

როცა ლასი და მე სკამიდან წამოვდექით, სურვილი მქონდა, ხელი მომეკიდა მისთვის, მაგრამ მან თავაზიანად მითხრა უარი. ლასი არ აპირებდა ურთიერთობის აღდგენას, სანამ არ ეცოდინებოდა ჩემი თვალსაზრისი თავისი ახალშეძენილი რწმენის შესახებ. ამან, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყო, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ მას საკმაოდ გონივრული პოზიცია ეკავა და ეს ისევ ჩემთვის იქნებოდა კარგი, თუ ის ოდესმე კვლავ ჩემი მეუღლე გახდებოდა.

ყოველივე ამან უფრო მეტად აღმიძრა იეჰოვას მოწმეებისადმი ინტერესი. მომდევნო დღეს დავუკავშირდი ქალს, რომლის შესახებაც ვიცოდი, რომ მოწმე იყო, და შევთანხმდით, რომ ის და მისი მეუღლე მომაწვდიდნენ ჩემთვის სასურველ ინფორმაციას თავიანთი რელიგიის შესახებ. მათ ყველა ჩემს უამრავ კითხვაზე ბიბლიაზე დაყრდნობით გასცეს პასუხები. მე შევძელი იმის დანახვა, რომ, რასაც იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ, მთლიანად იყო დაფუძნებული ბიბლიაზე. ყველაფერი, რაზეც ვიმსჯელეთ, უნდა მეღიარებინა, რომ ჭეშმარიტება იყო.

იმ პერიოდში უარი ვთქვი ლუთერანულ-ევანგელიკური ეკლესიის წევრობაზე და შევწყვიტე პოლიტიკური მოღვაწეობა. სიგარეტის წევასაც კი დავანებე თავი. ყველაზე მეტად ამ ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა. ბიბლიის შესწავლა 1990 წლის აგვისტოში დავიწყე და 1991 წლის აპრილში მოვინათლე როგორც იეჰოვას მოწმე.

ხელმეორედ დაქორწინება

იუდითი: ორივე უკვე მონათლული იეჰოვას მოწმეები ვიყავით. თუმცა ჩვენი გზები გაიყარა, ორივეს შესწავლილი გვქონდა საღვთო წერილი. შესანიშნავი ბიბლიური სწავლებების დახმარებით ადრინდელთან შედარებით შევიცვალეთ. კვლავ გვიყვარდა ერთმანეთი და, შესაძლებელია, უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესღაც. ასე რომ, თავისუფლად შეგვეძლო, კვლავ დავქორწინებულიყავით, რაც განვახორციელეთ კიდეც. ჩვენ ხელმეორედ დავდეთ საქორწინო აღთქმა, მაგრამ ამჯერად ეს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში მოხდა.

ლასი: დაუჯერებელი რამ მოხდა — ჩვენი ოჯახი აღდგა! როგორი ბედნიერები და გახარებული ვიყავით იმ დროს!

იუდითი: ქორწილში ჩვენი ვაჟები, უამრავი ნათესავი, ახალშეძენილი და ძველი მეგობრები იყვნენ. ეს იყო სასწაულებრივი მოვლენა. სტუმრებს შორის ისინიც იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი ქორწინების დროს გვიცნობდნენ; ისინი გახარებული იყვნენ, რომ კვლავ ერთად გვხედავდნენ და უკვირდათ იეჰოვას მოწმეების ნამდვილი მხიარულება.

ბავშვები

ლასი: ჩვენი მონათვლის შემდეგ სიხარული განვიცადეთ იმის გამო, რომ ჩვენმა ორმა ვაჟმაც გადაწყვიტა, თავიანთი სიცოცხლე იეჰოვასთვის მიეძღვნათ.

იუდითი: იონასი ბავშვობიდანვე აფასებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელსაც იმ დროს გაეცნო, როცა თავის მამას ინახულებდა. ის მხოლოდ ათი წლის იყო, როდესაც მითხრა, რომ მამასთან სურდა ცხოვრება, რადგან ამიხსნა, მამიკო ბიბლიის თანახმად ცხოვრობსო. იონასი 14 წლის მოინათლა. მან სწავლა დაამთავრა და ამჟამად სრული დროით მსახურობს.

ლასი: ჩვენი უფროსი ვაჟი, მარტინი, ახლა 27 წლის არის. ის ბევრ რამეზე დააფიქრა იმ ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენ მოვახდინეთ. მარტინი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და ქვეყნის სხვა ნაწილში დასახლდა. ორი წლის შემდეგ ბიბლიის შესწავლა დაიწყო ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან. ხუთ თვეში უკვე მზად იყო მოსანათლავად. მას, როგორც ქრისტიანს, შესანიშნავი გეგმები აქვს სამომავლოდ.

ჩვენი შუათანა ვაჟი, ტომასი, ამჟამად არ არის იეჰოვას მოწმე. რასაკვირველია, ჩვენ მაინც გვიყვარს ის და ახლო ურთიერთობა გვაქვს მასთან. ის ბედნიერია ჩვენს ოჯახში მომხდარი ცვლილებების გამო. ყველა ვაღიარებთ, რომ იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ, როგორც მშობლებმა, ბიბლიიდან ვისწავლეთ, ჩვენი ოჯახი აღდგა. რამხელა კურთხევაა ეს ჩვენთვის, რომ ამჟამად ხშირად შეგვიძლია შევიკრიბოთ ერთ ჭერქვეშ — ორივე მშობელი ჩვენს სამ ვაჟთან ერთად!

ჩვენი ცხოვრება ამჟამად

ლასი: ჩვენ იმის თქმა კი არ გვინდა, რომ სრულყოფილები გავხდით, არამედ ვისწავლეთ, რომ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა წარმატებული ქორწინების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორებია. ჩვენს ამჟამინდელ ქორწინებას ადრინდელთან შედარებით სრულიად განსხვავებული საფუძველი ჩაეყარა. ახლა ორივე ვაღიარებთ უზენაესს, რომელსაც ჩვენს თავზე მაღლა ვაყენებთ, რადგან შეგნებული გვაქვს, რომ იეჰოვასთვის ვცხოვრობთ. მე და იუდითს ნამდვილად მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ.

იუდითი: ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იეჰოვა საუკეთესო რჩევებს იძლევა ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ამის ცოცხალი მაგალითი ჩვენ ვართ.

[სქოლიო]

^ აბზ. 30 გამოქვეყნებულია 1978 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ. ამჟამად აღარ იბეჭდება.

[სურათი 20 გვერდზე]

ლასი და იუდითი 1973 წელს თავიანთი პირველი ქორწინების დროს.

[სურათი 21 გვერდზე]

სამმა ბიჭუნამ დაკარგა, მაგრამ კვლავ შეიძინა მეგობრული ოჯახი.

[სურათი 23 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით ხელახლა შეერთებული ლასი და იუდითი.