როგორ უმკლავდებიან ოჯახები ქრონიკულ დაავადებას
როგორ უმკლავდებიან ოჯახები ქრონიკულ დაავადებას
მდგომარეობასთან გამკლავება შეიძლება განისაზღვროს როგორც „რთული სიტუაციებისთვის ეფექტურად თავის გართმევის უნარი იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია ჩავარდნილი“ („ტეიბერის ენციკლოპედიური სამედიცინო ლექსიკონი“). მასში შედის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემების პირისპირ დგომა ისეთნაირად, რომ თვითკონტროლის გაწევა და სიმშვიდის შენარჩუნება შეგეძლოთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქრონიკული დაავადება მთელი ოჯახის საზრუნავია, ოჯახის ყოველი წევრის მხრიდან სიყვარულითა და ერთგულებით აღსავსე მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ ოჯახმა წარმატებით გაართვას თავი შექმნილ სიტუაციას. მოდი განვიხილოთ ოჯახების მიერ ქრონიკულ დაავადებასთან გამკლავების ზოგიერთი საშუალება.
ცოდნის ფასი
შესაძლოა, დაავადების განკურნება შეუძლებელი იყოს, მაგრამ იმის ცოდნას, თუ როგორ შეძლოთ გამკლავება, ავადმყოფობით გამოწვეული ემოციური დარტყმის მინიმუმამდე დაყვანა შეუძლია. ეს ეთანხმება ძველ იგავს, რომელიც ამბობს: „მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე [ძლიერია]“ (იგავნი 24:5). როგორ შეუძლია ოჯახს ცოდნის მიღება იმის შესახებ, თუ რანაირად გაუმკლავდეს პრობლემას?
პირველი ნაბიჯი ისეთი ექიმის მონახვაა, რომელიც მზად იქნებოდა თქვენთან ურთიერთობისა და დახმარების აღმოჩენისთვის, და რომელიც სიამოვნებით გამოგიყოფდათ დროს, რათა ყველაფერი ყურადღებით აეხსნა თქვენთვის — ავადმყოფისთვისაც და ოჯახისთვისაც. «იდეალური ექიმი, — შენიშნავს წიგნი „დაავადებული ბავშვი ოჯახში“, — ზრუნავს მთელ ოჯახზე და აგრეთვე ყოველგვარი აუცილებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლია».
შემდეგი ნაბიჯია სპეციფიკური კითხვების დასმა, ვიდრე საუკეთესოდ არ გაერკვევით სიტუაციაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ, როდესაც ექიმთან ხართ, შეიძლება ღელავდეთ და დაგავიწყდეთ,
რისი კითხვა გინდოდათ. ერთი დამხმარე რჩევაა კითხვების წინასწარ ჩამოწერა. განსაკუთრებით კი შეიძლება იმის გაგება გსურდეთ, რას უნდა მოელოდეთ დაავადებისა და მკურნალობისგან და როგორ მოიქცეთ (იხილეთ ჩარჩო „კითხვები, რომლებიც ოჯახს შეუძლია ექიმს დაუსვას“).განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკულად დაავადებული ბავშვის და-ძმებისთვის შესაფერისი ინფორმაციის მიწოდება. „თავიდანვე აუხსენით, რაშია საქმე და რა ხდება, — იძლევა რჩევას ერთი დედა, — სავსებით შესაძლებელია, რომ მათ ოჯახური წრიდან გარიყულივით იგრძნონ თავი, თუკი არ ესმით, რა ხდება“.
ზოგმა ოჯახმა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, წიგნების მაღაზიაში ან ინტერნეტში გამოკვლევის ჩატარებით შეძლო სასარგებლო ინფორმაციის აღმოჩენა — ძალიან ხშირად ისინი დაწვრილებით ინფორმაციას პოულობდნენ ამა თუ იმ დაავადებების შესახებ.
ცხოვრების შედარებით ნორმალური დონის შენარჩუნება
რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრებს ავადმყოფისთვის ცხოვრების შედარებით ნორმალური დონის შენარჩუნება სურდეთ. გავიხსენოთ, მაგალითად, პირველ სტატიაში მოხსენიებული ნილ დე ტოი. ის ჯერ კიდევ იტანჯება თავისი დამაუძლურებელი დაავადებით. მიუხედავად ამისა, ყოველთვიურად დაახლოებით 70 საათს ატარებს იმის კეთებაში, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს — ახლომახლო მცხოვრებ ხალხს ბიბლიაზე დაფუძნებული იმედის შესახებ ელაპარაკება. „შინაგან კმაყოფილებას, — ამბობს ის, — კრებაში ბიბლიური დარიგებების გადაცემაც მანიჭებს“.
ცხოვრების ნორმალურ დონეში აგრეთვე სიყვარულის გამოხატვისა და მიღების, სასიამოვნო საქმიანობებით დაკავებისა და იმედის შენარჩუნების უნარიც შედის. დაავადების ხასიათი და მკურნალობა რამდენადაც იძლევა ამის საშუალებას, ამისდა მიხედვით ავადმყოფები კვლავ უნდა ცდილობდნენ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას. ერთი მამა, რომლის ოჯახი 25 წელზე მეტია ებრძვის დაავადებას, ამბობს: „ჩვენ გვიყვარს ბუნებაში გასვლა, მაგრამ ჩემი ვაჟის შეზღუდული მდგომარეობის გამო არ შეგვიძლია ასეთი ლაშქრობების მოწყობა. ამიტომ სხვაგვარად ვიქცევით. ისეთ ადგილებს ვეწვევით ხოლმე, რომლებიც დიდ ფიზიკურ აქტიურობას არ მოითხოვს“.
დიახ, ავადმყოფები ინარჩუნებენ იმის უნარს, რომ გარკვეული კმაყოფილება მიიღონ სიცოცხლისგან. დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, ბევრს ჯერ კიდევ შეუძლია ლამაზი სანახაობებისა და ხმების შეფასება. რაც უფრო მეტად შეუძლიათ თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა მხარის მართვა, მით უფრო შესაძლებელია, რომ ცხოვრების შედარებით ნორმალური დონე იქონიონ.
მტკივნეულ განცდებთან გამკლავება
პრობლემასთან გამკლავების მნიშვნელოვან ნაწილში საზიანო გრძნობების გაკონტროლების სწავლაც შედის. ერთ-ერთი მათგანია გულისწყრომა. ბიბლია აღიარებს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გაბრაზების მიზეზი. მაგრამ ის აგრეთვე მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ ‘სულგრძელნი’ (იგავნი 14:29). რატომ არის ბრძნული ასეთი მოქმედება? ერთი ცნობარის თანახმად, გულისწყრომა „შეიძლება გულს გიღრღნიდეთ და გაბოროტებდეთ ან იქამდე მიჰყავდეთ, რომ საწყენი რამ გათქმევინოთ, რაზეც მოგვიანებით ინანებთ“. რისხვის ერთ აფეთქებასაც კი შეიძლება ზიანი მოჰყვეს, ხოლო მდგომარეობის გამოსწორებას, შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს.
ბიბლია გვირჩევს: „მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26). ცხადია, ჩვენ არ ძალგვიძს ისეთი რამის გაკეთება, რაც მზის ჩასვლას შეაფერხებდა. მაგრამ შეგვიძლია მივიღოთ ზომები და სწრაფად დავაცხროთ ჩვენი „რისხვა“, ისე რომ აღარ განვაგრძოთ საკუთარი თავისა და სხვებისთვის ზიანის მიყენება. მას შემდეგ, რაც დამშვიდდებით, შესაძლებელია, სიტუაციას გაცილებით უკეთ გაართვათ თავი.
ნებისმიერი ოჯახის მსგავსად, უეჭველია, თქვენიც გაივლის შედარებით უკეთეს და უარეს პერიოდებს. ბევრმა ოჯახმა ნახა, რომ უკეთ ართმევენ თავს პრობლემას, როდესაც ერთიმეორესთან ან სხვა თანამგრძნობ და გულისხმიერ ადამიანთან შეუძლიათ თავიანთი განცდების გაზიარება. კეტლინმა ზუსტად ეს გამოსცადა. თავიდან ის კიბოთი დაავადებულ დედაზე ზრუნავდა, ხოლო მოგვიანებით კი მეუღლეზე, რომელიც ქრონიკული დეპრესიით, ბოლოს კი ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა. ის აღიარებს: „შვებას მგვრიდა და მანუგეშებდა თანამგრძნობ მეგობრებთან საუბარი“. როზმარი, რომელიც ორი წლის განმავლობაში დედას უვლიდა, ამ აზრს ეთანხმება. „გულწრფელ მეგობართან საუბარი, — ამბობს ის, — წონასწორობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა“.
მაგრამ არ გაგაკვირვოთ იმან, თუ ლაპარაკის დროს ცრემლებს ვერ შეიკავებთ. „ტირილი ამსუბუქებს დაძაბულობასა და ტკივილს, და მწუხარების დაძლევაში გეხმარებათ“, — ამბობს წიგნი „დაავადებული ბავშვი ოჯახში“ *.
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობილება
„ავადმყოფობის დროს სიცოცხლის სურვილი დაგიცავს“, — წერდა ბრძენი მეფე სოლომონი (იგავნი 18:14, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). დღეს მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ავადმყოფების მოლოდინი — გაუარესებისა თუ გამოკეთების — ხშირად გავლენას ახდენს მათი მკურნალობის შედეგზე. მაგრამ როგორ შეუძლია ოჯახს ოპტიმიზმის შენარჩუნება ხანგრძლივ დაავადებასთან ბრძოლისას?
თუმცა არ უგულებელყოფენ დაავადებას, ოჯახები უკეთ უმკლავდებიან მას, როცა თავიანთი ყურადღება გადააქვთ იმაზე, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეუძლიათ. „სიტუაციამ შეიძლება სრულიად
უარყოფითად განგაწყოს, — აღიარებს ერთი მამა, — მაგრამ უნდა გაათვითცნობიერო, რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს ფლობ; ჯერ კიდევ გაქვს სიცოცხლე, გყავთ ერთმანეთი და მეგობრები“.მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკულ დაავადებას გულგრილად ვერ მოეკიდებით, ჯანსაღი იუმორის გრძნობა პესიმისტური განწყობილების არიდებაში დაგეხმარებათ. ამას ადასტურებს დე ტოიების მზადყოფნა იუმორის გრძნობის გამოვლენაში. კოლეტი, ნილ დე ტოის უმცროსი და, ამბობს: „რადგანაც გარკვეულ სიტუაციებთან გამკლავება ვისწავლეთ, შეგვიძლია ვიცინოთ იმაზე, რაც გვემართება და რაც სხვებს, შესაძლოა, ძალიან დამამწუხრებლად მიაჩნდეთ. ასეთი მოქმედება ნამდვილად გვეხმარება დაძაბულობის შემსუბუქებაში. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „მხიარული გული ჯანმრთელობაა“ (იგავნი 17:22).
უმნიშვნელოვანესი სულიერი ფასეულობანი
ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სულიერი კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილში შედის ‘მათი სათხოვრის ღვთისადმი გამჟღავნება ლოცვა-ვედრებისას’ (სსგ). ამის შედეგად, როგორც ბიბლია იძლევა დაპირებას: „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს“ ფილიპელთა 4:6, 7). ორ ქრონიკულად დაავადებულ შვილზე თითქმის 30 წლის მზრუნველობის შემდეგ ერთი დედა ამბობს: „ჩვენ გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ იეჰოვა გვეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში. ის ნამდვილად გვმატებს ძალებს“.
(გარდა ამისა, ბევრს აძლიერებს ბიბლიური დანაპირები დედამიწაზე ტკივილისა და ტანჯვისგან თავისუფალი სამოთხის შესახებ (გამოცხადება 21:3, 4). «ქრონიკული დაავადების გამო, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი, — ამბობს ბრამი, — უფრო მეტი მნიშვნელობა მივანიჭეთ ღვთის დანაპირებს იმის შესახებ, რომ „ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“». ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად დე ტოიებიც მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა სამოთხეში „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24; 35:6).
გამხნევდით! კაცობრიობისთვის მძიმე ტვირთად ქცეული ტკივილი და ტანჯვა თავად წარმოადგენს იმის მტკიცების ნაწილს, რომ მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება (ლუკა 21:7, 10, 11). მაგრამ დღესაც ბევრ ავადმყოფის მომვლელსა თუ თავად ავადმყოფს შეუძლია იმის დადასტურება, რომ იეჰოვა მართლაც არის „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
[სქოლიო]
^ აბზ. 17 უფრო დაწვრილებითი განხილვისთვის, თუ როგორ გაართვათ თავი დაავადებით გამოწვეულ ემოციურ ტკივილს, გთხოვთ, იხილოთ სტატიების სერია „ავადმყოფის მოვლა — როგორ გავუმკლავდეთ ამ რთულ ამოცანას“ 1997 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ (რუს.), გვ. 3—13.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
კითხვები, რომლებიც ოჯახს შეუძლია ექიმს დაუსვას
• როგორ განვითარდება დაავადება და რა შედეგი ექნება?
• რა სიმპტომები ექნება და როგორ შეიძლება მათი გაკონტროლება?
• მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
• ამა თუ იმ სახის მკურნალობას რა შესაძლო გვერდითი მოვლენები და საფრთხე შეიძლება მოჰყვეს, და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია?
• რის გაკეთება შეიძლება, მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს და რას უნდა მოვერიდოთ?
[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]
როგორ შეგიძლიათ მხარდაჭერის აღმოჩენა
ზოგმა შეიძლება ავადმყოფთან მისვლისგან ან დახმარების შეთავაზებისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან არ იცის, რა თქვას ან იმ სიტუაციაში როგორ მოიქცეს. სხვები, შესაძლოა, მბრძანებლობისკენ იყვნენ მიდრეკილი და თავიანთი დაჟინებულობით ოჯახს უფრო დაუმძიმონ მდგომარეობა. მაშ, როგორ შეუძლია ვინმეს მათი მხარდაჭერა, ვისაც ქრონიკულად დაავადებული ოჯახის წევრი ჰყავს, ისე რომ მათ პირად ცხოვრებაში არ ჩაერიოს?
მოუსმინეთ თანაგრძნობით. ‘იყავით სმენაში მკვირცხლი’, ამბობს იაკობის 1:19. გამოხატეთ თქვენი დაინტერესება იმით, რომ კარგი მსმენელი იქნებით და ოჯახის წევრებს განტვირთვის საშუალებას მისცემთ, თუკი მათ ლაპარაკის სურვილი ექნებათ. ისინი უფრო იმ შემთხვევაში განეწყობიან ამისთვის, თუ გრძნობენ, რომ თქვენ „გულშემატკივარნი“ ხართ (1 პეტრე 3:8). მაგრამ გახსოვდეთ, რომ არც ორი სხვადასხვა ადამიანი და არც ორი სხვადასხვა ოჯახი ერთნაირად არ რეაგირებს ქრონიკულ დაავადებაზე. ამიტომ „მოერიდეთ რჩევა-დარიგებების მიცემას, თუ დაავადების ან მდგომარეობის შესახებ ყველაფერი დანამდვილებით არ იცით“, — ამბობს კეტლინი, რომელიც თავის დედაზე, მოგვიანებით კი ქრონიკულად დაავადებულ მეუღლეზე ზრუნავდა (იგავნი 10:19). და გახსოვდეთ, მაშინაც კი, თუ რამე იცით ამ საკითხის შესახებ, ავადმყოფმაც და ოჯახმაც შეიძლება არ ისურვონ თქვენგან რჩევის მიღება ან არ დაეთანხმონ მას.
ესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება. თუმცა გესმით, რომ ოჯახს განმარტოებაც ესაჭიროება, მზად იყავით ახლოს იყოთ მათთან, როცა ნამდვილად სჭირდებით (1 კორინთელთა 10:24). ბრამი, რომლის სიტყვებიც მოგვყავდა ამ სტატიებში, ამბობს: „ჩვენმა ქრისტიანმა მეგობრებმა უდიდესი დახმარება აღმოგვიჩინეს. მაგალითად, როდესაც მიშელის კრიტიკული მდგომარეობის გამო ღამით საავადმყოფოში გვიწევდა დარჩენა, ჩვენი მეგობრებიდან ოთხიდან ექვს კაცამდე ღამღამობით ყოველთვის ჩვენთან ერთად იჯდა. ყოველთვის, როცა დახმარება გვესაჭიროებოდა, იქვე იყო“. ბრამის ცოლი, ენი, დასძენს: „ძალიან ცივი ზამთარი იდგა. ყოველდღე, ორი კვირის განმავლობაში, მეგობრებისგან სხვადასხვანაირ წვნიანს ვიღებდით. ცხელ წვნიანს მივირთმევდით და ჩვენი მეგობრების დიდ სიყვარულს ვგრძნობდით“.
მათთან ერთად ილოცეთ. დროდადრო, შესაძლოა, ცოტა რამ ან ვერაფერი გააკეთოთ პრაქტიკული. მაგრამ ცოტა რამ თუ არის ისე გამამხნევებელი, როგორც აღმშენებლობითი ბიბლიური აზრის გაზიარება ან ავადმყოფთან და მის ოჯახთან ერთად გულითადი ლოცვა (იაკობი 5:16). „ნურასოდეს უგულებელყოფთ ქრონიკულად დაავადებულისა და მისი ოჯახისთვის მათთან ერთად წარმოთქმული ლოცვის ძალას“, — ამბობს 18 წლის ნიკოლასი, რომლის დედა ქრონიკული დეპრესიით იტანჯება.
დიახ, კარგ მხარდაჭერას ბევრის გაკეთება შეუძლია ოჯახების დასახმარებლად, რათა ისინი ქრონიკული დაავადებით გამოწვეულ სიძნელეებს გაუმკლავდნენ. ბიბლია ამას ასე გამოხატავს: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17).
[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]
როდესაც დაავადება განუკურნებელია
ზოგ ოჯახს, შესაძლოა, არ სურდეს უკურნებელი სენით დაავადებული საყვარელი ადამიანის მოახლოებული სიკვდილის შესახებ ლაპარაკი. მაგრამ წიგნი „ავადმყოფის მოვლა — როგორ გავართვათ თავი“ აცხადებს, რომ „თუკი გექნებოდათ რამე წარმოდგენა იმაზე, თუ რას უნდა ელოდოთ და როგორ მოიქცეთ, ამას შეეძლო პანიკისგან გათავისუფლებაში დაგხმარებოდათ“. თუმცა ადგილობრივი კანონებისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით გარკვეული ზომები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, აქ მოყვანილია ზოგი რჩევა, რომელთა განხილვაც იმ ოჯახს შეეძლო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებულ საყვარელ ადამიანს უვლის სახლში.
წინასწარ
1. ჰკითხეთ ექიმს, რას უნდა ელოდეთ უკანასკნელ დღეებსა და საათებში და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავადმყოფი ღამე გარდაიცვლება.
2. შეადგინეთ იმ პირთა სია, ვისაც გარდაცვალების შესახებ უნდა შეატყობინოთ.
3. განიხილეთ დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები:
• რა სურს ავადმყოფს?
• დაკრძალვა თუ კრემაცია? შეადარეთ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დამკრძალავი ბიუროს მომსახურება.
• როდის უნდა მოხდეს დაკრძალვა? გაითვალისწინეთ ის დრო, რომელიც შორს მცხოვრებ ახლობლებს ჩამოსასვლელად დასჭირდებათ.
• ვინ გაუძღვება პანაშვიდს ან დაკრძალვას?
• სად ჩატარდება?
4. მაშინაც კი, როცა ავადმყოფი სედატიური საშუალებების მოქმედების ქვეშ იმყოფება, მას შეიძლება ჯერ კიდევ ესმოდეს, რას ლაპარაკობენ და აკეთებენ მის გარშემო. ფრთხილად იყავით, რომ მის წინაშე არ თქვათ ისეთი რამ, რაცა რა გსურთ, რომ გაიგოს. შეგიძლიათ მოჰკიდოთ მას ხელი და წყნარი საუბრით დაამშვიდოთ.
როდესაც საყვარელი ადამიანი კვდება
აქ ჩამოთვლილია ზოგი რამ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ სხვებს ოჯახის დასახმარებლად:
1. მიეცით ოჯახს იმის საშუალება, რომ რაღაც დროის განმავლობაში მარტო დარჩნენ მიცვალებულთან, რათა გონს მოსვლა შეძლონ.
2. ილოცეთ ოჯახთან ერთად.
3. როდესაც ოჯახი მზად იქნება, მათ შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ, რათა სიკვდილის შესახებ შეატყობინონ:
• ექიმს, რომელიც სიკვდილს დაადასტურებს და გარდაცვალების მოწმობას გასცემს.
• დამკრძალავ ბიუროს, მორგს ან კრემატორიუმს, რათა სხეულზე იზრუნონ.
• ნათესავებსა და მეგობრებს. (შეგეძლოთ ტაქტიანად გეთქვათ რამე ამის მსგავსი: „გირეკავთ [ავადმყოფის სახელი] გამო. ვწუხვარ, რომ ცუდი ამბავი უნდა გაცნობოთ. როგორც იცით, გარკვეული დროის მანძილზე ის [დაავადებას] ებრძოდა და გარდაიცვალა [როდის და სად]).
• გაზეთის რედაქციას, თუკი ოჯახი მოისურვებს გაზეთში გარდაცვალების შესახებ განცხადების მოთავსებას.
4. ოჯახს შეიძლება სურდეს, რომ ვინმე იყოს მათთან დაკრძალვისთვის საჭირო საბოლოო სამზადისში დასახმარებლად.
[სურათი 9 გვერდზე]
ოჯახის წევრებმა, რაც კი შეუძლიათ, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ცხოვრების შედარებით ნორმალური დონე შეინარჩუნონ.
[სურათი 10 გვერდზე]
ოჯახთან ერთად თქვენს ლოცვას შეუძლია დაავადებასთან გამკლავებაში დაეხმაროს მათ.