არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც ოჯახს თავს ატყდება ქრონიკული დაავადება

როდესაც ოჯახს თავს ატყდება ქრონიკული დაავადება

როდესაც ოჯახს თავს ატყდება ქრონიკული დაავადება

დე ტოიების ოჯახური ბედნიერება ყოვლისმომცველია და მათი სიხარული გადამდებია. ერთმანეთის მიმართ მათი გულთბილი სიყვარული აღტაცებას იწვევს. მათთან შეხვედრისას ვერასოდეს მიხვდებით, რომ ისინი უამრავ სიძნელეს იტანდნენ.

დავიწყოთ იქიდან, რომ მათი პირველი შვილი, მიშელი, ორი წლის იყო, როდესაც ბრამმა და ენმა გაიგეს, რომ მას დამაუძლურებელი, კუნთების სისუსტის გამომწვევი ქრონიკული სახის მქონე მემკვიდრეობითი დაავადება ჰქონდა.

„უეცრად, — ამბობს დედა, ენი, — იძულებული ხდები ისწავლო, როგორ გაართვა თავი დამაუძლურებელ ქრონიკულ დაავადებას. ხვდები, რომ ოჯახური ცხოვრების წესი სრულიად შეიცვლება“.

მაგრამ მეორე ქალიშვილისა და ვაჟის დაბადების შემდეგ ოჯახს მომდევნო უბედურება დაატყდა თავს. ერთ დღეს, როცა სამივე ბავშვი გარეთ თამაშობდა, გოგონები შემოცვივდნენ სახლში. „დედა! დედა! — ყვიროდნენ ისინი, — წამოდი მალე. ნილს რაღაცა მოუვიდა!“.

გარეთ გამოვარდნილმა ენმა დაინახა, რომ სამი წლის ნილს თავი ერთ მხარეს ჰქონდა უმწეოდ გადავარდნილი. ბავშვს თავის გამართულად დაჭერა არ შეეძლო.

„ეს საშინელი დარტყმა იყო, — იხსენებს ენი, — მაშინვე მივხვდი ყველაფერს. გული დამიმძიმდა იმით, რომ ამ ჯანმრთელ პატარა ბიჭუნასაც ისეთივე დამაუძლურებელი დაავადებით, კუნთების სისუსტით, უნდა ეცხოვრა, როგორითაც მის უფროს დას“.

„ჯანმრთელი ოჯახის თავდაპირველი სიხარული, — ამბობს მამა, ბრამი, — მალე დაჩრდილა უდიდესმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც ოდესმე ვმდგარვართ“.

საბოლოოდ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიუხედავად, დაავადების გამწვავების შედეგად მიშელი გარდაიცვალა. მაშინ ის მხოლოდ 14 წლის იყო. ნილი დაავადებასთან ბრძოლას განაგრძობს.

ისმის კითხვა, თუ როგორ უმკლავდებიან დე ტოიების მსგავსი ოჯახები ქრონიკულად დაავადებული ოჯახის წევრის ყოლით გამოწვეულ პრობლემებს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი განვიხილოთ ოჯახებზე ქრონიკული დაავადებების მოქმედების ზოგიერთი მხარე.