საუკუნეების მანძილზე თითქმის უვნებლად შემონახული ეპიდავროსის თეატრი
საუკუნეების მანძილზე თითქმის უვნებლად შემონახული ეპიდავროსის თეატრი
ჩვენი კორესპონდენტისგან საბერძნეთში
გიყვართ თეატრში სიარული? გამხიარულებთ კომედია? გამაღლებთ სულიერად ან განვითარებთ ინტელექტუალურად გონივრული დრამა, რომელიც თქვენს გრძნობებს ეხება ან ადამიანის ბუნებას გასწავლით? თუ ეს ასეა, მაშ, თქვენთვის საინტერესო იქნება ეპიდავროსის თეატრის შესახებ ინფორმაციის მიღება. ამ თეატრის ისტორია ძველ საბერძნეთში დრამის წარმოშობას უკავშირდება.
ახ. წ. II საუკუნეში მცხოვრები ბერძენი გეოგრაფის პავსანიას სიტყვების თანახმად, ეპიდავროსში მდებარე თეატრი „ძველი მსოფლიოს ყველაზე საოცარი თეატრია. თუმცა რომის თეატრები უფრო დიდებული და შთამბეჭდავია, ეპიდავროსში არსებულ თეატრს სილამაზითა და ფერთა შეხამებით ვერც ერთი არქიტექტურული ნაგებობა ვერ შეედრება“.
საუკეთესოდ შემონახული
საბერძნეთის ქალაქ კორინთოდან სამხრეთით დაახლოებით 60 კილომეტრის სავალზე მდებარეობს პატარა დაბა ეპიდავროსი. ოცდახუთი საუკუნის წინათ ის მნიშვნელოვანი სავაჭრო და რელიგიური ცენტრი იყო.
მოგვიანებით დატკეპნილი გორაკების, დამუშავებული მინდვრებისა და ზეთისხილის კორომების შემხედვარე არც კი იფიქრებდა, რომ აქ ოდესღაც დიდი თეატრი არსებობდა. მაგრამ პანაგე კაბადია, მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი არქეოლოგი, დარწმუნებული იყო, რომ ეს გორაკები საიდუმლოს კარგად ინახავდა. მისი ცნობისმოყვარეობა აღძრა პავსანიას მიერ ეპიდავროსის აღწერამ, რომელსაც სტატიის დასაწყისში ვკითხულობთ, და დარწმუნებული იყო, რომ ამ ჩვეულებრივი ლანდშაფტის ქვეშ დიდებულ თეატრს აღმოაჩენდა. ეს მართლაც
ასე მოხდა 1881 წლის გაზაფხულზე.ექვსწლიანი მძიმე მუშაობის შემდეგ კაბადიას არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი მოჰფინა შთამბეჭდავ და თითქმის უვნებლად შემონახულ თეატრს. არქეოლოგების აზრით ეს თეატრი ძვ. წ. 330 წელს უნდა ყოფილიყო აშენებული ახლომდებარე ქალაქ არგოსში მცხოვრები, გამოჩენილი მოქანდაკისა და არქიტექტორის, პოლიკლიტე უმცროსის მიერ. თანამედროვე არქიტექტორი მანე პერაკე მკვლევართა აზრს იზიარებს, როდესაც ეპიდავროსს „ყველაზე სახელგანთქმულ და საუკეთესოდ შემონახულ ბერძნულ თეატრს“ უწოდებს.
ეპიდავროსის თეატრის აღმოჩენას როგორც არქეოლოგიური, ისე არქიტექტურული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინ როდესაც შემორჩენილი უძველესი თეატრების უმეტესობა ნაწილობრივ დანგრეული ან რეკონსტრუირებულია, ეპიდავროსის თეატრმა საუკუნეებს გაუძლო, რადგან საგულდაგულოდ იყო დაფარული 6 მეტრზე მეტი სისქის მიწის ფენით.
დღეს დამთვალიერებლებს საკმაოდ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ თეატრის ძირითადი ნაწილები. ორქესტრა, ბრტყელი წრიული ადგილი მოცეკვავეთა და მომღერალთათვის, მარმარილოს ვიწრო ზოლით არის გარშემორტყმული. იატაკი დატკეპნილი მიწისაგან არის გაკეთებული და შუაში სამსხვერპლო დგას. ორქესტრას უკან პროსკენიონია, რომლის მხოლოდ ფუნდამენტიღა არის შემორჩენილი. თავდაპირველად მსახიობები ორქესტრაზე თამაშობდნენ და არ სცდებოდნენ დეკორაციებს, ანუ სცენის ნაპირას დამაგრებულ სამკუთხა მბრუნავ დაფებზე დადგმულ სურათებს. მოგვიანებით თამაში სკენეზე დაიწყეს, მომღერალთა გუნდი ორქესტრაში დარჩა, დეკორაციებმა კი პროსკენიონის კედლებზე გადაინაცვლა.
თავდაპირველად ეპიდავროსის თეატრი 6 000 ადგილიანი იყო. ძვ. წ. II საუკუნეში თეატრის ზედა ნაწილი გააფართოვეს და 21 რიგი დაამატეს, რის შემდეგაც ადგილების რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა. წინა რიგები, სადაც წარჩინებულნი სხდებოდნენ, იმით განსხვავდებოდა დანარჩენი ადგილებისგან, რომ მოწითალო ქვისგან იყო გაკეთებული, თავისი მისაყრდენებით.
საოცარი აკუსტიკა
ეპიდავროსის თეატრი ცნობილია თავისი გასაოცარი აკუსტიკით. „ბოლო რიგშიც კი შეიძლება სულ მცირედი ხმაურის — ღრმად ჩასუნთქვის ან ფურცლის გახევის ხმის — გაგონება“, — ამბობს პროფესორ-არქეოლოგი იაკობიდე.
თეატრის დასათვალიერებლად მოსულ ბევრ ტურისტს უყვარს ორქესტრას ცენტრში დადგომა და ხმამაღლა ლექსების კითხვა, მღერა ან ჩურჩულით ლაპარაკი თავიანთ მეგობრებთან, რომლებიც სულ ბოლო რიგში სხდებიან ხოლმე. ისინი აღფრთოვანებული რჩებიან ამ უდიდესი დარბაზის ნებისმიერ კუთხეში ხმის შესანიშნავი გავრცელებით.
ფიქრობენ, რომ ეპიდავროსის თეატრს ამფითეატრალური, ნახევრად წრიული ფორმა აძლევს ასეთი შესანიშნავი აკუსტიკის წარმოქმნის საშუალებას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უქადაგებდა იესო აურაცხელ ხალხს ბუნებრივ ამფითეატრებში — ხშირად ფერდობებზე — რომ ყველას კარგად მოესმინა მისი ხმა (მათე 5:1, 2; 13:1, 2).
გარდა ამისა, ეპიდავროსის თეატრში მაყურებელთა ადგილების დახრილობა სცენასა და უკანასკნელ რიგებს შორის მანძილს ამცირებს. ხმის ტალღა ოდნავ სუსტდება, როდესაც სულ ბოლო რიგებს აღწევს.
ასეთი კარგი აკუსტიკის წარმოქმნას აგრეთვე ხელს უწყობს რიგებს შორის სათანადო მანძილი. ეს საშუალებას აძლევს ბგერას, რომ ყველგან ერთი და იგივე სიძლიერითა და სისუფთავით გავრცელდეს. ბგერის არეკვლას სხვა ფაქტორებიც ეხმარება —კარგად დატკეპნილი ორქესტრა და მაყურებელთა რიგების განლაგება, კარგი ხარისხის მარმარილო, რომლითაც არის აშენებული, მყუდრო ლანდშაფტი და მუდმივი ნიავი, რომელიც ორქესტრადან მაყურებლისკენ უბერავს.
თეატრი — დრამის სამშობლო
რადგან ძველი ბერძნები საგულდაგულოდ და დიდი ოსტატობით აშენებდნენ თეატრებს, რომელთაგანაც
ერთ-ერთი ეპიდავროსია, მაყურებელს ადვილად შეეძლო ენახა და მოესმინა დრამები. დრამა საკულტო ნადიმებიდან იღებს დასაბამს. ის იდგმებოდა მოსავლის აღებისა და რთვლის სადღესასწაულოდ და სიკვდილისა და ხელახალი სიცოცხლის შესახებ წარმოდგენებთან დაკავშირებულ ცერემონიალებზე. ასეთი ორგიები იმართებოდა დიონისეს, ღვინისა და ნაყოფიერების მითური ღვთაების, პატივსაცემად, რომლის დროსაც არა მარტო ეთაყვანებოდნენ ამ ღვთაებებს, არამედ მითებსაც ხშირად ყვებოდნენ მათ შესახებ. განვითარდა დრამის სამი ძირითადი ჟანრი: ტრაგედია, კომედია და სატირა. ქალაქის გამგებლები ხედავდნენ ამ სიახლის პოპულარობას და მხარს უჭერდნენ მას, როგორც თავიანთი პოლიტიკური ძალის გამაძლიერებელ საშუალებას.მალე დრამაში დიონისესადმი მიძღვნილი დღესასწაულების გავლენა და ველური სანახაობები შემცირდა. თავიანთი პიესებისთვის ახალი თემების ძებნაში ძვ. წ. V საუკუნის სახელგანთქმულმა დრამატურგებმა: ესქილემ, სოფოკლემ და ევრიპიდემ, საბერძნეთის ისტორიასა და მითოლოგიას მიმართეს. თანდათანობით დრამის პოპულარობა გაიზარდა, რამაც წარმოქმნა ისეთი დიდი თეატრების აგების საჭიროება, როგორიც არის ეპიდავროსი. მსმენელს დრამის ყოველი სიტყვა უნდა გაეგო — რომელშიც ხშირად მახვილგონივრული სიტყვათა თამაში და დიალოგები იყო წარმოდგენილი, — ეს კი თეატრების მშენებლობისას განსაკუთრებულ მონდომებასა და ოსტატობას მოითხოვდა.
თითოეულ თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობა უნდა მიეღო ქოროს (10—15 კაცისგან შემდგარ გუნდს) და მსახიობ მამაკაცებს (თითოეულ სცენაში არა უმეტეს 3 კაცისა). მსახიობებს, რომლებიც ქოროს ეხმიანებოდნენ, ჰიფოკრიტებს ეძახდნენ. დროთა განმავლობაში ამ ტერმინის გამოყენება ცრუ ან თვალთმაქცი ადამიანის დასახასიათებლად დაიწყეს. „მათეს სახარება“ იესოს თანამედროვე სიცრუის მოყვარული მწიგნობრებისა და ფარისევლების აღსაწერად ამ სიტყვას იყენებს (მათე 23:13).
ეპიდავროსი და უძველესი დრამა დღეს
ძველი დრამის წარმოდგენები საბერძნეთში ეპიდავროსსა და სხვა თეატრებში განახლდა. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ძველი ბერძნული დრამები, განსაკუთრებით კი ტრაგედიები, მხოლოდ შესწავლის საგანი იყო. მაგრამ 1932 წლიდან, საბერძნეთის სახელმწიფო თეატრის დაარსების შემდეგ, ძველ დრამატურგთა ნაშრომები თანამედროვე ბერძნულზე ითარგმნა.
1954 წლიდან ეპიდავროსის დრამის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. ყოველ ზაფხულს ეპიდავროსის თეატრი მასპინძლობს მრავალ ბერძნულ თუ უცხოურ თეატრალურ დასს, რომლებიც ძველ პიესებს წარმოადგენენ ხოლმე. ათასობით ტურისტი და თეატრის მოყვარული ჩამოდის აქ, რომ დაესწროს 2 500 წლის წინათ დაწერილი პიესების თანამედროვე წარმოდგენებს.
თუ ეწვევით საბერძნეთს, გეპატიჟებით ეპიდავროსში. ასეთი შთამბეჭდავი თეატრის ნახვის შემდეგ, შეიძლება თქვენც პავსანიას მსგავსი დასკვნა გააკეთოთ, რომ „ეპიდავროსში არსებულ თეატრს სილამაზითა და ფერთა შეხამებით ვერც ერთი არქიტექტურული ნაგებობა ვერ შეედრება“.
[ჩარჩო 19 გვერდზე]
თეატრი და პირველი ქრისტიანები
„სანახაობად გავხდით წუთისოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვის“, — მისწერა მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს, რომლებიც ეპიდავროსის მახლობლად ცხოვრობდნენ (1 კორინთელთა 4:9; ებრაელთა 10:33). ის ამ სიტყვებში გულისხმობდა — რადგან ლანძღავდნენ და სდევნიდნენ, ისინი, როგორც თეატრის სცენაზე, ისე იყვნენ მთელი ქვეყნიერების წინაშე. პავლეს დღეებში თეატრალური სანახაობები პოპულარული გასართობი საშუალება იყო. მიუხედავად ამისა, პირველი ქრისტიანები გაფრთხილებულნი იყვნენ მორიდებოდნენ უზნეობასა და საშინელ ძალადობას, რომლებიც იმ დროს წარმოდგენებში ხშირად იყო ნაჩვენები (ეფესელთა 5:3—5). ზოგჯერ კი თვითონ ქრისტიანებს აიძულებდნენ, გამოსულიყვნენ რომის იმპერიის თეატრების სცენებზე ან არენებზე, როგორც გართობის საგანი და მხეცების საჯიჯგნი.
[სურათები 18 გვერდზე]
სოფოკლე.
ესქილე.
ევრიპიდე.
[საავტორო უფლება]
Greek dramatists: Musei Capitolini, Roma
[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]
Courtesy GNTO