ტელევიზორის გონივრულად გამოყენება
ტელევიზორის გონივრულად გამოყენება
სატელევიზიო გადაცემები „ძირითადად მთხრობელის ან მომვლელის როლს ასრულებს და გავლენას ახდენს საზოგადოების აზროვნებაზე — აღნიშნულია ერთ რეპორტაჟში, რომელიც შეადგინა დამკვირვებლების ჯგუფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. — ჩვენ გვინდა თუ არა ყველგან ტელევიზორის ეკრანებს ვხედავთ. . . ეს შეიძლება შევადაროთ თამბაქოს კვამლს, რომელიც ჰაერს ჟღინთავს“. როგორც მწეველის ამონასუნთქის (თამბაქოს მოწევის დროს) შესუნთქვაა მავნებელი, ასევე საათობით სატელევიზიო გადაცემებით გატაცებაც, განურჩევლად ყველა პროგრამის ყურებით, ზიანის მომტანია — განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
დანაშაულისა და ძალადობის ამსახველ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებით იგივე ცნობა შენიშნავს: „ჩატარებული ასობით გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ ძალადობის ამსახველი სცენების ყურება უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე; ამ დროს დიდია საშიშროება იმისა, რომ ისინი აგრესიულები და უგრძნობლები გახდნენ“. 1992 წლის ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ერთ-ერთ გამოცემაში აღნიშნულია: „ტელევიზორში ძალადობის ამსახველი სცენების ყურება საფრთხეს უქმნის ახალგაზრდების ჯანმრთელობას“.
როგორ შეგიძლიათ კონტროლი გაუწიოთ იმას, რომ სატელევიზიო პროგრამებმა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს თქვენს შვილებზე? ამ ცნობაში ჩამოთვლილია რამდენიმე პუნქტი, რომლებშიც მოცემულია ჯანდაცვის რამდენიმე ორგანიზაციის რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ტელევიზორი გონივრულად. ამ პუნქტებიდან ზოგიერთი ქვემოთ არის მოყვანილი.
■ შეადგინეთ განრიგი და შეზღუდეთ ტელევიზორის საყურებლად განკუთვნილი დრო. განსაზღვრეთ, თუ როდის უყურონ ბავშვებმა ტელევიზორს. ნუ დადგამთ ტელევიზორს ბავშვის ოთახში.
■ დადგით ტელევიზორის გვერდით გლობუსი ისე, რომ ბავშვებმა შეძლონ პროგრამებში ნანახი გეოგრაფიული ადგილების მოძებნა.
■ შვილებთან ერთად უყურეთ ტელევიზორს, რათა ნანახის საფუძველზე შეძლოთ განუმარტოთ, რა განსხვავება არსებობს ფანტაზიასა და რეალობას შორის. 10 წლამდე ასაკის ბავშვების უმეტესობას ყოველთვის არ შეუძლია ამ სხვაობის დანახვა.
■ გადაიტანეთ ტელევიზორი შესამჩნევი ადგილიდან და შედგით კარადაში, რის შედეგადაც მოუხერხებელი იქნება მისი ჩართვა და ერთი არხიდან მეორეზე გადართვა.