ჰალსტუხები — ძველად და ახლა
ჰალსტუხები — ძველად და ახლა
ათასწლეულების მანძილზე მამაკაცები თავიანთი ყელისა და კისრის მორთვა-მოკაზმვაზე ზრუნავდნენ. მაგალითად, ძვ. წ. 1737 წელს ეგვიპტის ფარაონმა იოსებს ოქროს ძეწკვი აჩუქა (დაბადება 41:42).
დღეს მსოფლიოს მრავალ კუთხეში მამაკაცები ატარებენ იმას, რასაც ჩვენ ჰალსტუხებს ვუწოდებთ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, XVI საუკუნის დამლევს ინგლისსა და საფრანგეთში თანამედროვე ჰალსტუხის წინამორბედები გამოჩნდნენ. მამაკაცები იცვამდნენ კამზოლს, რომელსაც „დაბლიტი“ ეწოდებოდა. მის მოსართავად კი კისერზე მრგვალ და გოფრირებულ მაგარ საყელოს იკეთებდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს საყელო, რომელსაც შეიძლება რამდენიმე გოჯის სისქეც ჰქონოდა, კისერზე გარსშემოვლებულ ფირფიტისებრ დისკოს წარმოადგენდა. ის თეთრი ქსოვილისგან მზადდებოდა და ფორმა რომ არ დაკარგვოდა, ახამებდნენ ხოლმე.
საბოლოო ჯამში, ამ საყელომ გზა დაუთმო თეთრ „დავარდნილ საყელოს“, რომელიც მთლიანად ფარავდა მხრებს. მას „ვანდეიკსაც“ ეძახდნენ. სხვებთან ერთად, მას პურიტანებიც ატარებდნენ.
XVII საუკუნეში ჩვეულებრივი გრძელი პიჯაკის ქვეშ მამაკაცებს ჟილეტი ეცვათ. მას, ვინც ასეთ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, კისერი კაშნეს მსგავსი ყელსახვევით ჰქონდა შეხვეული. ეს ქსოვილი კისერზე რამდენჯერმე იყო მოხვეული. მისი თავისუფალი კიდეები პერანგის გულისპირზე ეშვებოდა. XVII საუკუნის დამლევს შექმნილი ფერწერული ტილოებიდან ჩანს, რომ იმ დროისათვის ასეთი ყელსახვევები ძალიან პოპულარული იყო.
მათ მუსლინისგან, ბატისტისა და მაქმანისგანაც კი აკეთებდნენ. მაქმანის ყელსახვევები ძვირი ჯდებოდა. ამბობენ, რომ ინგლისის მეფე ჯეიმზ II-მ კორონაციის დღისთვის ნაყიდ ასეთ ყელსახვევში 36 გირვანქა სტერლინგი და 10 შილინგი გადაიხადა, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ზოგი მაქმანის ყელსახვევი საკმაოდ დიდი იყო. უესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ II-ის გამოსახულებაზე ჩანს ყელსახვევი, რომელიც სიგანით 15 სმ იყო, ხოლო სიგრძით — 86 სმ.
ასეთი ყელსახვევების შესაკვრელად ბევრნაირი კვანძი არსებობდა. ზოგ შემთხვევაში დასამაგრებლად ყელსახვევს აბრეშუმის ბაფთას უკეთებდნენ და შემდეგ ნიკაპის ქვეშ დიდ ბანტად კრავდნენ. ამ სტილის ყელსახვევს „სოლიტერს“ უწოდებდნენ. ეს ბანტი მოგვაგონებდა პეპლის ფორმის მქონე თანამედროვე ჰალსტუხს. ამბობენ, რომ ყელსახვევის შეკვრის, სულ მცირე, ასი საშუალება არსებობდა. ბოუ ბრუმელზე, ინგლისელ მამაკაცზე, რომელიც გავლენას ახდენდა მამაკაცების ჩაცმულობის სტილზე, ამბობენ, რომ ერთი ყელსახვევის შეკვრას, სწორად რომ დაემაგრებინა, მთელ დილას ანდომებდა.
XIX საუკუნის 60-იანი წლებისთვის გრძელკიდეებიანი ყელსახვევი ახლანდელ ჰალსტუხს დაემსგავსა და უკვე ამ სახელს უწოდებდნენ. მას „ფორ-ინ-ჰენდსაც“ ეძახდნენ. ეს სახელი წარმოიშვა იმ კვანძიდან, რომელსაც ოთხი ცხენისგან შემდგარი ეკიპაჟის მეეტლეები იყენებდნენ. საყელოიანი პერანგებიც მაშინ შემოვიდა მოდაში. ჰალსტუხს ნიკაპის ქვეშ კვანძავდნენ, ხოლო მისი გრძელი კიდეები პერანგის გულისპირზე ეშვებოდა. აი როდის გახდა ჰალსტუხი ისეთი, როგორიც დღეს არის. სხვა სტილის, პეპლის ფორმის, ჰალსტუხმა XIX საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა.
ბევრს დღეს ჰალსტუხი მამაკაცის გარეგნობის მნიშვნელოვან ატრიბუტად მიაჩნია. ზოგმა უცნობ ადამიანზე წარმოდგენა შეიძლება იმის მიხედვითაც კი შეიქმნას, თუ ის რა ტიპის ჰალსტუხს ატარებს. აქედან გამომდინარე, გონივრული იქნებოდა ისეთი ჰალსტუხების ტარება, რომლებიც სუფთაა და მათი მოხატულობა და ფერები თქვენს პერანგს, შარვალსა და პიჯაკს შეესაბამება.
შერჩეული კვანძი აკურატულად უნდა შეიკრას. ალბათ, კვანძის ყველაზე გავრცელებული სახე „ფორ-ინ-ჰენდია“ (იხილეთ ილუსტრაცია 14 გვერდზე). ის აკურატული და სადაა და ფართოდ არის მიღებული გამოსასვლელი ტანსაცმლის შემადგენელ ნაწილად. სხვა გავრცელებული კვანძია „უინძორული კვანძი“, რომელიც რამდენადმე უფრო მსხვილია. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ჩანაოჭებას ჰალსტუხზე უშუალოდ კვანძის ქვემოთ აკეთებენ.
ბევრი მამაკაცი ჰალსტუხის ტარებისას თავს მოუხერხებლად გრძნობს. მათ ყელზე მოჭერის შეგრძნება არ მოსწონთ. მაგრამ ზოგმა, ვინც ასეთ პრობლემას წააწყდა, აღმოაჩინა, რომ დისკომფორტს პერანგის ზომა უფრო ქმნიდა. თუ ეს თქვენი პრობლემაც არის, დარწმუნდით, რომ თქვენი პერანგის საყელო მეტისმეტად პატარა არ არის. თუკი ის შესაფერისი ზომისაა, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, რომ ჰალსტუხი გიკეთიათ.
ბევრ ქვეყანაში ჰალსტუხს მიიჩნევენ საქმიანი ან გამოსასვლელი ტანსაცმლის განუყრელ ნაწილად. ამ მიზეზით, ბევრი ქრისტიანი მამაკაცი ქრისტიანულ შეხვედრებზე და სხვა ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობისას ჰალსტუხს ატარებს. დიახ, მამაკაცის კისერზე მოხვეულ ქსოვილის ნაჭერს შეუძლია ღირსება შემატოს მას და დარბაისლური იერი მიანიჭოს.
[დიაგრამა 24 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
როგორ შევკრათ „ფორ-ინ-ჰენდ“ კვანძი *
1 აიღეთ ჰალსტუხის განიერი ბოლო, ისე რომ ვიწრო ბოლოზე დაახლოებით 30 სმ-ით გრძელი იყოს, და ზემოდან ისე გადმოატარეთ ვიწრო ბოლოზე, რომ განიერი ნაწილი მის ქვეშ აღმოჩნდეს.
2 კვლავ გადაატარეთ განიერი ბოლო ვიწროზე და მარყუჟში ამოატარეთ.
3 საჩვენებელი თითით თავისუფლად დაიჭირეთ კვანძის ზემოთა ნაწილი და განიერი ბოლო წინ წარმოქმნილ მარყუჟში ჩაატარეთ.
4 ვიწრო ბოლო ხელით გეჭიროთ და ზემოთ, საყელოსკენ კვანძის გადანაცვლებით ეს უკანასკნელი ნელ-ნელა დაჭიმეთ.
[სქოლიო]
^ აბზ. 15 აღებულია წიგნიდან „პერანგი და ჰალსტუხი“.
[სურათები 25 გვერდზე]
ჰალსტუხების ფასონები XVII საუკუნიდან დღემდე.