არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მივიღო თუ არა ასპირინი ყოველდღიურად?

მივიღო თუ არა ასპირინი ყოველდღიურად?

მივიღო თუ არა ასპირინი ყოველდღიურად?

ეს ნამდვილი ამბავი ექიმმა მოგვითხრო. მასში აღწერილი პრობლემა, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია.

მთელი ოჯახი შეშფოთებული იყო. ახლა უკვე ექიმიც კი ღელავდა. „თუკი სისხლდენა მალე არ შეუწყდება, — თქვა ექიმმა, — შეიძლება სისხლის გადასხმა დასჭირდეს“.

ავადმყოფი კაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში თანდათანობით კარგავდა სისხლს ნაწლავებიდან. მას კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების ანუ გასტრიტის დიაგნოზი დაუსვეს.

— ნამდვილად არანაირ მედიკამენტს არ იღებთ? — ჰკითხა თავგზააბნეულმა ექიმმა ავადმყოფს.

— არა. მხოლოდ ართრიტისთვის ვსვამ წამალს, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება, — უპასუხა მამაკაცმა.

მოულოდნელად ექიმი გამოცოცხლდა:

— მაჩვენეთ, თუ შეიძლება.

ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ, რომელზეც წამლის შედგენილობა იყო მოცემული, ექიმი მიხვდა, რომ იპოვა ის, რასაც ეძებდა — აცეტილსალიცილის მჟავა! პრობლემა გადაიჭრა. როდესაც ავადმყოფმა ასპირინის შემცველი პრეპარატების მიღება შეწყვიტა და რკინის შემცველ და კუჭის სამკურნალო ზოგ მედიკამენტზე გადავიდა, სისხლდენა შეუწყდა და მისი სისხლის ანალიზის პასუხებიც ნელა-ნელა გაუმჯობესდა.

წამლების მიღებით გამოწვეული სისხლდენა

მედიკოსებისთვის დღეს რთულ ამოცანას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, რომელიც მედიკამენტების მიღებით არის გამოწვეული. სისხლდენის მიზეზი შეიძლება ბევრი პრეპარატი იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ართრიტის სამკურნალო და ტკივილგამაყუჩებელი წამლები იწვევს; მათ რიცხვს მიეკუთვნება მედიკამენტები, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანუ ასას-ი ეწოდება. სხვადასხვა ქვეყანაში მათ შეიძლება სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდეს.

ასპირინი შედის ბევრი იმ წამლის შედგენილობაში, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება. მრავალ ქვეყანაში ასპირინის რაოდენობა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად იღებენ, უკანასკნელ წლებში გაიზარდა. რატომ?

ასპირინით გატაცება

1995 წელს ერთი სამედიცინო ბიულეტენი იტყობინებოდა, რომ „ასპირინის რეგულარულად მიღებას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია“ (Harvard Health Letter). იმ დროიდან მოყოლებული მსოფლიოში არაერთხელ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე მკვლევარებმა დაასკვნეს: „თითქმის ყველამ, ვისაც კი ოდესმე გულის შეტევა ჰქონია ან ინსულტი დამართვია, სტენოკარდია აწუხებს ან გადატანილი აქვს კორონარული შუნტირების ოპერაცია, თუკი ამ წამალზე ალერგია არა აქვს, დღეში ასპირინის ნახევარი ან ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოს“ *.

სხვა მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ იმ სარგებლობაზე, რომელიც ასპირინის ყოველდღიურ მიღებას მოაქვს როგორც გულის შეტევის საფრთხის წინაშე მყოფი 50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის, ისე იმავე საფრთხის წინაშე მყოფი ქალებისთვის. გარდა ამისა, სხვა გამოკვლევების თანახმად, ასპირინის ყოველდღიურ მიღებას მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების საფრთხის შემცირება შეუძლია, ხოლო ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი დოზების მიღებას — დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის რაოდენობის დაწევა.

როგორ მოქმედებს ასპირინი, რითაც, შესაძლოა, ასეთი სარგებლობა მოიტანოს? თუმცა ყველაფერი ბოლომდე ცნობილი არ არის, მონაცემები ცხადყოფს, რომ თრომბოციტებს სისხლში ის ნაკლებად წებოვანს ხდის, რითაც თრომბის (სისხლის შენადედის) გაჩენას უშლის ხელს. დასაშვებია, რომ ეს ხელს უშლის გულისა და ტვინის პატარა არტერიების დაცობას, რითაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს დაზიანებისგან იცავს.

თუკი შესაძლებელია, რომ ასპირინმა ასეთი სარგებლობა მოიტანოს, ყველა რატომ არ იღებს მას? ჯერ ერთი იმის გამო, რომ ასპირინის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ისიც კი გაურკვეველია, თუ როგორია იდეალური დოზა. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა რჩევას იძლევიან: დაწყებული სტანდარტული ტაბლეტის დღეში ორჯერ მიღებით და დამთავრებული ბავშვებისთვის განკუთვნილი პატარა ტაბლეტების ყოველ მეორე დღეს მიღებით. უნდა განსხვავდებოდეს ქალების დოზა მამაკაცების დოზისგან? ექიმები არ არიან ამაში დარწმუნებული. მაშინ როდესაც შეიძლება, ასე თუ ისე, სასარგებლოდ ჩაითვალოს ტაბლეტების სახით გამოცემული ასპირინი, ჯერ კიდევ სადავოა, აქვს თუ არა უპირატესობა ბუფერული ნივთიერების შემცველ ასპირინს.

სიფრთხილის მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ თავისი შედგენილობით ასპირინი ბუნებრივი ნივთიერებაა (ამერიკელი ინდიელები ასპირინში შემავალ კომპონენტებს ტირიფის ქერქისგან იღებდნენ), მას ბევრი გვერდითი მოვლენა ახასიათებს. იმ ფაქტის გარდა, რომ ზოგისთვის სისხლდენის მიზეზი ხდება, ასპირინთან სხვა მრავალი პოტენციური გართულებაც არის დაკავშირებული. მაგალითად, ასპირინისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ასპირინის ყოველდღიური მიღება ყველასთვის არ არის დასაშვები.

მაგრამ მისთვის, ვინც გულის შეტევის, ინსულტის ან სხვა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორების წინაშე დგას, შეიძლება საჭირო იყოს ასპირინის ყოველდღიურ მიღებასთან დაკავშირებული საფრთხისა და სარგებლობის შესახებ ექიმისგან კონსულტაციის მიღება. უდავოდ, ავადმყოფი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ სისხლდენა არ ემუქრება, არა აქვს ასპირინისადმი გადამეტებული მგრძნობელობა და კუჭის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ აწუხებს. სხვა შესაძლო გართულებები ან ასპირინის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება მკურნალობის დაწყებამდე უნდა იქნეს ექიმთან განხილული.

როგორც დასაწყისში იყო ნახსენები, ასპირინი და ასპირინის მსგავსი პრეპარატები სისხლდენის მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნიან. სისხლდენა შეიძლება ფარული იყოს და მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდეს. აუცილებელია, რომ სხვა მედიკამენტებიც ყურადღებით იქნეს შერჩეული, განსაკუთრებით კი — ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები. თუ რომელიმე წამალს იღებთ, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ. უმეტეს შემთხვევაში გონივრული იქნებოდა, ოპერაციამდე შეგეწყვიტათ წამლების მიღება. შეიძლება სისხლის პერიოდული ლაბორატორიული ანალიზიც გამოგადგეთ.

თუკი გვსურს, საკუთარი თავი პრობლემებისგან დავიცვათ, ყურად ვიღებთ ბიბლიურ იგავს: «გონიერი ხედავს ბოროტებას [„უბედურებას“, აქ] და თავს არიდებს, სულელნი [„გამოუცდელნი“, აქ] კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან» (იგავნი 22:3). მოდი ამ სამედიცინო საკითხში ვიყოთ გონიერთა შორის, რათა ჯანმრთელობა არ გავიუარესოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს სამედიცინო მკურნალობის რომელიმე მეთოდს.

[ჩარჩო⁄სურათი 28, 29 გვერდებზე]

ვის შეუძლია ასპირინის ყოველდღიური მიღება

● ადამიანებს, რომლებსაც გულის კორონარული დაავადება ან შევიწროებული საძილე არტერიები აქვთ (მთავარი სისხლძარღვები კისრის არეში).

● ადამიანებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ თრომბოემბოლიით გამოწვეული იშემიური ინსულტი ან ხანმოკლე იშემიური შეტევები.

● 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების წინაშე დგანან. ეს ფაქტორებია: მოწევა, ჰიპერტონია, დიაბეტი, ქოლესტერინის საერთო შემცველობის მაღალი დონე, ალფა-ლიპოპროტეიდების დაბალი დონე, ჭარბი წონა, ალკოჰოლიზმი, ოჯახის წევრის ყოლა, რომელსაც ადრეულ ასაკშივე აწუხებდა გულის კორონარული დაავადება (55 წლამდე დაემართა ინფარქტი) ან ინსულტი, და უმოძრაო ცხოვრების წესი.

● 50 წელს გადაცილებულ ქალებს, რომლებიც ამ რისკ-ფაქტორებიდან ორის ან მეტის წინაშე დგანან.

კარგი იქნებოდა, ამ საკითხზე რამე გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენი ექიმისთვის მიგემართათ კონსულტაციისთვის.

[საავტორო უფლება]

წყარო: Consumer Reports on Health