არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

მარსისკენ გაგზავნილი კოსმოსური აპარატების მარცხი

დეკემბერში ნასამ ვერ შეძლო, კონტაქტი აღედგინა „მარს პოლარ ლენდერთან“ მას შემდეგ, რაც კოსმოსური ხომალდი მარსის ატმოსფეროში შევიდა. მარცხი „მარს კლაიმიტ ორბიტერის“ წარუმატებლობიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ მოხდა; ეს ავტომატური სადგური ინფორმაციის მარსიდან დედამიწაზე გადმოსაცემად იყო გამიზნული. თუ რატომ განიცადა მარცხი ავტომატურმა სადგურმა, უცნობია. იმ სხვა მიზეზთა შორის, რამაც ორბიტული თანამგზავრის გზიდან აცდენა გამოიწვია, არის ისიც, რომ კოსმოსური ხომალდის სანავიგაციო სისტემა უფრო მეტად განზომილებათა ინგლისურ ერთეულებზე იყო გათვლილი, ვიდრე უფრო ფართოდ გავრცელებულ მეტრულ სისტემაზე. ამ სხვაობამ ხელი შეუშალა სანავიგაციო მონაცემების სათანადოდ გადაცემას. თუმცა იმედი გაუცრუვდათ თავიანთი მარცხის გამო, ნასას მეცნიერებს განზრახული აქვთ, მიაღწიონ დასახულ მიზანს, განაცხადა სი-ენ-ენმა. მათი მიზანია „წითელი პლანეტის კლიმატური და გეოლოგიური განვითარების შესწავლა; სიცოცხლის ნიშანწყლის აღმოჩენა და პლანეტაზე ადამიანის გასაგზავნად საფუძვლის ჩაყრა“.

ჩინური დამწერლობის ერთ-ერთი სისტემა თანდათან დავიწყებას ეძლევა

უნიკალური დამწერლობის სისტემას, სახელწოდებით ნიუშუ, რომელიც მხოლოდ ქალებმა იციან, საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სამხრეთ ჩინეთში, ხუნანის პროვინციის პატარა სოფლებში. ის შეიმუშავეს გლეხის ქალებმა, რადგან იმ დროს გოგონებს უარს ეუბნებოდნენ ტრადიციული განათლების მიღებაზე. ჩინურის ათასობით იეროგლიფისგან განსხვავებით, მისი ხელწერის სისტემა შედგება სავარაუდოდ 700 ფონეტიკური ნიშნისგან. ნიუშუს დამწერლობაში ნატიფ, მომრგვალებულ და დახრილ ხაზებს იყენებენ. კინემატოგრაფისტი იონგ იუეჩინგი, რომელმაც დოკუმენტური ფილმი გადაიღო ამ დამწერლობის შესახებ, მას აღწერს, როგორც „ძალიან ქალურსა და ლამაზს. . . აგრეთვე უაღრესად გამომსახველობითს, რადგან მის მოხაზულობებს ქსოვისას და ქარგვისას ორნამენტებად იყენებდნენ“, — იუწყება ლონდონის გაზეთი (The Sunday Times). ქალებმა შეკრიბეს ხალხური ტრადიციები და თავიანთი ცხოვრებისეული ხვედრი სიმღერებსა და პოემებში ნიუშუს დამწერლობით გამოხატეს. მას შემდეგ, რაც ჩინეთში ქალებმა 1949 წელს თანასწორუფლებიანობა მიიღეს, ნიუშუს გამოყენება თანდათან შემცირდა. დღესდღეობით ეს ძველი დამწერლობა მხოლოდ სამმა მოხუცებულმა ქალმა იცის.

ძალადობით აღსავსე ვიდეოთამაშები

ვიდეოთამაშებით გატაცებული 600 ახალგაზრდის გამოკვლევის საფუძველზე, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) საიმონ ფრეიზერის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარი ბრენტ სტაფორდი იძლევა გაფრთხილებას, რომ მრავალი თამაში „აჩვევს ბავშვებს, სიამოვნება მიიღონ ძალადობისგან“. ჟურნალი „მაკლინზი“ იტყობინება: «ზოგიერთი თავგამოდებული მოთამაშე, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ყველაზე სასტიკ და რეალურ თამაშებს, მხოლოდ ერთ ღამეში 1 000-ზე მეტ ფიგურას „კლავს“ ეკრანზე, ხოლო ხშირად ეს რეალობის სისხლიანი სცენებია». გამოკვლევამ გამოავლინა, თუ რა მასშტაბებით არის ეს თამაშები გათვლილი იმაზე, რომ ზემოქმედება იქონიოს მოთამაშის ემოციებზე და „ახალგაზრდა იმ სამყაროში მოაქციოს, რომელიც ძალადობისა და მკვლელობის მიმართაც კი უგრძნობს ხდის მას“. ვიდეოთამაშების მრეწველობა, რომელშიც წელიწადში 17 მილიარდი ამერიკული დოლარი ბრუნავს, „უფრო დიდია, ვიდრე კინოსა და ტელევიზიის ერთად აღებული“. სტაფორდი ურჩევს მშობლებს გაიგონ, თუ რომელი თამაშებით ერთობიან მათი შვილები და ფხიზლად იყვნენ, რომ ბავშვებს არ განუვითარდეთ გადამეტებული სწრაფვა ამ თამაშებისკენ.

ცნობები ომების შესახებ

„დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 27 ომი მიმდინარეობს“, — იტყობინება ჟურნალი „თანამედროვე ფსიქოლოგია“. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობის თანახმად, 150 000-ზე მეტი ლიბერიელი იმსხვერპლა 7-წლიანმა სამოქალაქო ომმა და 500 000 ადამიანი დაიღუპა 15-წლიანი სამოქალაქო კონფლიქტის დროს ანგოლაში. თურქეთში 1984 წლიდან შეტაკებების დროს მოკლულ იქნა 37 000-ზე მეტი, ხოლო ომმა შრი-ლანკაში 1983 წლიდან 60 000 კაცის სიცოცხლე შეიწირა. „მთლიანობაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ ომებში 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო“, — აცხადებს ჟურნალი. „ომები კვლავაც გარდაუვალია. . . ეკონომიკის გამო. ომი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმოებაა მსოფლიოში, რომელზეც 800 მილიარდი ამერიკული დოლარი იხარჯება, მაგრამ მას უზარმაზარი მოგებაც მოაქვს“. რედაქცია შენიშნავს: „რაოდენ უჩვეულო მოდგმა ვართ, ასე მხეცურად რომ ვექცევით საკუთარ წარმომადგენლებსაც კი“. გაერომ 2000 წელი მშვიდობის საერთაშორისო წლად გამოაცხადა.

მოწევა და სიბრმავე

„მოწევა სიბრმავის გამომწვევი მთავარი მიზეზია“, — აღნიშნავს ერთი გაზეთი (The Canberra Times). ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტისა და სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 50 წელს გადაცილებული ავსტრალიელების 20 პროცენტის სიბრმავე მოწევის შედეგია. მკვლევარები ეყრდნობიან ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჩატარებულ გამოკვლევებს, რომლებიც უჩვენებს, რომ მწეველებს 2—5-ჯერ უფრო მეტად მოსალოდნელია განუვითარდეთ ყვითელი ხალის მოხუცებულობითი დეგენერაცია, ვიდრე არამწეველებს. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორი ვეინ სმითი იძლევა რჩევას, რომ სიგარეტის კოლოფს დააწერონ გაფრთხილება: „მოწევა სიბრმავის გამომწვევი მთავარი მიზეზია“.