არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უცნობის მანქანით მგზავრობის რისკი

უცნობის მანქანით მგზავრობის რისკი

უცნობის მანქანით მგზავრობის რისკი

ჩვენი კორესპონდენტისგან ავსტრალიაში

1990 წლის ცხელი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, 24 წლის ბრიტანელი ტურისტი, პოლ ონიონსი, სიდნეის სამხრეთით მდებარე ჰიუმის გზატკეცილზე (ავსტრალია) შემხვედრი მანქანის გაჩერებას ცდილობდა. პოლი მადლობელი იყო, როცა ერთმა უცნობმა მანქანა გაუჩერა და აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ მანქანით მგზავრობა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასადაც კი დასჯდომოდა *.

პოლს არც კი უფიქრია საფრთხეზე, ისე ჩაჯდა მანქანაში მძღოლის გვერდით და ლაპარაკი გააბა. რამდენიმე წუთში ვითომცდა კეთილმოსურნე მძღოლი აგრესიულ პიროვნებად იქცა. მოულოდნელად მანქანა შეაჩერა და პოლს უთხრა, რომ სავარძლის ქვეშიდან რაღაც აუდიო კასეტების აღება უნდოდა. მაგრამ მან კასეტების ნაცვლად იარაღი ამოიღო და პოლს მიუშვირა.

პოლი არ დაემორჩილა მძღოლის ბრძანებას, ადგილიდან არ განძრეულიყო, სწრაფად შეიხსნა უსაფრთხოების ქამარი, გადმოხტა მანქანიდან და მთელი სისწრაფით გაიქცა გზატკეცილზე. მძღოლი ფეხდაფეხ დაედევნა. ყველაფერ ამას სხვა მძღოლებიც ხედავდნენ. ბოლოს დაეწია, მაისურზე სწვდა და წააქცია. პოლი ხელიდან დაუსხლტა, წინ გადაუდგა მომავალ მანქანას და იძულებით გააჩერა შეშინებული მძღოლი — ქალი, რომელსაც ბავშვები ესხდნენ. ქალმა ნება მისცა პოლს, მანქანაში ჩამჯდარიყო, სწრაფად გადავიდა სხვა სავალ ნაწილზე და დიდი სისწრაფით გასცილდა იქაურობას. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი, რომელსაც პოლი გადაურჩა, შვიდი ტურისტის მკვლელი ყოფილა; ზოგი მათგანი ორ-ორი დაემგზავრა მას.

რატომ გახდნენ მკვლელის მსხვერპლი მაინცდამაინც ეს ტურისტები? ამ მკვლელის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ აღნიშნა: „თითოეული მისი მსხვერპლი ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 19-დან 22 წლამდე. ისინი საკმაოდ მოშორებული იყვნენ სახლს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარკვეული დროის მანძილზე არავინ მოიკითხავდა, თუნდაც რამე დამართოდათ“.

საკუთარ ნებაზე მგზავრობის სრული თავისუფლება

უცხო ქვეყნებში მოგზაურობა დღეს უფრო მეტისთვის არის შესაძლებელი, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინათ იყო. მაგალითად, ხუთ წელიწადში ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა იმ ავსტრალიელი ტურისტების რიცხვი, რომლებიც აზიაში მოგზაურობენ. თავგადასავლების მაძიებელი მრავალი მოზარდი და ახალგაზრდა მიფრინავს შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ. ბევრი მათგანი გზადაგზა მანქანების გაჩერებას და დამგზავრებას გეგმავს, რათა მინიმუმამდე შეამციროს ხარჯები. სამწუხაროდ, მრავალ ქვეყანაში მანქანით უცნობთან ერთად მგზავრობა აღარც ტურისტებისთვის და აღარც მძღოლებისთვის არის იმდენად საინტერესო და უსაფრთხო, როგორც წინათ იყო.

კარგი განწყობილება და ენთუზიაზმი ვერ გამორიცხავს მგზავრობისას გონივრულად მოქმედების აუცილებლობას. „მოგზაურობის დიდი სურვილის გამო ახალგაზრდები ხშირად მოუმზადებელი ადგებიან გზას და ბოლომდე არ ესმით, რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ან რის გაკეთება მოუწიოთ“, — ნათქვამია იმ მშობლებისთვის გამოცემულ ბროშურაში, რომლებმაც შვილები დაკარგეს.

ბროშურაში აგრეთვე ვკითხულობთ: „ის, ვინც ჯგუფთან ერთად მოგზაურობს, მივლინებაში მიდის ან წინასწარ შედგენილ მარშრუტს მიჰყვება, იშვიათად იკარგება უგზო-უკვლოდ. ავსტრალიასა თუ სხვა ქვეყნებში უკვალოდ ძირითადად ის ხალხი იკარგება, ვინც ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე იაფად მგზავრობის სურვილით ადგება გზას“.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვინმე უცნობების მანქანებით არ მგზავრობს, უმარშრუტოდ მგზავრობა, როგორი მიმზიდველიც უნდა იყოს ეს მათთვის, ვისაც არ სურს ამ მხრივ შეზღუდვა, უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანს. ნათესავები და მეგობრები, რომლებმაც არაფერი იციან ასეთი მოგზაურის ადგილსამყოფლის შესახებ, დახმარებას ვერ შეძლებენ საჭიროების შემთხვევაში. მაგალითად, რას გააკეთებენ, თუ ის გონებადაკარგული მოხვდება საავადმყოფოში და არავის ეცოდინება, სად არის?

კონტაქტის აუცილებლობა

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, რიჩარდ შირსმა, წიგნი გამოსცა უცნობთა მანქანებით მოგზაური შვიდი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ, რომლებმაც „უეცრად გაწყვიტეს კონტაქტი ოჯახებსა და მეგობრებთან“ (Highway to Nowhere). ცხადია, თავიდან ოჯახის წევრებმა არ იციან, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ სახლიდან წასულები თუ, უბრალოდ, არ უკავშირდებიან. ამიტომაც, როდესაც კავშირი არა აქვთ მათთან, თავს იკავებენ იმისგან, რომ დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი.

ერთ გოგონას მოგზაურობისას ხშირად უწევდა სატელეფონო კავშირის შეწყვეტა მშობლებთან, როდესაც ხურდები უთავდებოდა. შვილის დაკარგვის შემდეგ მისმა მშობლებმა ყველა მშობელს ურჩიეს, სატელეფონო ბარათებით უზრუნველეყოთ შვილები ან რამე საშუალება მოეძებნათ, რომ მათ სახლში დარეკვა შეძლებოდათ. შეიძლება ამას ვერ გადაერჩინა გოგონა, მაგრამ ოჯახის წევრებთან რეგულარული კავშირი ხშირად ეხმარება მოგზაურებს, თავი აარიდონ ან გაუმკლავდნენ მაინც უმნიშვნელო სირთულეებს.

ზემოხსენებულ შვიდ უგზო-უკვლოდ დაკარგულს, შესაძლებელია, წაკითხული ჰქონდა წიგნი მოგზაურობის თემაზე, სადაც ავსტრალია უცნობთა მანქანებით მგზავრობის მოყვარულთათვის მთელ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მოხსენიებული. მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სინამდვილეში უცნობთა მანქანებით მგზავრობა „ყველაზე უსაფრთხო“ ქვეყნებშიც კი მეტად სახიფათო საქმეა მაშინაც კი, თუ მოგზაურს ვინმე ახლავს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 აღსანიშნავია, რომ ზოგ ქვეყანაში შემხვედრი მანქანებით მგზავრობა კანონით აკრძალულია.

[სურათი 19 გვერდზე]

მშობლებს შეუძლიათ, თავი აარიდონ ზედმეტ სადარდებელს, თუ სატელეფონო ბარათებით უზრუნველყოფენ შვილებს ან რამე სხვა საშუალებას გამოძებნიან, რომ მათ სახლში დარეკვა შეძლონ.