ღიმილი გამშვენებთ!
ღიმილი გამშვენებთ!
ჩვენი კორესპონდენტისგან იაპონიაში
როცა გულწრფელია, ეჭვის ყინულს ადნობს. წლების მანძილზე დაგროვილ წინასწარ შექმნილ აზრებს ფანტავს. ურწმუნოებისა და უნდობლობისგან გაყინულ გულს ალღობს. ბევრს შვებასა და სიხარულს ანიჭებს. გეუბნებათ: „ნუ ღელავთ, მე მესმის თქვენი. იმედი მაქვს, დავმეგობრდებით“. მაშ, რა არის ეს ძლიერი იარაღი? ეს არის ღიმილი. ეს შეიძლება იყოს თქვენი ღიმილი.
რა არის ღიმილი? ლექსიკონებში ღიმილი ძირითადად განისაზღვრება როგორც „სახის გამომეტყველება, რომლის დროსაც ბაგის კუთხეები ოდნავ ზევით იწევა და მხიარულებას, მოწონებას ან სიხარულს გამოხატავს“. აი ამაშია თბილი ღიმილის საიდუმლო. ღიმილი განცდების გამოხატვის ან ერთი ადამიანის გრძნობების მეორისთვის გადაცემის უსიტყვო საშუალებაა. ღიმილს, რა თქმა უნდა, უპატივცემულობისა და ზიზღის გამოხატვაც შეუძლია, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია.
ნამდვილად მნიშვნელოვანია ღიმილი? გაიხსენეთ ის დრო, როცა ვინმეს ღიმილს თქვენთვის შვება მოუნიჭებია ან თავი თავისუფლად უგრძნობინებია, ან როდესაც ღიმილის არარსებობას გაუნერვიულებიხართ, ან უარყოფილადაც კი გაგრძნობინათ თავი? დიახ, ღიმილი მართლაც მნიშვნელოვანია. ის მოქმედებს როგორც მასზე, ვინც იღიმის, ისე მასზე, ვისაც უღიმიან. ბიბლიაში მოთხრობილია იობის შესახებ, რომელმაც თავის მტრებზე თქვა: „გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუღრუბლავთ“ (იობი 29:24). იობის სახის „ნათელი“, შესაძლოა, მის გაბრწყინებასა ან მხიარულებაზე მეტყველებდა.
ღიმილი დღესაც დადებით გავლენას ახდენს. თბილმა ღიმილმა შეიძლება დიდი ხნის დაძაბულობა მოგვიხსნას. რთული მდგომარეობის დროს ის შეიძლება სულის მოსათქმელი საშუალება აღმოჩნდეს. როდესაც დაძაბულობას ან იმედგაცრუებულობას ვგრძნობთ, ღიმილს შეუძლია ამ დაძაბულობის მოხსნასა და იმედგაცრუებულობასთან გამკლავებაში დაგვეხმაროს. მაგალითად, ტომოკო ხშირად აკვირდებოდა სხვებს, ვინც მას შეხედავდა. მისი აზრით, კრიტიკულად უყურებდნენ, რადგან, როგორც კი შეამჩნევდა, სწრაფად აშორებდნენ თვალს. ტომოკო თავს ეულად და უბედურად გრძნობდა. ერთხელ მეგობარმა ქალმა ურჩია, რომ გაეღიმა მისთვის, ვის მზერასაც დაიჭერდა. ორი კვირის განმავლობაში ტომოკო ცდილობდა ამის გაკეთებას და გაოცებული დარჩა იმით, რომ საპასუხოდ ყველა უღიმოდა! დაძაბულობა გაქრა. „სიცოცხლე ნამდვილად სასიამოვნო გახდა“, — ამბობს ის. დიახ, ღიმილი საშუალებას
გვაძლევს, რომ სხვებთან ურთიერთობაში უფრო თავისუფლად ვიგრძნოთ თავი და გვეხმარება იმაში, რომ უფრო მეგობრულები გავხდეთ.თქვენზეც და სხვებზეც დადებითად მოქმედებს
ღიმილმა შეიძლება ადამიანის გრძნობებზე იმოქმედოს. ის დადებითი გუნება-განწყობილების შენარჩუნებაში გვეხმარება. ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ნათქვამია, სიცილი ავადმყოფს კურნავსო. სინამდვილეში, მედიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ადამიანის გუნება-განწყობილება დიდად მოქმედებს თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე. მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი სტრესი, უარყოფითი ემოციები და სხვა მსგავსი ფაქტორები ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას. მაგრამ გაღიმება სიხარულს გვანიჭებს, ხოლო სიცილი ჩვენს იმუნურ სისტემასაც კი აძლიერებს.
ღიმილი სხვებზე დიდ გავლენას ახდენს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა რჩევას ან შენიშვნას გაძლევენ. როგორი გამომეტყველების დანახვას ისურვებდით იმ ადამიანის სახეზე, ვინც გელაპარაკებათ? ცივმა და პირქუშმა გამომეტყველებამ შეიძლება გაბრაზება, გაღიზიანება, უკუგდება ან მტრული დამოკიდებულებაც კი გაგრძნობინოთ. მაგრამ რჩევის მომცემის სახეზე თბილი ღიმილი განა უფრო არ განგმუხტავდათ და, ამგვარად, რჩევასაც უფრო მისაღებს არ გახდიდა თქვენთვის? უდავოდ, დაძაბული სიტუაციების დროს ღიმილი გაუგებრობის არიდებაში გვეხმარება.
დადებითი აზრები გაღიმებას აადვილებს
უდავოდ, მრავალი ჩვენგანი არ ჰგავს პროფესიონალ მსახიობებს, რომლებსაც ნებისმიერ დროს წამიერი ღიმილის გამოსხივება შეუძლიათ; არც გვსურს, რომ მათ დავემსგავსოთ. გვინდა, ჩვენი ღიმილი ბუნებრივი და გულწრფელი იყოს. ორატორული და საურთიერთო ხელოვნების ერთ-ერთი სკოლის ინსტრუქტორმა შენიშნა: „მნიშვნელოვანია, მოდუნდეთ და გულწრფელად გაიღიმოთ, თორემ თქვენი ღიმილი ხელოვნურს დაემსგავსება“. როგორ შეგვიძლია გულწრფელად გაღიმება? ამ შემთხვევაში ბიბლია დაგვეხმარებოდა. ჩვენს საუბართან დაკავშირებით მათეს 12:34, 35 გვეუბნება: „გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს“.
გახსოვდეთ, ღიმილი ჩვენი გრძნობების უსიტყვოდ გადაცემის საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ „გულის სავსებისაგან“ ვმეტყველებთ და „სიკეთე“ „კეთილი საგანძურიდან“ გამოდის, აშკარა ხდება, რომ გულწრფელი ღიმილი ჩვენს აზრებსა და გრძნობებზეა დამოკიდებული. დიახ, ის, რაც ჩვენს გულებშია, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიხატება არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით, არამედ ჩვენი სახის გამომეტყველებითაც. ამიტომ უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმაზე,
რომ გონება დადებითი აზრებით ვკვებოთ. ჩვენი სახის გამომეტყველება დიდად არის დამოკიდებული სხვების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე. ასე რომ, მოდი ყურადღება გავამახვილოთ ოჯახის წევრების, ჩვენს სამეზობლოში მცხოვრები ადამიანებისა და ახლო მეგობრების შესანიშნავ თვისებებზე. ჩვენ დავინახავთ, რომ გაცილებით ადვილად გავუღიმებთ მათ. ეს იქნება გულწრფელი ღიმილი, ვინაიდან მის უკან სიკეთით, მოწყალებითა და კეთილმოსურნეობით სავსე გული იქნება. თვალები გაგვიბრწყინდება და დაინახავენ, რომ ნამდვილად გულწრფელნი ვართ.მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ თავიანთი წარმოშობისა და გარემო პირობების გამო ზოგს სხვებთან შედარებით უფრო უჭირს გაღიმება. მაშინაც კი, როცა კეთილგანწყობილები არიან თავიანთი ახლობლების მიმართ, არ ახასიათებთ მათთვის გაღიმება. იაპონელი მამაკაცებისგან, მაგალითად, ტრადიციულად სრული სიმშვიდის დაცვას და ნებისმიერ დროს დუმილის შენარჩუნებას მოელიან. ამიტომაც, ბევრი მათგანი მიჩვეული არ არის, გაუღიმოს იმ ადამიანებს, ვისაც უცნობებად მიიჩნევენ. იგივეს თქმა შეიძლება სხვა ეროვნების ადამიანებზეც. ანდა, შესაძლოა, ზოგი ბუნებით მორცხვია და შეიძლება უჭირს სხვებისთვის გაღიმება. ამიტომ ჩვენ არ უნდა შევაფასოთ სხვები იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხალისიანად ან ხშირად იღიმებიან. ადამიანები განსხვავდებიან ერთიმეორისგან, ასევე განსხვავებულია მათი ხასიათიცა და სხვებთან ურთიერთობის მანერებიც.
მიუხედავად ამისა, თუკი გრძნობთ, რომ გიჭირთ სხვებისთვის გაღიმება, ურიგო არ იქნებოდა, ამაზე გემუშავათ. ბიბლია გვირჩევს: „კეთილის გაკეთება ნუ მოგვეწყინება. . . სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“ (გალატელთა 6:9, 10, აფ). სხვებისათვის „სიკეთის“ გაკეთების ერთი საშუალება მათთვის გაღიმებაა — ეს კი თქვენ ძალგიძთ! ასე რომ, საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა და სხვებს გამამხნევებელი სიტყვითა და ღიმილით შეხვდით. ამას დიდად დააფასებენ. ასევე აღმოაჩენთ, რომ გაღიმება გაცილებით გაგიადვილდებათ, როცა კი ამ ჩვევას განავითარებთ.
[ჩარჩო 16 გვერდზე]
გაფრთხილება
სამწუხარო ფაქტია, რომ ყველანაირი ღიმილი, რომელსაც ვხედავთ, გულწრფელი არ არის. თაღლითები, გაიძვერები, არაკეთილსინდისიერი მოვაჭრეები და სხვები შეიძლება ძალიან მიმზიდველად იღიმებოდნენ. მათ იციან, რომ ღიმილს შეუძლია ადამიანები განაიარაღოს და ნდობისკენ განაწყოს. საეჭვო მორალისა და უზნეო აღძვრების მქონე ადამიანებიც შეიძლება მომხიბლავად იღიმებოდნენ. მაგრამ მათი ღიმილი ფუჭია; მათი ნდობა არ შეიძლება (ეკლესიასტე 7:6). ამგვარად, თუმცა სხვებს ზედმეტად არ დავუწყებთ ეჭვის თვალით ყურებას, შეგნებული უნდა გვქონდეს, რომ ძნელად გასამკლავებელ „უკანასკნელ დღეებში“ ცხოვრებისას უნდა ‘ვიყოთ გველივით გონიერნი [„ფრთხილნი“, აქ], და მტრედივით უმანკონი’, როგორც თავად იესომ გვირჩია (2 ტიმოთე 3:1; მათე 10:16).
[სურათი 17 გვერდზე]
საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა და სხვებს ღიმილით შეხვდით.