არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანტარქტიდა — კონტინენტი გასაჭირშია

ანტარქტიდა — კონტინენტი გასაჭირშია

ანტარქტიდა — კონტინენტი გასაჭირშია

წიგნში „ანტარქტიდა: უკანასკნელი კონტინენტი“ ნათქვამია, რომ, როდესაც კოსმონავტები დედამიწას კოსმოსიდან გადმოსცქერიან, ხედავენ, რომ ჩვენს პლანეტას ყველაზე მეტად ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი გამოარჩევს. ის „მსოფლიოს ქვედა ნაწილის გარშემო დიდი თეთრი ფარანივით ასხივებს სინათლეს“, — იტყობინებიან კოსმონავტები.

იმით, რომ ანტარქტიდაში ყინულის მოცულობა 30 000 000 კუბურ კილომეტრს შეადგენს, ანტარქტიდა კონტინენტური მასშტაბების ყინულის მწარმოებელ მექანიზმად შეიძლება ჩაითვალოს. კონტინენტზე თოვლი მოდის და დაბლა დაცემისას ყინულის ფენად იქცევა. მიზიდულობის ძალას ყინული ნელ-ნელა ნაპირისკენ მიაქვს, აქ ის ზღვაში ცურდება და მასიურ შელფურ მყინვარებს ქმნის (იხილეთ ჩარჩო მე-18 გვერდზე).

შელფური მყინვარების შემცირება

მაგრამ ბოლო წლებში ინტენსიური დნობის შედეგად მთელი რიგი შელფური მყინვარების ზომა შემცირდა, ზოგი მყინვარი კი სრულიად გადნა. ერთი ცნობის თანახმად, 1995 წელს 1 000 კმ სიგრძის მქონე ლარსენის შელფურ მყინვარს მოემტვრა 1 000 კმ2 ნაწილი, რომელიც ათასობით აისბერგად დაიშალა.

ადგილი, სადაც ყინულები დღემდე მცირდება, ანტარქტიკის ნახევარკუნძულია. ასო S-ის ფორმის მქონე ამ ნახევარკუნძულზე, რომელიც სამხრეთი ამერიკის ანდების მთაგრეხილის გაგრძელებას წარმოადგენს, ბოლო 50 წლის მანძილზე ტემპერატურამ ცელსიუსის სკალის მიხედვით 2,5 გრადუსით იმატა. ამის შედეგად, ერთ დროს ყინულით შემოზღუდული ჯეიმს როსის კუნძულის გარშემო ამჟამად ნაოსნობაა შესაძლებელი. ყინულის შემცირებამ მცენარეულობის სწრაფ ზრდასაც შეუწყო ხელი.

იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი დნობა მხოლოდ ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე მოხდა, ზოგი მეცნიერი ამას გლობალური დათბობის ნიშნად არ თვლის. მაგრამ ნორვეგიელთა გამოკვლევის თანახმად, არქტიკული ყინულიც თმობს თავის პოზიციებს (იმის გამო, რომ ჩრდილოეთი პოლუსი მიწაზე არ მდებარეობს, არქტიკული ყინულის უმეტესი ნაწილი გაყინულ ზღვის წყალს წარმოადგენს). ამ გამოკვლევის თანახმად, ყველა ეს ცვლილება იმ მოვლენებს შეესატყვისება, რომელთაც გლობალური დათბობა უნდა იწვევდეს.

მაგრამ ანტარქტიდა მხოლოდ ტემპერატურულ ცვლილებებზე როდი ახდენს რეაგირებას. კონტინენტი აღწერილი იყო როგორც „მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო კლიმატზე“. და თუ ეს ასეა, თუკი კონტინენტი შემდგომშიაც დაექვემდებარება ცვლილებებს, ამან შეიძლება მომავალში ამინდზე იმოქმედოს.

ამასობაში, ანტარქტიდის ზემოთ ატმოსფეროს ოზონსფეროში ორი ევროპისოდენა ხვრელი წარმოიქმნა. ჟანგბადის სახეცვლილება, ოზონი, დედამიწას თვალებისთვის მავნე და კანის კიბოს გამჩენი საზიანო ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ანტარქტიდაში გამოსხივების მატების გამო მკვლევარებმა კანი მზისგან უნდა დაიცვან, ხოლო თვალებზე დამცავი ან სპეციალური ამრეკლავი ზედაპირის მქონე მზის სათვალეები გაიკეთონ. მხოლოდ დრო გამოაჩენს იმას, თუ რამდენად იმოქმედებს ყოველივე ეს ანტარქტიდის სეზონურ ცოცხალ ბუნებაზე.

სათუთი კონტინენტი — ფრთხილად გავიაროთ მასზე

ეს სათაური ანტარქტიდაში ჩამსვლელთათვის მისალმების პირველ სიტყვებად გამოდგებოდა. რატომ? ერთ-ერთი წყაროს (Australian Antarctic Division) მონაცემების თანახმად, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ანტარქტიდის ძირითადი ეკოლოგიური ჯაჭვის გამო გარემო ძალიან მგრძნობიარეა დარღვევების მიმართ. მეორე, მცენარეები იმდენად ნელა იზრდება, რომ ხავსზე დარჩენილი ნაფეხური ათი წლის შემდეგაც შეიძლება ჩანდეს. დაზიანებული ან სუსტი მცენარეები ანტარქტიდის ძლიერი ქარების ტყვეობაშია მოქცეული — ქარებისა, რომელთაც მთელი ფიტოცენოზის მოსპობა შეუძლია. მესამე, უკიდურესი სიცივის გამო ნარჩენების დაშლას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მეოთხე, ამ იზოლირებულ და, აქედან გამომდინარე, მოწყვლად კონტინენტზე ადამიანებმა შეიძლება თავისდაუნებურად სიცოცხლის ახალი, უცხო მიკროსკოპული ფორმები შეიტანონ. და ბოლოს, ის ადგილები, რომელთა ნახვაც ყველაზე ხშირად სურთ ტურისტებსა და მეცნიერებს, არის სანაპიროები — ადგილები, რომლებიც ყველაზე ხელსაყრელია ცოცხალი ბუნებისა და მცენარეებისთვის. იმის გამო, რომ ეს ადგილები მიწის მხოლოდ 2 პროცენტს მოიცავს, ძნელი არ არის იმის დანახვა, თუ რატომ შეიძლება ანტარქტიდა მალე ხალხით გადაივსოს. ეს კი ბადებს კითხვას: ვინ მოუვლის ამ უზარმაზარ კონტინენტს და ვინ დაიცავს მასზე წესრიგს?

ვინ მართავს ანტარქტიდას?

მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდის სხვადასხვა ნაწილზე პრეტენზიას შვიდი ქვეყანა აცხადებს, მთელ კონტინენტს იმის უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი აქვს, რომ მას არც მმართველი და არც მოსახლეობა არა ჰყავს. „ანტარქტიდა არის ერთადერთი კონტინენტი დედამიწაზე, რომელიც მთლიანად საერთაშორისო შეთანხმებას ექვემდებარება“, — იტყობინება ზემოხსენებული Australian Antarctic Division-ი.

„ანტარქტიკის ხელშეკრულებად“ წოდებულ ამ შეთანხმებას 12-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი და 1961 წლის 23 ივნისს ის ძალაში შევიდა. მას შემდეგ ამ შეთანხმებაში მონაწილე ერების რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. ხელშეკრულების მიზანია, „მთელი კაცობრიობის ინტერესების დაცვას მოემსახუროს და უზრუნველყოს ის, რომ ანტარქტიდა მომავალშიც ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული და საერთაშორისო უთანხმოების ადგილად ან ობიექტად არ იქცევა“.

1998 წლის იანვარში „ანტარქტიკის ხელშეკრულების“ გარემოს დაცვის პროტოკოლი ძალაში შევიდა. ეს პროტოკოლი მინიმუმ 50 წლით კრძალავს ანტარქტიდაში ყველანაირი სამთო საქმის წარმოებასა და მინერალური რესურსების ექსპლუატაციას. აგრეთვე ის კონტინენტსა და მასზე დამოკიდებულ საზღვაო ეკოსისტემებს „მშვიდობისა და მეცნიერებისთვის განკუთვნილ ბუნებრივ რეზერვს“ უწოდებს. მასზე საომარი მოქმედება, იარაღის გამოცდა და ბირთვული ნარჩენების განადგურება აკრძალულია. მარხილში ძაღლების შებმა და ამგვარად გადაადგილებაც კი არ შეიძლება.

„ანტარქტიკის ხელშეკრულებას“ „საერთაშორისო თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი“ ეწოდა. მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი, მმართველობის საკითხის ჩათვლით. მაგალითად, ვინ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულებას და როგორ? როგორ გაუმკლავდებიან წევრი სახელმწიფოები ტურიზმის სწრაფ ზრდას, რაც ანტარქტიდის სათუთი ეკოლოგიისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს? უკანასკნელ წლებში ყოველწლიურად გემებით 7000-ზე მეტი ტურისტი ინახულებდა ანტარქტიდას, და მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ეს რიცხვი გაორმაგდება.

მომავალში შეიძლება სხვა სირთულეები წარმოიშვას. რა შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თუკი მეცნიერები ძვირფასი მინერალების ან ნავთობის საბადოებს აღმოაჩენენ? შეძლებს თუ არა ხელშეკრულება კომერციული მიზნებით ექსპლუატაციისა და, რაც ამას ხშირად თან სდევს, დაბინძურების, თავიდან აცილებას? ხელშეკრულებები შეიძლება იცვლებოდეს და „ანტარქტიკის ხელშეკრულებაც“ არ არის გამონაკლისი. ფაქტობრივად, მე-12 მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ ხელშეკრულება შეიძლება „ნებისმიერ დროს შეიცვალოს ან შესწორდეს ხელშემკვრელი მხარეების ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე“.

რასაკვირველია, არანაირ ხელშეკრულებას არ შეუძლია ანტარქტიდის დაცვა თანამედროვე განვითარებული მსოფლიოს საწარმოო ნარჩენებისგან. რამდენად სამწუხარო იქნებოდა, თუკი დედამიწის ქვედა ნაწილში მდებარე ეს ლამაზი „თეთრი ფარანი“ ადამიანის სიხარბისა და უმეცრების შედეგების გამო დაბინძურდებოდა! ანტარქტიდის დაზიანება კაცობრიობის დაზიანებაა. თუკი ანტარქტიდა რაიმეს გვასწავლის, ეს არის ის, რომ მთელი დედამიწა — ადამიანის სხეულის მსგავსად — ურთიერთდაკავშირებული სისტემაა, რომელიც შემოქმედმა სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ჩვენთვის სიამოვნების მოსანიჭებლად სრულყოფილად მოაწყო.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

რა არის შელფური მყინვარი?

თოვლცვენის შედეგად წარმოქმნილი ყინულების ნაკადი ანტარქტიდის მაღალი შიდა ნაწილიდან დაბლა, ნაპირისკენ ეშვება. ბოლო დროს, როგორც სატელიტური რადარით მიღებული გამოსახულებებიდან ჩანს, ზოგი მათგანი წელიწადში ნახევარი მილის სიჩქარით მიედინება. ამ ყინულოვანი ნაკადებიდან ბევრი შენაკადების მსგავსად ერწყმის ერთმანეთს, რითაც უზარმაზარი ყინულოვანი ნაკადები იქმნება. როდესაც ისინი ზღვას აღწევენ, წყალში ტივტივებენ და შელფურ მყინვარებს ქმნიან, რომელთა შორისაც ყველაზე დიდი როსის შელფური მყინვარია (აქ არის ნაჩვენები). სულ მცირე, შვიდი ყინულოვანი ნაკადის ანუ გლეტჩერისგან შემდგარი ეს მყინვარი საფრანგეთის ზომას შეესაბამება და მისი სიმაღლე ზოგან ერთი კილომეტრის სისქეს აღწევს *.

ნორმალური ვითარებისას შელფური მყინვარები ადგილიდან არ იძვრიან. როდესაც გლეტჩერების მეშვეობით შელფში ყინული მატულობს, შელფის გარეთა კიდე ზღვისკენ მიიწევს, ისევე როგორც ტუბზე ხელის მოჭერისას კბილის პასტა გამოდის. ეს უზარმაზარი ყინულის ხორგები საბოლოო ჯამში იმსხვრევიან და აისბერგებად იქცევიან. ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, ზოგი აისბერგი „სიდიდით 13 000 კმ2–ს“ აღწევს. მაგრამ ბოლო წლებში აისბერგების წარმოქმნა გახშირდა, რის გამოც შელფური მყინვარების რაოდენობა შემცირდა, ზოგი მათგანი კი საერთოდ გაქრა. ამ შემთხვევაშიც კი ეს მოვლენა არ იწვევს ზღვის დონის მატებას. რატომ? იმიტომ რომ შელფური მყინვარები ისედაც წყალში ტივტივებენ და მათი ყინულის წონა წყლის ზედაპირს აწვება. მაგრამ, ანტარქტიდის კონტინენტზე არსებული ყინული რომ დამდნარიყო, ეს მოვლენა ზღვაში 30 000 000 კმ3 წყალსაცავის ჩაცლის ტოლფასი იქნებოდა! ზღვის დონე 65 მ–ით აიწეოდა!

[სქოლიო]

^ აბზ. 21 შელფური მყინვარები პაკის ყინულებში არ უნდა აგვერიოს. პაკის ყინული თავის არსებობას იწყებს როგორც მცურავი ხორგი, რომელიც ზამთრის განმავლობაში წყლის ზედაპირის გაყინვის შედეგად ზღვაში იქმნება. შემდგომში ყინულის ეს ბელტები ერთმანეთს ერწყმიან და პაკის ყინულს ქმნიან. ზაფხულში კი საპირისპირო რამ ხდება. აისბერგები არა პაკის ყინულებიდან, არამედ უფრო შელფური მყინვარებიდან წარმოიქმნებიან.

[სურათი]

როსის შელფურ მყინვარს ყინულის მასიური ხორგები სცილდება. ამ ადგილას შელფური მყინვარი ზღვის დონიდან თითქმის 65 მეტრი სიმაღლისაა.

[საავტორო უფლება]

Tui De Roy

[სურათი 20 გვერდზე]

უედელის სელაპის ნაშიერი.

[საავტორო უფლება]

Photo: Commander John Bortniak, NOAA Corps