არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანტარქტიდა — უკანასკნელი აუთვისებელი მხარე

ანტარქტიდა — უკანასკნელი აუთვისებელი მხარე

ანტარქტიდა — უკანასკნელი აუთვისებელი მხარე

ჩვენი კორესპონდენტისგან ავსტრალიაში

ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში შეიძლება ისე ციოდეს, რომ, როგორც ერთი მწერალი ამბობს, „თუკი ფოლადის ძელს ძირს დააგდებთ შეიძლება შუშასავით დაიმსხვრეს, . . და თუკი ყინულჭრილიდან თევზს დაიჭერთ და ამოიყვანთ, ხუთ წამში გაიყინება. . . გამაგრდება“. უკიდურესად მკაცრი გარემო პირობებითა და საოცრად უჩვეულო, მცენარეული საფარისგან თავისუფალი მშვენიერი ბუნებით, რომელსაც დროდადრო სამხრეთის პოლარული ციალის საოცარი სანახაობა ემატება, ანტარქტიდა შეიძლება სხვა სამყაროდ იქნეს მიჩნეული.

მაგრამ ანტარქტიდა ნამდვილად ამ სამყაროს ეკუთვნის. ფაქტობრივად, ის შეიძლება ჩავთვალოთ უზარმაზარ ბუნებრივ ლაბორატორიად, რომელიც დედამიწისა და მისი ატმოსფეროს, ისევე როგორც გარემოში გლობალური ცვლილებების, მათ შორის ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების, შესასწავლად არის განკუთვნილი. ის დაკავშირებულია იმ გამოკვლევებთანაც, რომლებიც სულ უფრო მეტად აფიქრებს მეცნიერებს. სამხრეთპოლარულ რეგიონში ისინი აკვირდებოდნენ შემაშფოთებელ ახალ მოვლენებს, რომლებიც მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. მაგრამ თავდაპირველად, მოდი ვნახოთ, თუ რატომ არის ანტარქტიდა განსაკუთრებული კონტინენტი.

დავიწყოთ იქიდან, რომ ანტარქტიდა — მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული კონტინენტი — შეუსაბამობებით არის სავსე. ის საოცრად ლამაზია და ხელუხლებელი, მაგრამ — ძალიან არასტუმართმოყვარე. ეს არის დედამიწის ყველაზე ცივი და ქარიანი, მაგრამ არაჩვეულებრივად დახვეწილი და სათუთი ადგილი. აქ ნებისმიერ სხვა კონტინენტზე ნაკლები ნალექია, მაგრამ მის ყინულებში მთელი პლანეტის მტკნარი წყლის 70 პროცენტია მოქცეული. საშუალოდ 2 200 მ-ის სისქის ყინულსაფარი ანტარქტიდას დედამიწის ყველაზე მაღალ კონტინენტად აქცევს, რომლის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 2 300 მეტრია. ხოლო სიდიდით დედამიწის კონტინენტთა შორის მეხუთეა. მიუხედავად ამისა, ანტარქტიდაზე არ არის ბუზების ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენელზე — ერთსანტიმეტრიან უფრთო მწერზე — დიდი სხვა მუდმივი მაცხოვრებელი.

ჩათვალეთ, რომ მარსს ეწვიეთ!

ანტარქტიდის კონტინენტზე ფეხის დადგმის შემდეგ თანდათანობით სიცოცხლის სულ უფრო ნაკლებ ნიშანწყალს იხილავთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა „მშრალ ხეობებად“ წოდებულ ადგილებს მიაღწევთ. დაახლოებით 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მდებარე ეს პოლარული უდაბნოები მეტწილად მაღლა, ტრანსანტარქტიკულ მთებშია განლაგებული — კონტინენტზე გადაჭიმულ მთაგრეხილთა მწკრივში, რომელიც სიმაღლეში ზოგან 4 300 მ-ს აღემატება. „მშრალ ხეობებში“ ძალიან ცივი ქარი დათარეშობს და ელვის სისწრაფით ხვეტს თოვლს, რომელიც შეიძლება მოვიდეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე არსებული ეს ხეობები მარსის ზედაპირის მსგავსია. ამიტომაც კოსმოსური ხომალდების, „ვიკინგების“, მარსზე გაშვებამდე ისინი კოსმოსური აღჭურვილობის შესამოწმებლად შესაფერის ადგილმდებარეობად იქნა მიჩნეული.

მაგრამ „მშრალ ხეობებშიც“ კი არის სიცოცხლე! კლდის ნასვრეტებში ბინადრობენ ბაქტერიების, წყალმცენარეებისა და სოკოების უაღრესად ყინვაგამძლე ფორმები. მათ მცირეოდენი სინესტე აცოცხლებს. გასაოცარი სამყარო, რომელშიც ისინი ბინადრობენ, გარეთა მხრიდან წარმოადგენს „ვენტიფაქტებად“ წოდებულ ერთ-ერთ შიშველ კლდოვან სტრუქტურას. მათ უჩვეულო ფორმასა და ბრწყინვალებაზე მრავალი საუკუნის განმავლობაში უწყვეტმა ქარებმა მოახდინეს გავლენა.

სახელი აღმოჩენამდე დაერქვა

სამხრეთში გიგანტური მიწის არსებობის შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს ძველ ბერძენ ფილოსოფოსებამდე მივყავართ. არისტოტელე, მაგალითად, იმ აზრს გამოთქვამდა, რომ სამხრეთში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კონტინენტი, რომელიც აწონასწორებდა ჩრდილოეთის ნახევარსფეროში არსებულ ცნობილ მიწებს. წიგნში „ანტარქტიდა — დიდებული მოთხრობები გაყინული კონტინენტიდან“ ნათქვამია, რომ, «ვინაიდან ჩრდილოეთის ნახევარსფერო „არქტოსის“ ანუ დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ მდებარეობს, არისტოტელეს (384—322 წწ. ძვ. წ.) აზრით, სამხრეთში არსებული უცნობი მიწა უნდა ყოფილიყო „ანტარქტიკოსი“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად საპირისპირო», ანუ ანტიპოდი. ამგვარად, ანტარქტიდას, ფაქტობრივად, სახელი მის აღმოჩენამდე დაახლოებით 2 000 წლით ადრე დაერქვა!

1772 წელს ინგლისელმა მკვლევარმა კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა ამ ნავარაუდები სამხრეთ კონტინენტის მოსაძებნად სამხრეთის მიმართულებით გაცურა. მან მიაღწია ქარისგან დაუცველ კუნძულებსა და უზარმაზარ აისბერგებს, ანუ, როგორც თავად უწოდა მათ, „ყინულის კუნძულებს“. „ზოგი მათგანი, — წერდა ის, — გარშემოწერილობით თითქმის სამი კილომეტრი იყო, სიმაღლით კი 20 მეტრი, მაგრამ ზღვის ტალღების ძალა მაინც იმხელა იყო, რომ ტალღები მათ ზემოდან ეცემოდა“. კუკმა სამხრეთის მიმართულებით მოგზაურობა განაგრძო და 1773 წლის 17 იანვარს მისი გემი „რეზოლუშენი“ და მისი თანმხლები „ადვენჩერი“ იმ ხომალდებიდან პირველები იყვნენ, რომლებმაც სამხრეთის პოლარული წრე გადაკვეთეს. კუკი შეუპოვრად მიუყვებოდა თავის გზას პაკის ყინულებში, სანამ, საბოლოოდ, მათში არ ჩაიკეტა. „სამხრეთის მიმართულებით ყინულის მეტს ვერაფერს ვხედავდი“, — დაწერა მან თავის სავახტო ჟურნალში. ფაქტობრივად, ანტარქტიდასთან მას მხოლოდ 120 კილომეტრი აშორებდა, როდესაც ის უკან მობრუნდა.

მაშ, ვინ იხილა პირველად ანტარქტიდა? მართლაც, პირველად ვინ დადგა მასზე ფეხი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღესაც უჭირთ. ეს შეიძლება ვეშაპებზე და სელაპებზე მონადირეებიც კი ყოფილიყვნენ, რომლებიც ამ რეგიონისკენ კუკის სახლში დაბრუნების შემდეგ გაემართნენ, როდესაც მისმა მონათხრობმა სელაპების, პინგვინებისა და ვეშაპების სიმრავლის შესახებ მონადირეებს მათი ხელში ჩაგდების სურვილი გაუჩინა.

სისხლი ყინულზე

კუკი „წააწყდა ცხოველთა, შესაძლოა, ყველაზე მრავალრიცხოვან კოლონიას მსოფლიოში, და ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს მათი არსებობის შესახებ ამცნო“, — დაწერა ალან მურჰედმა თავის წიგნში „საბედისწერო შეჯახება“. „რაც შეეხება ანტარქტიდის ფაუნას, — ამბობს მურჰედი, — მისთვის ეს ჰოლოკაუსტს ნიშნავდა“. წიგნში „ანტარქტიდა — დიდებული მოთხრობები გაყინული კონტინენტიდან“ ნათქვამია: „მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისთვის სამხრეთ ნახევარსფეროში სელაპებზე ნადირობა ოქროს ციებ-ცხელებას დაემსგავსა. ჩინეთისა და ევროპის დაუცხრომელმა მოთხოვნილებამ სელაპების ტყავზე მალე ისე დააცარიელა [წინათ] ცნობილი სანადირო ადგილები, რომ მონადირეები გაშმაგებით ეძებდნენ ახალ მიწას, სადაც სელაპების ხელშეუხებელი კოლონიები დახვდებოდათ“.

მას შემდეგ, რაც სელაპებზე მონადირეებმა თავიანთი სარჩო გამოლიეს, ახლა უკვე ვეშაპებზე მონადირეებმა დაიწყეს ზღვაში გასვლა იმავე მიზნით. „ვერავინ იტყვის, რამდენი ვეშაპი და სელაპი იქნა მოკლული სამხრეთ ოკეანეში, — წერს მურჰედი, — ათი თუ თხუთმეტი მილიონი? რიცხვს აზრი აღარ ჰქონდა; განადგურება გაუთავებლად გრძელდებოდა მანამ, სანამ, ფაქტობრივად, დასახოცი აღარაფერი დარჩა“.

მაგრამ ჩვენს დროში საერთაშორისო კანონები ანტარქტიდის ფლორასა და ფაუნას იცავს. გარდა ამისა კონტინენტზე მტაცებლების არარსებობა და ზღვის საკვების სიუხვე ანტარქტიდის ნაპირს ცოცხალი ბუნებისთვის აყვავებულ ნავსაყუდლად აქცევს. მაგრამ ანტარქტიდაში უფრო მუხანათური მკვლელობის ნიშნები ჩანს — მკვლელობისა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებმაც კი შეიძლება ვერ შეაჩერონ.

[ჩარჩო 15 გვერდზე]

სრულიად საპირისპირო პოლუსები

თუმცა მათ შორის მსგავსება არსებობს, ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები ‘სრულიად საპირისპირო პოლუსები’ არიან, და არა მხოლოდ მდებარეობის მხრივ. განვიხილოთ შემდეგი მონაცემები.

უშუალოდ ჩრდილოეთი პოლუსის რეგიონი მთლიანად ყინულსა და ზღვას მოიცავს, მაშინ როდესაც სამხრეთი პოლუსი დედამიწის სიდიდით მეხუთე კონტინენტის ცენტრთან არის ახლოს.

ჩრდილოეთ პოლუსს გარს აკრავს ამერიკის, აზიისა და ევროპის დასახლებული მიწები, ანტარქტიდას კი — უზარმაზარი ოკეანე, რომელიც პლანეტის, მართლაცდა, ყველაზე ბობოქარი ოკეანეა.

ათიათასობით ოჯახი ცხოვრობს ჩრდილოეთის პოლარული წრის შიგნით, რომელიც ამავე დროს მცენარეთა და ცხოველთა ათასობით სახეობის სამკვიდროსაც წარმოადგენს. მაგრამ ანტარქტიდას ვერ ცერთი ადამიანი ვერ უწოდებს თავის სახლს. მასზე არსებული სიცოცხლის ფორმები მხოლოდ და მხოლოდ წყალმცენარეებს, ბაქტერიებს, ხავსს, ლიქენს, ყვავილოვანი მცენარეების ორ და მწერების რამდენიმე სახეობას მოიცავს.

«ანტარქტიდას ფეთქვადი კონტინენტი უწოდეს, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“, — მისი ყინულით დაფარული მეორადი სანაპირო ზოლის ყოველწლიური მოძრაობის გამო». თავის მწვერვალზე პაკის ყინული ზღვის დონიდან 1 600 მ-ის სიმაღლეს აღწევს. მისი გაყინვა და დნობა ექვსჯერ უფრო მეტჯერ ხდება, ვიდრე არქტიკის პაკის ყინულში, რის გამოც ანტარქტიდა მსოფლიოს ამინდზე უდიდეს გავლენას ახდენს.

[რუკა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ატლანტის ოკეანე

ინდოეთის ოკეანე

წყნარი ოკეანე

დრეიკის სრუტე

ჯეიმზ როსის კუნძული

ლარსენის შელფური მყინვარი

ანტარქტიკის ნახევარკუნძული

რონეს შელფური მყინვარი

ვინსონის მასივი (უმაღლესი ქედი, 5 140 მ)

როსის შელფური მყინვარი

მთა ერებუსი (მოქმედი ვულკანი)

ტრანსანტარქტიკული მთები

სამხრეთი პოლუსი

ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომელიც კი ოდესმე დაფიქსირებულა დედამიწაზე, იყო ანტარქტიდაში — მინუს 89,2 C °.

0 500 კმ 500 მილი

[საავტორო უფლება]

U.S. Geological Survey

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ანტარქტიკული პინგვინები იშვიათი სილამაზის ცისფერ აისბერგზე შეგროვდნენ.

[საავტორო უფლება]

© 2000 Mark J. Thomas/Dembinsky Photo Assoc., Inc.

[სურათი 17 გვერდზე]

კუზა.

[სურათი 17 გვერდზე]

სამხრეთის ზღვის სპილოები.

[სურათი 17 გვერდზე]

სამხრეთ პოლუსზე.

[საავტორო უფლება]

Photo: Commander John Bortniak, NOAA Corps

[სურათი 17 გვერდზე]

როსის შელფური მყინვარი.

[საავტორო უფლება]

Michael Van Woert, NOAA NESDIS, ORA