არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დახმარება მათთვის, ვისაც ქმმ აწუხებს

დახმარება მათთვის, ვისაც ქმმ აწუხებს

დახმარება მათთვის, ვისაც ქმმ აწუხებს

გავრცელებული ქიმიკატებისადმი მგრძნობელობა, სუნამოები იქნება ეს თუ გამწმენდი და სარეცხი საშუალებები, ავადმყოფებს არა მხოლოდ სამედიცინო პრობლემის წინაშე აყენებს, არამედ სოციალური ხასიათის პრობლემებსაც უქმნის. ადამიანებს ბუნებით ურთიერთობა უყვართ, მაგრამ ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა (ქმმ) ბევრ თბილსა და მხიარულების მოყვარულ ადამიანს აიძულებს, რომ განმარტოვდეს. „ადრე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მაწუხებდა, — ამბობს შელი, რომელსაც ქმმ აქვს, — მაგრამ ეს ყველაზე უარესია. ყველაზე ძნელი ასატანი მარტოობაა“.

სამწუხაროდ, მათ, ვისაც ქმმ აქვს, ზოგჯერ უცნაურებად თვლიან. რა თქმა უნდა, ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ ქმმ რთულ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ჯერჯერობით კარგად არ არის შესწავლილი და ამიტომაც მასთან გამკლავება ძნელია. მაგრამ ქმმ-ის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია არ იძლევა მიზეზს, ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად რაღაც აწუხებთ. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „ეს ავადმყოფები ნამდვილად იტანჯებიან თავიანთი დაავადების სიმპტომებით“ (American Family Physician).

ნაცვლად იმისა, რომ მათ, ვისაც ქმმ აქვთ, მათი გაუგებარი სენის გამო ალმაცერად უყუროს, გონიერი ადამიანი იგავნის 18:13-ში მოცემული პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს: „მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი“. რამდენად უკეთესია ყოვლად მიუკერძოებლად დაავადებულთა მიმართ ისეთივე სიყვარულის გამოვლენა, როგორიც ქრისტეს ჰქონდა! არასოდეს ვინანებთ ასეთი სიყვარულის გამოხატვას იმისდა მიუხედავად, რაც უნდა აღმოაჩინოს მედიცინამ მომავალში.

ისეთივე სიყვარულის გამოვლენა, როგორიც ქრისტეს ჰქონდა

ისეთივე სიყვარული, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, მშვენიერი მრავალწახნაგოვანი ბრილიანტის მსგავსია. ასეთი სიყვარული ყველა ვითარებაშია გამოსადეგი და ყოველგვარ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. როდესაც მეგობარს ქმმ აქვს, ამ სიყვარულმა თანაგრძნობით უნდა აღგვავსოს და თავი მის მდგომარეობაში ჩაგვაყენებინოს. აგრეთვე სიყვარული „თავისას არ ეძიებს“, — ანუ, შეიძლება ითქვას, არ ეძიებს საკუთარ ინტერესებსა და უფლებებს. ის სხვების კეთილდღეობას თავისაზე წინ აყენებს და გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ ‘სულგრძელნი, ყოველივე ავიტანოთ, ყველაფერი ვირწმუნოთ და ყველაფერი მოვითმინოთ’. ასეთი სიყვარული „არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:4—8).

მერის თვითონ არა აქვს ქმმ, მაგრამ ამით ზოგი მისი მეგობარია დაავადებული. „პირადად მე სუნამოები მიყვარს, — წერს მერი, — მაგრამ მირჩევნია, არ მივისხურო ისინი, როცა ქმმ-ის მქონე ადამიანთან მივდივარ“. მერი ცდილობს, ქრისტეს მაგალითს მიჰბაძოს და ამბობს: „მე მათი დახმარება მსურს“ (მარკოზი 1:41). ტრევორს პატარაობიდანვე განუვითარდა ქმმ. დედამისი ამბობს: „ადამიანები, რომელთა დახმარებაც მესაჭიროებოდა, ჩემი ვაჟის მდგომარეობას ითვალისწინებდნენ და შესაბამისად მოქმედებდნენ“. იეჰოვას ავსტრალიელი მოწმე ქალი, ჯოი, რომელიც ძალიან იტანჯება ქმმ-ით, ამბობს, რომ მას ამხნევებენ მეგობრები და ნათესავები, რომლებიც რეგულარულად აკითხავენ და თავიანთი სიტყვითა და ქცევით უჩვენებენ, რომ მისი პრობლემები ესმით.

სხვა მხრივ კი, ისინი, ვისაც ქმმ აქვთ, უნდა ცდილობდნენ, მომთმენნი იყვნენ მათ მიმართ, ვისაც სუნამო აქვს მისხურებული და მათთან ახლოს იმყოფება. წინა სტატიაში ნახსენებმა ერნესტმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენი დაავადება არის ტვირთი, რომელიც ჩვენ უნდა ვზიდოთ. სხვებსაც აქვთ თავიანთი პრობლემები და როდესაც ისინი ჩვენს სირთულეებთან გამკლავებაში გვეხმარებიან, ამას დიდად ვაფასებთ“. უმჯობესია თავაზიანობის გამოვლენა, და არა საკუთარი პოზიციის დაჟინებით დაცვა. „როდესაც ვინმე, ვისაც სუნამო ან ოდეკოლონი აქვს დასხმული, მეკითხება, რატომ ვგრძნობ თავს ცუდად, — ამბობს ლორენი, — ვეუბნები, რომ სუნამოებთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს და ჩანს, რომ ამ საღამოს ის განსაკუთრებულად მახსენებს თავს. შეგნებული ადამიანებისთვის ხშირად ასეთი ახსნა სავსებით საკმარისია ხოლმე“. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, არ შეგიძლიათ მეგობრებს რბილად შეახსენოთ, რომ მათი დახმარება გესაჭიროებათ.

ადრე მოხსენიებული პემი პრობლემას დადებითი კუთხით უყურებს და წერს: „ყველაფერი, რაც ახლა გვაწუხებს, მხოლოდ დროებითია“. რატომ თქვა პემმა, მხოლოდ დროებითიაო? რადგან მას აქვს იმის ბიბლიური იმედი, რომ მალე ღვთის სამეფო დედამიწაზე ყოველგვარ ტანჯვას მოსპობს. ის სიკვდილსაც კი აღმოფხვრის — მოვლენას, რომელსაც ბოლოს ყველაზე ჯანმრთელი ადამიანებიც კი ვერ აუვლიან გვერდს (დანიელი 2:44; გამოცხადება 21:3, 4).

მანამდე კი, ყველას, ვინც იძულებულია, გაუძლოს დაავადებას, რომელიც ამჟამად არ იკურნება, შეუძლია იმედით დაელოდოს იმ დროს, როდესაც ღვთის სამეფოს მმართველობისას ‘არავინ იტყვის: ავად ვარო’ (ესაია 33:24). როდესაც თანამედროვე სისტემის დროს სხვადასხვა განსაცდელში ვვარდებით, მოდი ყოველი ღონე ვიხმაროთ, რათა იესოს მივბაძოთ და ყურადღება გადავიტანოთ იმ ჯილდოზე, რომელიც ჩვენ წინაშეა (ებრაელთა 12:2; იაკობი 1:2—4).

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოხატვა

შემდეგ ბიბლიურ პრინციპებს შეუძლიათ დაგეხმაროთ, თუკი თქვენს მეგობარს ან ნათესავს აქვს ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა (ქმმ), ან თავად თქვენ თუ გაწუხებთ ეს დაავადება:

„ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

„შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39).

„ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). ყოველ ჩვენგანს ესაჭიროება სულიერი გამხნევება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ავად ვართ. საქებარია, რომ ქმმ-ის მქონე ბევრი ქრისტიანი მთელ ძალ-ღონეს ახმარს იმას, რომ კრების შეხვედრებს დაესწროს; სხვები, რომელთაც უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ, შეხვედრების პროგრამას ზოგჯერ ტელეფონით ისმენენ. სხვა შემთხვევებში ქმმ-ის მქონე ადამიანებს სამეფო დარბაზებში განსაკუთრებული ადგილები დაუთმეს, სადაც სუნამოების სუნი არ შეაწუხებდათ. მაგრამ მსგავსი რამის გაკეთება შეიძლება ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი ან პრაქტიკული.

„არ დაივიწყოთ ქველმოქმედება. . , ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის“ (ებრაელთა 13:16). შენიშნეთ, რომ „ქველმოქმედება“ ხშირად პირადი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. ხართ თუ არა მზად, გაიღოთ მსხვერპლი მათ დასახმარებლად, ვისაც ქმმ აქვს? სხვა მხრივ კი საჭიროა, რომ თავად ქმმ-ის მქონე ადამიანებიც სხვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი არ იყვნენ. ქრისტიან უხუცესებს, მაგალითად, სუნამოებისა და ოდეკოლონების გამოყენების შესახებ წესების დადგენა არ შეუძლიათ, არც ის შეუძლიათ, რომ ამასთან დაკავშირებით ყოველთვის განცხადებები აკეთონ. ამასთანავე, ახალდაინტერესებული ადამიანები და სტუმრები, რომლებიც სუნამოებს იყენებენ, მოდიან კრების შეხვედრებზე — და ჩვენ გულითადად ვესალმებით მათ. რასაკვირველია, ისინი არ უნდა შევაცბუნოთ და ჩავაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში იმის გამო, რომ სუნამოებს იყენებენ.

‘ეძიებდეთ მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეთ’ (1 პეტრე 3:11). ცხადია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა ქრისტიანებს მშვიდობა არ უნდა დააკარგვინოს. ‘მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე. . . მშვიდობიანია, ლმობიერია [„გონიერია“, აქ],  . . .წყალობით არის სავსე’, — ნათქვამია იაკობის 3:17-ში. მშვიდობისმოყვარე ადამიანები, სულერთია, აწუხებთ თუ არა მათ ქმმ, ქიმიკატების გამოყენება-არგამოყენების საკითხში უკიდურესობაში არ უნდა ვარდებოდნენ და სხვისადმი მომთხოვნებიც არ უნდა იყვნენ. აგრეთვე ‘წყალობით სავსე’ გონიერი ადამიანებიც უნდა მოერიდონ დაჟინებულობას იმ საკითხში, რომ მათ სუნამოების გამოყენების უფლება აქვთ, თუკი იციან, რომ ამით შეიძლება სხვა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენონ. ამგვარად უჩვენებენ იმას, რომ ისინიც ‘მშვიდობას’ ეძიებენ და ‘მშვიდობისმყოფელნი’ არიან (იაკობი 3:18).

სხვა მხრივ კი, ქმმ-ის მქონე ადამიანისა თუ სხვის მიერ გამოვლენილი სიჯიუტე და არაკეთილგონივრული დამოკიდებულება განხეთქილებას იწვევს. ასეთ განწყობილებას არავისთვის მოაქვს სარგებლობა და ღმერთთან ქრისტიანის ურთიერთობასაც კი შეიძლება მიაყენოს ზიანი (1 იოანე 4:20).

ქრისტიანებს, რასაკვირველია, გააჩნიათ უდიდესი ძღვენი — იეჰოვას სული. ისინი რეგულარულად სთხოვენ იეჰოვას მის სულს და ავითარებენ მის შესანიშნავ ნაყოფებს, გან­საკუთრებით კი სიყვარულს — ‘სრულქმნილობის კავშირს’ (კოლასელთა 3:14). ამავე დროს ისინი მოთმინებით ელიან იმას, რომ სულმა ქრისტიანული თვისებები სხვებშიც განავითაროს (გალატელთა 5:22, 23).