არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

სურთ იხილონ ახალი ათასწლეული

„საკმაოდ კარგად არის ცნობილი, რომ ისინი, ვისაც სერიოზული ავადმყოფობა სჭირს, საკუთარ თავს შთააგონებენ, იხილონ მნიშვნელოვანი მოვლენები“, — ამბობს რიჩარდ სუზმანი, ბეთეზდის ეროვნული ინსტიტუტის (მერილენდის შტატი, აშშ) თანამშრომელი, სადაც დაბერების საკითხს იკვლევენ. „ეს პროცესი საიდუმლოს წარმოადგენს, ფენომენი კი საკმაოდ რეალურია“. როგორც ლონდონში გამომავალი „გარდიანი“ იუწყება, როგორც ჩანს, მრავალმა განაწყო საკუთარი თავი, რომ ეხილა 2000 წელი, და ამან განაპირობა ის, რომ ახალი წლის პირველი კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, მათ საშუალო მაჩვენებელზე მეტი აღმოჩნდა. იმ კვირას, 1999 წლის პირველ კვირასთან შედარებით, ბრიტანეთში სიკვდილიანობა 65%-ზე მეტით, ხოლო ნიუ-იორკში 50%-ით გაიზარდა. სიცოცხლის ხანგრძლივობის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა რობერტ ბატლერმა თქვა, რომ ამ ციფრების ზრდამ მსოფლიო შეაძრწუნა. მან დასძინა: „მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის სურვილი შეიძლება საკმაოდ ძლიერი იყოს“.

ნაოსნობა კომპიუტერის დახმარებით

ელექტრონული ტექნიკის განვითარების წყალობით გემებს აღარ სჭირდება ქაღალდის უამრავი საზღვაო რუკა, აღნიშნავს ლონდონში გამომავალი გაზეთი (The daily Telegraph). 1999 წლის ნოემბერში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ გერმანიის ჰიდროგრაფიული სამსახურის მეშვეობით პირველად დაუშვა უშუალოდ კომპიუტერული ნაოსნობის სისტემის გამოყენება. ქაღალდის საზღვაო რუკების ნაცვლად კომპიუტერი სთავაზობს ორ ელექტრონულ ვერსიას — ქაღალდის რუკის სკანირებულ ფაქსიმილეს და ვექტორულ რუკად ცნობილ ციფრულ ვერსიას. ელექტრონული რუკა იმით უპირატესობს, რომ ის ყოველთვის აჩვენებს გემის ზუსტ ადგილმდებარეობას. კომპიუტერის ეკრანზე რადიოლოკატორის სქემის წყალობით ზღვაოსნებს აქვთ თავიანთ კურსზე არსებული საშიშროებების დამატებითი შესამოწმებელი საშუალება. ამ მოწყობილობით აღტაცებულმა, ერთმა გემის კაპიტანმა თქვა: „ის გვიმსუბუქებს ტვირთს. . . ასე რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ გემის მართვას, ტრანსპორტის მოძრაობას, სხვა გემებს და იმას, თუ რას აკეთებს ჩვენი ლოცმანი, როცა ნავსადგურს ვუახლოვდებით“.

უცხოპლანეტელების არსებობა საეჭვოა

„ამ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ასტრონომთა უმრავლესობამ გაავრცელა აზრი, რომ ვარსკვლავებს შორის უცხო ცივილიზაციებია მიმოფანტული“, — იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. „უცხოპლანეტელთა არსებობის რწმენამ განაპირობა არა მხოლოდ უთვალავი წიგნის, ფილმისა და სატელევიზიო შოუს შექმნა, არამედ ხანგრძლივი სამეცნიერო ძიება, რომლის დროსაც უშველებელ, თეფშისმაგვარ ანტენებს იყენებენ ცაში უცხო ინტელექტის მიერ გამოგზავნილი სუსტი რადიოსიგნალების მოსაძებნად“. „ეს ძიება, როგორც ჩანს, მარცხით დამთავრდება“, — ამბობს ორი ცნობილი მეცნიერი, დ-რ პიტერ უორდი და დ-რ დონალდ ბრაუნლი, წიგნის, „იშვიათი დედამიწის“, ავტორები. მათი თქმით, ახალი აღმოჩენები ასტრონომიაში, პალეონთოლოგიასა და გეოლოგიაში ცხადყოფს, რომ „დედამიწის შედგენილობა და სტაბილურობა საოცრად იშვიათია“ და რომ სხვაგან არახელსაყრელი პირობებია სიცოცხლის რთული ფორმებისთვის. „საბოლოოდ, ჩვენ ხმამაღლა ვთქვით ის, რასაც მრავალი ასე დიდხანს ფიქრობდა — რომ სიცოცხლის რთული ფორმების არსებობა ძალიან იშვიათია“, — განაცხადა დ-რ უორდმა. დ-რ ბრაუნლი დასძენს: „ხალხი ამბობს, რომ მზე ტიპობრივი ვარსკვლავია. ეს არ არის მართალი. სამყაროში თითქმის არსად არსებობს ცხოვრებისთვის შესაფერისი პირობები. მხოლოდ დედამიწა ჰგავს ედემის ბაღს, სადაც საცხოვრებლად ყველა პირობაა შექმნილი“.

ბიბლია კიდევ უფრო მეტ ენაზე ითარგმნა

„ბიბლია კვლავ რჩება იმ წიგნად, რომელიც ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნება“, — შენიშნავს მექსიკური გაზეთი (Excelsior). გერმანიის ბიბლიური საზოგადოების მონაცემების თანახმად, 1999 წელს ბიბლია კიდევ 21 ენაზე გადაითარგმნა და ამჟამად მთლიანი ბიბლია ან მისი გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომია 2 233 ენაზე. აქედან „ძველი და ახალი აღთქმა მთლიანად ითარგმნა 371 ენაზე, 5-ით მეტ ენაზე ვიდრე 1998 წელს“. სად არის ამდენი ენა? „თარგმანების ენა აფრიკაში — 627-ს ითვლის, აზიაში — 553-ს, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე — 396-ს, ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე — 384-ს, ევროპაში — 197-ს, შეერთებულ შტატებში — 73-ს“, — შენიშნავს გაზეთი. მიუხედავად ამისა, „ბიბლიის თარგმანების რაოდენობა ჯერ მაინც ვერ აღწევს დედამიწაზე არსებული ენების რაოდენობის ნახევარსაც კი“. რატომ? იმიტომ რომ იმ ენებზე შედარებით ცოტა ადამიანი ლაპარაკობს და ბიბლიის თარგმნა, ცოტა არ იყოს, რთულია. გარდა ამისა, მრავალი ორ ენაზე მეტყველებს, ამიტომ, თუ ბიბლია არ არის ნათარგმნი მათ მშობლიურ ენაზე, მაშინ მეორე ენაზე შეუძლიათ მისი წაკითხვა.