საწოლის გამოცვლის დრო ხომ არ არის?
საწოლის გამოცვლის დრო ხომ არ არის?
ჩვენი კორესპონდენტისგან ბრიტანეთში
ხშირად თეთრად ხომ არ ათენებთ ღამეს იმის გამო, რომ ტრიალებთ, რათა მოხერხებულად დაწვეთ, დილით კი გაშეშებული იღვიძებთ და ტკივილს გრძნობთ? თუ ასეა, მაშინ, შესაძლოა, მოუსვენრობის მიზეზი თქვენი საწოლი იყოს.
ავეჯის ეს ნაწილი შეიძლება თქვენი მეგობარი ან მტერი გახდეს. თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც საწოლს იყენებენ, ჩვეულებრივ, ცხოვრების მესამედს მასზე გაატარებთ, მაგრამ თქვენი საწოლი ყოველთვის არ იქნება გამოსადეგი. კარგ სამსახურს გიწევთ საწოლი, რომელიც ახლა გაქვთ?
ახალი საწოლი ხომ არ გესაჭიროებათ?
საწოლი დაახლოებით ათი წელი მოგემსახურებათ ნორმალურად. მძიმე წონის ადამიანმა შეიძლება იგი უფრო მალე გახადოს გამოუსადეგარი. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ ასაკთან ერთად თქვენი საჭიროებებიცა და გემოვნებაც შეიცვლება. იმის გადასაწყვეტად, გჭირდებათ თუ არა ახალი საწოლი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: დილაობით კისერი გაკავებული ხომ არა მაქვს და ზურგი ხომ არ მტკივა? ძალიან პატარაა საწოლი? ამოვარდნილი აქვს თუ არა ზამბარები ან ნაოჭებს ხომ არ იკეთებს? ჭრაჭუნებს, როცა ვმოძრაობ? ისე ხომ არ ხდება, რომ საწოლის შუაში ჩაღრმავების გამო მე და ჩემი მეუღლე ცენტრისკენ ვცურდებით? უსწორმასწორო და ჩაზნექილია? ფეხები და გორგოლაჭები გაცვეთილი აქვს? ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, საჭიროა თუ არა ახალი საწოლის ყიდვა.
როგორი უნდა იყოს კარგი საწოლი?
კარგი საწოლი მოხერხებულია, კარგი საყრდენი აქვს და შეესაბამება თქვენს განსაკუთრებულ მოთხოვნილებებსა და გემოვნებას. საწოლების უმრავლესობა შედგება მატრასისა და დამჭერი ჩარჩოსაგან, მოხერხებულად წოლა კი მატრასზეა დამოკიდებული. ის რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ზემოდან გადაკრულია პირი, რომელიც შიგთავსს აკავებს; შიგნით მოთავსებულია რბილი მასალის შრეები, რათა მოსახერხებელი იყოს წოლა და სხეული სინესტისაგან დაიცვას; მესამე შრე, რომელიც ამაგრებს და გამძლეს ხდის, ჩვეულებრივ, შედგება ფოლადის დრეკადი ხვეული მავთულებისგან, ანუ ზამბარებისგან. არსებობს სხვადასხვა სახის შიდა საყრდენი, მაგრამ, საერთოდ, რაც უფრო მეტია ზამბარა და სქელია მავთული, მით უფრო მტკიცეა იგი. დღესდღეობით გავრცელებულია პოლიურეთანისა და ლატექსის მატრასებიც. ისინი ზამბარებიანზე უფრო მსუბუქია.
ამისდა მიუხედავად, კარგი მატრასი მხოლოდ მაშინ არის გამოსადეგი, თუ შესაფერისი საფუძველი აქვს. დივანი ხშირად იყიდება, როგორც მატრასისა და საყრდენის კომპლექტი. მისი ყუთისმაგვარი საფუძველი ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს, მატრასს სუნთქვის საშუალებას აძლევს და, ამგვარად, საკმაოდ უხანგრძლივებს არსებობას. შემდეგ ყურადღება საწოლის ჩარჩოს უნდა მიექცეს. ის, ჩვეულებრივ, ლარტყოვანია და ძირი არა აქვს, რაც ხელს უწყობს შესაფერისი მატრასის კარგ განიავებას. მყარი ლარტყები მტკიცე საფუძვლით უზრუნველყოფს საწოლს,
დრეკადი ლარტყები კი უფრო რბილ საფუძველს ქმნის.კარგი საწოლის შერჩევა
რა უნდა გახსოვდეთ საწოლის ყიდვის დროს? ნახმარი საწოლი გაჟღენთილი იქნება სხვისი ოფლით და მასზე სხვისი კანის ქერცლი იქნება და, შესაძლოა, სავსე იყოს მტვრის ტკიპებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ასთმა ან ეგზემა. აგრეთვე ის შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებს.
ახალი საწოლის ყიდვამდე რეკომენდებულია, დაადგინო პრიორიტეტები ფასთან, ჯანმრთელობის ფაქტორთან და საწოლის საერთო ზომასთან დაკავშირებით. საკმაო დრო გამოუყავით იმ მაღაზიებში სიარულს, სადაც ხარისხიანი საქონელია და, თუ შესაძლებელია, მეტი ინფორმაცია მიიღეთ თითოეული საწოლის ან მატრასის შესახებ. იმის გამო, რომ ხშირად საწოლები ძვირია, ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას.
თუ დაღლილი ხართ, გაგიჭირდებათ სწორი არჩევნის გაკეთება. ჩაიცვით მოხერხებული ტანსაცმელი. ნუ მოგერიდებათ საწოლის შემოწმება: გაიხადეთ ქურთუკი და ფეხსაცმელი და თითოეულ საწოლზე რამდენიმე წუთით წამოწექით; შეეცადე მიიღოთ სხვადასხვა საძილე მდგომარეობა; განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, თუ რამდენად კარგ საყრდენად გამოდგება ზურგისთვის, გვერდებისა და წელისთვის. იხილე ჩარჩო „რომელი საწოლია შენთვის შესაფერისი? “.
მოუფრთხილდით საწოლს
კარგი მოვლით დიდხანს შეინარჩუნებთ საწოლს. რჩევა ჰკითხეთ მაღაზიის მომსახურე პერსონალს და გაეცანით მწარმოებლის მიერ დართულ ინსტრუქციას. როდესაც ახალ საწოლს სახლში მიიტანთ, რაც შეიძლება მალე შემოაცალეთ პოლიეთილენის სახვევი.
ეს ხელს შეუშლის კონდენსაციას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სინესტე, დაობება და ლპობა. აქ მოცემულია შემდგომი რჩევები:● გადმოაბრუნეთ და შეაბრუნეთ ზამბარებიანი ახალი მატრასი ყოველ ერთ ან ორ კვირაში პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ამის შემდგომ — ყოველ სამ თვეში. ეს იმის საშუალებას მისცემს მატრასს, რომ დეფორმაცია არ განიცადოს და თანაბრად გაიცვითოს. თუ ზურგთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მხედველობაში გქონდეთ პოროლონის მატრასი, რადგან მას არ სჭირდება რეგულარულად გადაბრუნება;
● ნურასდროს გადაკეცავთ, გადაახვევთ ან ჩაჭყლეტთ მატრაცს. ქსოვილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მისი სახელურები მხოლოდ საწოლში მის ჩასადგმელად და არა მის გადასაადგილებლად;
● ყოველ დილით გადააძრეთ საბანი და ლოგინი გაანიავეთ სულ მცირე 20 წუთით, რათა ოფლი შეაშრეს;
● მატრასს სუფთად შეინახავთ მასზე გადაკრული პირის მეშვეობით, რომელიც ირეცხება. რეგულარულად გაწმინდეთ მტვერსასრუტით მთელი საწოლი და საპნითა და ცივი წყლით მაშინვე ამოწმინდეთ ლაქები;
● ეცადეთ, არ დაჯდეთ ხოლმე მატრასის კიდეზე ერთი და იმავე ადგილას. ნებას ნუ დართავთ ბავშვებს ან სხვა ვინმეს, იხტუნონ საწოლზე.
საწოლში მხოლოდ ფულს არ იხდით. მასზე თქვენი ცხოვრების მესამედია დამოკიდებული და იგი საკმაო გავლენას ახდენს დანარჩენ ორ მესამედზეც. თუ საწოლს გონივრულად ირჩევთ და უფრთხილდებით, ის კარგად მოგემსახურებათ.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
როგორი საწოლია თქვენთვის შესაფერისი?
კომფორტი და კარგი საყრდენი. უკეთესია, თუ მატრასი ფიცარივით მაგარი არ იქნება. მეტისმეტად მაგარმა საწოლმა შეიძლება გაამწვავოს ზურგთან დაკავშირებული პრობლემები. სხეულმა უნდა გაგრძნობინოთ, რომელი მატრასია სააუკეთესო. დაწექით ზურგზე. თუ წელის ქვეშ იმხელა ადგილი რჩება, რომ ხელის შეცურებას შეძლებთ და, გარდა ამისა, თავისუფლად გადატრიალდებით, მაშინ მატრასი თქვენთვის სათანადო სიმაგრის ყოფილა. მატრასმა საშუალება უნდა მოგცეთ, რომ გვერდზე წოლისას ხერხემალი ნორმალურ მდგომარეობაში იყოს. მძიმე წონის ადამიანს უფრო მყარი საწოლი დასჭირდება.
ზომა. აირჩიეთ საწოლი, რომელიც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას მოგცემთ. თუ საწოლზე ორი ადამიანი წევს, გახსოვდეთ, რომ ორკაციან საწოლზე თითოეულს იმდენივე ადგილი უნდა ჰქონდეს, რამდენიც ბავშვს საბავშვო საწოლში.
შეხამებული კომპლექტი. თუ შესაძლებელია, შეიძინეთ ერთმანეთის შესაფერისი მატრასი და საწოლი, რომლებიც ერთდროული გამოყენებისთვის არის შექმნილი, რათა ორივე კომფორტული იყოს და კარგ საყრდენად ივარგოს. ძველმა საწოლმა შეიძლება დააზიანოს ახალი მატრასი, თუნდაც ის ამართლებდეს გარანტიას.
ფასი. რადგან ხშირად საქონელი ფასის შესაბამისი ხარისხისაა, თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, საუკეთესო საწოლი იყიდეთ.
ფართობი. თუ ადგილი არასაკმარისია, ასაკეცი ან კედლის საწოლი, რომლის შენახვა საკუჭნაოშიც შეიძლება, კარგი არჩევანია. სხვა საშუალებაა ჩვეულებრივი ლეიბი, რომელიც გამოვსებულია ბამბით და შეიძლება ღამით იატაკზე მისი სწრაფად დაგება. ლეიბი შეიძლება იყიდებოდეს ლარტყოვანი, ასაკეცი დივან-საწოლის სახით, რომელსაც მსუბუქი ჩარჩო აქვს.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ, ჩვეულებრივ, საწოლში თავს მოუხერხებლად გრძნობთ, რეგულირებადი საწოლი სხვადასხვა საძილე მდგომარეობის მიღების საშუალებას მოგცემთ. წყლის ლეიბი სხეულის სიმძიმეს თანაბრად ანაწილებს და ის შეიძლება დაეხმაროს მათ, ვისაც სხეულის ის ადგილები სტკივა, რომლებიც ზეწოლას განიცდის.
ალერგიით გატანჯულები. თუ მტვრისა და ლეიბის ნატურალური შიგთავსისადმი ალერგიული ხართ, სინთეტიკური ბოჭკოების ან პოროლონისგან დამზადებული მატრასი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ალერგენები ადვილად არ გროვდება ლარტყოვან ჩარჩოზე ან წყლის ლეიბზე.
მოხუცებულები. საწოლის კიდეზე ჯდომისას ტერფები იატაკს უნდა სწვდებოდეს. მაგარი კიდის მქონე საწოლი გაგიადვილებთ მჯდომარე მდგომარეობიდან ლოგინში ჩაწოლას ან წამოდგომას.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
უსაფრთხოების ზომები
▪ ნუ ჩაიცვამთ ადვილად აალებადი ნაჭრისგან შეკერილ საღამურს.
▪ დარწმუნდით, რომ საწოლი შორს დგას ბუხრისგან და სხვა გასათბობი საშუალებებისგან.
▪ ხშირად შეამოწმეთ ელექტროსაბანი, ქსოვილი ხომ არ არის გაცრეცილი ან დაჭმუჭნილი; ამომწვარია თუ არა აქა-იქ და ელექტროზონარი გაცვეთილი ხომ არ არის; ნურასდროს გამოიყენებთ სველ საბანს, საშუალება მიეცით, თავისით გაშრეს; ნუ დადებთ საწოლზე მძიმე ნივთებს, როცა საბანი ქსელშია ჩართული.
▪ ნუ ჩაასხამთ სათბურაში მდუღარეს, ნურც ელექტროსაბანთან ერთად გამოიყენებთ. მოაცილეთ სათბურა ბავშვის ლოგინში დაწოლამდე.
[დიაგრამა 23 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ზედაპირი
მსხვილი რომბისებური გვირისტი
წმინდა რელიეფური გვირისტი
კლასიკური მოჭიმვა
რბილი შრეები
შიდა საყრდენი
პოროლონი
უწყვეტი წნულის ზამბარები
კონუსური ზამბარები
ლოკალიზებული ზამბარები
[საავტორო უფლება]
Reproduced by courtesy of the Sleep Council
[საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Reproduced by courtesy of the Sleep Council