უნდა გამოვხატოთ მწუხარება?
უნდა გამოვხატოთ მწუხარება?
თავის წიგნში „ბავშვებისა და სიკვდილის შესახებ“ დოქტორი ელისაბედ კიუბლერ-როსი აღნიშნავს: „მრავალი ადამიანი იტანჯება იმის გამო, რომ ვერ თავისუფლდება ბავშვობაში განცდილი სულიერი ტკივილისგან. ამიტომ ბავშვს საშუალება უნდა მიეცეს, გრძნობები გამოხატოს ისე, რომ მტირალა და ქალაჩუნა არ შეარქვან ან არ ეუბნებოდნენ დამცინავად: „დიდი ბიჭები არასდროს ტირიან“.
ასეთი მიდგომა განსხვავდება ზოგიერთ ქვეყანაში არსებული პრინციპისგან, რომ საკუთარ თავს რამე გრძნობის გამოხატვის უფლება არ მისცე.
დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლის გამოცდილება
ეს სხვაობა ჩანს იქიდან, რაც თქვა ნიუ-იორკის დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა, რობერტ გელეგერმა, რომლისგანაც ინტერვიუ აიღო ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტმა. მას ჰკითხეს, შეუმჩნევია თუ არა რამე სხვაობა შეერთებული შტატების მკვიდრი მაცხოვრებლებისა და ლათინური ქვეყნებიდან ემიგრირებულთა გლოვას შორის.
„რა თქმა უნდა. როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე 50-იან წლებში, მრავალი იტალიური ოჯახის პირველი თაობა იყო ჩვენს არემარეში. ისინი ძალიან ემოციურები იყვნენ. ახლა მათ შვილებსა და შვილიშვილებს ვხვდებით დაკრძალვაზე და ჩანს, რომ ემოციები უკვე განელდა. ისინი ისე დაუფარავად აღარ ავლენენ გრძნობებს“.
ებრაელები ბიბლიურ დროში გამოხატავდნენ თავიანთ მწუხარებასა და ემოციებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს ბიბლია იაკობის რეაქციას, როცა დაარწმუნეს, რომ მისი ძე, იოსები, მხეცებს დაეგლიჯათ: „ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს. ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი“ (დაბადება 37:32—35). დიახ, იაკობს არ რცხვენოდა, რომ დაეტირა დაკარგული ძე.
განსხვავებული კულტურა და რეაქცია
რა თქმა უნდა, კულტურები განსხვავდება. მაგალითად, თუმცა ნიგერიის მრავალ კუთხეში ოჯახებს ბევრი ბავშვი ჰყავთ და სიკვდილიანობა ხშირია სხვადასხვა დაავადების გამო, „ბავშვის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება ძალიან დიდია;
განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი პირველი შვილი იყო და თანაც ბიჭი, — აღნიშნავს მწერალი, რომელიც 20 წელია აფრიკაში ცხოვრობს. — განსხვავება ისაა, რომ ნიგერიაში გლოვა ხანმოკლე და ინტენსიურია. ის არ გრძელდება თვეებისა და წლების მანძილზე“.ხმელთაშუა ზღვასთან მდებარე და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ადამიანები ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც უნებლიე რეაქციები ნორმალურად ითვლება. იქ, სიხარულსა და მწუხარებას საჯაროდ გამოხატავენ. მისალმება მხოლოდ ხელის ჩამორთმევით არ შემოიფარგლება, არამედ გულში თბილად ჩახუტებასაც მოიცავს. ასევე, ჩვეულებრივ, მწუხარებაც ცრემლებითა და მოთქმით გამოიხატება.
თავის წიგნში კეტრინ ფერ დონელი ამბობს, რომ მამაკაცისთვის „შვილის სიკვდილის გადატანა არა მარტო ფსიქოლოგიური ზეწოლაა, არამედ იმის შიშიც, რომ მწუხარების საჯაროდ გამოვლენამ მისი მამაკაცური ღირსებები არ დაამციროს“. ავტორი დასძენს: „ამისდა მიუხედავად, ბავშვის დაღუპვის დროს ისინი ყურადღებას აღარ აქცევენ ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით არსებულ წეს-ჩვეულებებს“. მწუხარების ცრემლებით შინაგანი გრძნობების გამოხატვა გულს ამსუბუქებს, ისევე როგორც ქირურგიული დანა ჭრილობას ასუფთავებს ინფექციისგან.
ასე რომ, მწუხარების გამოხატვა ზოგიერთ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა. მწუხარება და ტირილი სისუსტის ნიშნად არ უნდა მივიჩნიოთ. თვით იესო „აცრემლდა“ თავისი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილის გამო, თუმცა იცოდა, რომ სულ მალე აღადგენდა (იოანე 11:35).
[ჩანართი 12 გვერდზე]
იაკობს არ რცხვენოდა, რომ დაეტირა დაკარგული ძე