არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოვლენილი ძალისხმევა

გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოვლენილი ძალისხმევა

გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოვლენილი ძალისხმევა

მოგვითხრო გუსტავ სისონმა

12 წლისამ, თუმცა ცურვით ვიყავი გატაცებული, გადავწყვიტე, ექიმი გამოვსულიყავი; მაგრამ ამავე დროს ბიბლიის შესწავლა დავიწყე და მსურდა ღვთის მსახური გავმხდარიყავი. რა დაემართა ჩემს სხვადასხვაგვარ მისწრაფებებსა და სურვილებს? შეიძლებოდა მათი ერთმანეთთან შეთავსება?

ოლივ სპრინგეიტმა, იეჰოვას მოწმემ, რომელიც ბრაზილიაში მისიონერად მსახურობდა, 1961 წელს დედაჩემთან და ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მამაჩემის წინააღმდეგობის გამო, რომელიც პორტუ-ალეგრიში პატივცემული ექიმი იყო, შესწავლა შევწყვიტეთ. მაგრამ ოლივი ჩვენთან კავშირს არ წყვეტდა და, ბოლოს და ბოლოს, იმაში, რაც ვისწავლე, ჭეშმარიტება დავინახე. მაგრამ, რადგან იმხანად ცურვით ვიყავი გატაცებული, სულიერ საქმეებს ჩამოვცილდი.

ცხრამეტი წლისამ საცურაო კლუბში ერთი მიმზიდველი გოგონა, ვერა-ლუსია, გავიცანი და მასთან შეხვედრა დავიწყე. დედაჩემი მას ჩვენი რწმენის შესახებ ესაუბრა და ისიც დაინტერესდა. დავუკავშირდი ოლივს და მე და ვერა-ლუსიამ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, მიუხადავად იმისა, რომ მამამისი წინააღმდეგი იყო.

ვერა-ლუსიამ ბიბლიის სწავლა განაგრძო და საკმაო ცოდნა შეიძინა. მან ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყო იმ საცურაო კლუბის თანამშრომლებთან, სადაც მე დავდიოდი. ამ დროს მე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ვემზადებოდი.

ერთი წლის შემდეგ, რაც ჩვენ ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყეთ, მამამისი რაღაცას მიხვდა. ერთ დღეს, როდესაც კრების შეხვედრიდან დავბრუნდით, ის გველოდა და მოგვთხოვა, გვეთქვა, სად ვიყავით. მე ვუპასუხე, რომ ჩვენ ქრისტიანულ შეხვედრაზე ვიყავით და თუმცა, შესაძლებელია, მისთვის რელიგია სერიოზულ რამეს არ წარმოადგენდა, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მან ამოიოხრა და თქვა: „კარგი, თუ ეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თანხმობის მეტი არაფერი მეთქმის“. მას შემდეგ მისი დამოკიდებულება შეიცვალა და თუმცა ის არასოდეს გამხდარა იეჰოვას მოწმე, ჩვენი ახლო მეგობარი გახდა და გაჭირვების დროს მუდამ მხარში გვედგა.

არჩევნის გაკეთება

გადავწყვიტე, რომ ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ ცურვის შეჯიბრებაში მონაწილეობა აღარ მიმეღო, მაგრამ ორმა გამარჯვებამ და 400 და 1 500 მეტრიან დისტანციაზე ცურვაში ბრაზილიის რეკორდის დამყარებამ განაპირობა, რომ 1970 წელს კალში (კოლუმბია) გამართულ პანამერიკულ შეჯიბრებებში მომიწვიეს. თუმცა ვერა-ლუსია წინააღმდეგი იყო, მე მაინც დავიწყე შეჯიბრებებისთვის მზადება.

როდესაც კალში წარმატებას მივაღწიე, მწვრთნელები შემეკითხნენ, ვისურვებდი თუ არა ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებას. ვიფიქრე, რომ ჯერ დამთავრებული არ მქონდა სამედიცინო სასწავლებელი და გამახსენდა შესანიშნავი ჭეშმარიტება, რომელიც იეჰოვას განზრახვების შესახებ გავიგე და თავი დავანებე ცურვის კარიერას. მას შემდეგ სწრაფად გავიზარდე სულიერად. 1972 წელს, როდესაც მიუნხენში (გერმანია) ოლიმპიური თამაშები იმართებოდა, მე და ვერა-ლუსია იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლეთ. ამან დედაჩემი აღძრა, რომ ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა და გარკვეული დროის შემდეგ თვითონაც მოინათლა.

დედაჩემის მონათვლის შემდეგ, მამაჩემისგან წინააღმდეგობა გაძლიერდა. ბოლოს ჩვენი ოჯახი დაინგრა და, რადგან ისევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მე და დედას მისი მცირე პენსიითა და იმ ფულით გვიწევდა ცხოვრება, რომელიც სახლის გაყიდვის შედეგად გვქონდა. ამის გამო მე და ვერამ ქორწილი გადავდეთ. ფაქტობრივად, მამისგან მიღებული კარგი გაკვეთილები მეხმარებოდა გადაწყვეტილებების მიღებაში. ის ხშირად მეუბნებოდა: „არ შეგეშინდეს იმის, რომ ისეთი არა ხარ, როგორიც სხვები არიან“ და „უმრავლესობა ყოველთვის არ არის მართალი“. ყველაზე მეტად ამის თქმა უყვარდა: „კაცის ღირსება იმით განისაზღვრება, თუ რას აკეთებს სხვებისთვის“.

როგორც იეჰოვას მოწმე, მამის ამ შესანიშნავ რჩევას ცხოვრებაში ვიყენებდი. სასთუმალთან ვეჯექი, როდესაც ის 1986 წელს გარდაიცვალა. ჩვენ ამ დროისთვის კვლავ მეგობრები ვიყავით და ერთმანეთს ვაფასებდით. მჯერა, რომ ის ამაყობდა ჩემით, რადგან მის მსგავსად მეც ექიმი გავხდი.

ამასობაში, 1974 წელს, სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე. გადავწყვიტე, თერაპევტი გამოვსულიყავი, მაგრამ მეტი დაფიქრების შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემს ქრისტიან და-ძმებს ბევრად უფრო დავეხმარებოდი, თუ ქირურგი გავხდებოდი (საქმეები 15:28, 29). ასე რომ, თვალი გავუსწორე მოსალოდნელ სიძნელეებს და ქირურგი რომ გავმხდარიყავი, შემდეგი სამი წელი კიდევ სწავლაში გავატარე.

დაძაბული იურიდიული ბრძოლა

ძალზე სამწუხარო სასამართლო საქმე, რომელშიც ჩაბმული ვიყავი, შეეხებოდა 15 წლის მოწმე გოგონას, რომელიც ფარული სისხლდენით იტანჯებოდა. ის დასუსტებული იყო და ამავე დროს ჰიპოტონია აწუხებდა, მაგრამ სრულიად გონზე იყო და აბსოლუტურად მყარად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე, რომ არ გადაესხა სისხლი. როდესაც სისხლის შემცველობა გაიზარდა, ენდოსკოპის საშუალებით დავიწყე გამოკვლევა, მოვბანე დაზიანებული ადგილი ფიზიოლოგიური ხსნარით, რომ სისხლის დენა შეჩერებულიყო. თავიდან გამომჯობინდა, მაგრამ 36 საათის შემდეგ, როდესაც ინტენსიური თერაპიის ქვეშ იმყოფებოდა, მოულოდნელად სისხლდენა კვლავ დაეწყო. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მორიგე ექიმმა ვერ შეძლო სისხლდენის შეჩერება და სისხლის რაოდენობის აღდგენა, რის გამოც გოგონა გარდაიცვალა.

ამ შემთხვევის შემდეგ ეთიკის კომიტეტმა დროებით შეაჩერა ჩემი ინტერნატურა და ჩემი საქმე რეგიონალურ სამედიცინო კონსილიუმში გააგზავნა. ბრალს მდებდნენ ეთიკის სამედიცინო კოდექსის სამი მუხლის დარღვევაში, რომელიც ჩემს ექიმად ყოფნასა და, ამასთანავე, საარსებო წყაროს საფრთხეს უქმნიდა.

კომიტეტმა 30 დღე მომცა, რომ წერილობით წარმედგინა გასამართლებელი არგუმენტები. ჩემმა ადვოკატებმა მომაწოდეს იურიდიული და კონსტიტუციური არგუმენტები და ადგილობრივ საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის (საუკო) (იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი, რომელიც საავადმყოფოსა და პაციენტს შორის ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს) დახმარებით, სამედიცინო და სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებული დაცვა მოვამზადე. მოსმენის დროს კომიტეტი, რომელსაც გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, ძირითადად, მეკითხებოდა ჩემი, როგორც ექიმისა და როგორც იეჰოვას მოწმის პოზიციის შესახებ. მაგრამ ჩემი დაცვა დაფუძნებული იყო უმთავრესად სამედიცინო და მეცნიერულ არგუმენტებზე და აგრეთვე პატივცემული ქირურგების ცნობებზე.

წარდგენილი არგუმენტები ადასტურებდა, რომ პაციენტმა უარი განაცხადა სისხლის გადასხმაზე და მე არავითარი ზეგავლენა არ მომიხდენია მასზე, რათა ეს გადაწყვეტილება მიეღო. სასამართლო მოსმენაზე ისიც დადგინდა, რომ იმ ოთხი ექიმიდან, რომლებსაც დახმარებისთვის მიმართეს, მხოლოდ მე დავიწყე პაციენტის მკურნალობა თავისი სურვილისამებრ.

შემდეგ ჩემი საქმე კომიტეტს გადასცეს, რომელსაც ის პლენარულ სხდომაზე უნდა განეხილა. მე წავიკითხე ათწუთიანი თავდაცვითი მოხსენება, რომელიც, როგორც ჩემი წერილობითი დაცვა, ძირითადად სამედიცინო ასპექტებზე იყო დაფუძნებული. ჩემს შემდეგ კომიტეტის ორმა წევრმა განაცხადა, რომ, თუმცა პაციენტს სისხლი არ გადავუსხი, ჩემ მიერ გაწეული მკურნალობა მეცნიერულად სრულიად გამართლებული იყო. სხვა ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, უსისხლო მკურნალობა ეფექტურია და მას შედარებით მცირე სიკვდილიანობა მოსდევსო. ბოლო მომხსენებელმა თქვა, რომ საკითხი იმაში კი არ მდგომარეობდა, სისხლის გადასხმა კარგი იყო თუ ცუდი, არამედ საქმე ის იყო, ექიმს შეეძლო თუ არა აეძულებინა პაციენტი, აერჩია მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც მას არ სურდა. მისი აზრით, ექიმს ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ უმრავლესობამ, თორმეტმა ორის წინააღმდეგ, ხმა მისცა იმას, რომ ყველა ბრალდება მომხსნოდა.

პაციენტის უფლებების დაცვა

ზოგიერთ ავტორიტეტულ ექიმს სასამართლო ორდერი ჰქონდა მიღებული, რომ მოწმე პაციენტისთვის სისხლის გადასხმა დაეძალებინათ და დროდადრო მე ჩვენებებს ვაძლევდი სასამართლოებზე, რაც ასეთი ორდერების გაუქმებაში გვეხმარებოდა. ერთ-ერთი სასამართლო საქმე ეხებოდა მოწმეს, რომელსაც საყლაპავი მილის ლორწოვანა შეშუპებული ჰქონდა, რაც სერიოზულ გართულებას, კუჭიდან სისხლდენას, იწვევს. მაშინ, როცა საავადმყოფოში დააწვინეს, უკვე სისხლის საკმაო ნაკლებობას განიცდიდა — ჰემოგლობინი ლიტრში 47 გრამი ჰქონდა *. თავდაპირველად მას არ აძალებდნენ სისხლის გადასხმას და მხოლოდ შესაბამისად მკურნალობდნენ.

საავადმყოფოში ყოფნიდან ერთი კვირის შემდეგ, პაციენტი გააკვირვა იმან, რომ მასთან მივიდა სასამართლოს წარმომადგენელი სისხლის გადასხმის ორდერით. ამ დროისთვის მისმა ჰემოგლობინმა ლიტრში 64 გრამამდე აიწია და მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. როგორც ჩანს, მოსამართლეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ჰემოგლობინის პირველი ნორმის მიხედვით და არა მეორე უფრო მაღალი ნორმის მიხედვით.

საუკო-მ დახმარება შესთავაზა ავადმყოფს. პაციენტმა მთხოვა, გამესინჯა. ასეც მოვიქეცი და ამის შემდეგ მოვათავსეთ საავადმყოფოში, სადაც სისხლის გადაუსხმელად უმკურნალებდნენ. იმავე დროს მისმა ადვოკატებმა სასამართლო ორდერის, რომელიც პაციენტისთვის სისხლის გადასხმის უფლებას იძლეოდა, გაუქმება მოითხოვეს.

გამომიძახეს, რათა მოსამართლის წინაშე წარვმდგარიყავი, რომელიც პაციენტის მდგომარეობით იყო დაინტერესებული. მოსამართლემ უფლება მომცა, გამეგრძელებინა პაციენტის მკურნალობა მანამ, სანამ სასამართლო ორდერის ვარგისობა განიხილებოდა. ახალი სასამართლო სხდომის დროს პაციენტი უკვე თავს უკეთესად გრძნობდა და საავადმყოფოდან გაწერილი იყო. როდესაც კვლავ გამომიძახეს ჩვენების მისაცემად, საავადმყოფოს ადვოკატმა მომთხოვა, დამემტკიცებინა, რომ მკურნალობის ჩემ მიერ რეკომენდებული მეთოდი მეცნიერულად დასაბუთებული იყო. შეცბუნდა, როდესაც წარვუდგინე იმ საავადმყოფოს მიერ, რომლის წარმომადგენელიც თვითონ იყო, სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული მკურნალობის ამ მეთოდის მხარდამჭერი სტატია.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ძალიან გაგვახარა იმის მოსმენამ, რომ მკურნალობის ჩვენი მეთოდი, რომელიც უსისხლოდ მკურნალობას წარმოადგენდა, გამართლებული იყო. საავადმყოფოს ებრძანა მთელი თანხების გადახდა, მათ შორის სასამართლოს ხარჯებისაც. თუმცა საავადმყოფომ აპელაციას მიმართა, მაგრამ კვლავ წააგო.

ოჯახზე ზრუნვა

მას შემდეგ, რაც მოწმე გავხდი, ვერა-ლუსია მხარში მედგა, როგორც ერთგული თანამშრომელი, გამრჯე ცოლი და ჩვენი შვილების სამაგალითო დედა. როგორ ხვდებოდა ის სიძნელეებს, როგორ უწყობდა ოჯახის ერთიანობას ხელს და როგორ მეხმარებოდა შვილებზე, ახლა უკვე სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებზე, ზრუნვაში? მას ეს შეეძლო, რადგან დიდად უყვარდა იეჰოვა და ქრისტიანული მსახურება.

პატარაობიდანვე ვასწავლიდით შვილებს ბიბლიის მოძღვრებასა და პრინციპებს. მიუხედავად ძალიან გადატვირთული ცხოვრებისა, ყოველწლიურად ვცდილობთ, რამდენიმე თვე მაინც ვიმსახუროთ პიონერად. ყველანაირად ვცდილობთ, მივყვეთ ჩვენს განრიგს, რომელშიც შედის ბიბლიის რეგულარული კითხვა, ბიბლიური მუხლის ყოველდღიური განხილვა და ჩვენი რწმენის სხვებისთვის გაზიარება ქრისტიანული მსახურებისას. ამ ბოლო დროს ჩვენი ოჯახი ხშირად ყოველკვირეულად ბიბლიის 12 შესწავლას ატარებს ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ადამიანებთან.

მე და ვერა-ლუსია იმასაც ვცდილობთ, რომ შვილებსაც მივაღებინოთ მონაწილეობა მსახურებაში, თუმცა, ამავე დროს, პატივს ვცემთ მათ შეხედულებებს. გვჯერა, მშობლებმა სწორად რომ იზრუნონ თავიანთ ოჯახზე, სამი რამ არის საჭირო: პირველი, ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაფუძნებული სწორი დასწავლება; მეორე, სწორი მაგალითი, რომელიც ბავშვებს არწმუნებს, რომ მათ მშობლებს საღი ღვთისმოშიშება აქვთ. მესამე, ჯანსაღი ურთიერთობა ყველა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მქონე ქრისტიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახის წევრებს სხვადასხვა ნიჭი და უნარი მოახმარონ. მე და ჩემმა მეუღლემ მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენს ოჯახს ყოველივე ეს ჰქონოდა.

როცა ვიხსენებთ იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებულ თითქმის 30 წელს, მე და ჩემს ცოლს ეჭვგარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გვაკურთხა საუკეთესო ცხოვრებითა და დიდი სიამოვნებით; წყალობა მოგვანიჭა. თუმცა ოლიმპიურ თამაშებში არ მივიღე მონაწილეობა, კვირაში რამდენიმე კილომეტრს კვლავ ვცურავ. მართალია, ექიმობისა და იეჰოვას მოწმეობის გამო ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნების მომგვრელია ქრისტიანი ძმებისა და დებისთვის დახმარების გაწევა, რათა განსაცდელების დროს იეჰოვასთვის მსახურება განაგრძონ.

ხშირად მეკითხებიან, მაწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ, როდესაც ღვთის ახალი სისტემა დამყარდება და ავადმყოფობა აღარ იქნება, სამსახურს დავკარგავ. მე ვპასუხობ, პირველი მე შევხტები სიხარულით, როდესაც „ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ და „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24; 35:6).

[სქოლიოები]

^ აბზ. 21 ჯანმრთელ სრულწლოვან მამაკაცს ჰემოგლობინი ლიტრში 150 გრამი აქვს.

[სურათი 15 გვერდზე]

ოპერაციის დროს.

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ვერა-ლუსია; ჩვენი ოჯახური შესწავლა.