თავდაპირველი ხისმჭრელი კვლავ მუშაობს
თავდაპირველი ხისმჭრელი კვლავ მუშაობს
ადამიანებმა მრავალი ინსტრუმენტი გამოიგონეს ხის «მოსაჭრელად, მათ შორის: ნაჯახი, სოლი, ხის მჭრელი მანქანა და ხერხი. აგრეთვე მჭრელკავიანი ტრაქტორები, რომლებსაც დიდი ხეების გადაჭრა შეუძლიათ. მაგრამ ხის საჭრელი უძველესი იარაღები ადამიანს არ გამოუგონია. ეს არის თავდაპირველი ხისმჭრელის, თახვის ბასრი კბილები.
მოზრდილი თახვის სიგრძე 1,3 მეტრს, ხოლო წონა 27 კგ-ზე მეტს აღწევს. რადგან მისი ზედა და ქვედა მჭრელი კბილები განუწყვეტლივ იზრდება, თახვმა ხშირად უნდა გაიცვითოს ისინი. მჭრელი კბილების წინა ზედაპირი მინანქრის სქელი ფენითაა დაფარული, რაც მჭრელ, რკალისებურ პირს წარმოქმნის. რკალისებურად მოღუნული და იმავდროულად მძლავრი კუნთებით აღჭურვილი ეს ბუნებრივი საჭრისები ყველაზე მაგარ ხესაც კი ადვილად ჭრიან.
თბილი საფარი და მრავალმხრივ გამოსადეგი კუდი
ცივ კლიმატურ პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა კარგად იციან თბილი, წყალგაუმტარი ქურქის ფასი. თახვს კი არასოდეს სჭირდება ასეთი სამოსი, რადგან სქელი ბეწვის მანტიითაა დაჯილდოებული. თახვის ბეწვი, რომლის ფერიც ღია ყავისფრიდან მუქ მურამდე მერყეობს, ორი შრისგან შედგება. მისი ბეწვი, სქელი თივთიკი, შედგება ხშირი პაწაწინა ბუსუსებით დაფარული შესანიშნავი ბოჭკოებისგან, რომლებიც დასველებისგან და სიცივისგან იცავს თახვს. უფრო გრძელი, სქელი გარეთა ბეწვი ფარავს თივთიკს და წყალს არ ატარებს. ამას დაუმატეთ მისი ბეწვის ბზინვარება და ხავერდოვნება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მრავალი ადამიანი აფასებს თახვის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელს! ერთ დროს თახვის ტყავებს კანადაში ფულის დანიშნულებაც კი ჰქონდა!
ყველა თახვს კუდის ძირში ორი წყვილი უჩვეულო ჯირკვალი აქვს. ერთი წყვილი გამოყოფს ცხიმოვან ემულსიას, ხოლო მეორე — თახვის ყაირს — სურნელოვან სეკრეტს მძაფრი, მაგრამ უვნებელი სუნის მქონე. თახვი მათ სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს, მათ შორის ბეწვის წყლისაგან დასაცავად და სხვა თახვების მისაზიდად. თახვის ყაირს ადამიანებიც იყენებენ, მაგალითად პარფიუმერები ზოგიერთი სუნამოს დასამზადებლად იყენებენ.
თახვის კუდი უნიკალურია. მას ნიჩბისმაგვარი ფორმა აქვს, სიგრძეში დაახლოებით 30 სანტიმეტრია და მრავალ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, წყალში თახვის კუდი სანავიგაციო საჭესავით მოქმედებს. ხმელეთზე, როცა ის ხეებს ღრღნის, წონასწორობის
შენარჩუნებაში ეხმარება თახვს. საფრთხის მოახლოებისას თახვი კუდს წყალს ურტყამს, რათა გააფრთხილოს ახლომახლო მყოფი ყველა თახვი, რომ უსაფრთხო ადგილი მოძებნონ. ნათელი მოვფინოთ ერთ არასწორ წარმოდგენას: თახვები არ იყენებენ კუდს ქაფჩასავით თავიანთი ჯებირების ამოლესვის დროს.საკვები და წყალი
რით იკვებებიან თახვები? ალვისა და ტირიფის ხეების რბილი ქერქი და კვირტები მათთვის საუკეთესო საკვებია. მაშასადამე, როდესაც ხეს ჭრის რამის ასაშენებლად, თახვს შეუძლია ამავე დროს პირი უხვი საკვებით ჩაიტკბარუნოს. ხანდახან, როცა ერთ-ერთი თახვი გართულია ხის შემოღრღნით, მეორე უჩუმრად ეპარება და ხის გემრიელ ქერქს იპარავს.
ზამთრის განმავლობაში თახვი საკვების შენახვის უნიკალურ სისტემას იყენებს. პირველ რიგში წყალქვეშ თხრის ღრმა ორმოს, მისთვის ეს არც ისე რთულია, რადგან თახვს შეუძლია ერთ ჯერზე წყალქვეშ 15 წუთი დარჩეს; შემდეგ თახვი ორმოს თავზე, წყლის ზედაპირზე აგროვებს ვერხვის, ტირიფისა და სხვა ხეების ტოტებს. ტოტები გროვდება და მათი ზვინი ბოლოს და ბოლოს აღწევს ორმოს ძირამდე. მოგვიანებით, როცა ტბორი ყინულით დაიფარება და თოვლი ხელს შეუშლის ზედაპირზე მუშაობაში, თახვების ჯგუფს წყალქვეშ კარგად მომარაგებული საწყობი ექნებათ.
ხმელეთის ცხოველებიდან ცოტა თუ გრძნობს თავს წყალში ისე მოხერხებულად, როგორც თახვი. გარდა სქელი ბეწვისა, რომელიც ცხიმიანობის გამო წყალგაუმტარია, თახვს კანქვეშა ქონის ფენაც აქვს, რომელიც მას ყველაზე ცივ წყალშიც კი იცავს. წარმოიდგინეთ, თახვები წყალქვეშ წყვილდებიან კიდეც! რადგანაც წყალი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თახვების ცხოვრებაში, თქვენ ვერასოდეს წააწყდებით მათ ტბებისა და ნაკადულებისგან მოშორებით.
თახვები და ადამიანები
თახვები მორჩილი ცხოველები არიან, ამიტომ ადვილად უმეგობრდებიან ადამიანებს, რომლებიც კარგად ეპყრობიან მათ. ისინი მუდმივად უვლიან საკუთარ თავს და ინარჩუნებენ სისუფთავეს. წარსულში ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა ხშირად იშინაურებდა თახვებს თავის ბანაკის გარშემო. მაგრამ საჭიროა კარგად დაფიქრდეთ, სანამ თახვს სახლში შემოიყვანდეთ. პრობლემა ის არის, რომ ისინი არასდროს წყვეტენ „მშენებლობას“. „როდესაც ოთახში აღმოჩნდებიან, — წერს გარემოს დაცვის ინჟინერი ელის აუთვოთერი, — ისინი ღრღნიან მაგიდებისა და სკამების ფეხებს და პატარა ჯებირებს აგებენ ავეჯის ნამტვრევებს შორის“. ხეებსა და ღობეს შეიძლება იგივე დაემართოს.
გარდა ამისა, სხვა უფრო სერიოზული პრობლემები წამოიჭრება ადამიანებსა და თახვებს შორის. მაგალითად, ზოგიერთი მიწათმფლობელი ჩივის, რომ ჯებირები პატარა მდინარის ადიდებას იწვევს და აზიანებს მათ საკუთრებას. ამისდა მიუხედავად, მეცნიერები და სხვები ამ საჩივრის საპასუხოდ მიუთითებენ იმ სარგებლობაზე, რომელიც თახვის საქმიანობას მოაქვს; მაგალითად, თახვების მიერ წყლის დაგუბება წყალს სისუფთავეს უნარჩუნებს და სხვა მრავალი ცოცხალი ორგანიზმისთვის სასიცოცხლო პირობებს ქმნის. ზოგი იმასაც ამბობს, რომ თახვების მიერ გაკეთებული საგუბრები ამცირებს გვალვის შედეგებს.
ნატურალისტების ვარაუდით დაახლოებით 10 000 000 თახვი ცხოვრობს შეერთებული შტატების მატერიკულ ნაწილზე. თუმცა, ზოგი მიიჩნევს, რომ 500 წლის წინათ ამ ტერიტორიაზე 200 000 000-ზე მეტი თახვი ცხოვრობდა. ჯერ მარტო წარმოიდგინე, ალბათ, ათობით მილიონი „ხისმჭრელი“ მუშაობდა ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში, სანამ იქ პირველი ევროპელები მივიდოდნენ. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ უნაყოფო და უტყეო მიწები დახვედროდათ, ახალმოსახლეებმა ტყით დაფარული უზარმაზარი ტერიტორიები იხილეს. ნათელია, რომ თახვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი პლანეტის ეკოლოგიაში. ამგვარად, შეგვიძლია მადლიერნი ვიყოთ, რომ თავდაპირველი ხისმჭრელი კვლავ მუშაობს!
[ჩარჩო⁄სურათი 22, 23 გვერდებზე]
„თახვივით მშრომელი“
ადამიანი, რომელმაც ეს გამოთქმა გამოიგონა, ალბათ, აკვირდებოდა თახვებს, როდესაც ისინი წყალში ჯებირებს აგებდნენ ან „ფაცხებს“ იშენებდნენ. ნამდვილად, ეს ცხოველები მოუღლელები ჩანან, ჭრიან ხეებს და მიათრევენ მშენებლობის ადგილზე. დროდადრო არხები გაჰყავთ სამშენებლო მასალის საჭირო ადგილამდე მისაცურებლად.
მაგრამ როგორ აგებენ თახვები ჯებირებს? თავდაპირველად, ნაგებობის დასამაგრებლად ტოტებს წყლის ფსკერზე აწყობენ. თუ კალაპოტი განიერია, თახვები ჯებირს დინების საპირისპირო მიმართულებით ხრიან, რათა წყლის ნაკადს გაუძლოს. დამატებითი ტოტების გამოყენებით სათანადო სიმაღლემდე ავსებენ შუალედებს და ხვრელებს ტალახითა და ქვებით ქოლავენ. ჯებირი რომ გამძლე იყოს, თახვები კუთხურად ალაგებენ ტოტებს კალაპოტში, მდინარის დაყოლებაზე, და ამგვარად ამაგრებენ მას. ეს შრომისმოყვარე არსებები რეგულარულადაც კი არემონტებენ თავიანთ ნახელავს!
წყნარი ტბორი ძალიან მალე გუბდება. აქ თახვები აშენებენ საიმედო საცხოვრებელს, ჯებირის აშენებამდე ეს მხოლოდ უბრალო სოროა მდინარის ნაპირას, მოგვიანებით კი ნაპირიდან მოშორებული, ჯოხებითა და ტალახით შეკრული თაღოვანი სადგომი. მტაცებლებისგან თავდასაცავად თახვები წყალქვეშა შესასვლელებს იყენებენ. „ფაცხებში“ უსაფრთხოდ მოკალათებულნი ისვენებენ და ზრდიან თავიანთ ნაშიერებს.
თახვი მართლაც რომ გამრჯე ცხოველია. მეცნიერებმა უაიომინგში (აშშ) გაუშვეს ათი თახვი — ხუთი დედალი და ხუთი მამალი — ტერიტორიაზე, სადაც ისინი დიდი ხნის მანძილზე არავის ენახა. ერთი წლის შემდეგ მკვლევარები დაბრუნდნენ მათ სანახავად და ნახეს, რომ ხუთი ცალკეული ოჯახი დაეფუძნებინათ და 55 ჯებირი აეშენებინათ!
[სურათები 24 გვერდზე]
თახვი მუშაობს; თახვის „ფაცხა“ და ჯებირი; პატარა თახვი.