არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

უკანასკნელი ცნობები მსოფლიოში არსებული შიმშილის შესახებ

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ყველა ერში დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი — მდიდარი თუ ღარიბი — ამა თუ იმ სახის დაბალი ხარისხის საკვებით იკვებება“, — აღნიშნულია ანგარიშში „მსოფლიო მდგომარეობა 2000 წელს“. ამ ცნობის თანახმად, მთელ მსოფლიოში 1,2 მილიარდი ადამიანი უხარისხო საკვებით იკვებება. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე მილიარდი ადამიანის შესახებ ნათქვამია, რომ ისინი „ფარულად შიმშილობენ“; ეს ეხება იმათ, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოსდა საკმაოდ კარგად იკვებებიან, მაგრამ დასუსტებული არიან აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის გამო. „დღეს გავრცელებულია არასწორი წარმოდგენა, რომ თითქოს შიმშილობას საჭმლის უკმარისობა იწვევს“, — იუწყება „უორლდ უოთჩის“ ინსტიტუტი, რომელიც უშვებს ყოველწლიურ ანგარიშს „მდგომარეობა მსოფლიოში“. „სინამდვილეში შიმშილობას ადამიანთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იწვევს. . . აქვთ თუ არა ადამიანებს შესაფერისი საარსებო წყარო, რა უფლებებით სარგებლობენ ქალები და გრძნობენ თუ არა მთავრობები პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე — ამ ფაქტორებზე უფროა დამოკიდებული, ვინ შიმშილობს და ვინ არა, ვიდრე იმაზე, თუ რა რაოდენობის საკვები არის ხელმისაწვდომი ქვეყანაში“.

თვითმკვლელობა საფრანგეთში

„ფრანგი მოზარდების 30 პროცენტს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე“, — იუწყება გაზეთი „მონდი“. თვითმკვლელობასთან დაკავშირებით საფრანგეთში ჩატარებული ამ პირველი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 13-მა პროცენტმა თქვა, რომ სერიოზულად ფიქრობდნენ თვითმკვლელობაზე, ხოლო 17-მა პროცენტმა აღიარა, რომ ბოლომდე არ ესმოდათ, რის გაკეთებას აპირებდნენ. მაგრამ, როგორც სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის საავადმყოფოს სასამართლო მედიცინის პროფესორი მიშელ დებიუ შენიშნავს, ასეთების რიცხვი უფრო მეტია, რადგან ბევრს ჩვევად აქვს, არ გაამჟღავნოს თავისი გულისნადები დანაშაულის გრძნობის გამო. გამოკითხულთა უმრავლესობა თვითმკვლელობას „სასოწარკვეთილების გამო გადადგმულ ნაბიჯად“ მიიჩნევს, რასაც საზოგადოებაში არსებული პრობლემები უფრო იწვევს, ვიდრე ოჯახური პირობები. საფრანგეთში ყოველწლიურად 160 000 ადამიანი ცდილობს თვითმკვლელობის ჩადენას და დაახლოებით 12 000 თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

გემოვნების მიხედვით რელიგიის არჩევა

ჯორჯ გელაპ უმცროსის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმრავლესობა რელიგიას „შერეულ სალათად“ მიიჩნევს. ნაცვლად იმისა, რომ „ტრადიციულ მრწამსს მიჰყვნენ, ამერიკელები დიდი გულმოდგინებითა და ინტერესით ირჩევენ იმას, რაც თავად სურთ, რომ სწამდეთ; ხშირად ისინი ერთმანეთში ურევენ ერთი, ორი ან მეტი რელიგიის შეხედულებებს და ასეთნაირად ივითარებენ საკუთარ რწმენას“, — იუწყება კანადაში გამომავალი გაზეთი (Canada’s National Post). გამოკვლევა აგრეთვე ცხადყოფს, რომ „შეიმჩნევა ბიბლიური შემეცნებისა და საკუთარი რელიგიის ძირითადი მოძღვრებისა და წეს-ჩვეულებების ცოდნის თვალშისაცემი ნაკლებობა“. ამავე დროს, „ხშირად მრწამსი, რომელიც ადამიანებს აქვთ, ზედაპირულია და არ იციან, რა სწამთ ან რატომ სწამთ“, — აღნიშნულია გაზეთში. კანადის ლეთბრიჯის უნივერსიტეტის (ალბერტის პროვინცია, კანადა) სოციოლოგიის კათედრის პროფესორი, რეჯინალდ ბიბი, აღნიშნავს: „უმრავლესობა კვლავაც იცავს გაბატონებულ კათოლიკურ და პროტესტანტულ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს, მაგრამ სურვილისამებრ ირჩევენ მრწამსს, განსაზღვრული ჩვეულებების დაცვასა და განსაკუთრებულ მომსახურებას, როგორიცაა ნათლობები, საქორწინო ცერემონიალები და დაკრძალვის პროცესიები“.

ყავა და ტოქსინები

ახლახან ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყავას შეუძლია სასმელ წყალს ჩამოაცილოს „78-დან 90-პროცენტამდე მასში გახსნილი მძიმე ლითონები, როგორიცაა ტყვია და სპილენძი, რადგან დაფქული ყავის მარცვლები, რომლებიც დაუმუხტავი ან უარყოფითად დამუხტული მოლეკულებისგან შედგება, დადებითად დამუხტულ მძიმე ლითონებს იზიდავს“, — ნათქვამია გაზეთ „ოსთრეილიენში“. „რაც უფრო ძლიერია ყავა, მით უფრო უკეთესად აცილებს ლითონებს“, — აღნიშნა ქიმიკოსმა გარემოს დაცვის დარგში, დოქტორმა მაიკ მეკლოფლენმა. იგივე ცდა ჩატარდა ჩაის პატარა პაკეტებზეც; მაგრამ, თუმცა ჩაის ტყვიის დაახლოებით მესამედი გამოაქვს ორგანიზმიდან, როგორც ჩანს, ის სპილენძზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს.

შაბათის თოვლის ბაბუა?

გასულ ზამთარს ისრაელში დიდი თოვლი მოვიდა, რის გამოც ადგილობრივ ორთოდოქს ებრაელებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ: ნებადართულია შაბათს გუნდაობა? შეიძლება თოვლის ბაბუის გაკეთება? სატელეგრაფო სააგენტო „იზრეიელვაიერის“ თანახმად, ისრაელის ყოფილმა მთავარმა რაბინმა მარდოქაი ელიაჰუმ ამჯერად ახალი წესები შეიმუშავა იმ მორწმუნეებისთვის, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით, რის გაკეთების უფლება აქვთ და რის — არა. რაბინმა განმარტა, რომ თოვლის ბაბუის გაკეთება „მუშაობაა“, თუნდაც ეს მხოლოდ გასართობად იყოს გამიზნული. ამიტომ ამ საქმიანობაზე შაბათის შეზღუდვები ვრცელდება. მეორე მხრივ, გუნდაობა არ წარმოადგენს სამუშაოს და ნებადართულია. მაგრამ მხედველობაშია მისაღები ერთი წინაპირობა: ყველა, ვინც მასში მონაწილეობს, უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესს, რომლის თანახმადაც დაუშვებელია გამვლელისთვის გუნდის სროლა.