როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?
„ბიჭები, როგორც კი დაინახავენ ლამაზ გოგოს, აღფრთოვანებული შეძახილებით ხვდებიან და სტვენას იწყებენ“ — კარლა (ირლანდია).
„გოგოები გაუთავებლად გირეკავენ ტელეფონზე და ცდილობენ, მოთმინებიდან გამოგიყვანონ“ — ჯეისონი (შეერთებული შტატები).
„ის ჩემს მკლავს ეხებოდა და ცდილობდა, ჩემი ხელისთვის ხელი მოეკიდა“ — იუკიკო (იაპონია).
„გოგოები გამომწვევად მელაპარაკებიან“ — ალექსანდრე (ირლანდია).
„ერთი ბიჭი სკოლის ავტობუსიდან მეძახდა ხოლმე. მას ჩემთან შეხვედრა კი არა, ჩემი შეურაცხყოფა სურდა“ — როზალინი (შეერთებული შტატები).
კეკლუცი მზერა, „კომპლიმენტი“, რომელსაც საფუძვლად სექსუალური ვნება უდევს, უხამსი ხუმრობა, მოურიდებლად ხელის შეხება — მსგავსი მოქმედებები, როდესაც ისინი არასასურველია და მეორდება, ხშირ შემთხვევაში იქამდე მიდის, რასაც შეიძლება სექსუალური შეურაცხყოფა ეწოდოს. თუმცა მსოფლიო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ძნელია, გამოკვლევები ცხადყოფს, რომ შეერთებულ შტატებში სკოლის ასაკის ახალგაზრდების უმეტესობას გამოუცდია ეს.
მაგრამ მაინც რა არის სექსუალური შეურაცხყოფა? თავის წიგნში „სექსუალურ შეურაცხყოფასა და სქესთან დაკავშირებით წინასწარ შექმნილ აზრთან გამკლავება“ დოქტორი ვიქტორია შოუ მას განმარტავს როგორც „ვინმეს სექსუალურად შეწუხებას. . . ეს შეიძლება იყოს ფიზიკური (როგორიცაა სექსუალური შეხება), სიტყვიერი (როგორიცაა არასასიამოვნო კომენტარების გაკეთება ვინმეს გარეგნობის შესახებ) ან უსიტყვო“. ხანდახან შეურაცხყოფაში უხამსი წინადადების შეთავაზებაც იგულისხმება.
სკოლაში, შესაძლოა, უმეტესწილად შენი თანატოლები შეურაცხგყოფდნენ. მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი მოქმედება უფროსებისგან, მაგალითად, მასწავლებლისგან მომდინარეობს. ჟურნალ „რედბუქ“-ის ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მასწავლებლების შედარებით მცირე რიცხვი, რომლებიც დადანაშაულებულნი არიან სექსუალურ შეურაცხყოფაში, „ალბათ, ნამდვილ დამნაშავეთა მხოლოდ მცირე პროცენტს წარმოადგენს“.
ქალები და ხანდახან კაცებიც ბიბლიურ დროშიც კი ხდებოდნენ ასეთი ცუდი მოპყრობის მსხვერპლი (დაბადება 39:7; რუთი 2:8, 9, 15). ბიბლიაში მოცემულია შემზარავი წინასწარმეტყველება: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი. . . მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი“ (2 ტიმოთე 3:1—3). ასე რომ, ადვილად შესაძლებელია და არც არის გასაკვირი, რომ შენც წააწყდე სექსუალურ შეურაცხყოფას.
ღვთის თვალსაზრისი
უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ახალგაზრდას არ აღელვებს აგრესიული სექსუალური მოქმედება. ზოგიერთი მას გართობად თვლის ან სიამოვნებთ კიდეც. შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ერთმა შემაშფოთებელმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლთა 75 პროცენტი აღიარებს, რომ ამნაირად თავადაც აწუხებდნენ სხვებს. ზოგიერთი მოზარდი პრობლემას იმით ართულებს, რომ ამცირებს აგრესიული სექსუალური მოქმედების სერიოზულობას და მას ბავშვურ გართობად მიიჩნევს. მაგრამ როგორია ღვთის თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით?
ღვთის სიტყვა, ბიბლია, აშკარად გმობს სექსუალური შეურაცხყოფის ნებისმიერ ფორმას. ის გვაფრთხილებს, არ ‘შევლახოთ’ (აქ) სხვების უფლებები სქესობრივი ზღვარის დარღვევით (1 თესალონიკელთა 4:3—8). სინამდვილეში ახალგაზრდა მამაკაცებს ეძლევათ განსაკუთრებული მითითება, მოეპყრან „ყმაწვილქალებს — როგორც დებს, მთელი სიწმიდით“ (1 ტიმოთე 5:1, 2). გარდა ამისა, ბიბლია გმობს ‘უხამს ხუმრობას’ (აქ) (ეფესელთა 5:3, 4). ამის გამო, შენ შეიძლება გაბრაზდე, განერვიულდე, დაიბნე ან თავი დამცირებულად იგრძნო შეურაცხყოფის დროს.
რა პასუხი გავცე?
როგორი რეაგირება უნდა მოახდინო, როდესაც ვინმე ამგვარად გაწუხებს? ზოგჯერ გაუბედავი ან გაურკვეველი პასუხი მხოლოდ ართულებს მდგომარეობას. ბიბლია გვატყობინებს, რომ, როდესაც იოსებს მისი ბატონის ცოლმა წინადადება შესთავაზა, მან არა მხოლოდ უგულებელყო ის, არამედ მტკიცედ უარყო მის მიერ შეთავაზებული უზნეობა (დაბადება 39:8, 9, 12). დღესდღეობით, სიმტკიცე და პირდაპირობა კვლავ საუკეთესო საშუალებაა შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად.
მართალია, თუ ვინმე გაწუხებს, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ შენი წყენინება უნდა. ის, რაც შეიძლება შეურაცხყოფად მოგეჩვენოს, შეიძლება სინამდვილეში იმის უხეში მცდელობა იყოს, რომ შენი ყურადღება მიიქციოს. ნუ ეცდები, უხეშად მოქცევით უარყო არასასურველი წინადადება. უბრალოდ, შეგიძლია უთხრა: „ასეთი ლაპარაკი არ მსიამოვნებს“ ან „გთხოვ, ნუ მეხები“. ეს შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს შენი თვალსაზრისის დასანახვებლად; როცა ამას ეტყვი, ნუ შეარბილებ ხმის ტონს. თქვენი არა — არა იყოს! ახალგაზრდა ანდრია ამას შემდეგი სახით გადმოსცემს: „თუ შენს თავაზიანად ნათქვამ გადაკრულ სიტყვას ვერ იგებენ, საჭიროა, პირდაპირ უთხრა; ხშირად საჭიროა ასე მოქცევა“. მტკიცედ
ნათქვამი „გაჩერდი!“, შესაძლოა შედეგიანი აღმოჩნდეს.თუ მდგომარეობა იძაბება, ნუ შეეცდები, მარტო გაუმკლავდე მას. შეეცადე, ამის შესახებ მოუყვე მშობლებს ან რომელიმე მოწიფულ ადამიანს. მათ შეიძლება მოგცენ რამე პრაქტიკული რჩევა ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად; უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება საჭიროდ ჩათვალონ სკოლის პერსონალის გაფრთხილება. თუმცა შეიძლება თავს უხერხულად გრძნობდე, მაგრამ ამას შეუძლია დაგიცვას შემდგომი შეურაცხყოფისაგან.
შეურაცხყოფის თავიდან აცილება
უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, თავიდანვე აირიდო შეურაცხყოფა. რა დაგეხმარება ამაში? ანდრია გვირჩევს: „ნუ შექმნი ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ცოტათი მაინც ხარ დაინტერესებული ვინმეთი. სხვებმა შეიძლება გაიგონ ეს და ზეწოლა კვლავ გაგრძელდეს“. შენი ჩაცმულობა შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ახალგაზრდა მარა ამბობს: „მე ძველმოდურად არ ვიცვამ, მაგრამ ვერიდები ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ჩემი სხეულისკენ მიიპყრობს ყურადღებას“. სექსთან დაკავშირებული წინადადებების უარყოფა, მაშინ როცა გამომწვევი ტანსაცმელი გაცვია, ურთიერთგამომრიცხავი და დამაბნეველი იქნება. ბიბლია გვირჩევს, ჩავიცვათ „მორცხვობით და კდემამოსილებით“ (1 ტიმოთე 2:9).
მეგობრების არჩევაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მოგეპყრობიან სხვები (იგავნი 13:20). როზალინი აღნიშნავს: „თუ ჯგუფში რამდენიმე გოგოს სიამოვნებს ბიჭების ყურადღება, ბიჭებს შეიძლება ეგონოთ, რომ ჯგუფში ყველა გოგო ასე ფიქრობს“. კარლაც იმავე აზრს გამოთქვამს: „თუ ურთიერთობა გაქვს მათთან, რომლებიც სხვების წამოძახილებს მშვიდად ხვდებიან ან სიამოვნებთ ყურადღება, მაშინ შენც შეურაცხგყოფენ“.
ბიბლია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, დინას, შესახებ, რომელმაც ურთიერთობა დაიწყო ქანაანელ ქალიშვილებთან, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავიანთი ამორალურობით. ამან კი იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახადა (დაბადება 34:1, 2). ბიბლია საფუძვლიანი მიზეზით ამბობს: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი“ (ეფესელთა 5:15). დიახ, ‘სიფრთხილის’ გამოვლენა იმასთან დაკავშირებით, თუ რას იცვამ, როგორ საუბრობ და ვისთან ამყარებ ურთიერთობას, შეურაცხყოფისგან დაგიცავს.
ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის შეურაცხყოფისგან თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, უბრალოდ, ის არის, რომ სხვებს გააგებინონ თავიანთი რელიგიური მრწამსის შესახებ. იეჰოვას ახალგაზრდა მოწმე, ტიმონი, იხსენებს: „ბავშვებმა იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი, ამიტომ თითქმის ყოველგვარ შეურაცხყოფას წერტილი დაესვა“. ანდრია აღნიშნავს: „იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმე ხარ, ბევრ რამეს ცვლის. ისინი ხვდებიან, რომ ბევრ საკითხში მათგან განსხვავებული ხარ და იცავ მყარ მორალურ ნორმებს“ (მათე 5:15, 16).
თუ შეურაცხყოფილი ხარ
როგორც უნდა ცდილობდე, სრულებით მაინც ვერ გაექცევი უხეშ, შეურაცხმყოფელ ადამიანებს. მაგრამ, თუ შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდი, სანამ ქრისტიანულად იქცევი, არ გაქვს საკუთარი თავის დადანაშაულების მიზეზი (1 პეტრე 3:16, 17). თუ სიტუაცია ემოციურად გფიტავს, მხარდაჭერა მშობლებთან ან ქრისტიანულ კრებაში მოწიფულ ქრისტიანებთან საუბარში ეძებე. როზალინი აღიარებს, რომ ძნელია თავი კარგად იგრძნო, როცა შეურაცხგყოფენ. „უბრალოდ, მეგობრული ურთიერთობა, ვინმესთან საუბარი, ძალიან დამხმარეა“, — ამბობს ის. აგრეთვე გახსოვდეს, რომ „ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან“ (ფსალმუნი 144:18, 19).
ადვილი არ არის შეურაცხყოფისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ძალისხმევად ღირს. განვიხილოთ, მაგალითად, ბიბლიური ცნობა შუნემელი ახალგაზრდა ქალის შესახებ. თუმცა ის დღევანდელი გაგებით არ შეურაცხყვიათ, იგი არასასურველ წინადადებს იღებდა იუდას მდიდარი და ძლევამოსილი მეფე სოლომონისაგან. რადგან მას სხვა უყვარდა, უარი თქვა მეფის წინადადებაზე. მას შეეძლო სიამაყით ეთქვა: „მე ზღუდე ვარ“ (ქებათა-ქება 8:4, 10).
გამოავლინე მსგავსი მორალური სიმტკიცე და გაბედულება. ‘ზღუდესავით’ დადექი, როცა არასასურველ წინადადებას გთავაზობენ. შენი ქრისტიანული პოზიცია გარშემო ყველას გააგებინე. ასეთი მოქმედებით ‘უბიწო და სუფთა’ დარჩები და დარწმუნებული იქნები, რომ ასიამოვნე ღმერთს (ფილიპელთა 2:15) *.
[სქოლიო]
^ აბზ. 27 სხვა რჩევები სექსუალურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მოცემულია 1996 წლის 22 მაისის(რუს.), 1995 წლის 22 აგვისტოსა და 1991 წლის 22 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.).
[სურათი 26 გვერდზე]
შენი ქრისტიანული რწმენის სხვებისთვის გაცხადება შეიძლება დამცველი აღმოჩნდეს.
[სურათი 26 გვერდზე]
ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობისგან თავის შეკავებით, შეიძლება თავიდან აიცილო შეურაცხყოფა.