არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხედავთ თუ არა იმაზე მეტს, რის დანახვაც თქვენს თვალს შეუძლია?

ხედავთ თუ არა იმაზე მეტს, რის დანახვაც თქვენს თვალს შეუძლია?

ხედავთ თუ არა იმაზე მეტს, რის დანახვაც თქვენს თვალს შეუძლია?

მკვეთრ მოსახვევებში შეზღუდული ხილვადობის გამო მანქანის მძღოლებს, ჩვეულებრივ, გზის დანახვა უჭირთ. მაგრამ ასეთ მოსახვევში მოთავსებული სარკის მეშვეობით მოახლოებული ტრანსპორტის შემჩნევა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია. მსგავსად ამისა, ადამიანებს არ შეუძლიათ უხილავი შემოქმედის დანახვა. არის თუ არა იმის საშუალება, რომ მისი არსებობის შესახებ შევიტყოთ?

პირველი საუკუნის ერთმა მწერალმა აღნიშნა ის, თუ როგორ შეგვიძლია შევიტყოთ ჩვენთვის უხილავი პიროვნების არსებობის შესახებ. მან დაწერა: „[ღვთის] უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე, რომ მათ პატიება არა აქვთ“ (რომაელთა 1:20).

დაფიქრდით ამაზე. ხედავთ თუ არა ინტელექტს, რომელსაც ჩვენს გარშემო არსებული საგნები ირეკლავს, საგნები, რომელთა შექმნაც ადამიანის შესაძლებლობას აღემატება? გეხმარებათ თუ არა ასეთი საგნები იმაში, რომ „თქვენი გაგების თვალებით“ დაინახოთ ადამიანზე გაცილებით დიდებული პიროვნება? მოდი განვიხილოთ ზოგი მაგალითი (ეფესელთა 1:18, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“).

ვისწავლოთ შემოქმედებიდან

გაუოცებიხართ უმთვარო ღამეს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ბრწყინვალებას, რაშიც დიდებული შემოქმედის არსებობის მტკიცების დანახვა შეგეძლოთ? „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“, — აღტაცებით წამოიძახა ძველ დროში მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა, რომელიც აკვირდებოდა ღვთის ქმნილებებს. „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, — ფიქრობდა ეს ადამიანი, — რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნი 8:4, 5; 18:2).

ბუნებრივია, რომ გვაოცებს ის ქმნილებები, რომლებიც იმდენად მშვენიერია, რომ ადამიანს მათი მსგავსის შექმნა არ ძალუძს. ერთ პოეტურ ნაწარმოებში ცნობილი სტრიქონი ასეთნაირად ჟღერს: „ხის შექმნა მხოლოდ ღმერთს შეეძლო“. ხოლო რამდენად უფრო სასწაულებრივია ბავშვის ჩასახვა, რაც მშობლების მხრიდან არანაირ შემოქმედებით უნარს არ საჭიროებს. როდესაც მამის ორგანიზმიდან სპერმატოზოიდი დედის ორგანიზმში არსებულ კვერცხუჯრედს უერთდება, ბავშვის შესაქმნელად იგეგმება და სწრაფად დგინდება ახლად ჩამოყალიბებული უჯრედის დნმ. როგორც ფიქრობენ, „ეს რომ ჩაწერილიყო“, დნმ-ის შიგნით არსებული ინფორმაცია „600-გვერდიან ათას წიგნს შეავსებდა“.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თავდაპირველი უჯრედი იყოფა ორად, შემდეგ ოთხად, მერე რვად და ასე შემდეგ. 270 დღის შემდეგ იბადება ბავშვი, რომლის სხეულშიც 200-ზე მეტი სახის ათასობით მილიონი ცოცხალი უჯრედია. მხოლოდ დაფიქრდით იმაზე, რომ თავდაპირველი უჯრედის შიგნით არსებობდა ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა სხვადასხვა სახის ყველა უჯრედი და ყოველივე ამის შექმნა ზუსტად თავის დროზე მოხდა! ნუთუ ეს არ აღგძრავთ, განადიდოთ ჩვენი შემოქმედი? ყურადღება მიაქციეთ, რა საქებარი სიტყვებით მიმართა ფსალმუნმომღერალმა შემოქმედს: „შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული“ (ფსალმუნი 138:13—16).

მათ, ვინც ამ „სასწაულებს“ იკვლევს, მოკრძალების გრძნობა უჩნდებათ. ჩიკაგოსა და ილინოისის შტატების სამედიცინო საზოგადოებების ყოფილმა პრეზიდენტმა, დ-რ ჯეიმზ ჰატონმა, თქვა, რომ მას აოცებდა უჯრედის მიერ «მის მემკვიდრედ ქცეული უჯრედებისთვის ყველა მონაცემის გადაცემის ზებუნებრივი უნარი, მონაცემებისა, რომლებიც მათ უნდა გაემრავლებინათ. მართლაცდა შესანიშნავია, რომ ჩვენს მკვლევარ მეცნიერებს ასეთი „სასწაულების“ შესახებ გაგება შეუძლიათ. მაგრამ ეს არაჩვეულებრივი მოვლენები ნამდვილად ისეთ ვინმეს უნდა დაეგეგმა, ვისაც ღვთაებრივი გონება აქვს».

დ-რ ჰატონმა განაგრძო: „პირადად მე ენდოკრინოლოგი ვარ. ენდოკრინული ფუნქციებისა და ამ ჯირკვლებთან დაკავშირებული დარღვევების გამოკვლევამ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების სასწაულებრივ სირთულესა და ფუნქციონირებაზე ღვთაებრივი ძალა უნდა იყოს პასუხისმგებელი“. მან დაასკვნა: „ამ საოცრების ხილვა მაიძულებს იმის დაჯერებას, რომ რაღაც ყოვლადძლიერმა და ყოვლისმცოდნე ძალამ ეს სამყარო დაგეგმა, აამოძრავა და მას ზედამხედველობს“.

ამ სიტყვების შემდეგ დ-რ ჰატონმა დასვა კითხვა: „არის თუ არა ეს სწორედ ის ღმერთი, რომელიც ყოველი ბეღურის დაცემას ამჩნევს?“. მან გასცა პასუხი: „რატომღაც მე ამაში ეჭვი მეპარება. არც იმის მჯერა, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩემს შედარებით უმნიშვნელო ყოველდღიურ საქმეებს“.

რატომ აღიარებს ბევრი იმას, რომ გონება ჩანს შემოქმედების „საოცრებებში“, მაგრამ ეჭვის ქვეშ აყენებს თავად ღვთის არსებობას, ღვთისა, რომელიც დაინტერესებულია კაცობრიობით?

ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?

ბევრის აზრით, ღმერთს რომ ეარსება, ის არ დაუშვებდა ადამიანთა ასეთ ტანჯვას. ზოგი ასეთ კითხვას სვამს: „სად იყო ღმერთი, როცა ჩვენ ვსაჭიროებდით მას?“. ერთი მამაკაცი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მილიონობით ადამიანის განადგურებას, უამრავი ტანჯვის გამო იმდენად იყო დამწუხრებული, რომ თქვა: „თქვენ რომ შეგეძლოთ ჩემი გულის ალოკვა — მოიწამლებოდით“.

ასე რომ, ბევრი ადამიანისთვის ეს დილემაა. როგორც ადრე ნახსენებმა, ძველ დროში მცხოვრებმა, ერთმა დაკვირვებულმა ადამიანმა შენიშნა, შემოქმედის არსებობის მტკიცება ცხადი ხდება, როცა საგნების სასწაულებრივ მოწესრიგებულობასა და მათ კონსტრუქციას ვაკვირდებით. მაგრამ თუკი ის არის ღმერთი, რომელიც ჩვენზე ზრუნავს, როგორ შეუძლია მას ასეთი საშინელი ტანჯვა-წამების დაშვება? თუ გვსურს, ვიცნობდეთ ღმერთს და სათანადოდ ვცემდეთ მას თაყვანს, ამ მნიშვნელოვან კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი უნდა ვიქონიოთ. სად შეგვიძლია მისი პოვნა?

გთავაზობთ ბროშურას „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. ამ ჟურნალის 32-ე გვერდზე თქვენ გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ მისი მიღება. ვფიქრობთ, რომ ნაწილების „რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება“ და „რა იყო ამბოხების შედეგი“ გულდასმითი შესწავლა დამაკმაყოფილებელ პასუხებს გაგცემთ.

[სურათები 10 გვერდზე]

ხედავთ თუ არა ყოველივე ამაში შემოქმედის არსებობის მტკიცებას?