იზრდება მოთხოვნილება უსისხლო მედიცინასა და ქირურგიაზე
იზრდება მოთხოვნილება უსისხლო მედიცინასა და ქირურგიაზე
„ყველამ, ვისაც სისხლთან აქვს საქმე და ზრუნავს ავადმყოფებზე, რომლებსაც ოპერაცია ესაჭიროებათ, უსისხლო ქირურგიაზე უნდა იფიქროს“ (დ-რ იოაჰიმ ბოლდტი, პროფესორ-ანესთეზიოლოგი, ლუდვიგსჰაფენი [გერმანია]).
შიდსით გამოწვეული ტრაგიკული მდგომარეობის გამო მეცნიერები და ექიმები იძულებული გახდნენ, დამატებითი ნაბიჯები გადაედგათ, რათა საოპერაციო ოთახი უფრო უსაფრთხო ადგილად ექციათ. როგორც ჩანს, ამაში სისხლის უფრო საგულდაგულო ტესტირება იგულისხმებოდა. მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ზომების მიღების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება იმის სრული გარანტირება, რომ სისხლის გადასხმა ურისკოდ ჩაივლის. „საზოგადოებამ თუნდაც უდიდესი თანხები დაახარჯოს იმას, რომ სისხლის მარაგი რაც შეიძლება უსაფრთხო გახდეს, — ნათქვამია ჟურნალ „სისხლის გადასხმაში“, — გვჯერა, რომ ავადმყოფები მაინც შეეცდებიან ალოგენური [დონორული] სისხლის გადასხმისგან თავის შეკავებას, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ
სისხლის მარაგი შეუძლებელია სრულიად უსაფრთხო იყოს“ (Transfusion).გასაკვირი არ არის, რომ სისხლთან დაკავშირებით ბევრი ექიმი სიფრთხილეს იჩენს. „სისხლის გადასხმა, ძირითადად, არ წარმოადგენს კარგ საშუალებას, და ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ არავის გადავუსხათ“, — ამბობს დ-რ ალექს ზაპოლანსკი (სან-ფრანცისკო, კალიფორნიის შტატი).
ფართო საზოგადოებაც უკვე იწყებს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული საშიშროების შემჩნევას. მართლაც, 1996 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ დონორისგან სისხლის მიღების ნაცვლად კანადელთა 89 პროცენტმა ალტერნატიულ მკურნალობას მიანიჭა უპირატესობა. „ყველა ავადმყოფი როდი იტყვის უარს ჰომოლოგიურ [სხვა ადამიანისგან აღებულ] სისხლზე, როგორც ამას იეჰოვას მოწმეები აკეთებენ, — აცხადებს ერთი სამედიცინო წყარო, — მიუხედავად ამისა, გადასხმის შედეგად ავადმყოფის დაავადებისა და მისი იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში ცვლილების შეტანის რისკი ნათელყოფს, რომ ყველა ჩვენი პაციენტისთვის ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები უნდა გამოვნახოთ“ (Journal of Vascular Surgery).
მეთოდი, რომელსაც უპირატესობა ენიჭება
საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატივა — უსისხლო მედიცინა და ქირურგია. ბევრი ავადმყოფი მას უკანასკნელ საშუალებად კი არ მიიჩნევს, არამედ მკურნალობის პრივილეგიურ მეთოდად თვლის; და არცთუ უსაფუძვლოდ. ინგლისელი ქირურგი-კონსულტანტი სტივენ ჯეფრი პოლარდი აღნიშნავს, რომ იმ პაციენტების დაავადებისა და სიკვდილიანობის რიცხვი, ვისაც ოპერაცია უსისხლოდ გაუკეთეს, „თითქმის ისეთივეა, როგორიც ავადმყოფების, ვისაც სისხლი გადაუსხეს, და ხშირ შემთხვევაში მათ, ვისაც სისხლი არ გადაუსხეს, ოპერაციის შემდგომ ინფექციები არ შეჭრიათ და გართულებები არ ჰქონიათ, როგორც ეს საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე სისხლის გადასხმის შემდეგ“.
როგორ განვითარდა უსისხლო მკურნალობა? გარკვეულწილად, ეს უცნაური კითხვაც კი არის, რადგან, სინამდვილეში, უსისხლო მედიცინა სისხლის გამოყენებამდე არსებობდა. მართლაც, სისხლის გადასხმის ტექნოლოგიამ მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისისთვის მიაღწია განვითარების ისეთ დონეს, რომ მისი ფართოდ გამოყენება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულებში ზოგმა
პოპულარიზაცია გაუწია უსისხლო ქირურგიას. მაგალითად, 60-იან წლებში ცნობილმა ქირურგმა დენტონ კულიმ სისხლის გამოუყენებლად „გახსნილ გულზე“ რამდენიმე ოპერაცია გააკეთა.მას შემდეგ, რაც XX საუკუნის 70-იან წლებში იმატა სისხლის გადასხმის შედეგად ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობამ, ბევრმა ექიმმა სისხლის შემცვლელი ალტერნატიული მკურნალობის ძიება დაიწყო. 80-იანი წლებისთვის მედიკოსთა დიდი ბრიგადები სისხლის გადაუსხმელად ატარებდნენ ოპერაციებს. შემდგომში, როდესაც შიდს-ის ეპიდემიამ იფეთქა, ეს ექიმები კონსულტაციებს უტარებდნენ მათ, ვისაც იმავე ტექნოლოგიის ათვისება ეწადათ. 90-იან წლებში ბევრ საავადმყოფოში შემუშავდა პროგრამები, რომელთა მიხედვითაც ავადმყოფებს უსისხლო მკურნალობის არჩევა შეეძლოთ.
ამჟამად ექიმები წარმატებით იყენებენ უსისხლო ტექნოლოგიას იმ ოპერაციებისა და სასწრაფო დახმარების პროცედურების დროს, როდესაც ტრადიციულად სისხლის გადასხმა იყო საჭირო. „რთული ოპერაციები გულსა და სისხლძარღვებზე, ამავე დროს სერიოზული სამეანო-გინეკოლოგიური, ორთოპედიული და უროლოგიური ოპერაციები შეიძლება წარმატებით ჩატარდეს სისხლისა და სისხლის შემცველი პროდუქტების გამოუყენებლად“, — აღნიშნავს დ. უონგი სამედიცინო პუბლიკაციაში „Canadian Journal of Anaesthesia“.
უსისხლო ქირურგიის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ავადმყოფებს საუკეთესო მომსახურებითა და მოვლით უზრუნველყოფენ. „ქირურგის ოსტატობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სისხლის დაკარგვის არიდებაში“, — ამბობს ქალაქ კლივლენდის (ოჰაიოს შტატი) საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, დ-რ ბენჯამინ რაიხშტაინი. სამხრეთ აფრიკაში გამომავალ იურიდიულ ჟურნალში ნათქვამია, რომ გარკვეულ სიტუაციებში ოპერაცია სისხლის გამოყენების გარეშე შეიძლება „უფრო სწრაფი, გაცილებით უსაფრთხო და შედარებით იაფი იყოს“. ის დასძენს: „ბუნებრივია, რომ ავადმყოფზე შემდგომი ზრუნვაც ხშირ შემთხვევაში უფრო იაფი ჯდება და ნაკლებ დროს მოითხოვს“. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მიზეზთაგან, რომელთა გამოც დღესდღეობით მსოფლიოში 180-ზე მეტ საავადმყოფოს აქვს შემუშავებული უსისხლო მედიცინასა და ქირურგიაში სპეციალიზაციის პროგრამა.
სისხლი და იეჰოვას მოწმეები
ბიბლიური მიზეზების გამო იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე *. მაგრამ ისინი თანხმობას აცხადებენ — და ყოველ ღონეს ხმარობენ კიდეც იმისათვის, რომ სისხლის შემცვლელი სამედიცინო ალტერნატივებით იმკურნალონ. „იეჰოვას მოწმეები დიდი მონდომებით ეძებენ საუკეთესო სამედიცინო მკურნალობის მეთოდებს, — თქვა დ-რ რიჩარდ სპენსმა, როდესაც ნიუ-იორკის საავადმყოფოში ქირურგიულ განყოფილებას ზედამხედველობდა, — როგორც ჯგუფი, ისინი ყველაზე მცოდნეები არიან იმ პაციენტთა შორის, ვისთანაც ქირურგებს უწევთ ურთიერთობა“.
იეჰოვას მოწმეებისთვის ოპერაციების გაკეთებით ექიმებმა სრულყვეს უსისხლო ქირურგიის ტექნიკა. დავფიქრდეთ, მაგალითად, ქირურგ-კარდიოლოგ დენტონ კულის გამოცდილებაზე; 27 წელზე მეტი ხნის მანძილზე მისმა ბრიგადამ იეჰოვას 663 მოწმეს გაუკეთა უსისხლო ოპერაცია „გახსნილ გულზე“. შედეგებმა ნათელყო, რომ გულის ოპერაცია სისხლის გამოყენების გარეშე შეიძლება წარმატებით გაკეთდეს.
მართალია, ბევრი აკრიტიკებს იეჰოვას მოწმეებს იმის გამო, რომ ისინი უარს აცხადებენ სისხლის გადასხმაზე, მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო მოწმეების პოზიციას „სიცოცხლისადმი პატივისცემის გამომხატველს“ უწოდებს. სინამდვილეში, იეჰოვას მოწმეების მტკიცე პოზიციამ უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო გაცილებით უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება. „იეჰოვას მოწმეებმა, რომლებსაც ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ, გვიჩვენეს გზა — და ძალ-ღონეც არ დაიშურეს — ნორვეგიის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი მხარის გასაუმჯობესებლად“, — წერს ნორვეგიის სახელმწიფო საავადმყოფოს პროფესორი სტეინ ევენსენი.
ექიმების დასახმარებლად იმ საკითხში, თუ როგორ უმკურნალონ სისხლის გამოყენების გარეშე, იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს ექიმებთან მჭიდრო თანამშრომლობის პროგრამა და მათ სასარგებლო ინფორმაციას აწვდიან. ამჟამად მთელ მსოფლიოში არსებულ 1 400-ზე მეტ საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტს აქვს უსისხლო მედიცინასა და ქირურგიასთან დაკავშირებული 3 000-ზე მეტი სტატიისგან შემდგარი სამედიცინო ლიტერატურა, რომლითაც ექიმებსა და მკვლევარებს უზრუნველყოფენ. „მოწმეთა საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტების მოღვაწეობის შედეგად დღეს არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს, არამედ ყველა სხვა ავადმყოფსაც ნაკლებად ემუქრება სისხლის უსარგებლო გადასხმის საშიშროება“, — შენიშნავს ბოსტონის კოლეჯის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი დ-რ ჩარლზ ბარონი *.
იეჰოვას მოწმეების მიერ შედგენილი და მოგროვებული ინფორმაცია უსისხლო მედიცინისა და ქირურგიის შესახებ სამედიცინო წრეებში ბევრისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მაგალითად, წიგნის „ავტოტრანსფუზია: თერაპიული პრინციპები და ტენდენციები“ მასალის მზადებისას ავტორებმა სთხოვეს იეჰოვას მოწმეებს, რომ სისხლის გადასხმის ალტერნატივების შესახებ ინფორმაციით უზრუნველეყოთ. მოწმეები დიდი სიამოვნებით გამოეხმაურნენ მათ თხოვნას. მოგვიანებით ავტორებმა მადლიერებით აღნიშნეს: „მთელი იმ მასალიდან, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით წავიკითხეთ, არც ერთში არ ყოფილა იმ საშუალებების ასეთი ზუსტი და სრული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებითაც ჰომოლოგიური სისხლის გადასხმის არიდებაა შესაძლებელი“.
მედიცინის სფეროში მიღწეულმა პროგრესმა ბევრი დააფიქრა უსისხლო მედიცინაზე. მომავლისთვის რა მიღწევებს უნდა მოველოდეთ ამ სფეროში? პროფესორი ლიუკ მონტანიე, რომელმაც შიდს-ის ვირუსი აღმოაჩინა, აღნიშნავს: „რაც უფრო მეტს ვიგებთ ამ სფეროში, მით უფრო ცხადი ხდება ის ფაქტი, რომ სისხლის გადასხმა ერთ მშვენიერ დღეს ერთხელ და სამუდამოდ გამოვა პრაქტიკიდან“. ამასობაში კი სისხლის შემცვლელ ალტერნატივებს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში უკვე თავიანთი წვლილი შეაქვთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 13 იხილეთ ლევიანნი 7:26, 27; 17:10—14; მეორე რჯული 12:23—25; 15:23; საქმეები 15:20, 28, 29; 21:25.
^ აბზ. 16 საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებს ხშირად საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის წინაშე გამოსასვლელად იწვევენ ხოლმე. გარდა ამისა, თუ მათი თანადგომა განსაკუთრებულად საჭიროა, ავადმყოფებს ისინი იმაში ეხმარებიან, რომ დროული, გულწრფელი და რეგულარული კონტაქტი დაამყარონ მკურნალ ექიმებთან.
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
რას ამბობს ზოგი ექიმი
„უსისხლო ქირურგია არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვის არის მიზანშეწონილი, არამედ ყველა ავადმყოფისთვისაც. ჩემი აზრით, მკურნალობის ამ მეთოდით ყველა ექიმი უნდა იყოს დაინტერესებული“ (დ-რ იოაჰიმ ბოლდტი, პროფესორ-ანესთეზიოლოგი, ლუდვიგსჰაფენი [გერმანია]).
„თუმცა სისხლის გადასხმა წარსულთან შედარებით დღეს უფრო უსაფრთხოა, ის მაინც რისკთან არის დაკავშირებული, იქნება ეს სისხლის გადასხმაზე ალერგიული რეაქცია, ჰეპატიტისა თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეყრა“ (დ-რ ტერენს საკი, დოცენტი-მედიკოსი).
„ბევრი ექიმი სისხლის გადასხმაზე ავტომატურად რეაგირებს და გადასხმას თავისუფლად და განურჩევლად უკეთებს ყველას. მე ასე არ ვიქცევი“ (დ-რ ალექს ზაპოლანსკი, სან-ფრანცისკოს კარდიოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე).
„ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ მუცლის არეში გაკეთებული ნებისმიერი ჩვეულებრივი ოპერაციის დროს საჭირო იყოს სისხლის გადასხმა“ (დ-რ იოჰანეს შეილე, პროფესორ-ქირურგი, იენა [გერმანია]).
[სურათები]
დ-რ იოაჰიმ ბოლდტი.
დ-რ ტერენს საკი.
[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]
უსისხლო მედიცინა და ქირურგია — ზოგიერთი მეთოდი
ხსნარები: ჰიპოვოლემიური შოკის თავიდან აცილების მიზნით, სისხლის შემცველობის შესანარჩუნებლად გამოიყენება რინგერის ხსნარი ლაქტატთან ერთად, დექსტრანი, ჰიდროქსიეთილსახამებელი და სხვა პრეპარატები. ზოგ ხსნარს, რომლებიც ამჟამად ტესტირებას გადიან, ჟანგბადის გადატანა შეუძლია.
მედიკამენტები: გენური ინჟინერიით შექმნილ ცილებს შეუძლიათ ერითროციტების (ერითროპოეტინი), თრომბოციტებისა (ინტერლეიკინ-11) და სხვადასხვა ლეიკოციტის (GM-CSF, G-CSF) წარმოქმნას შეუწყონ ხელი. სხვა მედიკამენტებს დიდი წვლილი შეაქვთ ოპერაციის დროს სისხლის ნაკლები რაოდენობით დაკარგვაში (აპროტინინი, ანტიფიბრინოლიტიკები) ან მწვავე სისხლდენის შემცირებაში შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა (დესმოპრესინი).
ბიოლოგიური ჰემოსტაზური საშუალებები: კოლაგენისა და ცელულოზის ღრუბლებს იყენებენ სისხლდენის შესაჩერებლად თვით ჭრილობის ზედაპირზე დადებით. ფიბრინის წებოსა და პასტას ნაჩხვლეტი ჭრილობების დაცობა ან იმ ქსოვილის დიდი ნაწილის დაფარვა შეუძლია, საიდანაც სისხლი გამოდის.
სისხლის დაზოგვა: სისხლის დამზოგველი აპარატები ოპერაციის ან ტრავმირების დროს დაკარგულ სისხლს ანაზღაურებს. სისხლი იწმინდება და შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს ავადმყოფს სისხლის მიმოქცევის ჩაკეტილ წრეში. ექსტრემალური სიტუაციების დროს ამ სისტემის გამოყენებით სისხლის რამდენიმე ლიტრის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
ქირურგიული ინსტრუმენტები: ზოგი მოწყობილობა იმის საშუალებას იძლევა, რომ სისხლძარღვების გაჭრა და დაცობა ერთსა და იმავე დროს მოხდეს. სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით სისხლდენის შეჩერება ქსოვილის დიდ მონაკვეთებზეა შესაძლებელი. ლაპაროსკოპიული და ნაკლებად ინვაზიური ინსტრუმენტები იმის საშუალებას იძლევა, რომ ოპერაციები სისხლის დაუკარგავად ჩატარდეს, რის თავიდან აცილებაც შეუძლებელია დიდი ჭრილობების გაკეთებისას.
ქირურგის ოსტატობა: საგულდაგულო ოპერატიული დაგეგმვა, რომელშიც გამოცდილ სპეციალისტებთან კონსულტაციებიც შედის, ქირურგებს დაეხმარება იმაში, რომ ავადმყოფს თავიდან აარიდონ გართულებები. სისხლდენის შესაჩერებლად სწრაფი მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეყოვნებამ ავადმყოფის დაღუპვის შესაძლებლობა შეიძლება დიდად გაზარდოს. დიდი ქირურგიული ოპერაციების რამდენიმე მცირე ეტაპად დაყოფა სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის შესაძლებლობას ამცირებს.
[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]
უსისხლო მედიცინა — „მკურნალობის“ ახალი „სტანდარტი“?
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი უსისხლო მედიცინისა და ქირურგიის უპირატესობის შესახებ ამ სფეროში მომუშავე ოთხ სპეციალისტს გაესაუბრა.
იმ პაციენტების გარდა, რომლებიც სისხლის გადასხმაზე რელიგიური მიზეზებით აცხადებენ უარს, კიდევ ვინ იჩენს ინტერესს უსისხლო მედიცინის მიმართ?
დ-რ შპანი: ისინი, ვინც ჩვენს ცენტრში უსისხლო მკურნალობას ითხოვს, ჩვეულებრივ, კარგად ინფორმირებული პაციენტები არიან.
დ-რ შანდერი: 1998 წელს პაციენტთა რაოდენობამ, რომელთაც პირადი მიზეზების გამო თქვეს სისხლზე უარი, გადააჭარბა იმ ავადმყოფთა რაოდენობას, რომელთაც სისხლის გადასხმა რელიგიური მიზეზებით უარყვეს.
დ-რ ბოიდი: მაგალითად მოვიყვანოთ კიბოთი დაავადებულების შემთხვევა. ბევრჯერ გვინახავს ის, რომ სისხლის გადაუსხმელად მათი მდგომარეობა გაცილებით მალე უმჯობესდება და დაავადების შემობრუნებაც ნაკლებად ემუქრებათ.
დ-რ შპანი: ხშირად უნივერსიტეტების პროფესორებსა და მათი ოჯახის წევრებს ვმკურნალობთ სისხლის გამოუყენებლად. ქირურგებიც კი მოითხოვენ იმას, რომ სისხლი არ გადავუსხათ! მაგალითად, ერთი ქირურგი მოვიდა ჩვენთან თავისი ცოლის გამო, რომელსაც ოპერაცია სჭირდებოდა. მან გვითხრა: „ძალიან გთხოვთ, ყველაფერი იღონეთ, სისხლი რომ არ გადაესხას!“.
დ-რ შანდერი: მათ, ვინც ჩემთან, ანესთეზიის განყოფილებაში, მუშაობს, მითხრეს: „ის პაციენტები, რომლებიც სისხლს არ იღებენ, თავს კარგად, უკეთესადაც კი გრძნობენ. მაშ, რატომ უნდა გვქონდეს მკურნალობის ორგვარი სტანდარტი? თუკი ეს მკურნალობის საუკეთესო მეთოდია, ჩვენ ის ყველას მიმართ უნდა გამოვიყენოთ“. ასე რომ, ამჟამად ვიმედოვნებთ, რომ მკურნალობის სტანდარტულ მეთოდად უსისხლო მედიცინას ვაქცევთ.
ბ-ნი ერნშო: ფაქტია, რომ უსისხლო ქირურგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა იეჰოვას მოწმეებისთვის აქვს. მაგრამ ეს ის მეთოდია, რომლითაც გვსურს, ყველას ვუმკურნალოთ.
უსისხლო მკურნალობის მეთოდი უფრო ძვირია თუ უფრო იაფი?
ბ-ნი ერნშო: ეს უფრო ეკონომიურია.
დ-რ შანდერი: უსისხლო მედიცინას 25 პროცენტით ნაკლები თანხა სჭირდება.
დ-რ ბოიდი: მხოლოდ ამ მიზეზითაც კი ღირს ამ მეთოდის გამოყენება.
უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებული მეთოდების გამოყენების საკითხში რა არის მიღწეული?
დ-რ ბოიდი: ვფიქრობ, ეს ძალიან პროგრესული მეთოდია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. ყოველთვის ვპოულობთ ახალ, საფუძვლიან მიზეზებს იმისათვის, რომ არ გამოვიყენოთ სისხლი.
[სურათები]
დ-რ დონატ შპანი, პროფესორ-ანესთეზიოლოგი (ციურიხი, შვეიცარია).
დ-რ არია შანდერი, დოცენტიანესთეზიოლოგი (შეერთებული შტატები).
ბ-ნი პიტერ ერნშო, FRCS, კონსულტანტი ორთოპედიის დარგში, ქირურგი (ლონდონი, ინგლისი).
დ-რ მარკ ბოიდი, პროფესორი მეანობისა და გინეკოლოგიის დარგში (კანადა).
[ჩარჩო 11 გვერდზე]
პაციენტის როლი
▪ დაელაპარაკეთ ექიმს უსისხლო ალტერნატივების შესახებ მანამ, სანამ მკურნალობის აუცილებლობა წამოიჭრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისა და ასაკოვნებისთვის.
▪ თქვენი სურვილი წერილობით გადმოეცით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ამ მიზნისთვის იურიდიული დოკუმენტი ხელმისაწვდომია.
▪ თუ თქვენს ექიმს არ სურს, უსისხლოდ გიმკურნალოთ, მოძებნეთ ისეთი ექიმი, რომელიც თქვენს სურვილს დააკმაყოფილებდა.
▪ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის შემცვლელი ზოგი ალტერნატიული მეთოდით მკურნალობა დროს მოითხოვს, ნუ გადადებთ თქვენთვის შესაფერისი მკურნალობის მეთოდის ძიებას, თუკი იცით, რომ ოპერაცია გესაჭიროებათ.