არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჟირაფი — მაღალი, გრძელფეხება და მოხდენილი

ჟირაფი — მაღალი, გრძელფეხება და მოხდენილი

ჟირაფი — მაღალი, გრძელფეხება და მოხდენილი

ჩვენი კორესპონდენტისგან კენიაში

გარიჟრაჟზე გრანიტის ნაცრისფერი ლოდები სველი და ცივი იყო. ჩვენ მყუდროდ მოვეწყვეთ ამ დიდ ქვებს შორის ცხელი ჩაით სავსე თუნუქის ფინჯნებით ხელში და მზერა ჩვენს ქვემოთ გადაშლილ აფრიკულ სავანას მივაპყარით *. ჩვენი მოთმინება დაჯილდოვდა. დილის სინათლის მკრთალ შუქზე გამოჩნდა მაღალი, გრძელფეხება და მოხდენილი ჟირაფების ჯოგი, რომელმაც აუჩქარებლად გადაკვეთა ტრამალი. „ოჩოფეხებით“ ნელი და კოხტა სიარულისას მათი გრძელი, მორკალული კისრები ქარში მოხვედრილი გემის ანძებივით ირხეოდა. სანახაობა იმდენად მშვენიერი იყო, რომ სუნთქვა შეგვეკრა!

ჩვენი იქ ყოფნით ისინი არ დამფრთხალან, აკაციის დიდებული, უხვფოთლიანი ხეების კორომისკენ ერთდროულად მიტრიალდნენ და ეკლიანი ტოტების წვერებს მისწვდნენ. თავიანთი გრძელი ენით ეს მშვიდი გოლიათები პაწაწინა მწვანე ფოთლებს ნაზად და ფრთხილად წყვეტდნენ. აქ, მიწიდან საკმაოდ მაღლა მათ თავები ფეიქარას ბუდეების შუაგულში ამოყვეს და უდარდელად გააგრძელეს ფოთლების ჭამა. ფრინველებმა ჟივჟივით დატუქსეს გრძელკისერა დაუპატიჟებელი სტუმრები. ხმაურიანი მოგერიებით შემკრთალი ჯოგი სხვა ხეებისკენ მშვიდად და „დარბაისლურად“ გაემართა.

სწრაფი და მოხდენილი

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი ეს განსაკუთრებული კისრის მქონე ქმნილებები ზოოპარკის სადგომებიდან თავგამოყოფილი უხილავს, შეიძლება გაუჭირდეს მათი ჭეშმარიტი სილამაზისა და მოხდენილობის წარმოდგენა, რომლითაც თავისუფლებისას, აფრიკის სავანებში გამოირჩევიან. ჟირაფების მოძრაობა გრაციოზული და ნარნარია. როდესაც ისინი ტრიალ მინდორზე გარბიან, მათი ნაზი, ერთი შეხედვით სუსტი აღნაგობა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს უმნიშვნელო რამესაც კი მათი წაბორძიკება და წაქცევა შეუძლია. დიდი მამალი ჟირაფი კი, რომელიც 1 300 კგ-მდე იწონის, მტკიცედ დააბიჯებს; ის მარჯვე მორბენალია და შეუძლია განავითაროს სიჩქარე, რომელიც საათში 60 კმ-ს უახლოვდება.

ამ მომხიბლავი ქმნილების ნახვა მხოლოდ და მხოლოდ აფრიკაშია შესაძლებელი. მისი სინაზისა და მშვიდი ბუნების ხილვას ადამიანის აღტაცებაში მოყვანა შეუძლია. ჟირაფის სახეს შეიძლება თავისებურად განუმეორებელი და მომხიბლავიც კი ვუწოდოთ: მას აქვს გრძელი ვიწრო ყურები და ორი პატარა რქა, რომელთა ზედა ნაწილი შავი ხავერდოვანი ბეწვის „ფუნჯებით“ არის დამშვენებული. მისი ძალზე დიდი და მუქი თვალები გრძელი აპრეხილი წამწამებით არის დაცული. როდესაც ჟირაფი თავისი მაღალი „სათვალთვალო პუნქტიდან“ შორს იყურება, მის სახეს მიამიტურად ცნობისმოყვარე გამომეტყველება აქვს.

ძველად ჟირაფს აფასებდნენ მისი სასიამოვნო გარეგნობისა და მორცხვი, მშვიდი, არააგრესიული ბუნების გამო. პატარა ჟირაფებს მმართველებსა და მეფეებს ჩუქნიდნენ ხოლმე როგორც ძღვენს, რომელიც ერებს შორის მშვიდობასა და კეთილმოსურნეობას გამოხატავდა. დღეს ჯერ კიდევ შეიძლება აფრიკის კლდეებზე ძველად დახატული გაცრეცილი სურათების ნახვა, რომლებზეც ჟირაფებია აღბეჭდილი.

საოცრად მაღალი

ჟირაფი ცხოველთა სამყაროს ყველაზე მაღალი წარმომადგენელია. მოზრდილი მამალი ჟირაფები ჩლიქებიდან რქებამდე შეიძლება 5,5 მ-ის სიმაღლეს აღემატებოდნენ. ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებში ჟირაფი ასახავდა სიტყვას „წინასწარმეტყველება“, რაც მის მნიშვნელოვან სიმაღლესა და შორს ხედვის უნარზე მიუთითებდა.

ზებრების, სირაქლემების, ანტილოპებისა და აფრიკის ტრამალების სხვა ცხოველთა შორის კოშკივით აღმართული ჟირაფი მეთვალყურის მსგავსად იქცევა. სიმაღლე და შესანიშნავი მხედველობა შორს ხედვისა და ნებისმიერი მოახლოებული საშიშროების ადრევე აღმოჩენის საშუალებას აძლევს. ამიტომაც ამ კოშკივით მაღალი ქმნილების იქ ყოფნა, უეჭველია, სხვა ცხოველებს უსაფრთხოების გრძნობას მატებს.

სასწაულებრივად შექმნილი

ბრწყინვალედ შექმნილი აღნაგობის წყალობით ჟირაფი ადვილად სწვდება მაღალი ხეების კენწეროებს, რაც სხვა ცხოველებს, გარდა სპილოსი, არ შეუძლიათ. სატაცი ზედა ტუჩისა და მოქნილი ენის უნიკალური სტრუქტურა ხიწვებითა და ბასრწვეტიანი ეკლებით შემოსილი ტოტებიდან ფოთლების ფრთხილად მოწყვეტის საშუალებას აძლევს.

ჟირაფებს დღეში 34 კგ მცენარეულობის მირთმევა შეუძლიათ. თუმცა მათ ბევრი სხვადასხვაგვარი მცენარის შეჭმა ძალუძთ, უპირატესობას აფრიკის სავანებში გავრცელებულ აკაციის ეკლიან ხეებს ანიჭებენ. საკვების ძიებისას მამალ ჟირაფს ენის 42 სმ-ზე გამოყოფა შეუძლია. ჟირაფს უჩვეულოდ მოქნილი კისერი აქვს, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ ხეების ზედა ტოტებში მოხდენილად მიხრა-მოხრისას თავისი გრძელი თავი უჩვეულო კუთხეებით მოაბრუნოს და დახაროს.

სიმაღლეების დაძლევა ჟირაფისთვის ადვილია, მაგრამ წყლის დალევასთან დაკავშირებით საქმის ვითარება სხვაგვარია. წყალთან მიახლოებისას ჟირაფმა ნელა უნდა გაშალოს განზე წინა ფეხები და შემდეგ ორივე მუხლი მოღუნოს, რათა წყალს მისწვდეს. ამ უხერხულ მდგომარეობაში ჟირაფი მაქსიმალურად ხრის თავის გრძელ კისერს, სანამ წყლის დალევას შეძლებს. საბედნიეროდ, ჟირაფს არ სჭირდება ხშირად წყლის სმა, რადგან კვებისას წვნიანი ფოთლებიდან საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს.

კისერი და გვერდები ჟირაფს მოხატული აქვს ვიწრო თეთრი ზოლებით, რომლებიც ფოთლოვანი მოხატულობის ცხაურს ქმნის. ფერები ღია ოქროსფერიდან ხასხასა მოწაბლისფრო-ყავისფერში და შავშიც კი გადადის. რაც უფრო ასაკოვანია ჟირაფი, მით უფრო მუქი შეფერილობისაა.

ოჯახური ცხოვრება

ჟირაფები „ურთიერთობის მოყვარული“ ქმნილებები არიან. ისინი ერთიანდებიან ჯოგებად, რომლებშიც 2-დან 50-მდე ცხოველი ხალვათად არის მიმოფანტული. მაკეობის პერიოდში მდედრმა ჟირაფმა თავისი ნაშიერი 420-დან 468 დღემდე უნდა ატაროს, სანამ გააჩენს 2 მ-იან „პატარას“. დაბადებისას ნაშიერი ორ მეტრზე მეტი სიმაღლიდან მიწაზე პირდაპირ თავით ეცემა! მაგრამ 15 წუთში უვნებელი ახალშობილი ფეხებზე ფამფალ-ფამფალით დგება და ძუძუს მოსაწოვად ემზადება. ორი-სამი კვირის შემდეგ ნაშიერი ინსტინქტურად იწყებს აკაციის ნორჩი ტოტების ციცქნას და მალე საკმაო ძალ-ღონე ემატება საიმისოდ, რომ დედის გრძელ ნაბიჯებს არ ჩამორჩეს.

პატარა ჟირაფი თავისი მშობლების ბრწყინვალე მინიატურული ანარეკლია. მართალია, ჟირაფების სტანდარტებით ის პატარაა, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობაზე მაღალია. კოშკივით აღმართული დედის მახვილი მზერის არეში მყოფი ცნობისმოყვარე და უშიშარი ნაშიერი მომხიბვლელი სანახავია.

შობადობის პერიოდის განმავლობაში პატარა ჟირაფებს თავს უყრიან ჯგუფებად, რომლებსაც მშობლები შეჰფოფინებენ. აქ ისინი დღეს დასვენებაში, თამაშსა და არემარის თვალიერებაში ატარებენ. ახალშობილი ნაშიერი წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება. ექვს თვეში მას შეიძლება ერთი მეტრის სიმაღლე მოემატოს, ხოლო წელიწადში სიმაღლე გაუორმაგდეს. მხოლოდ ერთ კვირაში ნაშიერი შეიძლება 23 სმ-ით გაიზარდოს! დედა ჟირაფი თავგამოდებით იცავს თავის პატარას და მიუხედავად იმისა, რომ თავისგან გარკვეულ მანძილზე ხეტიალის ნებას რთავს, შესანიშნავი მხედველობა ნაშიერთან ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

იმის გამო, რომ ჟირაფს გამორჩეული ზომა, სისხარტე, სიჩქარის განვითარების უნარი და ჩინებული მხედველობა აქვს, გარეული ბუნების წიაღში ლომის გარდა იშვიათად თუ ემტერება რომელიმე ცხოველი. მაგრამ ყველაზე მეტად მასზე მაინც ადამიანი ნადირობს და ამ მშვენიერ ქმნილებას დიდი რაოდენობით კლავს. უმოწყალოდ დევნილი მშვენიერი ტყავის, გემრიელი ხორცისა და კუდის გრძელი შავი ბეწვის გამო, რომელსაც ზოგიერთების აზრით მისტიკური ძალა აქვს, ეს მშვიდი ცხოველი ახლა გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას. ჟირაფები, რომლებსაც ერთ დროს აფრიკის ბევრ ნაწილში საკმაოდ ხშირად შეხვდებოდით, ამჟამად შედარებით უსაფრთხოდ თავს მხოლოდ და მხოლოდ ზოოპარკებისა და ნაკრძალების საზღვრებს შიგნით გრძნობენ, სადაც მათ იცავენ.

დღეს მათ, ვინც აფრიკის ნაკრძალებს ეწვევა, ვრცელ ტრამალებზე თავისუფლად მორბენალი გრძელკისერა ჟირაფების დანახვაზე შეიძლება გული კვლავ აუფანცქალდეთ. იქ შეიძლება მათი ნახვა, როდესაც აკაციის ეკლიან ხეებს მაღლიდან შემოჭამენ ან სულაც დაჟინებით იცქირებიან შორს ისეთი მზერით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათთვის არის დამახასიათებელი. ეს მშვენიერი ქმნილება, თავისი გამორჩეულად ლამაზი გარეგნობითა და მშვიდი ბუნებით, ნამდვილად სასწაულებრივად არის შექმნილი — ეს კი ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, შემოქმედებითი გენიისა და განუმეორებელი პიროვნების კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია (ფსალმუნი 103:24).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 აფრიკის ტრამალებში ფართოდ არის გავრცელებული პატარა კლდოვანი ბორცვები.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

გრძელი კისრის სასწაული

ზოგიერთის აზრით, ჟირაფის სხეულის უჩვეულო ფორმა და უშველებელი ზომა მას პრობლემას უნდა უქმნიდეს. ჟირაფის დიდი სიმაღლისა და გრძელი კისრის გამო სისხლის მიწოდების რეგულირება სხეულის ყველა ნაწილში შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს. როდესაც, მაგალითად, ჟირაფი თავს მიწამდე დაბლა ხრის, მიზიდულობის ძალამ უნდა გამოიწვიოს თავისთვის სისხლის დიდ ნაკადად მიწოდება და ტვინში ჩაქცევა. როცა ჟირაფი თავს მაღლა სწევს, სისხლი გულს უნდა აწვებოდეს და ცხოველს გონებას აკარგვინებდეს. მაგრამ ეს ასე არ ხდება. რატომ?

ჟირაფის სისხლის მიმოქცევის სისტემა ნამდვილად სასწაულებრივად არის შექმნილი. ის ოსტატურადაა დაპროექტებული ცხოველის განსაკუთრებული ფორმისა და სხეულის ზომის გათვალისწინებით. თავად გული ძალიან დიდია და ტვინისთვის სისხლის მისაწოდებლად ამ მაცოცხლებელ სითხეს მძლავრად უნდა ტუმბავდეს, რადგან ტვინი გულიდან სამნახევარი მეტრით ზემოთ მდებარეობს. კუნთოვანი გული, რომელიც წუთში 170-ჯერ ძგერს და რომელსაც 7 სმ-ის სისქის კედლები აქვს, ისეთ სისტოლურ წნევას წარმოქმნის, რომელიც ადამიანისას თითქმის სამჯერ აღემატება. ასეთ დატვირთვას რომ მშვიდად გაუმკლავდეს, საძილე არტერიაც, რომელიც ტვინს სისხლს აწვდის, და საუღლე ვენაც, რომელიც სისხლს გულს უბრუნებს, საკმაოდ დიდი უნდა იყოს. მართლაც, ეს სისხლძარღვები დიამეტრში 2,5 სმ-ს აღემატება და გამძლე ელასტიკური შემაერთებელი ქსოვილით არის გამაგრებული — ყოველივე ეს კი სისხლძარღვებს მოქნილს ხდის და აძლიერებს.

როდესაც ჟირაფი თავს დაბლა ხრის, საუღლე ვენაში არსებული სარქველები ტვინს სისხლის ძლიერი ნაკადისგან იცავენ. ტვინის ფუძესთან დიდი საძილე არტერია გადადის სხვა შესანიშნავად შექმნილ „მოწყობილობაში“, რომელსაც საკვირველი ბადე ეწოდება. ამ ადგილას ჟირაფის თავის დაწევის შედეგად ტვინის მიმართულებით წარმოიქმნება სისხლის ინტენსიური დინება, რომლის შენელებაც ხდება, ვინაიდან სისხლი გადადის პაწაწინა სისხლძარღვების განსაკუთრებულ ქსელში, რომელიც სისხლის წნევას არეგულირებს და ტვინს სისხლის ძლიერი ნაკადისგან იცავს. როდესაც ჟირაფი თავს დაბლა ხრის, საკვირველი ბადე ფართოვდება, ხოლო მაღლა აწევისას იკუმშება, რითაც საკმაოდ დაცემულ სისხლის წნევას ანეიტრალებს და ჟირაფს გონების დროებითი დაკარგვისგან იცავს.

ჟირაფის კისერიც სასწაულებრივად არის შექმნილი. მეცნიერები გააკვირვა იმის აღმოჩენამ, რომ ჟირაფის საოცრად გრძელ კისერში იმდენივე მალაა, რამდენიც თაგვს ან ძუძუმწოვრების უმრავლესობას აქვს! მაგრამ სხვა ძუძუმწოვრების უმრავლესობისგან განსხვავებით, ჟირაფს აქვს „ბურთულა-ღრმულის“ განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე დაგრძელებული მალები, რაც მის შესანიშნავ ელასტიკურობას განაპირობებს. ამიტომაც ჟირაფს კისრის მოხრა და მობრუნება იმგვარად შეუძლია, რომ სხეულის ყოველ ნაწილს მოუაროს ან დასანაყრებლად ხის მაღალ ტოტებს მოხერხებულად მისწვდეს.