არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დაემართა „მუდმივ სამსახურს“?

რა დაემართა „მუდმივ სამსახურს“?

რა დაემართა „მუდმივ სამსახურს“?

გრეიემი * 37 წლის მანძილზე მსხვილ ავსტრალიურ კომპანიაში მუშაობდა. ის 55 წელს იყო გადაცილებული, როდესაც მოულოდნელად შეატყობინეს, რომ რამდენიმე კვირაში სამსახურიდან დაითხოვდნენ, რადგან მისი მომსახურება აღარ ესაჭიროებოდათ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მისი შეცბუნება, რომელშიც აირეკლებოდა განცვიფრება და მომავალ კეთილდღეობაზე ფიქრი. «ნეტავ რა დაემართა ჩემს „მუდმივ სამსახურს“, რომელიც მეგონა, რომ საპენსიო ასაკამდე მექნებოდა?», — უკვირდა გრეიემს.

სამსახურის დაკარგვა, რა თქმა უნდა, უჩვეულო რამ არ არის და არც რაიმე ახალს წარმოადგენს. მაგრამ ამ პრობლემას გლობალური მასშტაბით თუ შევხედავთ, მან იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ დასაქმებული ადამიანების მხოლოდ ახლანდელი თაობისთვის არის ახალი. უდავოდ, სამსახურის დაკარგვის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად მას იწვევს ის, რასაც კადრების შემცირებას უწოდებენ. რა არის და როგორ დაიწყო კადრების შემცირება?

სამუშაო ადგილის დაკარგვა

ეკონომიკის განვითარება დღეს სულ უფრო მეტად იღებს გლობალურ ხასიათს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა 70-იანი წლების დასასრულისთვის შეერთებულ შტატებში, როდესაც კომპანიებმა შენიშნეს, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილ მანქანებს, ელექტროაპარატურას და მრავალ სხვა საქონელს მომხმარებელთა სულ უფრო მზარდი რაოდენობა ყიდულობდა.

კონკურენციის გაწევისა და წარმოების ხარჯების შემცირების მიზნით ამერიკულმა კომპანიებმა მომუშავეთა რიცხვის შემცირება და სამუშაო მეთოდებისა და დანადგარების გაუმჯობესება დაიწყეს. სამუშაო ძალის შესამცირებლად გამოყენებული ხერხი კადრების შემცირების სახელით გახდა ცნობილი. ეს პროცესი აღიწერება, როგორც „ორგანიზაციაში დასაქმებულთა რიცხვის შემცირება, რაც, ჩვეულებრივ, სამუშაოდან დათხოვნით, სამსახურიდან ადრევე გადადგომისკენ ბიძგით, სხვა თანამდებობაზე გადაყვანითა და სხვა ბუნებრივი მიზეზებით ხდება“.

რამდენიმე წლის მანძილზე კადრების შემცირება, ძირითადად, საწარმოებში მომუშავეებს შეეხო. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში ეს პროცესი დაწესებულებების პერსონალის სულ უფრო მზარდ რიცხვს ეხებოდა, განსაკუთრებით შუალედურ ადმინისტრაციულ რგოლს. ამ ტენდენციამ მალე ყველა განვითარებულ ქვეყანაში იჩინა თავი. და რაკი ფინანსური გაჭირვება გრძელდებოდა, მთავრობებმა და სხვა დამსაქმებლებმა ხარჯების შესამცირებლად კადრების შემცირებას მიმართეს.

ბევრი ადამიანი აღარ გრძნობს სამსახურში თავს უსაფრთხოდ. პროფკავშირში მომუშავე ერთი თანამდებობის პირი აცხადებს: „10, 15, 20 წლის სამუშაო სტაჟის მქონე ადამიანებმა დაინახეს, როგორ გააუქმეს მათი ხელშეუხებელი კონტრაქტები და როგორ გაყარეს ისინი სამსახურიდან“. თავის წიგნში „Healing the Downsized Organization“ დელორეზ ამბროზე ყვება იმის შესახებ, რომ ტიპობრივი მომუშავის აღსაწერად 1956 წელს გაჩნდა გამოთქმა „ორგანიზაციის კაცი“. ის დასძენს: „გინდა გაერთიანების მუშად ემუშავა კაცს, გინდა მმართველად, თავის ეკონომიკურ კეთილდღეობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ორგანიზაციის მიმართ ერთგულებას ცვლიდა უსაფრთხოებაზე — მუდმივ სამსახურზე. ცხადია, ასეთი შეთანხმებები თანამედროვე გაერთიანებებში აღარ არსებობს“.

კადრების შემცირების გამო მთელ მსოფლიოში მილიონობით მომუშავემ დაკარგა სამსახური, და მუშა-მოსამსახურეთა ვერც ერთმა ჯგუფმა ამას გვერდი ვერ აუქცია. მხოლოდ შეერთებულ შტატებში მომუშავეთა რიცხვი, ვისაც ეს პრობლემა შეეხო, კოლოსალურია — მუდმივი სამსახური მილიონობით ადამიანმა დაკარგა. კადრების ასეთივე შემცირება ბევრ სხვა ქვეყანაშიც მოხდა. მაგრამ ეს მშრალი სტატისტიკური მონაცემები ადამიანების მიერ განცდილ ტკივილს ვერ გადმოსცემს.

საზიანო შედეგები

სტატიის დასაწყისში ნახსენებმა გრეიემმა თქვა: „ეს მართლაც რეალურ ფსიქოლოგიურ დარტყმას გაყენებს“. თავისი სამსახურიდან დათხოვნა მან „დაავადებას ან ჩხუბის დროს დაჟეჟილობის მიღებას“ შეადარა.

როდესაც ერთგულება არ ჯილდოვდება, ადამიანები თავს დაღალატიანებულად გრძნობენ იმის გამო, რომ კომპანიისთვის გაღებული მათი მსხვერპლი არ დაფასდა. ნდობა იკარგება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბევრი მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი უზარმაზარ გასამრჯელოს იღებს კომპანიის კადრების შემცირებისთვის. გარდა ამისა, უმუშევარი ადამიანების უნარს, თავი გაართვან საგირავნო გადასახადებს, სხვა ვალებს, ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სკოლაში სწავლის საფასურის გადასახადს, აგრეთვე შეინარჩუნონ ცხოვრების ჩვეული წესი, ჰობი და პირადი ქონება, რეგულარული შემოსავლის მოულოდნელი დაკარგვით საფრთხე ემუქრება. შედეგად, ამ ადამიანებს სასოწარკვეთილებისა და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობის გრძნობა უვითარდებათ.

თუკი სტაბილური, აზრიანი სამუშაო ადამიანის ღირსების გრძნობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს, წარმოიდგინეთ, რამდენად შემაძრწუნებლად უნდა მოქმედებდეს უმუშევრობა მათზე, ვინც ინვალიდი, არაკვალიფიციური ან ასაკოვანია. ავსტრალიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ სამსახურიდან დათხოვნის კანდიდატები ყველაზე მეტად 45—59 წლის ადამიანები არიან. ეს კი ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელსაც ამ ცვლილებასთან შეგუება ყველაზე მეტად უჭირს.

არსებობს რაიმე ალტერნატივა? უმუშევრობას, რა თქმა უნდა, არასრული განაკვეთით დასაქმება ან უფრო დაბალი ანაზღაურებით მუშაობა სჯობია, მაგრამ შედეგად მას შეიძლება ცხოვრების უფრო დაბალი დონე მოჰყვეს. დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულთა მხოლოდ მესამედი პოულობს ისეთ სამსახურს, სადაც იმდენსვე უხდიან, რამდენსაც — ძველ სამსახურში. ოჯახურ ცხოვრებას ეს დაძაბულობას მატებს.

მათაც კი არ შეუძლიათ სიმშვიდის შენარჩუნება, ვინც ამჟამად მუშაობს, რადგან მომავალში სამსახურის დაკარგვის შესაძლებლობა მათზე ვითომ შეუმჩნეველ, მაგრამ, სინამდვილეში, გამანადგურებელ გავლენას ახდენს. წიგნში „Parting Company“ ნათქვამია: „სამსახურის დაკარგვის მოლოდინი იმის მსგავსია, რომ სატვირთო მანქანისგან დარტყმის საუკეთესო ვარიანტი აირჩიო. შენ იშვიათად ასწრებ თვით ყველაზე ორიგინალური იდეების გაანალიზებასაც კი, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ვერ ხედავ სატვირთო მანქანას — ანუ სამსახურიდან გათავისუფლებას — სანამ ის მიწასთან არ გაგასწორებს“.

როგორ მოქმედებს უმუშევრობა ახალგაზრდებზე? განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ასეთი რამ შეინიშნა: «სრულწლოვანების ერთ-ერთი ძირითადი თვალსაჩინო გამოხატულება სრული სამუშაო დღის სამსახურის შოვნაა — სამსახურისა, რომელიც მიანიშნებს „ნამდვილი“ მოწიფული ადამიანის ცხოვრების დაწყებაზე სრულწლოვანთა გარემოცვაში და მათ მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, რასაც თან სდევს ფინანსური დამოუკიდებლობა». ამრიგად, თუკი სამსახური ნამდვილი მოწიფული ადამიანის ცხოვრებაზე მიანიშნებს, უმუშევრობა ახალგაზრდებისთვის გამანადგურებელი უნდა იყოს.

როგორ დააღწიოთ თავი უმუშევრობას

სამსახურის დაკარგვასთან გამკლავება შეიძლება დანაღმულ მინდორზე გავლას შევადაროთ. წიგნში „Parting Company“ ჩამოთვლილია ის გრძნობები, რომლებიც ყველაზე ხშირად ეუფლებათ ადამიანებს — ბრაზი, სირცხვილი, შიში, მწუხარება და საკუთარი თავის სიბრალული. ამ გრძნობებთან გამკლავება ძნელია. ავტორი შენიშნავს: „თქვენ რთული ამოცანის წინაშე დგახართ — განსაზღვროთ თქვენი მომავალი. ყოველივე ეს თქვენგან დამოუკიდებლად ხდება; შესაძლოა, არ იცით, როგორ მოიქცეთ და მოულოდნელად უმწეო მდგომარეობაში ვარდებით“. ოჯახის წევრებისთვის სამსახურიდან თავიანთი უეცარი დათხოვნის მიზეზის ახსნა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას უმუშევარი.

მაგრამ კადრების შემცირებით გამოწვეულ დარტყმასთან გასამკლავებელი რამდენიმე პრაქტიკული საშუალება არსებობს. პირველი ნაბიჯი ის არის, რომ დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება იმ მხრივ, რომ შეზღუდოთ საკუთარი თავი უფრო უბრალო ცხოვრების წესის არჩევითა და დაგეგმვით, ვიდრე იყავით ამას შეჩვეული.

აქ არის მოყვანილი რამდენიმე რჩევა, რომლებმაც შეიძლება დახმარება გაგიწიოთ, რათა სიტუაციას თავი გაართვათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რჩევები თქვენს პრობლემებს სრულიად არ გადაწყვეტს. პირველი: გააცნობიერეთ ის, რომ სამსახურის მოულოდნელი დაკარგვა ამ დროში ჩვეულებრივი ამბავია. ასე რომ, თქვენი ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, წინასწარ იფიქრეთ ამის შესაძლებლობაზე და დაგეგმეთ, როგორ იცხოვრებდით.

მეორე: ფრთხილად იყავით, რომ დიდ ვალში არ ჩაეფლოთ ისეთი ნივთების გამო, რომლებიც არ არის არსებობისა და თავშესაფრისთვის აუცილებელი. იცხოვრეთ საკუთარი სახსრებით და არ იფიქროთ, რომ შეძლებთ ვალის გადახდას მოსალოდნელი შემოსავლით, რომელიც დაწინაურებისა თუ მუდმივი ხელფასის ზრდის შემთხვევაში გექნებათ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, რომ შეუძლებელია მის იმედზე ხანგრძლივად ყოფნა.

მესამე: ეძებეთ ცხოვრების გამარტივების საშუალებები და შეამცირეთ არსებული ფინანსური ვალდებულებები. მათ რიცხვში შედის ზედმეტი ვალის აღება ისეთი რამეების გამო, რომლებიც გონივრული, უბრალო და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არ არის არსებითად მნიშვნელოვანი.

მეოთხე: თვალი გადაავლეთ თქვენს ცხოვრებისეულ მიზნებს, სულიერსა და ქვეყნიურს, და თანამედროვე რეალობას შეუსაბამეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ აწონ-დაწონოთ თქვენი გადაწყვეტილებები თქვენი მიზნების ფონზე და განსაზღვროთ, თუ როგორ იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე ეს გადაწყვეტილება.

დაბოლოს, თქვენს გარშემო მყოფი სხვა ადამიანების ცხოვრებას ნუ დახარბდებით იმის გამო, რომ ისინი ნაკლებად მომჭირნედ ცხოვრობენ, რათა არ გაგიჩნდეთ იმ ნივთების შეძენის სურვილი, რომლებიც მათ აქვთ, და მათი ცხოვრების წესმა არ მიგიზიდოთ.

ეს არის რამდენიმე რჩევა, რომლებმაც თქვენცა და თქვენს ოჯახსაც შეიძლება დახმარება გაგიწიონ იმაში, რომ ამ ძალზე ცვალებადი მსოფლიოს არასაიმედო სიმდიდრეზე დაიმედებით მახეში არ გაებათ და თანამედროვე ცხოვრების წესით გამოწვეული მრავალი საზრუნავისგან დაიცვათ თავი.

ყოფილი საინვესტიციო აგენტი, ფელიქს როუჰეტენი, ამბობს: „ჩვენს საზოგადოებაში არსებითად არასწორი რამ ხდება, როდესაც ერთი ადამიანის უმუშევრობის ხარჯზე სხვა მდიდრდება“. ასე რომ, არსებითად არასწორი თავად ეს სისტემაა, რომელიც მალე შეიცვლება ქვეყნიერებით, სადაც გამოთქმა „მუდმივი სამსახური“ ჩვენი ახლანდელი წარმოდგენისგან განსხვავებულ მნიშვნელობას შეიძენს (ესაია 65:17—24; 2 პეტრე 3:13).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 28 გვერდზე]

„ჩვენს საზოგადოებაში არსებითად არასწორი რამ ხდება, როდესაც ერთი ადამიანის უმუშევრობის ხარჯზე სხვა მდიდრდება“.

[სურათი 27 გვერდზე]

ეძებეთ ცხოვრების გამარტივების საშუალებები.