არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ბრიტანელები და თავისუფალი დრო

1999 წელს პირველად მოხდა, რომ რიგითმა ბრიტანელებმა „ოჯახის ყოველკვირეული ბიუჯეტიდან“ უფრო მეტი თანხა დაახარჯეს გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ ნივთებსა და მომსახურებას, ვიდრე „საკვებს, სახლს ან ნებისმიერ სხვა უბრალო რამეს“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. 1968 წელს, მთელი ოჯახის დანახარჯების მხოლოდ 9 პროცენტი მიდიოდა დასვენებაზე, დღეს კი ეს რიცხვი 17 პროცენტს შეადგენს. კონსულტანტი სამომხმარებლო საკითხებში, მარტინ ჰეიუორდი, ამბობს: «ვინაიდან ახლა ყველა უფრო მდიდრები ვართ, ვიდრე, მაგალითად, 30 წლის წინათ, დასვენებისთვის განკუთვნილ ბევრ შენაძენს, რომლებიც ერთ დროს ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ამჟამად უმრავლესობა ძირითად საჭიროებად მიიჩნევს. შვებულების აღებას ამჟამად უმრავლესობა „აუცილებლობად“ თვლის და არა „უბრალო საჭიროებად“. ზოგი ადამიანი წელიწადში სამი შვებულების აღებასაც კი ძირითად საჭიროებად თვლის». 1968 წელთან შედარებით ოჯახის წევრები ამჟამად ოთხჯერ მეტ თანხას ხარჯავენ ვიდეო- და აუდიოაპარატურის, ტელევიზორებისა და კომპიუტერების შესაძენად. ფაქტობრივად, ყოველი 10 ოჯახიდან 1 ინტერნეტშია ჩართული, ხოლო 3-დან 1-ს კომპიუტერი აქვს.

მეგობრობას საფრთხე ემუქრება

ხანგრძლივი სამუშაო დღეები, ხშირი მივლინებები და ელექტრონული სისტემა, „რომელიც თითქმის ყველაფერთან გვაკავშირებს, გარდა სხვა ადამიანებისა“, პირად მეგობრულ ურთიერთობებს დიდ საფრთხეს უქმნის, — იუწყება „უოლ-სტრიტ ჯორნელი“. „მეგობრებთან დროის გატარება მნიშვნელოვან რამედ კი არ ითვლება, არამედ არასავალდებულო ნებივრობად, რომელიც ისედაც გადატვირთული განრიგიდან ძვირფას საათებს იპარავს“, — ნათქვამია გაზეთში. მაგრამ მათ, ვინც მეგობრობას არაფრად აგდებს, შეიძლება დაინახონ, რომ ოჯახში ტრაგედიის დატრიალების შემთხვევაში „მხარში არავინ უდგათ“, — ამბობს სოციოლოგი იენ იეიგერი. სხვა მხრივ კი, გამოკვლევები, როგორც ჩანს, იმაზე მიანიშნებენ, რომ ისინი, ვისაც კარგი მეგობრები ჰყავთ, ჩვეულებრივ, სტრესითა და დაავადებებით ნაკლებად იტანჯებიან და უფრო დიდხანსაც კი შეიძლება იცოცხლონ. «სწორი მიდგომა, — შენიშნავს „ჯორნელი“, — იმის გაცნობიერებაში მდგომარეობს, რომ მეგობრობის შენარჩუნება, ისევე როგორც სამუშაოსი და ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების, დამატებით ძალისხმევას მოითხოვს“.

ბამბა ცხვარზე იზრდება?

ახალგაზრდა ფერმერთა ევროპის საბჭოს მიერ ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ „ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების 50%-მა არ იცის, საიდან მოდის შაქარი, 75%-მა. . . არ იცის, საიდან მოდის ბამბა, ხოლო 25%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ის ცხვარზე იზრდება“. ამასთანავე, ცხრა და ათი წლის ინგლისელი და ნიდერლანდელი ბავშვების 25% ფიქრობს, რომ ფორთოხალი და ზეთისხილი მათ ქვეყნებში მოდის. სასოფლო-სამეურნეო ნაწარმთან შეხება ბავშვებს ბაღ-ბოსტანში კი არა, ძირითადად, სუპერმარკეტში უწევთ და სოფლის მეურნეობის შესახებ ისინი, უმთავრესად, სკოლაში იგებენ. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არ იზიდავს დღეს ფერმერობა, როგორც პროფესია, ბევრ ევროპელ ბავშვს. «საშუალოდ, — აცხადებს საბჭო, — ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 10%-ს შეიძლება „ძალიან სურდეს“ მომავალში ფერმერობა».

გამომაცოცხლებელი თვლემა

„ნიუ-იორკ ტაიმზის“ ცნობის თანახმად, შუადღის თვლემის დასაძლევად კოფეინის იმედზე ყოფნის ჩვევას შეიძლება საპირისპირო შედეგი მოჰყვეს. „კოფეინის მიღება მოთენთილობას გამოიწვევს, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ძილის საკითხების შემსწავლელი, ჯეიმზ მაასი, — გამოუძინებლობის ანაზღაურება ხელოვნური მასტიმულირებელი საშუალებებით არ ხდება“. მაასი გვირჩევს, რომ შესვენებების დროს ყავის დალევის ნაცვლად წავთვლიმოთ ხოლმე. ის ამბობს, რომ ხანმოკლე ძილი „დეტალებზე ყურადღების გამახვილებისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარს დიდად აძლიერებს“. 30 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის შუადღის ძილს შეუძლია აღადგინოს ადამიანის ენერგია და ამ დროს არც გამოღვიძებაა რთული და ღამის კარგი ძილიც არ ირღვევა, შენიშნავს „ტაიმზი“. „თვლემის ფასი არ უნდა უგულებელვყოთ, — ამბობს მაასი, — მას ყოველდღიურ განრიგში თავისი ადგილი უნდა მიეჩინოს“.

ჭარბი წონის მქონე ბავშვები

„აზიაში მცხოვრები ახალგაზრდების ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სიმსუქნე“, — გაფრთხილებას იძლევა ტაიბეის (ტაივანი) დიეტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, დ-რ ჩუანგ ლე ჩი. აზიაში ბევრგან ჭარბი წონის მქონე ბავშვების რიცხვი ძალიან მაღალია და ეს პრობლემა განსაკუთრებით ბიჭებსა და ყველა ქალაქელ ახალგაზრდას ეხება, — იუწყება „ეიშაუიკი“. ბოლო დროს პეკინში ჩატარებულმა გამოკვლევამ ნათელყო, რომ დაწყებითი კლასებისა და საშუალო სკოლის მოსწავლეთა 20%-ზე მეტს ჭარბი წონა აქვს. „ჩანს, რომ აზიელი მოზარდები უფრო და უფრო მეტ დროს ტელევიზორის ყურებასა და ვიდეოთამაშებით გართობაში ატარებენ“, — ნათქვამია ჟურნალში. რის გაკეთება შეიძლება? „ეიშაუიკში“ ნათქვამის თანახმად, გამოსავალი ბავშვებისთვის არა საკვების შეზღუდვაში, არამედ სისტემატიური ვარჯიშებისა და ჯანსაღი კვების ერთმანეთთან შეთავსებაში მდგომარეობს; კვების რაციონში კი ცხიმიან კერძებზე მეტად ხილი და ბოსტნეული უნდა ჭარბობდეს. დ-რ ჩუანგი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ვარჯიშის სასიამოვნო საქმიანობად გადაქცევა წარმატების საწინდარია. „მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი წონის მქონე ბავშვები ჩვევებს არ შეიცვლიან, — ნათქვამია ჟურნალში, — მაღალი წნევის, ღვიძლთან დაკავშირებული გართულებების, დიაბეტისა და ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩენის საშიშროება ემუქრებათ“.