სისხლის გადასხმა — გაუთავებელი კამათი
სისხლის გადასხმა — გაუთავებელი კამათი
„ერითროციტები დღეს ახალი მედიკამენტების როლს რომ ასრულებდეს, მათზე ლიცენზიის მიღება ძალზე რთული იქნებოდა“ (დ-რ ჯეფრი მაკალოუ).
ათას ექვსას სამოცდაშვიდი წლის ზამთარში საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV–ის, გამოჩენილ ექიმთან, ჟან ბატისტ დენისთან, მიიყვანეს გაშმაგებული, შეშლილი ადამიანი, სახელად ანტუან მორუა. მორუას სენის სამკურნალოდ დენიმ უებარი „წამალი“ გამოიყენა — ხბოს სისხლი. ექიმს ეგონა, რომ ხბოს სისხლის გადასხმა ავადმყოფზე დამამშვიდებლად იმოქმედებდა, მაგრამ მორუას საქმე კარგად ვერ წარიმართა. მართალია, მეორე გადასხმის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მოგვიანებით სიგიჟე განუახლდა და მოკლე ხანში ეს ფრანგი მამაკაცი გარდაიცვალა.
თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მორუა, სინამდვილეში, დარიშხანით მოწამვლის შედეგად მოკვდა, იმ ექსპერიმენტებმა, რომლებსაც დენი ცხოველთა სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ატარებდა, საფრანგეთში გაცხარებული კამათი გამოიწვია. საბოლოო ჯამში, 1670 წელს ეს პროცედურა აიკრძალა. მოგვიანებით ინგლისის პარლამენტმაც და რომის პაპმაც კი მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. მომდევნო 150 წლის მანძილზე სისხლის გადასხმა თითქმის აღარავის უხსენებია.
პირველი რისკიანი მცდელობები
XIX საუკუნეში სისხლის გადასხმას კვლავ დაუბრუნდნენ. ამ საქმის წამომწყები იყო ინგლისელი მეანი, ჯეიმზ ბლანდელი. გაუმჯობესებული ტექნიკური საშუალებებითა და სრულიად ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით და, ამასთანავე, იმის დაჟინებული მოთხოვნით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სისხლი უნდა გამოყენებულიყო, სისხლის გადასხმა ბლანდელმა კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია.
მაგრამ 1873 წელს პოლონელმა ექიმმა ფ. გეზელიუსმა შემაშფოთებელი აღმოჩენის საფუძველზე სისხლის გადასხმის შემდგომი წინსვლა შეაფერხა: მათ შორის, ვისაც სისხლი გადაუსხეს, ნახევარზე მეტი დაიღუპა. შეიტყვეს თუ არა ამის შესახებ, ცნობილმა ექიმებმა დაგმეს ეს პროცედურა. სისხლის გადასხმის პოპულარობამ კიდევ ერთხელ განიცადა მარცხი.
მოგვიანებით, 1878 წელს, ფრანგმა მედიკოსმა, ჟორჟ აიემმა, გამოიგონა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელსაც, მისი აზრით, სისხლის შემცვლელის როლის შესრულება შეეძლო. სისხლისგან განსხვავებით ფიზიოლოგიურ ხსნარს არ გააჩნდა გვერდითი მოვლენები, არ დედდებოდა და ადვილად ტრანსპორტირდებოდა. სავსებით ნათელია, რომ აიემის ფიზიოლოგიური ხსნარის ფართოდ გამოყენება დაიწყეს. საკვირველია, მაგრამ მალე უპირატესობა კვლავ სისხლს მიანიჭეს. რატომ?
1900 წელს ავსტრიელმა პათოლოგმა კარლ ლანდშტეინერმა სისხლის ჯგუფების არსებობა აღმოაჩინა
და დაადგინა, რომ ერთი ჯგუფის სისხლი სხვა ჯგუფისას ყოველთვის არ უთავსდება. გასაკვირი არ არის, რომ წარსულში ჩატარებული სისხლის ამდენი გადასხმა ტრაგიკულად მთავრდებოდა! ახლა ამ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდა — უბრალოდ, უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ დონორის სისხლის ჯგუფი რეციპიენტისას უთავსდებოდა. ამის შემდეგ ექიმებმა კვლავ ნდობის თვალით შეხედეს სისხლის გადასხმას — თანაც ზუსტად პირველი მსოფლიო ომის დროისთვის.სისხლის გადასხმა და ომი
პირველი მსოფლიო ომის დროს დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს დიდი რაოდენობით უსხამდნენ. რასაკვირველია, სისხლი მალე დედდება და თავდაპირველად თითქმის შეუძლებელი იყო ბრძოლის ველამდე მისი მიტანა. მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკის მაუნტ-საინაის საავადმყოფოს თანამშრომელმა, დ-რ რიჩარდ ლიუესონმა, სისხლის შედედების შემაჩერებელ ნივთიერებაზე, ნატრიუმის ციტრატზე, წარმატებული ექსპერიმენტები ჩაატარა. ბევრმა ექიმმა ეს ამაღელვებელი აღმოჩენა სასწაულად შერაცხა. „ეს მოვლენა თითქმის მზის გაჩერების ტოლფასი იყო“, — წერდა თავისი დროის გამოჩენილი ექიმი დ-რ ბერტრამ ბერნჰაიმი.
მეორე მსოფლიო ომის დროს სისხლზე მოთხოვნილება გაიზარდა. ხალხი ყველგან ხედავდა პლაკატებს შემდეგი წარწერებით: „ახლავე ჩააბარე სისხლი“, „შენს სისხლს მისი ხსნა შეუძლია“, „მან თავისი სისხლი გაიღო. გაიღებ შენსას?“. მოწოდებებს სისხლის გაღებასთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულ შტატებში დონორებმა 13 000 000 ერთეული სისხლი ჩააბარეს. ვარაუდობენ, რომ ლონდონში 260 000 ლ-ზე მეტი სისხლი მოაგროვეს და გაანაწილეს. რასაკვირველია, სისხლის გადასხმას თან სდევდა სხვადასხვა სნეულებით დაავადების რისკი, რაც მალე გამოაშკარავდა კიდეც.
დაავადება, რომელიც სისხლით გადადის
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მედიცინის დიდმა წინსვლამ განაპირობა ის, რომ შესაძლებელი გახდა ზოგი ისეთი ოპერაციის გაკეთება, რაც წინათ წარმოუდგენელი იყო. შედეგად ამისა, მსოფლიოში შეიქმნა ყოველწლიური მრავალმილიარდდოლარიანი ინდუსტრია, რომელიც საავადმყოფოებს გადასხმებისთვის საჭირო სისხლით ამარაგებს. მას შემდეგ კი ოპერაციების დროს სისხლის გამოყენებას ექიმები აუცილებელ პროცედურად მიიჩნევენ.
მაგრამ მალე გადასხმებით გამოწვეულმა დაავადებებმა შეშფოთება გამოიწვია. კორეაში მიმდინარე ომის დროს, მაგალითად, იმ ადამიანების დაახლოებით 22 პროცენტს, ვისაც პლაზმა გადაუსხეს, ჰეპატიტი განუვითარდა — ეს რიცხვი კი თითქმის სამჯერ აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გადასხმის შედეგად დაავადებულთა რიცხვს. XX საუკუნის 70-იანი წლებისთვის, აშშ-ის დაავადებების მაკონტროლებელი ცენტრის მონაცემების თანახმად, სისხლის გადასხმის შემთხვევაში ჰეპატიტით დაავადების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 3 500 იყო. სხვები ათჯერ უფრო მეტ რიცხვს ვარაუდობდნენ.
დონორების უფრო უკეთესი შემოწმებითა და საგულდაგულო შერჩევით B ჰეპატიტის გადადების შემთხვევები შემცირდა. მაგრამ შემდგომში ვირუსის ახალმა და ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო ფორმამ, C ჰეპატიტმა, უამრავ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ფიქრობენ, რომ ამ ვირუსს ოთხი მილიონი ამერიკელი ატარებს, ხოლო მათგან რამდენიმე ასობით ათასს ეს ვირუსი სისხლის გადასხმის შედეგად აქვს მიღებული. მართალია, მკაცრმა ტესტირებამ, საბოლოო ჯამში, შეამცირა C ჰეპატიტის გავრცელება, მაგრამ ზოგი შიშობს, რომ ახალი საშიშროებები იჩენს თავს და მათ მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ, როცა უკვე ძალზე გვიანი იქნება.
კიდევ ერთი სკანდალი — აივ-ით ინფიცირებული სისხლი
XX საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ სისხლი შეიძლება შიდს-ის გამომწვევი ვირუსით, აივ-ით, იყოს ინფიცირებული. თავდაპირველად დაკონსერვებული სისხლის მარაგის მფლობელებს იმის გაგონებაც კი არ უნდოდათ, რომ ეს სისხლი შეიძლებოდა ინფიცირებული ყოფილიყო. თავიდან ბევრი მათგანი აივ-ით ინფიცირების საშიშროების საკითხს სკეპტიკურად შეხვდა. დ-რ ბრუს ევატის სიტყვების თანახმად, «ეს იმის მსგავსი იყო, თითქოს ვინმემ უდაბნოში ხეტიალის შემდეგ გზა გაიკვლია და თქვა: „მე უცხოპლანეტელი ვიხილე“. ყველამ მოისმინა ეს, მაგრამ არავინ დაიჯერა».
მიუხედავად ამისა აივ-ით ინფიცირებული სისხლის გამო ბევრ ქვეყანაში აყალმაყალი ატყდა. ვარაუდობენ, რომ საფრანგეთში, 1982—1985 წლებში გაკეთებული სისხლის გადასხმების შედეგად 6 000-დან 8 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით. სისხლის გადასხმის შედეგად აფრიკაში აივ-ის მატარებელთა 10%-ია ინფიცირებული, ხოლო პაკისტანში შიდს-ით დაავადების 40% სისხლის გადასხმით არის გამოწვეული. დღესდღეობით, გაუმჯობესებული ტესტირების გამო განვითარებულ ქვეყნებში სისხლის გადასხმის შედეგად აივ-ით ინფიცირება იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ინფიცირება ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, ვინაიდან სისხლის შემოწმება არადამაკმაყოფილებლად ხდება.
ამიტომაც გასაგებია, რომ ბოლო წლებში უსისხლო მედიცინისა და ქირურგიის მიმართ ინტერესი გაიზარდა. მაგრამ არის თუ არა ეს უსაფრთხო ალტერნატივა?
[ჩარჩო 6 გვერდზე]
სისხლის გადასხმის მყარი სამედიცინო სტანდარტი არ არსებობს
მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 3 000 000-ზე მეტ ავადმყოფს ერითროციტების 11 000 000-ზე მეტ ერთეულს უსხამენ. ამ დიდი რიცხვის მხედველობაში მიღებით ვინმემ შეიძლება დაასკვნას, რომ ექიმები სისხლის გადასხმის გარკვეულ მყარ სტანდარტს იცავენ. მაგრამ, როგორც ერთი სამედიცინო ჟურნალი იუწყება, „გადასხმის გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმძღვანელოდ“ ექიმებს საოცრად მწირი მონაცემები აქვთ („The New England Journal of Medicine“). მართლაც, პრაქტიკაში უამრავი სხვადასხვაგვარი მიდგომა არსებობს არა მარტო იმასთან დაკავშირებით, თუ რას გადაუსხამენ ავადმყოფს და რა რაოდენობით, არამედ იმასთან დაკავშირებითაც, საერთოდ არის თუ არა გადასხმა საჭირო. „სისხლის გადასხმა ექიმზეა დამოკიდებული და არა ავადმყოფზე“, — ნათქვამია სამედიცინო ჟურნალში „Acta Anæsthesiologica Belgica“. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ სამედიცინო ჟურნალის „The New England Journal of Medicine“-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ „სისხლის გადასხმის, ალბათ, 66 პროცენტი მიზანშეუწონლად არის დანიშნული“.
[სურათები 5 გვერდზე]
მეორე მსოფლიო ომის დროს სისხლზე მოთხოვნილება გაიზარდა.
[საავტორო უფლება]
Imperial War Museum, London
U.S. National Archives photos