არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალტერნატიული მკურნალობის მიმოხილვა

ალტერნატიული მკურნალობის მიმოხილვა

ალტერნატიული მკურნალობის მიმოხილვა

„პროფესიული დიალოგის დაწყებას ექიმებსა და ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტებს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პაციენტების საუკეთესოდ მკურნალობისთვის, რომლებიც ალტერნატიულ მკურნალობას ირჩევენ“.

ეს განაცხადი „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის“ (JAMA) 1998 წლის 11 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა. სტატიაში ნათქვამი იყო: „[დიალოგის] მოთხოვნილება, მოსალოდნელია, რომ ალტერნატიული მკურნალობის მზარდ გამოყენებასთან ერთად გაიზრდება. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შესაბამისი სტრუქტურები მკურნალობის ასეთ მეთოდებს მოსახლეობისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო პროგრამებში ჩართავენ“.

მკურნალობის ოფიციალური ფორმით უფრო მეტად სარგებლობისას უფრო და უფრო მეტი ავადმყოფი მიმართავს ალტერნატიულ მედიცინასაც. მაგრამ ზოგი არ აცნობებს ხოლმე თავის ექიმს საქმის ვითარებას. ამიტომაც 2000 წლის აპრილის „Tufts University Health & Nutrition Letter“-ში ნათქვამი იყო: „თქვენსავე ინტერესებს ემსახურება ის, რომ თქვენს ექიმთან ითანამშრომლოთ და მარტო არ იმოქმედოთ“. იქ აგრეთვე ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, მოიწონებს თუ არა ის თქვენს არჩევანს, მაინც უნდა გააგებინოთ ყველაფერი“.

ეს სიტყვები იმ შესაძლო საფრთხის გამო იყო ნათქვამი, რომელიც ჯანმრთელობას გარკვეული სამკურნალო მცენარეებისა და ოფიციალური მკურნალობის შეთავსების დროს ემუქრება. ბევრ მედიკოსს ესმის, რომ მათი პაციენტებიდან ზოგი ალტერნატიულ მკურნალობას აირჩევს. ამიტომ, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, მკურნალობის შესახებ პირადი შეხედულების გამო თავი არ შეიკავონ ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენელ ექიმებთან თანამშრომლობისგან.

ჩვენს მკითხველს გარკვეული წარმოდგენა რომ შევუქმნათ მკურნალობის იმ ალტერნატიული მეთოდების შესახებ, რომლებსაც ამჟამად ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, მოკლედ აღვწერთ ზოგიერთ მათგანს. მაგრამ გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ, რომ „გამოიღვიძეთ!“ არ ემხრობა რომელიმე მათგანს ან მკურნალობის სხვა რომელიმე ფორმას.

სამკურნალო მცენარეები

ამგვარი მკურნალობა, ალბათ, ალტერნატიული მედიცინის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეთა განმავლობაში სამკურნალო მცენარეები მედიცინაში ფართოდ გამოიყენებოდა, მეცნიერებს მცირე რაოდენობის მცენარეთა სახეობები აქვთ დაწვრილებით გამოკვლეული. კიდევ უფრო ნაკლებადაა შესწავლილი მცენარეთა ექსტრაქტები. ამიტომ მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ინფორმაციის უდიდესი ნაწილი იმ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სამკურნალო მცენარეების გამოყენების შედეგად დაგროვდა.

მაგრამ ბოლო წლებში რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ გარკვეული მცენარეები სამკურნალოდ გამოსადეგია მაშინ, როცა ადამიანს აწუხებს დეპრესიის მსუბუქი ფორმა, მოხუცებულობისას მეხსიერების დაქვეითება და ის სიმპტომები, რომლებიც წინამდებარე ჯირკვლის გადიდების კეთილთვისებიან სიმსივნურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ერთი სამკურნალო ბალახი, რომელიც შეისწავლეს, ძირმწარას სახელით არის ცნობილი. ამერიკელი ინდიელები ამ მცენარის ფესვებს ხარშავდნენ და მენსტრუალური პრობლემებისას და მშობიარობის დროს იყენებდნენ. 2000 წლის აპრილის „Harvard Women’s Health Watch“-ის თანახმად, ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ გერმანიაში გასაყიდად გამოტანილი ძირმწარას სტანდარტული ექსტრაქტი შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს „მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად“.

ჩანს, რომ მოთხოვნილება ასეთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებზე, ძირითადად, განპირობებულია იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ ეს საშუალებები სინთეტიკურ პრეპარატებზე უსაფრთხოა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს, ზოგი მცენარის წამლად გამოყენებას თან სდევს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში. მაგალითად, გავრცელებულ სამკურნალო მცენარეს, რომელიც შეშუპების საწინააღმდეგო და წონის დამკლებ ბუნებრივ საშუალებად ითვლება, სისხლის წნევის აწევა და გულისცემის გახშირება შეუძლია.

აგრეთვე არსებობს მცენარეები, რომლებიც სისხლდენას აჩქარებენ. მათ გამოყენებას „სისხლის გამათხელებელ“ სამედიცინო პრეპარატებთან ერთად სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა, მაგალითად, მათ, ვისაც დიაბეტი ან ჰიპერტონია აწუხებს, ან მათ, ვინც გარკვეულ მედიკამენტებს იღებს, მცენარეული სამკურნალო საშუალებების გამოყენების მხრივ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ (იხილეთ თანდართული ჩარჩო).

მცენარეულ სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებული სხვა დამაფიქრებელი საკითხი ის გახლავთ, რომ ამგვარ პროდუქციაზე იშვიათად მოიპოვება ხარისხის გარანტირების სათანადო აღნიშვნა. ამ ბოლო წლებში მცენარეულ საშუალებებში მძიმე ლითონებისა და სხვა მავნე შენარევების არსებობის შესახებ იტყობინებოდნენ. გარდა ამისა, აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მცენარეული ნაწარმი იარლიყზე მითითებული კომპონენტებიდან ცოტას ან საერთოდ არაფერს შეიცავდა. ეს მაგალითები ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ მცენარეული ნაწარმის, ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატების, ყიდვა მხოლოდ და მხოლოდ კარგი რეპუტაციის საიმედო აფთიაქებშია მიზანშეწონილი.

დიეტური დანამატები

დიეტური დანამატები, მაგალითად, ვიტამინები და მინერალები, ცნობების თანახმად, სასარგებლოა ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებისა და მკურნალობისთვის, მათ შორის ანემიის, ოსტეოპოროზისა და ზოგიერთი თანდაყოლილი დეფექტის არიდებისთვისაც კი. ვიტამინებისა და მინერალების ოფიციალურად რეკომენდებული ყოველდღიური დოზა შედარებით უსაფრთხოდ და სასარგებლოდ ითვლება.

მაგრამ სხვა მხრივ, ზოგი დაავადების სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატების დიდი დოზით მიღება ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. მათ, შესაძლოა, სხვა მასაზრდოებელი ნივთიერებების შეთვისებას ან მოქმედებას შეუშალონ ხელი და სერიოზული გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიონ. ეს ალბათობა, ისევე როგორც ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღების მხარდამჭერი მნიშვნელოვანი მონაცემების ნაკლებობა, არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი.

ჰომეოპათია

ჰომეოპათია, როგორც იმ დროისთვის გავრცელებული მკურნალობის მეთოდებიდან უფრო მსუბუქი და ფაქიზი ფორმა, XVII საუკუნეში განვითარდა. ჰომეოპათიას საფუძვლად უდევს პრინციპი „მსგავსს მსგავსით მკურნალობენ“ და მინიმალური დოზის თეორია. ჰომეოპათიური წამლები სამკურნალო ნივთიერების ხშირი გაზავებით მზადდება — ზოგჯერ იმდენად აზავებენ, რომ საწყისი მასალიდან ერთი მოლეკულაც კი აღარ რჩება.

მიუხედავად ამისა, პლაცებოს გამოყენებასთან შედარებისას აღმოაჩინეს, რომ ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებები, გარკვეულწილად, ეფექტურია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა ასთმა, ალერგიები და ბავშვების დიარეა. ჰომეოპათიური საშუალებები საკმაოდ უსაფრთხოდ ითვლება იმის გამო, რომ რამდენჯერმეა გაზავებული. ჟურნალ „JAMA“-ის 1998 წლის 4 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო: «ქრონიკული ხასიათის დაავადებებით გატანჯული ავადმყოფებისთვის, რომელთაც ზუსტი დიაგნოზი არა აქვთ დადგენილი, ჰომეოპათია შეიძლება მნიშვნელოვან და სასარგებლო სამკურნალო ალტერნატივას წარმოადგენდეს. ზომიერად გამოყენების შემთხვევაში, ჰომეოპათია თანამედროვე მედიცინის დამხმარეა». მაგრამ იმ საგანგებო შემთხვევებში, როდესაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაძლოა, ოფიციალური სამედიცინო მკურნალობის არჩევა უფრო გონივრული იყოს.

მანუალური თერაპია

არსებობს გარკვეული ალტერნატიული სამკურნალო მეთოდები, რომელთა არსი სხეულზე მანიპულირებაში მდგომარეობს. ალტერნატიულ სამკურნალო მეთოდებს შორის ყველაზე გავრცელებულია მანუალური თერაპია, განსაკუთრებით კი — შეერთებულ შტატებში. ის ეფუძნება იმ წარმოდგენას, რომ ხერხემლის გასწორების შემთხვევაში ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ამიტომაც, თავიანთი პაციენტების მალების გასწორების მიზნით, მანუალური თერაპიის სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ ხერხემალზე მანიპულირებას.

ოფიციალურ მედიცინას ყოველთვის არ ძალუძს წელის არეში ტკივილების მოხსნა. სხვა მხრივ კი, ზოგი ავადმყოფი, რომელთაც მანუალური თერაპიის კურსი გაიარეს, დიდ კმაყოფილებას გამოხატავს. მანუალური თერაპიის გამოყენება, ძირითადად, მიზანშეწონილია იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ტკივილი აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ექიმის მიერ ჩატარებულ მანუალურ თერაპიას ნაკლებად ახლავს გვერდითი მოვლენები. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ კისერზე მანიპულირება სერიოზული გართულებების, მათ შორის ინსულტისა და დამბლის, მიზეზი შეიძლება გახდეს. გართულებებთან დაკავშირებული საფრთხის შესამცირებლად ზოგი სპეციალისტი ავადმყოფებს ურჩევს, ყოველმხრივი გამოკვლევა ჩაიტარონ, რათა გაარკვიონ, იქნება თუ არა ესა თუ ის სპეციფიკური მანიპულაცია მათთვის უსაფრთხო.

მასაჟი

მასაჟის სარგებლიანობის შესახებ თითქმის ყველა კულტურაში დიდი ხანია იციან. ის ბიბლიაშიც კი მოიხსენიება (ესთერი 2:12). „მასაჟის ტექნიკას ჩინურსა და ინდურ ხალხურ მედიცინაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, — აღნიშნული იყო 1999 წლის 6 ნოემბრის „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში“ („BMJ“). „მასაჟის ევროპული ტექნიკა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სისტემაში მოიყვანა ბ-ნმა ჰენრიკ ლინგმა, რომელმაც ამჟამად შვედური მასაჟის სახელით ცნობილი ტექნიკა განავითარა“.

ამბობენ, რომ მასაჟს კუნთების მოდუნება, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ქსოვილებში დაგროვილი ტოქსინების მოცილება შეუძლია. ექიმები ავადმყოფებს ამჟამად მასაჟს უნიშნავენ, მაგალითად,ზურგის ტკივილის, შაკიკისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობების შემთხვევაში. მათი უმრავლესობა, ვინც მასაჟს იკეთებს, ამბობს, რომ ამ პროცედურის შემდეგ შესანიშნავად გრძნობს თავს. დ-რ სანდრა მაკლანაჰანის სიტყვების თანახმად, „დაავადებების ოთხმოცი პროცენტი სტრესთან არის დაკავშირებული, ხოლო მასაჟი ამცირებს სტრესს“.

„მასაჟის ტექნიკის უმრავლესობა ნაკლებად სარისკოა, — ნათქვამია „BMJ“-ში, — როდესაც მასაჟის გაკეთება არ არის სასურველი, ამას საღი აზრიც გვკარნახობს (მაგალითად, მასაჟი არ უკეთდება დამწვარ ადგილებს ან ღრმა ვენების თრომბოზით დაავადებულ კიდურს). . . არ არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ კიბოთი დაავადებულებში მასაჟი მეტასტაზების გავრცელების პროცესს აჩქარებს“.

„რაკი მასაჟი ასეთი პოპულარობით სარგებლობს, ადამიანები მასაჟისტის კვალიფიკაციითაც ინტერესდებიან, და ეს ასეც უნდა იყოს“, — შენიშნა ამერიკის მასაჟისტთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ე. იუსთენ ლებრენმა. „BMJ“-ი ურჩევდა პაციენტებს, რომ არაპროფესიული მკურნალობის თავიდან აცილების მიზნით „დარწმუნებულიყვნენ, რომ მასაჟისტები სათანადო ორგანიზაციის მიერ არიან რეგისტრირებული“. ცნობების თანახმად, შარშან მასაჟისტებმა შეერთებული შტატების 28 შტატში მიიღეს ლიცენზია.

აკუპუნქტურა

აკუპუნქტურა წარმოადგენს სამკურნალო მეთოდიკას, რომელმაც მთელ მსოფლიოში საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა. მართალია, ტერმინი „აკუპუნქტურა“ რამდენიმე განსხვავებულ მეთოდს მოიცავს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ყველაზე ხშირად ძალიან წვრილი ნემსების გამოყენების მეთოდს მიმართავენ — სამკურნალო ეფექტის მისაღწევად ნემსებს სხეულის განსაზღვრულ ადგილებში ასობენ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჩატარებული გამოკვლევა მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ზოგ შემთხვევაში აკუპუნქტურის დროს შეიძლება ისეთი ნეიროქიმიური ნივთიერებები გამოიყოს, როგორებიცაა, მაგალითად, ენდორფინები, რომლებიც ტკივილის შემამსუბუქებელი და ანთებისას შვების მომგვრელია.

ზოგი გამოკვლევა ეთანხმება იმ აზრს, რომ აკუპუნქტურა შეიძლება ეფექტური იყოს მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ და რომ ის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ აკუპუნქტურის გამოყენება 104 დაავადების სამკურნალოდ შეიძლება. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ შექმნილმა კომიტეტმა დაასაბუთა ის, რომ აკუპუნქტურა მისაღები სამკურნალო საშუალებაა ოპერაციის შემდგომი ტკივილების, კუნთების ტკივილის, მენსტრუალური სპაზმებისა და ქიმიოთერაპიით ან ფეხმძიმობით გამოწვეული გულისრევისა და პირღებინების დროს.

თუმცა აკუპუნქტურას სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად სდევს, ადამიანებმა შეიძლება გაღიზიანება, დაბუჟება ან ჩხვლეტები იგრძნონ. ნემსების სათანადო სტერილიზაციით ან ერთჯერადი ნემსების გამოყენებით ინფექციის შეჭრის საფრთხის მინიმუმამდე დაყვანაა შესაძლებელი. ბევრ მათგანს, ვინც აკუპუნქტურის ტექნიკას ფლობს, არასრული სამედიცინო განათლება აქვს, რომელიც სწორი დიაგნოზის დასასმელად ან სხვა უფრო შესაფერის მკურნალობის მეთოდზე გადასვლის რჩევის მისაცემად არის აუცილებელი. არაგონივრული იქნებოდა დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი ცოდნის უგულებელყოფა. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ აკუპუნქტურას ქრონიკულ დაავადებათა სიმპტომების შესამსუბუქებლად ირჩევთ.

არჩევანი დიდია

ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია იმ მრავალი სამკურნალო მეთოდიდან, რომლებსაც ამჟამად ზოგან, ჩვეულებრივ, ალტერნატიულ მედიცინას მიაკუთვნებენ. მომავალში ზოგი მათგანი, ისევე როგორც ის მეთოდები, რომლებიც არ ყოფილა აქ განხილული, შეიძლება ოფიციალური გახდეს, ისევე როგორც ამ მეთოდებიდან ზოგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უკვე ითვლება კიდეც ოფიციალურად. სხვა მეთოდები, რასაკვირველია, შეიძლება აღარც გამოიყენონ ან დასაშვებია, არაპოპულარული გახდეს.

სამწუხაროდ, ტკივილი და ავადმყოფობა ადამიანთა ყოფიერების თანამგზავრია, როგორც ამას ასე ზუსტად აღწერს ბიბლია: „ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). ბუნებრივია, რომ ადამიანები შვებას ნატრობენ. მაგრამ სად უნდა ვეძებოთ დახმარება? გთხოვთ განიხილოთ ზოგი ფაქტორი, რომლებიც, შესაძლოა, სამედიცინო მკურნალობის არჩევაში დაგეხმაროთ.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

სამკურნალო მცენარეებისა და მედიკამენტების ურთიერთშეთავსება — არის თუ არა სარისკო?

ხშირად ადამიანებს აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ ექიმის მიერ დანიშნული გარკვეული მედიკამენტები ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად არ მიიღონ. არსებობს თუ არა აგრეთვე რაიმე საფრთხე გარკვეული სამკურნალო მცენარეების სხვა წამლებთან ერთად მიღებაში? რამდენად გავრცელებულია ეს ჩვევა?

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილებოდა „წამლებისა და სამკურნალო მცენარეების ერთდროული გამოყენების“ საკითხი. სტატიაში ნათქვამი იყო: „სრულასაკოვანი ადამიანების 44 პროცენტიდან, რომლებიც რეგულარულად იღებენ გამოწერილ მედიკამენტებს, დაახლოებით ყოველი მეხუთე (18,4%) ამბობდა, რომ წამლებთან ერთად, სულ მცირე, 1 მცენარეულ ნაწარმს, ვიტამინის დიდ დოზას ან ერთსაც და მეორესაც იღებდა“. მნიშვნელოვანია, ინფორმირებული ვიყოთ ასეთი ჩვევის შესაძლო საფრთხის შესახებ.

მათ, ვინც გარკვეულ მცენარეულ ნაწარმს იღებს, ეს საკითხი განსაკუთრებით უნდა აინტერესებდეთ იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო პროცედურის ჩატარების დროს ანესთეზია მოითხოვება. ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, დ-რ ჯონ ნილდი, განმარტავდა: „ადამიანთა ცხოვრებისეული მაგალითებიდან ჩანს, რომ ზოგ გავრცელებულ მცენარეს, ჟენ-შენისა და კრაზანას ჩათვლით, სისხლის წნევის არამდგრადობის გამოწვევა შეუძლია. ეს შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს ანესთეზიის დროს“.

ექიმმა დასძინა: „სხვა მცენარეებს, მაგალითად, გინკგოსა და ზარდანჩოს, შეუძლიათ სისხლის შედედება შეაფერხონ, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ეპიდურალური ანესთეზიის დროს — თუკი სისხლდენა ზურგის ტვინის მახლობლად ხდება, ამან შეიძლება დამბლა გამოიწვიოს. კრაზანას ზოგი ნარკოტიკული ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის მოქმედების გაძლიერებაც შეუძლია“.

ნათელია, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, გარკვეული მცენარეებისა და მედიკამენტების ერთობლივი მიღების პოტენციური საფრთხის შესახებ ინფორმირებული ვიყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფეხმძიმე ქალებმა და მეძუძურმა დედებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ მათი შვილებისთვის შეიძლება საზიანო იყოს გარკვეული სამკურნალო მცენარეებისა და მედიკამენტების ერთობლივად მიღება. ამიტომაც, პაციენტებს ურჩევენ, დაელაპარაკონ თავიანთ ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებენ, იქნება ეს ალტერნატიული თუ სხვა.

[სურათები 7 გვერდზე]

ზოგი მცენარე სასარგებლოა დაავადებების სამკურნალოდ.

ძირმწარა.

კრაზანა.

[საავტორო უფლება]

© Bill Johnson/Visuals Unlimited

[სურათი 7 გვერდზე]

საუკეთესო შედეგების მისაღწევად პაციენტებმა და ექიმებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ.