არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენი არჩევანი

თქვენი არჩევანი

თქვენი არჩევანი

თავის წიგნში ალტერნატიული მედიცინის შესახებ დ-რ ისადორ როზენფელდი ხაზს უსვამდა შემდეგ საკითხს: „ალალბედზე შერჩეული ცალკეული პირების ჯგუფისთვის ნებისმიერი მეთოდით ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება ყოველ მეორე შემთხვევაში გაუმჯობესება გამოიწვიოს, თუკი ეს ადამიანები დარწმუნებული არიან იმაში, რომ მკურნალობა მათთვის შედეგიანი იქნება“.

ამ მოვლენას პლაცებოს ეფექტი ეწოდება, რაშიც იგულისხმება ის, რომ შაქრის აბიც კი შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, თუკი ადამიანს სჯერა, რომ ეს ასე იქნება. პლაცებოს ეფექტმა შეიძლება შეამსუბუქოს სუბიექტური სიმპტომები — ტკივილი, გულისრევა, დაღლილობა, თავბრუდახვევა, შფოთვა და დეპრესია. რას ცხადყოფს ეს ფაქტი?

უპირველეს ყოვლისა ის ნათელყოფს, რომ, რა სამკურნალო მეთოდსაც უნდა მიმართოს ადამიანმა, თუკი დაჯერებულია მის ეფექტურობაში, ბევრ შემთხვევაში ეს დაჯერებულობა გამოკეთებისთვის საჭირო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამავე დროს, ბრძნული იქნებოდა იმის შემოწმება, მიმართულია თუ არა მკურნალობის ესა თუ ის ფორმა პრობლემის მიზეზისკენ და არა მხოლოდ სიმპტომებისკენ. ამის გამორკვევა შესაძლებელია მკურნალობის შედეგიანობის შეფასებით — მაგალითად, ლაბორატორიული გამოკვლევებით ან რენტგენით.

მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია ადამიანს ამა თუ იმ სახის მკურნალობის არჩევისას.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები

გადაწყვეტილების მიღებამდე გონივრულია გამოკვლევის ჩატარება. გამოარკვიეთ: რა შედეგს შეიძლება ელოდეთ? რა სარგებლობა ან ზიანი შეიძლება მოჰყვეს მკურნალობას? რამდენი იქნება გადასახდელი? რამდენ ხანს გასტანს მკურნალობა? გაესაუბრეთ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გამოსცადეს მკურნალობის ის მეთოდი, რომლის არჩევასაც ფიქრობთ. ჰკითხეთ, არიან თუ არა კმაყოფილი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ უბრალო მონაყოლმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ.

შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი არატრადიციული სამკურნალო მეთოდის არჩევა, თუკი ის აიძულებს ადამიანს, უარი თქვას ოფიციალური, ეფექტური მეთოდით მკურნალობაზე,, თუნდაც ასეთი მკურნალობის ეფექტურობა შეზღუდული იყოს. „ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში“ გამოქვეყნებული ცნობიდან ჩანდა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ არჩევანს. ჟურნალში მოთხრობილი იყო, თუ როგორ ვითარდებოდა სიმსივნე ორ ახალგაზრდა ავადმყოფში, რომელთაც ალტერნატიული საშუალებების გამოყენებისას უარი თქვეს ოფიციალურ მკურნალობაზე. ერთი მათგანი გარდაიცვალა.

ქრონიკული ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე ადამიანები გონივრულად იქცევიან, როდესაც ფხიზლობენ, რათა სამიზნედ არ იქცნენ ექიმბაშებისთვის, რომლებიც თავიანთ თაღლითურ მკურნალობას უკეთებენ რეკლამას. ფრთხილად იყავით ნებისმიერ ნაწარმთან, რომლითაც ადამიანებს მთელი რიგი დაავადებებისგან განკურნებას ჰპირდებიან. ამის ბოლოდროინდელი მაგალითია ახალი ვიტამინი, რომლის შესახებაც ამბობდნენ, რომ „აბსოლუტურად ყველაფრისთვის იყო კარგი, დაწყებული სასუნთქი გზების პრობლემებითა და სისუსტით, დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით“. „ვიტამინის“ ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის მარილიანი წყალი იყო და მეტი არაფერი.

უეჭველია, ალტერნატიული მკურნალობის ზოგი ფორმა შეიძლება სასარგებლო იყოს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ თქვენი მოლოდინი რეალისტური უნდა იყოს. გონივრული იქნებოდა, ყურადღება გაგემახვილებინათ ჯანსაღ კვებაზე, საკმარის ძილზე, რეგულარულ ვარჯიშზე და მკურნალობის არჩევისას სიფრთხილე გამოგეჩინათ.

ძიების დაგვირგვინება

აშკარაა, რომ ადამიანთა მიერ შემუშავებულ არც ერთ სამკურნალო მეთოდს არ შეუძლია, წერტილი დაუსვას ყველა დაავადებას, ბოლოს კი — სიკვდილს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ჩვენი თავდაპირველი მშობლისგან, პირველი მამაკაცისგან, ადამისგან, მემკვიდრეობით გადმოგვეცა (იობი 14:4; ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12). ბევრი სამკურნალო მეთოდი — რა სახისაც უნდა იყოს — შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ ისინი მხოლოდ დროებითი ზომებია, რომლებსაც შეუძლია სიცოცხლე გაახანგრძლივოს და რაღაც შეზღუდული დროით უფრო სასიამოვნო გახადოს. მაგრამ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემის გადამწყვეტი საიმედო წამალი, რომელიც მილიონობით ადამიანმა უკვე აღმოაჩინა.

ამ წამალს გვაძლევს ჩვენი შემოქმედი, დიდებული მკურნალი, იეჰოვა ღმერთი. მის მიმართ რწმენის გამოვლენითა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მიერ გაღებული ცოდვის დამფარავი გამომსყიდველური მსხვერპლიდან სარგებლობის მიღებით თქვენ სრულყოფილი ჯანმრთელობითა და მარადიული სიცოცხლით გაიხარებთ დაავადებათაგან თავისუფალ მსოფლიოში! (მათე 20:28). ბიბლია გვპირდება, რომ ამ ახალ ქვეყნიერებაში „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24).

[ჩანართი 12 გვერდზე]

მილიონობით ადამიანს აქვს სრულყოფილი ჯანმრთელობით გახარების ერთადერთი ნამდვილი იმედი.