არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები — რატომ მიმართავენ მათ ხშირად

მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები — რატომ მიმართავენ მათ ხშირად

მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები — რატომ მიმართავენ მათ ხშირად

ალტერნატიული ანუ არატრადიციული მედიცინა სამკურნალო ტექნიკისა და მეთოდიკის ვრცელ არეალს მოიცავს. ამ ტექნიკიდან და მეთოდიკიდან მრავალი გაერთიანებულია ნატუროპათიის სახელით; ეს არის მკურნალობის სისტემა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივი ნივთიერებებით ან ფიზიკური საშუალებების გამოყენებით ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მისთვის თვითგანკურნების საშუალების მიცემაზე. საკმაოდ ბევრ ასეთ მკურნალობის მეთოდს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ფართოდ იყენებდნენ, თანამედროვე მედიცინა დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა და უგულებელყოფდა.

მაგალითად, 1960 წლის 27 აგვისტოს „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში“ ნათქვამი იყო, რომ დამწვრობაზე ცივი საფენების დადება «ძველ დროში მცხოვრები ხალხისთვის ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ექიმები და მოსახლეობა მას არაფრად აგდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურულ წყაროებში მიმოფანტული მითითებები ერთხმად აქებენ მკურნალობის ამ ფორმას, დღეს ის ნაკლებად გამოიყენება. მართლაც, ექიმების უმრავლესობა ამბობს, რომ „ამ მეთოდს არავინ მიმართავს“, თუმცა ბოლომდე არავინ იცის ამის მიზეზი».

მაგრამ ბოლო ათწლეულებში დამწვრობაზე ცივი წყლის საფენებისა და კომპრესების დადებას ოფიციალური მედიცინა კიდევ ერთხელ მიემხრო. ჟურნალ „The Journal of Trauma“-ის 1963 წლის სექტემბრის გამოცემაში ნათქვამი იყო: „დამწვრობის სამკურნალოდ ადრეულ სტადიაშივე ცივი წყლის გამოყენებისადმი ინტერესი 1959 და 1960 წლებში ოფეიგსონისა და შულმანის მიერ წარმოებული დაკვირვებების შემდეგ გაიზარდა. გასულ წელს ავადმყოფებს ამ მეთოდით ვმკურნალობდით; ჩვენ მიერ მიღწეული შედეგები დამაიმედებელი იყო“.

ცივი წყლით მკურნალობა შედარებით უვნებელია და ის, რასაკვირველია, შვების მომგვრელიცაა. ჰიდროთერაპიას, რომელშიც წყალი დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვაგვარად გამოიყენება, ალტერნატიულ მედიცინაში მიმართავენ და მკურნალობის ასეთი ფორმები ამჟამად თანამედროვე მედიცინის მიერაც არის აღიარებული *.

ამნაირადვე, დაავადებების სამკურნალოდ ექიმები ალტერნატიული მედიცინის დარგში ხშირად მცენარეებს იყენებენ. ზოგან ამ სახის მკურნალობას ასწლეულების, ათასწლეულების განმავლობაშიც კი, მიმართავდნენ. ინდოეთში, მაგალითად, სამკურნალო ბალახების გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში მედიცინის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. დღესდღეობით, გარკვეული მცენარეების სამკურნალო ძალას მრავალი მედიკოსი, პრაქტიკულად, ყველგან აღიარებს.

ღირსშესანიშნავი შემთხვევა

დაახლოებით ასი წლის წინათ რიხარდ ვილშტეტერზე, რომელმაც მოგვიანებით მცენარეთა ბიოქიმიის შესწავლა დაიწყო, დიდად იმოქმედა იმან, რაც მის ახლო მეგობარს, ათი წლის ზეპ შვაბს დაემართა. ზეპს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა ფეხი. ექიმების აზრით, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ფეხის ამპუტირება იყო საჭირო, მაგრამ ზეპის მშობლებმა ოპერაცია მეორე დილისთვის გადადეს. ამასობაში მათ მოძებნეს მწყემსი, რომელსაც მცენარეული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით სახელი ჰქონდა განთქმული. მწყემსმა შეაგროვა სხვადასხვა მცენარე და ისე დაკეპა, რომ საჭმელად მომზადებულ ისპანახის მასას დაამსგავსა, რის შემდეგაც მიღებული ნაზავი ჭრილობაზე დაადო.

დილისთვის ფეხის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ოპერაცია კვლავ გადაიდო. მკურნალობა გაგრძელდა და, დროთა განმავლობაში, ჭრილობა სრულიად შეხორცდა. ვილშტეტერმა მიუნხენის უნივერსიტეტში (გერმანია) შეისწავლა ქიმია და მოგვიანებით ნობელის პრემია მიიღო იმ აღმოჩენებისთვის, რომლებიც მცენარეთა პიგმენტების, განსაკუთრებით კი ქლოროფილის, გამოკვლევებს უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ფარმაცევტული პრეპარატების 25 პროცენტი ნაწილობრივ ან სრულიად მცენარეებში ბუნებრივი სახით არსებული ქიმიური ნივთიერებებისგან არის წარმოებული.

აუცილებელია გაწონასწორებულობა

მაგრამ მკურნალობის თაობაზე ისიც უნდა ითქვას, რომ ის, რაც ერთი ადამიანისთვის ძალზე ეფექტურია, მეორისთვის შეიძლება ნაკლებად შედეგიანი იყოს. ნებისმიერი მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, დაავადების ხასიათითა და სირთულით დაწყებული, ავადმყოფის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობით დამთავრებული. შეიძლება იმასაც კი ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ როდის მიმდინარეობს მკურნალობა.

ალტერნატიული მეთოდები, ჩვეულებრივ, მკურნალობის ოფიციალური მეთოდებზე უფრო ნელა მოქმედებს, ისე რომ დაავადება, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, დიაგნოზის თავის დროზე დასმისა და მკურნალობის ადრეულ სტადიაშივე დაწყების შემთხვევაში, შეიძლება იმ დონემდე განვითარდეს, რომ ძლიერმოქმედი მედიკამენტები და თვით ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს საჭირო ადამიანის გადასარჩენად. ამიტომაც, შეიძლება არ იყოს გონივრული მხოლოდ რომელიმე ერთი სახის მკურნალობისთვის უპირატესობის მინიჭება, თითქოს ის წარმოადგენდეს დაავადებასთან გასამკლავებელ ერთადერთ საშუალებას.

ალტერნატიული მედიცინა ჯანმრთელობის დაცვისადმი მიდგომის საკითხში განსხვავდება მკურნალობის ოფიციალური მეთოდებისგან. ჩვეულებრივ, მისი სამკურნალო მეთოდები უფრო მეტად დაავადების არიდებას უკავშირდება; ყურადღება მახვილდება ადამიანის ცხოვრების წესსა და გარემო პირობებზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეს ფაქტორები მის ჯანმრთელობაზე. სხვაგვარად რომ ითქვას, ექიმები ალტერნატიული მკურნალობის დარგში, ჩვეულებრივ, მთლიანად ადამიანს უყურებენ და არა მხოლოდ დაზიანებულ ორგანოს ან დაავადების განვითარების სტადიას.

ალტერნატიული მედიცინით დაინტერესება, უეჭველია, იმით აიხსნება, რომ მასში გამოიყენება ბუნებრივი მასალები და მკურნალობის მეთოდები ოფიციალური მედიცინისაზე უფრო ფაქიზი და ნაკლებად სახიფათოა. მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების არჩევის მიმართ მზარდი ინტერესის გამო მომდევნო სტატიაში ალტერნატიული მკურნალობის რამდენიმე მაგალითი იქნება განხილული.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იხილეთ 1990 წლის 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 26, 27 (რუს.).