რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
შიშის გამო გასუქებისკენ სწრაფვა
იმის შიშით, რომ შიდს-ით დაავადებულებში არ შეეშალოთ, „კამერუნის ჩრდილოეთში მცხოვრები ზოგი ქალი წონის მოსამატებელ წამლებს დიდი რაოდენობით იღებს“, — ციტირებს „Courrier International“-ი დუალაში გამომავალი გაზეთის, „მესაჟის“, სიტყვებს. „როდესაც ავადმყოფი წონაში იკლებს, ეს ამბავი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ხოლო, საზოგადოების აზრით, წონის დაკარგვა იმ ავადმყოფობის დასადგენი ყველაზე ნაცნობი სიმპტომია“, რომელიც აფრიკაში „სიგამხდრის დაავადების“ სახელითაც არის ცნობილი. მედიკამენტებს, რომლებიც შავ ბაზარზე იყიდება, „ყოველგვარი რეცეპტის გარეშე“ იღებენ, — ნათქვამია ერთ-ერთ აფრიკულ პუბლიკაციაში, მაგრამ გამხდარი ახალგაზრდა ქალებისთვის მათ შესახებ ხმების გავრცელება და საზოგადოებისგან განდევნის შიში, იმის გამო, რომ ისინი თითქოსდა აივ-ით არიან ინფიცირებული, პოტენციურ რისკზე უფრო ძლიერია.
კვიპროსზე პავლეს ყოფნის ნივთმტკიცება?
„იტალიელი არქეოლოგები ამბობენ, რომ კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ კლდოვან და მზიან სანაპიროზე, პაფოსზე, პავლეს ყოფნის უძველესი ნივთმტკიცება აღმოაჩინეს“, — აღნიშნულია „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვაში“, — დღემდე, მოციქულის ვიზიტის შესახებ ვიგებდით მხოლოდ ახალი აღთქმიდან, რომელშიც მოთხრობილია, რომ პირველი მისიონერული მოგზაურობისას პავლემ ‘კვიპროსზე გასცურა’, სადაც ‘მთელი კუნძული პაფოსამდე’ გადაკვეთა“ (საქმეები 13:4—6). ნივთმტკიცება წარმოადგენს მარმარილოს ფირფიტის ფრაგმენტს, რომელზეც ბერძნულ ენაზე ამოტვიფრული ორი სტრიქონი ჩანს. ზედა იკითხება როგორც „ლუ“, ხოლო ქვედა — „ოსტო“. არქეოლოგებმა აღადგინეს ეს ფრაგმენტი და ამოიკითხეს „(პაუ)ლუ (აპ)ოსტო(ლუ)“ ანუ „პავლე მოციქული“. არქეოლოგებმა ეს ფრაგმენტი ახ. წ. პირველი ან მეორე საუკუნით დაათარიღეს. „პაფოსის ფრაგმენტი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ პავლეს მოგზაურობების რუკის რეკონსტრუქცია დავიწყოთ“, — თქვა არქეოლოგიური ჯგუფის მეთაურმა, ფილიპო ჯუდიჩემ.
ხომ არ გსურთ, ახალ სახეობებს თქვენი სახელი უწოდოთ?
„ეძებთ რაღაც განსაკუთრებულ საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის, რომელსაც, თითქმის ყველაფერი აქვს? — დასმულია კითხვა ჟურნალ „საიენსში“ — ამისათვის შორს წასვლა არ არის საჭირო. ნაირფეროვანი ბიოლოგიური სამყაროს გამოსაკვლევად გაღებული ფულადი შეწირულობის სანაცვლოდ გეძლევათ იმის საშუალება, რომ ორქიდეას, კოღოს ან ზღვის მოლუსკების წინათ უცნობი სახეობებიდან რომელიმეს საყვარელი ადამიანის სახელი უწოდოთ; ეს სახელი ხომ მეცნიერულ ლიტერატურაში სამარადისოდ ჩაიწერება“. შეგიძლიათ თქვენი სახელიც დაარქვათ. ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ არსებული სახეობებიდან მეცნიერულ ლიტერატურაში დღესდღეობით მხოლოდ მეათედი ან უფრო ნაკლებია აღწერილი. ათასობით შეგროვილი სახეობა მუზეუმის უჯრებში უსახელოდ არის ჩალაგებული და სახელის დარქმევისა და მეცნიერულ ჟურნალში აღწერის დროს ელის. ამჟამად ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ ვებ-საიტს და იხილონ სურათებზე აღბეჭდილი უსახელო სახეობები, რომლებსაც გამოსაქვეყნებლად მომზადებული აღწერილობა ახლავს. შემდეგ მათ შეუძლიათ 2 800 ან უფრო მეტი დოლარი გადაიხადონ და მათ მიერ ამორჩეულ სახეობებს ლათინური სახელი მიანიჭონ. ამ გზით ორგანიზაცია BIOPAT-ი სისტემატიკისა და ახალი სახეობების დაცვისათვის საჭირო ფონდების გაზრდას იმედოვნებს.
ბავშვები მსხვერპლად ეწირებიან
„ყოველდღე, ხუთ წლამდე ასაკის 30 500 გოგო-ბიჭი მრავალი ისეთი მიზეზით კვდება, რომელთა აცილებაც შეიძლებოდა“, — ამბობს გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდი თავის ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2000“. გაზეთი „ინდიან ექსპრესი“ იტყობინებოდა იმის შესახებ, რომ „ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიარაღებულ კონფლიქტებს დაახლოებით ორი მილიონი ბავშვი შეეწირა, ექვსი მილიონი დაზიანდა ან დაინვალიდდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი კი უფლებათა დარღვევის მსხვერპლი გახდა“. 15 მილიონზე მეტი ბავშვი ლტოლვილია, მილიონზე მეტი მშობლებს არის მოწყვეტილი ან დაობლებულია. გარდა ამისა გაზეთში მოიხსენიებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებიდან, სულ მცირე, 250 მილიონს იძულებით ამუშავებენ, მათგან 20 პროცენტს — უკიდურესად სახიფათო პირობებში. მთელ მსოფლიოში დაახლოებით მილიონ ბავშვს აიძულებენ, პროსტიტუციას მიჰყონ ხელი, ხოლო 250 000 ბავშვი ყოველთვიურად აივ-ით ინფიცირდება. 130 მილიონი ბავშვი, რომელთაგანაც ორი მესამედი გოგონაა, სკოლაში არ დადის.