არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენის გამოცდა პოლონეთში

რწმენის გამოცდა პოლონეთში

რწმენის გამოცდა პოლონეთში

მოგვითხრო იან ფერენცმა

ჯერ კიდევ ყმაწვილი ვიყავი, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. კარგად მახსოვს, ბიძაჩემი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, გვინახულებდა ხოლმე და ბიბლიას გვიკითხავდა. ჩემს მშობლებს არ აინტერესებდათ, მაგრამ მე, ჩემი და, იანინა, და ძმა, იუზეფი, სერიოზულად დავინტერესდით. მალე თითოეული იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ. მაშინ მხოლოდ 14 წლის ვიყავი.

როდესაც მშობლებმა შენიშნეს, რომ ბიბლიის შესწავლა კეთილსასურველად მოქმედებდა ჩვენს ცხოვრებაზე, მათაც დაიწყეს მოსმენა. როცა მამამ გაიგო, რომ ბიბლია განსჯის კერპთაყვანისმცემლობას, თქვა: „თუ ეს ღვთის სიტყვაშია ნათქვამი, მაშინ მღვდლები უმეცრებაში გვტოვებენ. შვილო, ჩამოხსენი ყველა ხატი კედლებიდან და გადაყარე!“ დაახლოებით ორ წელიწადში ჩემი მშობლებიც მოინათლნენ. ისინი სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

სიძნელეების წინაშე დგომა

ომის დამთავრების შემდეგ იეჰოვას მოწმეებს რთული დრო დაუდგათ. მაგალითად, ქალაქ ლოდზში არსებულ ოფისს მოულოდნელად თავს დაესხნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები და იქ მომუშავეები დააპატიმრეს. აღმოსავლეთ პოლონეთში კათოლიკე მღვდლების წაქეზებით ეროვნული შეიარაღებული ძალების პარტიზანები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ იეჰოვას მოწმეებს *.

დაახლოებით იმავე პერიოდში კომუნისტურმა მთავრობამ კონგრესების ჩასატარებლად ადრე მოცემული ნებართვა ჩამოგვართვა და უკვე მიმდინარე კონგრესების ჩაშლას შეეცადა. მაგრამ დიდი წინააღმდეგობა, რომელსაც ვაწყდებოდით, უფრო აძლიერებდა ჩვენს გადაწყვეტილებას, გაგვეგრძელებინა ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება. 1949 წელს ჩვენ საკმაოდ ბევრნი, 14 000-ზე მეტი მოწმე, ვიყავით პოლონეთში.

ძალიან მალე პიონერი (იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმე) გავხდი. პირველად დანიშნულება ჩემი სახლიდან დაახლოებით 500 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე მივიღე. მაგრამ შემდეგ მიმომსვლელ ზედამხედველად დავინიშნე ქალაქ ლუბლინის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩემი მშობლების საცხოვრებელი ადგილიდან არც ისე შორს მდებარეობდა.

დაპატიმრება და დევნა

1950 წლის ივნისში დამიჭირეს და კომუნისტურმა მთავრობამ ბრალი დამდო ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუშობაში, რის გამოც ნესტიან სარდაფში ჩამაგდეს. ღამით იქიდან ამომიყვანეს, გამომძიებელს რომ დავეკითხე. „რელიგიური გაერთიანება, რომელსაც შენ მიეკუთვნები, სექტას წარმოადგენს და ჩვენი სახელმწიფოს მტერია, — თქვა მან. — თქვენი ორგანიზაციის მთავარი სამმართველო სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს ამერიკისთვის. ჩვენ შეგვიძლია დაგიმტკიცოთ ეს! თქვენმა ძმებმა უკვე აღიარეს, რომ მათ მოიარეს მთელი ქვეყანა და მონაცემები შეაგროვეს სამხედრო ბაზებისა და საომარი იარაღის საწარმოების შესახებ“.

რასაკვირველია, ეს ბრალდებები აშკარა სიცრუე იყო. მიუხედავად ამისა, ამ პოლიციელმა შემომთავაზა, ხელი მომეწერა განცხადებისთვის და ასეთი სახით უარი მეთქვა, როგორც თავად უწოდებდა, სამარცხვინო ორგანიზაციის წევრობაზე. ის არაერთხელ შეეცადა, დავეთანხმებინე ხელის მოწერაზე. გარდა ამისა, ის ცდილობდა, დავეყოლიებინე ყველა ჩემი ნაცნობი მოწმის სახელისა და მისამართის, აგრეთვე იმ ადგილების მისამართის დასაწერად, საიდანაც ჩვენი პუბლიკაციები ნაწილდებოდა. მაგრამ მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

ამის შემდეგ პოლიციელებმა ხელკეტებით მცემეს გონების დაკარგვამდე. მერე გონზე მოსასვლელად წყალი დამასხეს და კვლავ ჩემ დაკითხვას შეუდგნენ. მომდევნო ღამეს გამეტებით მირტყეს ქუსლებში. ხმამაღლა ვევედრებოდი ღმერთს, რომ მოეცა ძალა ამის ასატანად, და ვგრძნობდი, როგორ მეხმარებოდა. ღამღამობით დაკითხვა სისტემატურად გრძელდებოდა თითქმის ერთი წლის მანძილზე.

1951 წლის აპრილში გამანთავისუფლეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მოწმე იყო დაპატიმრებული. ამის შემდეგ პასუხისმგებელ მოწმეს მივმართე და ვთხოვე, რომ ახალი დანიშნულება მოეცა ჩემთვის. „არ გეშინია, რომ ისევ დაგაპატიმრონ? — მკითხა მან. „ახლა კიდევ უფრო მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიმსახურო იქ, სადაც დიდი საჭიროებაა“, — მივუგე მას. მე ისევ შევუდექი მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურებას. მოგვიანებით კი შემომთავაზეს, ორგანიზება გამეწია პოლონეთში ჩვენი პუბლიკაციების დაბეჭდვისა და გავრცელებისთვის.

იმ დროს ჩვენ პრიმიტიულ მიმეოგრაფებსა და როტატორებს ვიყენებდით „საგუშაგო კოშკის“ ასლების გასაკეთებლად. ჩვენ მიერ დაბეჭდილი ლიტერატურა დაბალი ხარისხის იყო. ძალიან ძვირი გვიჯდებოდა ქაღალდის ყიდვა, რომელიც იმ დროს ძნელად იშოვებოდა. ასლების გადაღება განმარტოებულ ადგილებში გვიწევდა — ფარდულებში, სარდაფებსა და სხვენებში; ვისაც მიაგნებდნენ, მას დაპატიმრება ელოდა.

მახსოვს, ამ მიზნით ამომშრალ ჭასაც ვიყენებდით. ამ ჭას, რომელიც დაახლოებით 10,5 მეტრი სიღრმის იყო, ჩატანებული ჰქონდა კარები, რომლიდანაც შევდიოდით პატარა ოთახში, სადაც მიმეოგრაფზე ჟურნალებს ვბეჭდავდით. იქ ჩასასვლელად თოკით უნდა დავშვებულიყავით. ერთხელ, როცა დაბლა უშველებელი ხის ვედროთი მიშვებდნენ, მოულოდნელად თოკი გაწყდა. ფსკერს დავენარცხე და ფეხი მოვიტეხე. რამდენიმე ხანი სავადმყოფოში დავყავი, მაგრამ როდესაც იქიდან გამოვედი, ისევ მიმეოგრაფიულ მანქანაზე დავიწყე მუშაობა.

იმავე პერიოდში ენთუზიაზმით აღსავსე პიონერი, დანუტა, გავიცანი. 1956 წელს დავქორწინდით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ერთად ვმსახურობდით პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში. 1960 წლისთვის ორი ბავშვი გვყავდა, რის გამოც გადავწყვიტეთ, დანუტას სრული დროით მსახურება შეეწყვიტა და მათზე ეზრუნა. მალე ისევ დამაპატიმრეს და ვირთხებით სავსე საკანში ჩამსვეს. შვიდი თვის შემდეგ ორი წლით პატიმრობა მომესაჯა.

ციხეში და მის გარეთ

ბიდგოშჩის ციხეში 300-ზე მეტი პატიმარი იყო; ამიტომ ლოცვით მივმართავდი იეჰოვას, რომ დამხმარებოდა იქ მყოფი გულწრფელი ადამიანებისთვის სამეფოს ცნობის გაზიარებაში. ციხის ზედამხედველს გავესაუბრე და შევთავაზე, რომ დალაქად ვიმუშავებდი. ჩემდა გასაოცრად ის დამეთანხმა. მალე პატიმრებს წვერს ვპარსავდი, თმას ვკრეჭდი და იმათთან ვქადაგებდი, რომლებიც დადებითად იყვნენ განწყობილი.

პატიმარი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა დალაქად, მალე გამოეხმაურა ჩვენს საუბრებს. მან სხვებისთვის ბიბლიიდან ნასწავლის გაზიარებაც კი დაიწყო. ცოტა ხანში ციხის ზედამხედველმა გვიბრძანა, შეგვეწყვიტა, როგორც თავად უწოდა, დივერსიული პროპაგანდა. ჩემი თანამშრომელი დალაქი გაბედულად იდგა თავის პოზიციაზე. მან აუხსნა მას: „მე ვიპარავდი, მაგრამ ახლა აღარ ვიპარავ. ერთ დროს თამბაქოს ვიყავი გადაყოლილი, მაგრამ თავი დავანებე წევას. მე ვიპოვე ცხოვრების მიზანი და მსურს, რომ იეჰოვას მოწმე ვიყო“.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ პასუხიმგებელმა ძმებმა პოზნანში გამაგზავნეს, რათა ზედამხედველობა გამეწია „პურის მაღაზიისთვის“, როგორ ჩვენს საიდუმლო სტამბას ვუწოდებდით. 50-იანი წლების მიწურულს ჩვენი ბეჭდვითი საქმიანობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ვისწავლეთ გვერდების ზომის ფოტომექანიკური დაპატარავება, რაც ჩვენს ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, და ოფსეტურ როტაციულ საბეჭდ მანქანაზე მუშაობას დავეუფლეთ. 1960 წელს წიგნების ბეჭდვა და აკინძვაც დავიწყეთ.

ამის შემდეგ მალე მეზობლად მცხოვრებმა მამაკაცმა ჩვენი საქმიანობის შესახებ პოლიციას შეატყობინა და ისევ დამაპატიმრეს. 1962 წელს, როდესაც გავთავისუფლდი, სხვა რამდენიმე ძმასთან ერთად შჩეცინში მსახურება დამევალა. მაგრამ სანამ გავემგზავრებოდით, შეგვატყობინეს, რომ შჩეცინის ნაცვლად, კიელცეში უნდა წავსულიყავით. ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს ერთგული ქრისტიანი ძმების ხელმძღვანელობით მოხდა. მაგრამ იქ დაგვაპატიმრეს და კიდევ წელიწად-ნახევარი მომისაჯეს. ეს იმან განაპირობა, რომ ჩვენ შორის მყოფმა თვითმარქვიებმა გაგვცეს. მოგვიანებით გამოაშკარავდა მათი ვინაობა და ზომები იქნა მიღებული, რომ ისინი ჩვენს რიგებს ჩამოშორებოდნენ.

საბოლოოდ, როდესაც ციხიდან გამოვედი, მთელ პოლონეთში ჩვენი ბეჭდვითი საქმიანობის ზედამხედველად დამნიშნეს. 1974 წელს, მას შემდეგ, რაც ათი წლის განმავლობაში ვცდილობდი, შეუმჩნეველი ვყოფილიყავი, პოლიციამ მიაგნო ჩემს კვალს და ოპოლეში დამაპატიმრეს. ამის შემდეგ ცოტა ხანში ზაბჟეს ციხეში გადამაგზავნეს. „შენი საეპისკოპოსო მოღვაწეობა დასრულებულია, — მითხრა ციხის ზედამხედველმა. — თუ შენს პროპაგანდას განაგრძობ, სამარტოო ტუსაღობას მოგისჯიან“.

ციხეში ქადაგება

რასაკვირველია, ჩემი, როგორც მსახურის, მოღვაწეობა ამით არ დასრულებულა. ორ თანაპატიმართან ბიბლიის შესწავლაც კი დავიწყე. საბოლოოდ, მათ იმდენად წინ წაიწიეს სულიერად, რომ ციხის დიდ აბანოში მოვნათლე.

სხვა პატიმრებიც გამოეხმაურნენ ჩვენს ქადაგებას და 1977 წლის აპრილში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შევიკრიბეთ (ლუკა 22:19). ორი თვის შემდეგ, 1977 წლის ივნისში, გამანთავისუფლეს და მას მერე აღარავის დავუპატიმრებივარ.

იმ პერიოდისთვის მთავრობის წარმომადგენლები უფრო შემწყნარებლები გახდნენ ჩვენი მოღვაწეობის მიმართ. უეჭველად, დიდად დამხმარე აღმოჩნდა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრების ვიზიტები. 1977 წელს სამი მათგანი სხვადასხვა ქალაქში ზედამხედველებს, პიონერებსა და დიდი ხნის მოწმეებს გაესაუბრა. მომდევნო წელს ორმა მათგანმა თავაზიანად მიმართა რელიგიურ საქმეთა სამინისტროს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 1989 წელს მოიხსნა ჩვენს საქმიანობაზე აკრძალვა. ამჟამად 124 000 აქტიური მოწმეა პოლონეთში.

ცუდი ჯანმრთელობის გამო დანუტას ამ ბოლო წლებში უკვე აღარ შეუძლია თან მახლდეს, მაგრამ მამხნევებს და სურს, რომ კვლავ გავაგრძელო კრებების მონახულება. მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი იმის გამო, რომ ძალიან დიდ დახმარებას მიწევდა მაშინ, როცა არაერთხელ მაპატიმრებდნენ.

ჩემ მიერ 50 წლის წინათ მიღებული გადაწყვეტილება, მემსახურა იეჰოვასთვის, ნამდვილად სწორი იყო. მე უდიდესი სიხარული ვპოვე მთელი გულით იეჰოვასათვის მსახურებით. მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ესაიას 40:29-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ის [იეჰოვა] აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს“.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 იხილეთ 1994 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, გვერდები 213—222 (ინგლ.).

[სურათები 20 გვერდზე]

ჩვენ მიმეოგრაფებსა და მოგვიანებით ოფსეტურ როტაციულ საბეჭდ მანქანას ვიყენებდით პუბლიკაციების დასაბეჭდად.

[სურათები 21 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე, დანუტა.