უნდა ახდენდეს ზოდიაქო თქვენს ცხოვრებაზე ზეგავლენას?
ბიბლიის თვალსაზრისი
უნდა ახდენდეს ზოდიაქო თქვენს ცხოვრებაზე ზეგავლენას?
„საკმაოდ ბევრია ისეთი ახალგაზრდა და სრულასაკოვანი, რომლებიც თავიანთ ბედ-იღბალს ვარსკვლავებში ეძებენ“. (იოანე პავლე II).
ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ყოველი ოთხი ამერიკელიდან ერთი გადაწყვეტილებების მიღებისას ასტროლოგიას მიმართავს. ასტროლოგიური ნიშნების საფუძველზე რჩევა-დარიგების გათვალისწინებასა და ამის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებას შეერთებულ შტატებში მართლაც არავინ ზღუდავს. ფაქტობრივად, რჩევის მიღების მიზნით მთელ მსოფლიოში იყენებენ ზოდიაქოს ნიშნებს ფინანსურ საქმეებში, სამოგზაურო გეგმებში, კარიერასთან, ქორწინების თარიღთან და სამხედრო სტრატეგიებთან დაკავშირებულ საკითხებში. ამბობენ, რომ პიროვნების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება მომავალი მეუღლის ამოცნობა და იმის გარკვევაც, რომელი პარტნიორები ვერ შეუთავსდებიან ერთმანეთს. აღმოსავლეთში თუ დასავლეთში ასტროლოგია მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. მაგრამ საინტერესოა, საიდან იღებს ზოდიაქო სათავეს?
ზოდიაქო წარსულში
ზოდიაქოს ნიშნების სხვადასხვაგვარი ფორმების მიკვლევა შესაძლებელია უძველეს ცნობილ ცივილიზაციებში. ბიბლიაც კი მოიხსენიებს „ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს“ [აქ] (მეოთხე მეფეთა 23:5). როგორც ჩანს, ძველ დროში ზოდიაქოს მიმართავდნენ ინდუსები, ჩინელები, ეგვიპტელები, ბერძნები და სხვა ხალხები. მაგრამ, ზოდიაქოს ნიშნების შესახებ უძველესი წყაროები ძველ ბაბილონში იქნა აღმოჩენილი.
ბაბილონელებმა ასტროლოგია მომავლის შესახებ ცნობების მისაღებად განავითარეს. ციური სხეულების მოძრაობა აღნიშნული ჰქონდათ დეტალურად დამუშავებულ ნახაზებსა და ცხრილებში, რის საშუალებითაც ადამიანთა საქმეებისა და მსოფლიო მოვლენების შესახებ წინასწარმეტყველებდნენ. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ თუ სამხედრო გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ მანამ, სანამ ასტროლოგებისგან რჩევას არ მიიღებდნენ. ქურუმები აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებულ სიბრძნესა და ზებუნებრივ ძალას ფლობდნენ, რის შედეგადაც მათი ზეგავლენა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. გარდა ამისა, ბაბილონის ყველა დიდ ტაძარში ციურ მოვლენებზე დაკვირვების პუნქტი იყო მოწყობილი.
თანამედროვე მსოფლიოში ზოდიაქოს ნიშნები კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი ადამიანის ცხოვრებაში. მათაც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სჯერათ ჰოროსკოპის, შესაძლოა, უბრალოდ გართობისა და ცნობისმოყვარეობის მიზნით მიმართონ მას. მართალია, ასტროლოგების ზოგი წინასწარმეტყველება შესრულდა, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ რჩევის მისაღებად ვარსკვლავებისთვის მიმართვა სასარგებლოა? რა თვალსაზრისი ჰქონდათ ღვთის ადრინდელ მსახურებს ასტროლოგიაზე?
ფარული საშიშროება
ბაბილონელთაგან განსხვავებით, ერთგული იუდეველები ასტროლოგიას არ მიმართავდნენ — და სწორადაც იქცეოდნენ. ღმერთმა არაორაზროვნად გააფრთხილა ისინი: «ნუ იქნება შენს შორის. . . ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე [„სპირიტული მედიუმი“, აქ], მჩხიბავი [„მკითხავი“, აქ] და მკვდართა გამომკითხველი, რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი» * (მეორე რჯული 18:10—12).
ღვთის მსახურებს ასტროლოგიის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირათ. მაგალითად, ერთგულმა მეფე იოშიამ «გაყარა. . . ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის [„ზოდიაქოს თანავარსკვლავედებისთვის“, აქ] გუნდრუკის მკმეველნი». იოშიას საქციელზე ითქვა, რომ ის „სწორად იქცეოდა უფლის თვალში“ და ღმერთმა ამისთვის აკურთხა იგი (მეოთხე მეფეთა 22:2; 23:5). მაგრამ ზოგმა შეიძლება იკითხოს: განა არ სრულდება ასტროლოგების ზოგი წინასწარმეტყველება?
საინტერესოა, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ჩვენ ვკითხულობთ ერთი მხევლის შესახებ, რომელიც „თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს“. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალის ზოგი წინასწარმეტყველება სრულდებოდა, რადგან მისი ბატონები მოგებას ნახულობდნენ მისი ძალით. მაგრამ რა იდგა მისი წინასწარმეტყველების უნარის მიღმა? ბიბლია აღნიშნავს, რომ ის შეპყრობილი იყო ‘პითონის სულით [„დემონით, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა“, აქ]’ (საქმეები 16:16).
ბიბლიაში ნათქვამია, რომ «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს» ანუ სატანა ეშმაკის გავლენის ქვეშ იმყოფება (1 იოანე 5:19). სატანამ და მისმა დემონებმა მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიქციეს მოვლენების მანიპულირების შედეგად ზოგიერთი წინასწარმეტყველების შესრულებით.
სინამდვილეში, ასტროლოგია ეშმაკის ერთ-ერთი ‘მზაკვრობაა’ ადამიანთა დასამორჩილებლად და მათზე გავლენის მოსახდენად, თავის მიზანს რომ მიაღწიოს. ამგვარად, არ არის გასაკვირი, რომ ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, ‘წინაღუდგნენ’ სატანის მარჯვე ხრიკებს, რომლებშიც ასტროლოგიაც შედის (ეფესელთა 6:11). მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალთან დაკავშირებული ხელმძღვანელობის გარეშე დავრჩით?
ბიბლია — საიმედო სახელმძღვანელო
მილიონობით ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ბიბლია საიმედო სახელმძღვანელოა გადაწყვეტილებების მიღების დროს. როგორც ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს“ (ფსალმუნი 18:8; 118:105). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიბლია დაწვრილებით ამბობს, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ყოველ ცალკეულ სიტუაციაში. მაგრამ ღვთის სიტყვა შეიცავს პრინციპებს, რომლებიც გრძნობების გაწაფვაში დაგვეხმარება. ეს კი კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევისა და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგვცემს (ებრაელთა 5:14).
ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები სწორად იქცევიან, როცა ჰოროსკოპებს არ მიმართავენ რჩვევის მისაღებად, თუნდაც გართობისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით. ისინი ბრძნულად იქცევიან, როცა უსმენენ ღვთის სიტყვის გაფრთხილებებს და ცდილობენ, დემონთა თუნდაც უმნიშვნელო და შეუმჩნეველი გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. საშუალება მიეცით ბიბლიას, რომ მან იქონიოს ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე და არა ზიდიაქომ, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, მარადიულად გაიხაროთ ღვთის კურთხევებით (ფსალმუნი 36:29, 38).
[სქოლიო]
^ აბზ. 10 მკითხაობა ნიშნავს სხვადასხვა სახით ინფორმაციის მიღებას, განსაკუთრებით კი მომავლის შესახებ ცნობების მიღებას ოკულტური ძალების მეშვეობით.
[სურათი 13 გვერდზე]
აღმოსავლური ზოდიაქო
[სურათი 13 გვერდზე]
დასავლური ზოდიაქო