ბავშვები იმსახურებენ ყურადღებასა და სიყვარულს
ბავშვები იმსახურებენ ყურადღებასა და სიყვარულს
„მცირეოდენი სიყვარული გამოავლინეთ ბავშვისადმი და სანაცვლოდ დიდ სიყვარულს მიიღებთ მისგან“, — წერდა მე-19 საუკუნის ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ჯონ რასკინი. ალბათ, მშობლების უმეტესობა დაეთანხმება იმას, რომ ბავშვისადმი გამოვლენილი სიყვარული ჯილდოვდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სანაცვლოდ იღებენ იგივეს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის დადებით გავლენას ახდენს მათზე.
წიგნში „სიყვარული და მისი ადგილი ბუნებაში“ აღნიშნულია, რომ, სიყვარულის გარეშე „ბავშვი შეიძლება მოკვდეს“. ცნობილი ბრიტანული წარმოშობის ანთროპოლოგი, ეშლი მონტეგიუ, კი უფრო შორს მიდის და ამბობს: „ბავშვი, რომლის მიმართაც სიყვარულს არ ავლენენ, ბიოქიმიურად, ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ძალიან განსხვავდება ბავშვისგან, რომელიც უყვართ. პირველი მეორისგან განსხვავებულადაც კი იზრდება“.
„ტორონტო სტარი“ იტყობინება გამოკვლევის შესახებ, რომლითაც იგივე დასკვნა გაკეთდა: „ბავშვებს, რომლებიც ისე გაიზარდნენ, რომ არც გულში იხუტებდნენ, არც ეფერებოდნენ. . . ორგანიზმში უჩვეულოდ აქვთ მომატებული სტრესის ჰორმონების შემცველობა“. ნამდვილად, ბავშვობაში შვილის მიმართ მშობლის მიერ გამოვლენილმა უყურადღებობამ „შეიძლება სერიოზული ხანგრძლივი ზემოქმედება იქონიოს სწავლისა და მახსოვრობის უნარზე“.
ზემოხსენებული გამოკვლევა ხაზს უსვამს მშობლების გარემოში აღზრდის აუცილებლობას. სხვაგვარად როგორ არის შესაძლებელი მშობლებსა და შვილებს შორის მტკიცე კავშირის განვითარება? სამწუხაროა, რომ თვით მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებშიც კი დღესდღეობით არსებობს ბავშვის მოთხოვნილებების უმშობლებოდ დაკმაყოფილების ტენდენცია. ბავშვებს გზავნიან სკოლებში, საკვირაო სკოლებში, სამუშაოდ, საზაფხულო ბანაკში; ფულს აძლევენ და უშვებენ დასასვენებლად. ოჯახს მოწყვეტილ მილიონობით ბავშვს, ბუნებრივია, ქვეცნობიერად ჰგონია, რომ მიტოვებული, ზედმეტი და სიყვარულს მოკლებულია მტრულად განწყობილ სრულასაკოვანთა გარემოცვაში. ასეთი გრძნობების მოზღვავება იმის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ბერლინის ქუჩებში 3000 მოხეტიალე ბავშვია. ერთ-ერთი მათგანია ახალგაზრდა მიკა, რომელიც ამბობს: „არავის ვჭირდები. ცხრა წლის გერმანელი ბიჭუნა ჩივის: „მირჩევნია, ჩვენი ოჯახის ძაღლი ვიყო“.
ბავშვების მიმართ ცუდი მოპყრობა სხვადასხვაგვარად ვლინდება
ბავშვისადმი უყურადღებობა ცუდი მოპყრობის ერთ-ერთი გამოვლენაა, რომელიც ამჟღავნებს იმის ნაკლებობას, რასაც ბიბლია ‘სიყვარულს’ უწოდებს (რომაელთა 1:31; 2 ტიმოთე 3:3). ამას შეიძლება ცუდი მოპყრობის უფრო უარესი ფორმა მოჰყვეს. მაგალითად, ბავშვთა საერთაშორისო წლად გამოცხადებული 1979 წლის შემდეგ მეტი ყურადღება გამახვილდა ბავშვების მიმართ ცუდად მოპყრობის ფიზიკურ და სექსუალურ ფორმებზე. რა თქმა უნდა, ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება რთულია და სხვადასხვა ადგილას ეს მონაცემები განსხვავებულია. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ სექსუალურად შეურაცხყოფილ ბავშვს მიყენებული ჭრილობა სრულწლოვან ასაკშიც კი ძნელად უხორცდება.
ცუდად მოპყრობის ნებისმიერი ფორმა ბავშვებს აფიქრებინებს, რომ ისინი არ უყვართ და არ სჭირდებათ. როგორც ჩანს ეს პრობლემა მზარდია. გერმანული გაზეთის, „ველტის“, თანახმად „სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იჩაგრება სოციალურად“. გაზეთი დასძენს: „ბავშვებს ოჯახური სითბო აკლიათ. [ჰამბურგის ბავშვთა აღზრდის ცენტრის დირექტორის, გერდ რომაიქეს, სიტყვების] თანახმად, „შვილებსა და მშობლებს შორის არსებული ემოციური კავშირი სუსტდება ან ამას აღარ ექცევა სათანადო ყურადღება. ასეთი ბავშვები თავს მიტოვებულად გრძნობენ და უზრუნველად ცხოვრების მათი მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩება“.
ბავშვები, რომლებსაც წართმეული აქვთ იმის უფლება, რომ სასურველნი და საყვარელნი იყვნენ,
შეიძლება განაწყენდნენ და იმედიც კი გაუცრუვდეთ მათ მიმართ, ვინც უყურადღებოდ დატოვა ისინი ან შესაძლოა — მთელ საზოგადოების მიმართ. სულ მცირე, ათი წლის წინათ კანადაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ თავის ცნობაში განსაკუთრებულად აღნიშნა გადაუდებელი მოქმედების აუცილებლობა, რათა სასოწარკვეთილებას არ მისცემოდა მთელი თაობა, „რომელიც ფიქრობდა, რომ საზოგადოებამ უყურადღებოდ დატოვა“.სიყვარულს მოკლებული მოზარდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზედმეტნი არიან, შეიძლება აჰყვნენ პრობლემებიდან თავის დაღწევის მიზნით სახლიდან გაქცევის ცდუნებას, მაგრამ უფრო დიდ პრობლემებს აწყდებიან ქალაქებში, სადაც მტკიცედ აქვს ფესვი გადგმული დამნაშავეობას, ნარკომანიასა და უზნეობას. დაახლოებით 20 წლის წინათ პოლიციელები ვარაუდობდნენ, რომ შეერთებული შტატების მხოლოდ ერთ დიდ ქალაქში დაახლოებით 16 წლის 20 000 გაქცეული ბავშვი ცხოვრობდა. მათ „ლოთი ან ნარკომანი მშობლების გამო დანგრეული ოჯახებისა და სისასტიკის მსხვერპლად თვლიდნენ. ეს ბავშვები თავის სარჩენად სხეულით ვაჭრობდნენ, მერე კი, ღირსებადაკარგულნი და კლიენტებთან შუამავალთა მიერ ნაცემნი, შიშობდნენ, რომ რამე არაკანონიერ საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში სამაგიეროს გადაუხდიდნენ“. სამწუხაროა, მაგრამ ამ სავალალო მდგომარეობის გამოსწორების გულწრფელი მცდელობების მიუხედავად, იგივე პრობლემა დღესაც არსებობს.
ბავშვები, რომლებიც ზემოხსენებულ გარემოში იზრდებიან, გაუწონასწორებელ, ხშირად თავიანთი შვილების აღზრდის უუნარო პიროვნებებად ყალიბდებიან. თავის მხრივ მათ, რომლებიც გრძნობენ, რომ ზედმეტნი არიან და არავის უყვარს, მოგვიანებით უჩნდებათ შვილები, რომლებიც, მშობლების მსგავსად, თვლიან, რომ ზედმეტნი და სიყვარულს მოკლებულნი არიან. გერმანელმა პოლიტიკოსმა მოკლედ გადმოსცა ეს შემდეგი სიტყვებით: „სიყვარულს მოკლებული ბავშვები სიძულვილით გამსჭვალული სრულასაკოვნები ხდებიან“.
რა თქმა უნდა, მილიონობით მშობელი ყველაფერს აკეთებს, რათა მათმა შვილებმა იგრძნონ, რომ სასურველნი და საყვარელნი არიან. ისინი თავიანთ შვილებს არა მარტო ეუბნებიან ამის შესახებ, არამედ ამას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობით ამტკიცებენ, რასაც ყოველი ბავშვი იმსახურებს. მიუხედავად ამისა, პრობლემები კვლავ რჩება — პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ცალკეულ მშობელს არ შეუძლია. მაგალითად, მსოფლიოში ზოგან ადამიანთა არასრულყოფილი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვებს სათანადო სამედიცინო მომსახურებით, შესაფერისი განათლებითა და საკმარისი საკვებით, ისევე როგორც ვერ იცავენ მათ შრომის მარწუხებისა და სავალალო საცხოვრებელი პირობებისგან. ძალიან ხშირად ამ მდგომარეობას სრულასაკოვანთა სიხარბე, მექრთამეობა, ეგოიზმი და წინდაუხედაობა ამწვავებს.
გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა, კოფი ანნანმა, ბავშვებთან დაკავშირებული ზოგიერთი მთავარი პრობლემა მოიხსენია, როცა წერდა: „მილიონობით ბავშვი კვლავ საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს; ასი ათასობით ბავშვი იტანჯება კონფლიქტებისა და ეკონომიკური ქაოსის გამო; ათი ათასობით მათგანი ომებში სახიჩრდება; კიდევ უფრო მეტი ობლდება ან შიდსით იღუპება“.
მაგრამ ყველაფერი არცთუ ისე ცუდად არის! გაეროს
წარმომადგენლობები, როგორიცაა გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდი (იუნისეფი) და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ბევრს მუშაობდნენ ბავშვთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ანნანმა შენიშნა: „უფრო მეტი ბავშვი იბადება ჯანმრთელი და მათი იმუნიზაცია ხდება, უფრო მეტმა იცის წერა-კითხვა, მეტს შეუძლია თავისუფლად სწავლა, თამაში და, უბრალოდ, ბავშვურად ცხოვრება, ვიდრე ამას ათი წლის წინათ ვარაუდობდნენ”. მიუხედავად ამისა, ის გვაფრთხილებს: „ჩვენ არ უნდა დავჯერდეთ მხოლოდ წარსულის მიღწევებს“.ისინი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ
ზოგიერთ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება. 60-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოს თავზარი დასცა ცნობებმა მრავალი ქვეყნიდან, ათასობით ეგრეთ წოდებული თალიდომიდური ბავშვის დაბადების შესახებ. როდესაც ორსული ქალები იღებდნენ დამამშვიდებელ და საძილე ტაბლეტ თალიდომიდს, ეს იწვევდა წინასწარ განუსაზღვრელ გვერდით მოვლენებს, რის შედეგადაც იბადებოდნენ ბავშვები, რომლებსაც სხეულის კიდურები ან განუვითარებელი ჰქონდათ, ან საერთოდ არ გააჩნდათ. ხელ-ფეხი, ხშირ შემთხვევაში, პაწია ფარფლებივით ვითარდებოდა.
ახლა, ოთხი ათწლეულის შემდეგ, ბავშვების დასახიჩრება უმეტესწილად ნაღმების ბრალია *. ზოგი ვარაუდობს, რომ 60-დან 110 მილიონამდე მოქმედი ნაღმია მიმოფანტული მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად დაახლოებით 26 000 ადამიანი, მათ შორის მრავალი ბავშვი, იღუპება ან სახიჩრდება. მას შემდეგ, რაც 1997 წელს ჯოდი უილიამზი ნაღმების ამკრძალავი კამპანიისათვის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა, ამ პრობლემას მეტი ყურადღება მიექცა. მაგრამ ნაღმები კვლავაც არსებობს. გერმანელმა პოლიტიკოსმა ნაღმების მოშორების მცდელობასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ეს იგივეა, რომ კოვზით ეცადო აბაზანის დაცარიელებას, მაშინ როდესაც ონკანი მოშვებულია“.
ბავშვთა სხვა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, უდედმამო ბავშვებისგან შედგება. ადამიანის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, განზრახული ჰქონდა, რომ ბავშვები როგორც დედის, ისე მამის სიყვარულით აღსავსე მზრუნველობით გაზრდილიყვნენ. ბავშვი საჭიროებს და იმსახურებს კიდეც ორმხრივ მზრუნველობას.
ობოლთა თავშესაფრები და გაშვილების სააგენტოები ცდილობენ, ყურადღება გაამახვილონ უდედმამო ბავშვთა საჭიროებებზე. სამწუხაროა, მაგრამ ზოგი დაჩაგრული ბავშვი, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება შვილება, უმეტეს შემთხვევაში უყურადღებოდ რჩება — ესენი არიან ავადმყოფი, სწავლის უნარმოკლებული, ხეიბარი ან უცხოელი ბავშვები.
დაარსდა ორგანიზაციები, რომლებიც მოუწოდებენ კერძო პირებს, რომ რეგულარულად შესწირონ ფული და ამგვარად „იშვილონ“ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები. შეწირული ფული ბავშვის განათლებას ან პირველი საჭიროების საგნებს ხმარდება. სურვილის შემთხვევაში, ერთმანეთს სურათებს უცვლიან და წერილებს სწერენ ურთიერთობის განსამტკიცებლად. თუმცა ამ გზით ბევრი რამ კეთდება, ეს ღონისძიება მაინც არ არის იდეალური გამოსავალი.
კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი იმისა, თუ რა გაკეთდა უდედმამო ბავშვების დასახმარებლად, არის მოძრაობა, რომელმაც 1999 წელს თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა აღნიშნა.
ბავშვთა სოფელი SOS
1949 წელს ჰერმან გმაინერმა იმსტში (ავსტრია) დააარსა სტრუქტურა, რომელსაც ბავშვთა სოფელი SOS უწოდა. ამ პატარა წამოწყებიდან, მისი ორგანიზაცია დაახლოებით 1 500 სოფლამდე გაიზარდა და ამჟამად მსგავსი დაწესებულებები აფრიკის, ამერიკის, აზიისა და ევროპის 131 ქვეყანაში ფუნქციონირებს.
გმაინერმა თავისი საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპზე დააფუძნა — დედა, და-ძმები, სახლი და სოფელი. „დედა“ არის ხუთი ან ექვსი, ან უფრო მეტი ბავშვისგან შემდგარი „ოჯახის“ ბურჯი. ის მათთან ერთად ცხოვრობს და მათდამი იმ სიყვარულისა და ყურადღების გამოვლენას ცდილობს, რომელიც ნამდვილი დედისგან მოითხოვება. ბავშვები ერთად ცხოვრობენ ერთ „ოჯახში“ ერთ „დედასთან“, სანამ „სახლის“ დატოვების დრო არ მოვა. „ოჯახში“ სხვადასხვა ასაკის ბავშვები არიან. რადგან მათ ჰყავთ როგორც უფროსი, ისე უმცროსი „და-ძმები“, ბავშვები ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ, ეგოისტები რომ არ გახდნენ. ცდილობენ, „ოჯახი“ შეადგინონ რაც შეიძლება პატარა ბავშვებისგან. ღვიძლ და-ძმებს ყოველთვის ერთ „ოჯახში“ ტოვებენ.
სოფელი დაახლოებით 15 ოჯახისგან შედგება. ყოველ ოჯახს თავისი სახლი აქვს. ყველა ბავშვს ასწავლიან, რომ „დედას“ აუცილებელი საოჯახო საქმეებში მიეხმარონ. თუმცა შეიძლება ოჯახში მამა არ იყოს, ისიც არის გათვალისწინებული, რომ მამაკაცი დაეხმაროს ოჯახებს, ბავშვებს მამობრივი რჩევა-დარიგებები მისცეს და საჭირო დისციპლინა დაიცვას. ბავშვები ადგილობრივ სკოლებში დადიან. თითოეული „ოჯახი“ ყოველთვიურად იღებს თანხას ხარჯების დასაფარავად. საკვებსა და ტანსაცმელს ადგილობრივ ყიდულობენ. მიზანი ის არის, რომ ბავშვები გაეცნონ ტიპობრივ ოჯახს, მისთვის დამახასიათებელ ჭირსა თუ ლხინს, და საშუალება მიეცეთ, შეძლებისდაგვარად, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ. ეს მათ იმ დროისთვის ამზადებს, როცა სრულწლოვანებას მიაღწევენ და საკუთარ ოჯახებს შექმნიან.
კვლავაც იდეალური გამოსავლის ძიებაში
გაშვილების სააგენტოები, ობოლთა თავშესაფრები, ბავშვთა სოფლები SOS, იუნისეფი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ან ჯგუფები კარგ მიზანს ემსახურებიან, როდესაც დაჩაგრული ბავშვების დახმარებას ცდილობენ. მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ზოგი ადამიანი შედარებით ღარიბია. როგორი დიდი სურვილიც უნდა ჰქონდეთ, ხეიბარ ბავშვს ისინი ვერ მისცემენ საღ კიდურებს, გონებაშეზღუდულ ბავშვს ვერ მიანიჭებენ გონივრული აზროვნების უნარს, კვლავ ვერ შეუკავშირებენ ბავშვს განცალკევებულ ან განქორწინებულ მშობლებს და ვერ დაუბრუნებენ მოსიყვარულე მშობელს, რომელიც სიკვდილმა წაართვა.
როგორც უნდა შეეცადონ, ადამიანებს არ შეუძლიათ იდეალური გამოსავლის პოვნა ბავშვთა პრობლემებიდან. მაგრამ ეს პრობლემები გადაწყდება! და ეს, შესაძლოა, უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე თქვენ მოელით. როგორ?
[სქოლიო]
^ აბზ. 17 იხილეთ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“, სათაურით „ნაღმები — როგორ შეიძლება დედამიწის გაწმენდა მათგან?“ (რუს.).
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
ბავშვს ესაჭიროება და იმსახურებს კიდეც ორივე მშობლის სიყვარულს.