არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იელოუსტოუნი — ერთმანეთს შერწყმული წყალი, ქანები და ცეცხლი

იელოუსტოუნი — ერთმანეთს შერწყმული წყალი, ქანები და ცეცხლი

იელოუსტოუნი — ერთმანეთს შერწყმული წყალი, ქანები და ცეცხლი

როდესაც საუბრობ მსოფლიოს პირველ ეროვნულ პარკზე, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ყველაზე მაღალ გეიზერებზე, მთებში არსებულ უდიდეს ტბაზე ჩრდილოეთ ამერიკაში, მაშინ იელოუსტოუნს გულისხმობ.

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან შეერთებულ შტატებში

მე და ჩემი ცოლი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით მივადექით ვაიომინგში (აშშ), იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ჩრდილოეთ შესასვლელს. ჩვენ ბავშვობიდანვე გვაინტერესებდა სახელწოდება „ოდითგანვე ერთგული“, და ისეთი სიტყვები, როგორიცაა „გეიზერი“ და „ცხელი წყარო“. გამართლდებოდა ჩვენი მოლოდინი?

პარკის მთავარ შესასვლელთან მასიური ქვის თაღი დავინახეთ. მას ასეთი წარწერა ჰქონდა: „ხალხის სარგებლობისა და სიამოვნებისთვის“. იელოუსტოუნი, რომელიც 1872 წელს გაიხსნა, მსოფლიოს პირველი ეროვნული პარკია.

ჩვენ დათვალიერება დავიწყეთ „მამოთ-ჰოტ-სპრინგსიდან“, რომელიც ზუსტად მონტანას საზღვარზე მდებარეობს. აქ აშკარად შეიმჩნეოდა მიწიდან ამომავალი სითბური ნაკადის ინტენსიური მოქმედება. წყალსატევებსა და აუზებში წყალი დუღდა და ბუშტულები წარმოიქმნებოდა. ნაპრალებიდან ორთქლი ამოდიოდა. ვარდისფერი მინერალის, ტრავერტინის, ტერასები ჩამოღვენთილ ცვილს წააგავდა.

რა დუღს იელოუსტოუნის ქვეშ?

იელოუსტოუნში 10 000 გეოთერმული საოცრებაა. კონტინენტური წყალგამყოფი * კვეთს ამ ზეგანს, რომელიც კლდოვანი მთების მაღალი ქედებით არის გარშემორტყმული. წყლები დასავლეთით და აღმოსავლეთით მიედინება, მაგრამ მიწაშიც ჩაედინება. შევიტყვეთ, რომ მიწის სიღრმეში მიმავალი ამ წყლების წყალობით არსებობს იელოუსტოუნის საოცრებები. ერთ დროს ძლიერმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ზეგანი გაანადგურა. ათასწლეულების წინათ ერთ-ერთი ასეთი ამოფრქვევის შედეგად კალდერა (კრატერი) გაჩნდა, რომლის სიგრძე 75 კილომეტრია, სიგანე კი — 45 კილომეტრი. მიწის სიღრმეში მოთავსებული მაგმა, ანუ გამდნარი ქანები იელოუსტოუნის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

პარკის ექსპოზიციიდან ჩანს, რომ წყალი ქანების ნაპრალებიდან ქვევით მანამ ჩაედინება, სანამ არ მიაღწევს ქანის გავარვარებულ ფენას, მაგმის ზემოთ. აქედან მაღალი ტემპერატურის გამო წყალი ზევით მიიწევს. სადაც ხვრელს იპოვის, ამოჩქეფს და ცხელ წყაროს ქმნის. როცა ქანი დაბრკოლებას უქმნის ცხელი წყლის ზემოთ ამოსვლას, წნევა მატულობს და გეიზერი წარმოიშობა. ზოგან წყალი ორთქლის სახით ამოდის. ამ ხვრელებს ფუმაროლები ეწოდება. ტალახის ორმოებში ბუშტულები წარმოიქმნება, როცა მჟავის შემცველი აირები და წყალი მიწას ტალახად და თიხად აქცევენ. რა შთამბეჭდავი სანახაობაა!

„ოდითგანვე ერთგული“

მამოთ-ჰოტ-სპრინგსის ტერიტორიაზე არსებული ყველა გეოთერმული მოვლენა რომ ვნახეთ, გვეგონა, „ოდითგანვე ერთგულის“ —ცნობილი გეიზერის — მახლობლად ვიმყოფებოდით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს სამგზავრო რუკას დავხედეთ, მივხვდით, რომ „ოდითგანვე ერთგული“ სამხრეთისკენ, 80 კილომეტრში, იყო. იელოუსტოუნი იმაზე გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ის 900 000 ჰექტარზეა გადაჭიმული.

„ოდითგანვე ერთგულამდე“ რომ მიგვეღწია, ავირჩიეთ გზა, რომელიც პარკის დასავლეთ ნაწილისკენ ქვევით მიიკლაკნება. მას ტურისტები გეიზერების ხუთ აუზთან მიჰყავს. გოგირდის სუნსა და ამომავალ ორთქლს მალე შევეგუეთ.

მილიონების მსგავსად, რომლებიც ჩვენამდე ესტუმრნენ „ოდითგანვე ერთგულს“, დავინტერესდით, თუ როდის დაიწყებდა გეიზერი ამოფრქვევას. ყოველთვის გვეგონა, რომ მისი ამოფრქვევა რეგულარულად — ზუსტად ყოველ 57 წუთში — ხდებოდა. მაგრამ იქვე აბრაზე წავიკითხეთ, რომ გეიზერის შემდეგი ამოფრქვევა მოსალოდნელი იყო შუადღის 12.47-ზე. მანამდე მთელი ერთი საათი უნდა გასულიყო და ეს დროც მხოლოდ ნავარაუდები იყო! ჩვენ ამასთან დაკავშირებით რიკს, პარკის მეთვალყურეს, ვკითხეთ.

«„ოდითგანვე ერთგულის“ რეგულარულად, სიზუსტით ამოფრქვევა მოგონილია», — გვითხრა მან. „ამოფრქვევებს შორის შუალედი ყოველთვის სხვადასხვანაირია და წლების მანძილზე უფრო იზრდება მიწისძვრების შედეგად და იმ ხულიგნების გამო, რომლებიც გეიზერის ნაპრალში რაღაცებს ყრიან. დღესდღეობით საშუალო ინტერვალი დაახლოებით 80 წუთია. ჩვენ ჯგუფს მხოლოდ ამოფრქვევის შემდეგ შეუძლია მომდევნო ამოფრქვევის დროის დადგენა“.

უკვე დღის პირველის ნახევარი იყო. ჩვენ „ოდითგანვე ერთგულისკენ“ გავემართეთ, რათა მისი შემდგომი მოსალოდნელი ამოფრქვევა გვენახა. ასობით ადამიანი იჯდა მაყურებელთა ადგილას ან მოდიოდა. „ოდითგანვე ერთგულმა“ ათი წუთი გვალოდინა. მაგრამ, როცა ამოიფრქვა, იმდენად ლამაზი იყო, რომ ამას ვერანაირი ფოტოსურათი ვერ გადმოსცემდა. მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ამოიღვარა პატარა შადრევნების სახით, უფრო ინტენსიური გახდა. ყველამ ტაში დაუკრა. ამოფრქვევა დაახლოებით სამი წუთი გაგრძელდა და, ჩვენდა გასახარად, შადრევანი არაჩვეულებრივად მაღალი იყო. წყალმა თანდათან უმაღლეს წერტილს მიაღწია და 46-სა და 37 მეტრს შორის დაიწყო მერყეობა. შხეფები მზეზე აციმციმდა და აქეთ-იქით მიმოიფანტა.

ამოფრქვევის დამთავრების შემდეგ ახლომდებარე სასტუმროს მისაღებში შევედით. მაგრამ „ოდითგანვე ერთგული“ თავს არ გვავიწყებდა. მთელი დღის განმავლობაში, როცა მისი ამოფრქვევის მომენტი ახლოვდებოდა, ყველა სტუმარი საქმეს თავს ანებებდა და მის სანახავად მიდიოდა. ჩვენ რამდენიმე განსაკუთრებით ხანგრძლივი ამოფრქვევა ვნახეთ, რომლის დროსაც შადრევანი საოცრად მაღალი და ლამაზი იყო; განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა ერთ-ერთი მათგანი, რომლის დროსაც წყლის აღმა-დაღმა მოძრავი ნაკადი მკაფიოდ ჩანდა ჩამავალი მზის ფონზე. თავად დავრწმუნდით, რომ ძველი გეიზერი მართლაც ერთგული ყოფილა.

«ჩვენს პლანეტაზე 500-მდე გეიზერია, დაახლოებით 300 მათგანი იელოუსტოუნშია, — გვითხრა რიკმა, პარკის მეთვალყურემ, — და აქედან 160 ამ პატარა ველზეა განლაგებული გეიზერების ზემო აუზში, რომელიც მხოლოდ 2 კილომეტრის სიგრძისაა. სხვა გეიზერები ხან მოქმედებენ, ხან კი უმოქმედოდ არიან, მაგრამ „ოდითგანვე ერთგული“ კვლავაც მოქმედია».

„ოდითგანვე ერთგულის“ მეზობელი „დიდი გეიზერი“ 60 მეტრამდე შადრევანს აშხეფებს. „ორთქმავალი“ შეიძლება 120 მეტრამდე ავიდეს, „ოდითგანვე ერთგულზე“ სამჯერ უფრო მაღლა, მაგრამ ის წლების მანძილზე, შესაძლოა, უმოქმედო იყოს. ნორისის აუზში გეიზერი, სახელწოდებით „ეხინუსი“, ხანდახან თბილი წყლით წუწავს მაყურებლებს.

ბიზონისგან გაქცევა

მეორე დილით ტურისტებისთვის განკუთვნილ ბროშურას გადავხედეთ. მასში ეწერა: „მდუღარე წყალი დედამიწის ქერქის თხელი, მსხვრევადი ფენის ქვეშ არის; წყალსატევში წყლის ტემპერატურა დუღილისას აღწევს ან უფრო მაღალია. ყოველწლიურად დამთვალიერებლები, რომლებიც თერმულ ზონებში სპეციალური ბილიკიდან გადადიან, სერიოზულ დამწვრობას იღებენ და ზოგიერთი იღუპება კიდეც მდუღარე წყალში“. სხვა ბროშურაში ნათქვამი იყო: „გაფრთხილება: მრავალ დამთვალიერებელს ბიზონმა ურქინა. ბიზონი შეიძლება იწონიდეს 900 კილოგრამს და შეუძლია ირბინოს სიჩქარით 50 კილომეტრი საათში, ადამიანზე სამჯერ უფრო სწრაფად“. ვიმედოვნებდით, რომ არ მოგვიწევდა ბიზონისგან გაქცევა!

იელოუსტოუნში ცხოველებმა შეიძლება გზებზე იარონ. ცხოველების გამოჩენისას მანქანები უცბად ჩერდებიან და თვალის დახამხამებაში ჭედვა წარმოიქმნება. როდესაც ჩვენ მივედით, ერთი ასეთი ჭედვა უკვე იშლებოდა; ტურისტები მანქანებში ჩამსხდარიყვნენ. როდესაც ერთ ქალს ვკითხეთ, თუ რას უყურებდა ყველა, მან გვიპასუხა: „დიდ მამალ ამერიკულ ლოსს, რომელიც უკვე წავიდა“.

მოგვიანებით დავინახეთ რამდენიმე ლოსი, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთი ორი კვირის ნაშიერები დინებაზე გადაეყვანათ. ისინი მთებიდან ჩამოდიოდნენ, სადაც მათ ზამთარი გაატარეს, და პარკის ქვემო ნაწილისკენ დაეშვნენ. პატარებს არ უნდოდათ წასვლა, რადგან ჯერ მზად არ იყვნენ წყალში გასასვლელად. დედებმა უხმეს თავიანთ ნაშიერებს და მათ, საბოლოოდ, შეძლეს გადასვლა.

„ჩემი უმნიშვნელობა და უმწეობა“

შემდეგ ჩვენ იელოუსტოუნის დიდ კანიონს მივადექით. 360-მეტრიანი სიმაღლის კიდის გასწვრივ მანქანიდან გადმოვდიოდით სხვადასხვა გადასახედთან და ხშირად შიშით ვიხედებოდით ქვევით. თავის საექსპედიციო ჟურნალში 1870 წელს ნათანიელ ლანგფორდი წერდა, თუ რა „უმნიშვნელო და უმწეო“ იყო, როდესაც გასცქეროდა 32 კილომეტრზე გადაჭიმული ხეობის ხასხასა მოყვითალო-მოწითალო ფერის კალთებს — საიდანაც მომდინარეობს იელოუსტოუნის მდინარის სახელწოდება — და ორ მაღალ ჩანჩქერს. მის მსგავსად, ჩვენც ვიგრძენით, რომ უმნიშვნელონი და უმწეონი ვიყავით.

მეორე დღეს აღმოსავლეთისკენ გავუხვიეთ. პარკის პეიზაჟი აქ უკვე მთის ტყემ შეცვალა. გზა ორგან კვეთდა კონტინენტურ წყალგამყოფს. ჩვენ ვხედავდით ბიზონს და სხვა დიდ ცხოველებს, ბიზონი ხშირ შემთხვევაში მისთვის დამახასიათებელ პოზაში იდგა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ დათვები — იელოუსტოუნის ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი სანახაობა. რა დაემართათ მათ?

წლების მანძილზე ადამიანებსა და დათვებს შორის სიახლოვემ რამდენიმე ტურისტის სიცოცხლე შეიწირა, ზოგი კი დაშავდა. სიტუაცია არც დათვებისთვის იყო სახარბიელო. ამგვარად, 70-იანი წლების დასაწყისში ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ მოაშორა ნაგავსაყრელები და, ამგვარად, დათვები აღარ იყვნენ დამოკიდებული ადამიანებისგან მოწოდებულ საკვებზე. ამის გამო დათვებმა საცხოვრებლად ისევ ველურ ბუნებას მიაშურეს. ეს ჩანაფიქრი წარმატებული აღმოჩნდა. ახლა დათვები ბუნებაში იკვებებიან და უფრო ჯანმრთელები არიან. ამისდა მიუხედავად, გარკვეულ ადგილებში ისინი კვლავ აწყდებიან ტურისტებს, მაგალითად „ფიშინგ ბრიჯში“, სადაც დათვებიცა და ადამიანებიც საჭმელად, დასაძინებლად და სათევზაოდ მიდიან.

„ფიშინგ ბრიჯი“ ჩვენი დანიშნულების ბოლო ადგილი იყო. აქ პარკმა, საბოლოოდ, კიდევ ერთხელ გაგვაოცა. როდესაც გადავყურებდით იელოუსტოუნის ტბას — მთის უდიდეს ტბას ჩრდილო ამერიკაში — თოვლით დაფარულ ტიტონის ქედს, წამიერად მოგვეჩვენა, თითქოს ჩრდილოეთ იტალიაში ვიმყოფებოდით; ტბას და მის არემარეს მსგავსი ალპური სიდიადე ამშვენებდა. მაგრამ იქ დათვები არ გვინახავს.

იელოუსტოუნის დატოვების დროც დადგა. ნანახმა დიდი ესთეტიკური სიამოვნება მოგვანიჭა. სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 კონტინენტური წყალგამყოფი წარმოადგენს მაღლობს, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გასწვრივ არის გადაჭიმული. მდინარეთა სისტემები თითოეულ მხარეზე ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მიედინება — წყნარი და ატლანტის ოკეანეებისკენ, მექსიკის ყურესა და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისკენ.

[ჩარჩო⁄სურათი 17 გვერდზე]

1988 წლის ხანძარი

1988 წლის ივლისის ბოლოს და აგვისტოში, იელოუსტოუნში უმნიშვნელო ცეცხლი გამანადგურებელ ხანძარში გადაიზარდა, რომლის გაკონტროლება ადამიანს არ შეეძლო. ერთ-ერთი მიზეზი გვალვა იყო, რადგან 1988 წლის ზაფხული იელოუსტოუნის ისტორიაში ყველაზე უნალექო იყო. მეორე მიზეზი ძლიერი ქარები იყო. რადგან 80 კილომეტრი საათში სიჩქარით ქროდნენ, ისინი ცეცხლს დღეში 20 კილომეტრზე ავრცელებდნენ. ნაკვერჩხალი იმ სიშორეზე გადაჰქონდათ, რომ მეხანძრეებს მსგავსი რამ არასდროს ენახათ. ეს ნაკვერჩხალი ახალ ხანძარს აჩენდა.

როდესაც ხანძარი ყველაზე მეტად გაძლიერდა, მის ჩასაქრობად 120 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თითქმის 10 000 მოქალაქე და მრავალი მეხანძრე, რომლებმაც 100-ზე მეტი სახანძრო მანქანა გამოიყენეს. ვერტმფრენებმა და თვითმფრინავ-გამწყობებმა დაახლოებით 5 000 000 ლიტრი ცეცხლსაქრობი ხსნარი და 40 000 000 ლიტრი წყალი გადმოღვარეს. ძალისხმევის მიუხედავად, ცეცხლი პარკს მოედო და რამდენიმე დასახლება ძლივს გადარჩა. დღითი დღე კვამლის სქელი ღრუბელი გროვდებოდა ჰაერში. ზაფხულის მიწურულს პარკი საომარ ადგილს დაემსგავსა. მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ, რაც 600 000 ჰექტარი დაიწვა, ცივმა ჰაერმა, შემოდგომის ქარიშხალმა და თოვლმა ჩააქრო ცეცხლი.

ცეცხლმა თითქმის ვერაფერი დააკლო ცხოველთა სამყაროს და ტურისტების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. როდესაც კვამლი გაიფანტა, შემოდგომის ფოთლებმა თავისი ელფერი შესძინა ახლად გახსნილი პარკის ხეივნებს, მრავალი მინდვრის ყვავილი ყვაოდა იმ ადგილებში, სადაც ადრე ვერც ერთ მათგანს ვერ ნახავდით. წლების მანძილზე, ხეების ახალმა უხვმა ამონაყარმა დაფარა გადამწვარი ტერიტორია.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მდინარე ფაიერჰოული.

[სურათი 17 გვერდზე]

„მორნინგ გლორი პული“.

[საავტორო უფლება]

NPS Photo

[სურათები 18 გვერდზე]

„ოდითგანვე ერთგული“.

ლოუერ-ფოლზი.

[საავტორო უფლება]

NPS Photo