არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოგვიტანს მეცნიერება მარადიულ სიცოცხლეს?

მოგვიტანს მეცნიერება მარადიულ სიცოცხლეს?

ბიბლიის თვალსაზრისი

მოგვიტანს მეცნიერება მარადიულ სიცოცხლეს?

წლების წინათ ასეთი კითხვა აბსურდული იქნებოდა. მაგრამ ამჟამად ზოგი ადამიანი თვლის, რომ ეს სერიოზული პერსპექტივაა. მეცნიერებმა უკვე შეძლეს ბუზებისა და მატლების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაორმაგება გარკვეული მეთოდებით, რომლებიც, ზოგის აზრით, ადამიანთა სასიკეთოდაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.

გამოკვლევამ ცხადყო, რომ ადამიანის უჯრედები, ჩვეულებრივ, იღუპებიან; ისინი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობამდე იყოფიან. შემდეგ კი მათი გაყოფა წყდება. ამ პროცესს ადარებენ „შინაგან საათს“, რომელიც ადამიანის დაბერებასა და სიკვდილს აკონტროლებს. ამჟამად მეცნიერები ამ საათის ხელახლა მომართვაზე მუშაობენ.

ერთი გავრცელებული თეორიის თანახმად, დაბერება ყოველი დნმ-ის ჯაჭვის დაბოლოების, ტელომერების, არსებობით აიხსნება. ტელომერებს ადარებენ ფეხსაცმლის თასმის ბოლოებზე მიმაგრებულ პლასტმასის თავებს, რომლებიც გათვალისწინებულია იმისათვის, რომ თასმა არ დაიშალოს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი უჯრედის ყოველი გაყოფის შემდეგ ტელომერები ცეცხლმოკიდებული პატრუქივით მოკლდებიან. როგორც ჩანს, საბოლოოდ, ტელომერები ისე მოკლდებიან, რომ უჯრედი გაყოფას წყვეტს. მაგრამ არსებობს გარკვეული ფერმენტი, რომელიც ხელს უშლის ტელომერების დამოკლებას. ეს, თეორიის თანახმად, უჯრედებს დაუსრულებლად გაყოფის შესაძლებლობას მისცემდა. ერთი კომპანიის უფროსმა, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, თქვა: „ჩვენ პირველად შეგვიძლია ჩავწვდეთ ადამიანის უკვდავებას“. მაგრამ ამ აზრს ყველა მეცნიერი როდი ეთანხმება.

როგორ გაჩნდა სიკვდილი

ათასობით წლის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ და არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბიბლიის საფუძველზე სწამდათ და სწამთ, რომ იქნება მარადიული სიცოცხლე. მათ იმ ადამიანების კი არ სწამთ, რომლებსაც მეცნიერები ეწოდებათ, არამედ — „უდიდესი მეცნიერის“, იეჰოვა ღმერთის, რომელმაც შექმნა ყოველი ცოცხალი არსება (ფსალმუნი 103:24, 25).

ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთს ადამიანების სიკვდილი არ ჰქონია განზრახული. ადამიანთა პირველი წყვილი ღმერთმა თავის მსგავსად შექმნა და ედემის ბაღში დაასახლა. ისინი სრულყოფილები იყვნენ და არანაირი გონებრივი თუ ფიზიკური ნაკლი არ ჰქონიათ. მათ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა ჰქონდათ. ეს ღვთის სურვილი იყო. ღმერთმა დაავალა მათ, რომ ჰყოლოდათ ბავშვები და თანდათანობით მთელი დედამიწა ექციათ სამოთხედ (დაბადება 1:27, 28; 2:8, 9, 15).

როგორც დაბადების მე-3 თავშია ნაჩვენები, მიუხედავად იმისა, რომ ადამმა იცოდა, სიკვდილით დაისჯებოდა, შეგნებულად წავიდა ღვთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ურჩობის არჩევით მან ცოდვა და სიკვდილი გადასცა თავის შთამომავლობას. პავლე მოციქულმა ეს ასე განმარტა: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). სხვაგვარად რომ ვთქვათ, რადგან ადამმა შესცოდა, მისმა სხეულმა სრულყოფილება დაკარგა. ადამი თანდათანობით დაბერდა, შემდეგ კი მოკვდა. მისმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით არასრულყოფილება მიიღო.

ამგვარად, ადამიანები ადამის ურჩობისა და ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის შედეგად კვდებიან. კაცობრიობა გვერდს ვერ აუვლის ამ განაჩენს. თუმცა მეცნიერებამ დიდი წინსვლა განიცადა, კვლავაც ჭეშმარიტია მოსეს მიერ 3 500 წლის წინათ შთაგონებით დაწერილი სიტყვები: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:10).

მარადიული სიცოცხლით იეჰოვა უზრუნველგვყოფს

საბედნიეროდ, იმედი არსებობს! თუმცა დღეს ადამიანები კვდებიან, იეჰოვას არა აქვს განზრახული, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდეს. მაშინ როცა ადამმა და ევამ სიკვდილი დაიმსახურეს, ღმერთმა იცოდა, რომ მომავალში მრავალი ისეთი ადამიანი იქნებოდა, რომლებიც დააფასებდნენ იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას. ასეთ ადამიანებს მან დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის გზა გაუხსნა. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). მაგრამ როგორ მოხდება ეს?

ეს ადამიანთა მიერ დნმ-ის საიდუმლოს გამოაშკარავებით არ უნდა მომხდარიყო. მარადიული სიცოცხლე არის ძღვენი, რომელსაც იეჰოვა უბოძებს მათ, ვინც ღვთის მიმართ რწმენას გამოავლენს. რადგანაც ღმერთი ხედავდა, რომ ადამისა და ევას შთამომავლები გადარჩენას საჭიროებდნენ, მან იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლით მათ მარადიული სიცოცხლის გზა გაუხსნა. ამის შესახებ იესომ თქვა: „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).

ადამის მსგავსად, იესოც სრულყოფილი იყო, რომელიც, მისგან განსხვავებით, ყოველმხრივ ემორჩილებოდა ღმერთს. ამგვარად, იესომ შეძლო სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის გაღება ადამის ცოდვის გამოსასყიდად. ამ სიყვარულით აღსავსე, სამართლიანობის სასწორის თეფშების გამაწონასწორებელი, მოქმედებით ადამის შთამომავლებს სასიკვდილო განაჩენისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცათ. მაშასადამე, ყველას, ვინც რწმენას ავლენს იესოს მიმართ, იეჰოვა მარადიული სიცოცხლით დაასაჩუქრებს (რომაელთა 5:18, 19; 1 ტიმოთე 2:5, 6).

ადამიანს რომ ჰქონოდა არასრულყოფილების დაძლევისა და მარადიულად ცხოვრების უნარი, მაშინ გამოსასყიდი არ იქნებოდა საჭირო. ბიბლია ბრძნულ რჩევას გვაძლევს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები. ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე. რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე“ (ფსალმუნი 145:3—6).

მარადიული სიცოცხლე მეცნიერული კვლევის შედეგი კი არა, იეჰოვას წყალობა იქნება. ღმერთს შეუძლია იმის შესრულება, რასაც განიზრახავს; და შეასრულებს კიდეც! „ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი“ (ლუკა 1:37).

[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]

© Charles Orrico/SuperStock, Inc.