მუდამ გამოსავლის ძიებაში
მუდამ გამოსავლის ძიებაში
თავისი დაარსებიდან მოყოლებული, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაინტერესებული იყო ბავშვებითა და მათი პრობლემებით. 1946 წლის ბოლოს მან დააარსა გაეროს ბავშვთა დახმარების საგანგებო ფონდი (იუნისეფი) — ეს იყო დროებითი ღონისძიება, რომელიც ომით გაპარტახებულ ტერიტორიებზე ბავშვთა დახმარებას ითვალისწინებდა.
1953 წელს დახმარების ფონდი მუდმივად მოქმედი ორგანიზაცია გახდა. თუმცა დღეს ის ოფიციალურად ცნობილია, როგორც გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდი, მან შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი შემოკლებული სახელწოდება — იუნისეფი. ამგვარად, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც იუნისეფი მთელ მსოფლიოში ბავშვებს უზრუნველყოფს საკვებით, ტანსაცმლითა და სამედიცინო დახმარებით და, საერთო ჯამში, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობს.
ბავშვთა მოთხოვნილებებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა 1959 წელს, როდესაც გაერომ ბავშვის უფლებათა დეკლარაცია მიიღო (იხილე ჩარჩო მე-5 გვერდზე). იმედოვნებდნენ, რომ საზოგადოებას ეს დოკუმენტი დააინტერესებდა ბავშვთა პრობლემებით და აღძრავდა, ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერა გაეწიათ მათ გადასაჭრელად.
„კოლირის 1980 წლის წელიწდეულის“ თანახმად «ოცი წლის შემდეგ, ეს „უფლებები“, განსაკუთრებით კვებასთან, ჯანმრთელობასთან და მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით, მსოფლიოში 1,5 მილიარდი ბავშვისთვის ჯერ კიდევ განუხორციელებელი იყო». რადგან აღიარა, რომ საჭირო იყო, გაეგრძელებინათ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და ამავე დროს დასახული მიზნების შესაბამისად მოქმედება, გაერომ 1979 წელი ბავშვთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა. სამთავრობო, სამოქალაქო, რელიგიური და საქველმოქმედო დაჯგუფებები სწრაფად გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას და გამოსავლის ძიება დაიწყეს.
ყოველივე ეს „ბოროტი ხუმრობა“ იყო?
სამწუხაროა, მაგრამ იუნისეფის ცნობის თანახმად, ბავშვთა საერთაშორისო წლის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებში ბავშვებს არ უცხოვრიათ
კეთილსასურველ პირობებში. წლის დასასრულს, მათგან დაახლოებით 200 მილიონი კვლავ საკვების უკმარისობას განიცდიდა და ხუთ წლამდე ასაკის 15 მილიონი ბავშვიდან ნახევრის სიკვდილი, ალბათ, ცუდი კვების ბრალი იყო. ამ ქვეყნებში იმ წელს ერთ წუთში დაბადებული ყოველი 100 ბავშვიდან 15 მოკვდებოდა, სანამ ერთი წელი შეუსრულდებოდათ. მათგან 40 პროცენტზე ნაკლები დაამთავრებდა დაწყებით სკოლას. იუნისეფის ცნობასთან დაკავშირებით, ერთი გაზეთის (Indian Express) სარედაქციო სტატიაში გამოთქმული იყო უკმაყოფილება, რომ ბავშვთა წელი „ბოროტი ხუმრობა“ გამოდგა.ზოგიერთმა წინასწარ განჭვრიტა ეს წარუმატებლობა. მაგალითად, 1979 წლის დასაწყისში, ფაბრიციო დენტიჩე ჟურნალ „ლესპრესოში“ წერდა: „მდგომარეობის გამოსასწორებლად ბავშვთა წელიწადის გამოცხადებაზე უფრო მეტია საჭირო“. ჟურნალი შენიშნავდა: „დღევანდელი ცხოვრების წესი გვხდის ისეთებად, როგორებიც ვართ და ზუსტად ეს არის შესაცვლელი“.
ბავშვთა პრობლემებიდან გამუდმებული გამოსავლის ძიების მიზნით 1990 წლის სექტემბერში გაეროს მთავარ სამმართველოში მსოფლიო სამიტი ჩატარდა. ეს იყო ისტორიაში მსოფლიო ლიდერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეკრება. სამიტს 70-ზე მეტი მთავრობის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ეს შეკრება მიმართული იყო ბავშვის უფლებათა კონვენციის ასამოქმედებლად, რომელიც 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღეს და რომელიც 1990 წლის 2 სექტემბერს შევიდა ძალაში. იმავე თვის დასასრულს, ეს შეთანხმება უკვე 39 ქვეყანას ჰქონდა რატიფიცირებული.
იუნისეფმა ამას წინათ განაცხადა: „კონვენცია მალე გახდა ყველაზე ფართოდ მიღებული შეთანხმება ადამიანის უფლებების შესახებ, რამაც ბავშვების დასახმარებლად მთელი მსოფლიო აღძრა“. მართლაც, 1999 წლის ნოემბრამდე კონვენცია 191 ქვეყანას ჰქონდა მიღებული. იუნისეფი ირწმუნებოდა: „ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღებიდან შემდგომ ათწლეულში უფრო მეტი წარმატება იყო მიღწეული ბავშვთა უფლებების განხორციელებისა და დაცვის საკითხში, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის სხვა რომელიმე პერიოდში“.
ამ პროგრესის მიუხედავად, გერმანიის პრეზიდენტი, იოჰანეს რაუ, აღძრული იყო, ეთქვა: „სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში კვლავ გვჭირდება შეხსენება, რომ ბავშვებს უფლებები აქვთ“. ანდა იმის შეხსენება, რომ ისინი კვლავ სერიოზული პრობლემების წინაშე
იმყოფებიან! 1999 წლის ნოემბერში იუნისეფმა აღიარა: „ბევრი რამ გასაკეთებელი დარჩა. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 12 მილიონი ბავშვი კვდება უმეტესწილად თავიდან ადვილად ასაცილებელი მიზეზების გამო. განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 130 მილიონი ბავშვი არ სწავლობს დაწყებით სკოლაში. . . დაახლოებით 160 მილიონი ბავშვი ძალიან ან გარკვეულწილად შიმშილობს. . . მრავალი მიტოვებული ბავშვი იტანჯება ობოლთა თავშესაფრებსა და სხვა დაწესებულებებში, ვერ იღებენ განათლებას და სათანადო სამედიცინო დახმარებას. ხშირად ამ ბავშვებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. დაახლოებით 250 მილიონი ბავშვი ჩაბმულია ამა თუ იმ სახის მძიმე შრომაში“. აგრეთვე მოხსენიებული იყო სიღატაკეში მცხოვრები 600 მილიონი ბავშვი და სხვა 13 მილიონი, რომლებიც შიდსის გამო ერთ მშობელს მაინც დაკარგავენ 2000 წლის დასრულებამდე.პოლიტიკური ლიდერები ამ პრობლემებიდან დამაკმაყოფილებელ გამოსავალს ვერ პოულობენ. ბავშვთა პრობლემები მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებით არ შემოიფარგლება. დასავლეთ ქვეყნებში მრავალი ბავშვი იტანჯება სხვაგვარი პრობლემებით.
[ჩანართი 4 გვერდზე]
„სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში კვლავ გვჭირდება შეხსენება, რომ ბავშვებს უფლებები აქვთ“.
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
გაეროს ბავშვის უფლებათა დეკლარაცია. ყველა ბავშვს აქვს . . .
• სახელის ტარებისა და მოქალაქეობის უფლება.
• სითბოს, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მატერიალურად უზრუნველყოფის უფლება.
• სათანადოდ კვების, საცხოვრებლისა და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება.
• უფლება, რომ განსაკუთრებულად იზრუნონ მასზე იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ფიზიკურად, გონებრივად ან სოციალურად არასრულფასოვანია.
• უფლება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პირველ რიგში ის დაიცვან და დაეხმარონ.
• უფლება, რომ დაცული იყოს ნებისმიერი სახის დაუდევრად მოპყრობისგან, სისასტიკისგან და ექსპლუატაციისგან.
• სრული უფლება იმისა, რომ ითამაშოს და გაერთოს და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მიიღოს უფასო და სავალდებულო განათლება, რათა ბავშვმა განავითაროს პირადი შესაძლებლობები და საზოგადოების გამოსადეგი წევრი გახდეს.
• უფლება თავისი სრული შესაძლებლობების განვითარების, თავისუფლებისა და პირადი ღირსების ხელშეუხებლობის მხრივ.
• უფლება იმისა, რომ აღიზარდოს ურთიერთგაგების, შემწყნარებლობის, ხალხთა შორის მეგობრობის, მშვიდობისა და საერთაშორისო საძმოს ატმოსფეროში.
• ამ უფლებებით სარგებლობა შეუძლია ყველა ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონების, დაბადების ან სხვა მდგომარეობის განურჩევლად.
[საავტორო უფლება]
მოკლე შინაარსი Everyman’s United Nations-ის მიხედვით.
[სურათის საავტორო უფლებები 3 გვერდზე]
UN PHOTO 148038/Jean Pierre Laffont
UN photo
[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]
Photos on pages 4 and 5 Giacomo Pirozzi/Panos Pictures