არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ძვირადღირებული ხარვეზი

კომპიუტერის სპეციალისტებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა კომპიუტერული სისტემების უმეტესობა წარმატებით გადავიდა 1999-დან 2000 წელზე. ზოგიერთი ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებდა, რომ მრავალი კომპიუტერული პროგრამა ვერ განასხვავებდა 1900 და 2000 წელს, რადგან დაპროგრამების დროს გამოტოვებული იყო წელიწადის აღმნიშვნელი რიცხვის პირველი ორი ციფრი, რაც მას სწრაფად გამოიყვანდა მწყობრიდან და სხვადასხვა სირთულეს გამოიწვევდა (იხილეთ 1999 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 27—29). ამის თავიდან ასაცილებლად პროგრამისტებმა ბევრი იშრომეს, რომ საბედისწერო თარიღის დადგომამდე გაესწორებინათ ნაკლის მქონე სისტემები. რამდენი დაჯდა ეს ყველაფერი? ფრანგულ ყოველდღიურ გაზეთ „მონდში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ფინანსისტთა ერთმა ჯგუფმა ივარაუდა, რომ ეს თანხა „მსოფლიოს მასშტაბით 300—600 მილიარდ აშშ დოლარს“ შეადგენს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დახარჯა, საფრანგეთმა — 20 მილიარდი. თუ შევადარებთ, სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომში მოკავშირე ძალების ხარჯი „46—60 მილიარდამდე დოლარი იყო“. მაგრამ „ისტორია გამეორდება. . . ციფრებთან დაკავშირებული მთელი რიგი ახალი კომპიუტერული სირთულეები კვლავ შეგვახსენებს თავს და თავსატეხს გაგვიჩენს“, — ნათქვამია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“. საბედნიეროდ, „ამ პრობლემებიდან, ალბათ, არც ერთი პრობლემა არ იქნება ისეთი შემაშფოთებელი, როგორიც 2000 წლის პრობლემა იყო“.

პაროლთან დაკავშირებული პრობლემები

დავიწყებული პაროლები ყოველწლიურად ამერიკის ფირმებს მილიონობით დოლარი უჯდებათ ნაყოფიერების შემცირებისა და გაწეული ტექნიკური დახმარების გამო. „ოცი წლის წინათ ადამიანებს მხოლოდ სოციალური დაზღვევის და, შესაძლოა, ერთი ან ორი ტელეფონის ნომერი უნდა ხსომებოდათ“, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. მაგრამ ახლა კომპიუტერული ფაილებითა და ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის აუცილებელი პაროლების გამოყენება ბევრისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. სინამდვილეში, დღეს უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ერთი ადამიანი უამრავ პაროლს, შეღწევის კოდსა და პირად საიდენტიფიკაციო ნომერს იყენებდეს. ამბობენ, კომპიუტერული ქსელის მომსახურების ერთ ადმინისტრატორს 129 მოქმედი პაროლი აქვს დამახსოვრებული. ამის გამო ზოგიერთი კომპანია პაროლზე დამოკიდებულ სისტემებს თითის ანაბეჭდის ამომცნობი სკანერებითა და სხვა თანამედროვე მაღალტექნიკური დაცვითი საშუალებებით ცვლის.

რისხვა და თქვენი გული

„რისხვის მიდრეკილების მქონე ადამიანები თითქმის სამჯერ უფრო მეტად არიან იმ საშიშროების წინაშე, რომ გულის შეტევა დაემართოთ, ვიდრე ისინი, ვინც ადვილად არ ბრაზდება“, — ნათქვამია გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. თითქმის 13 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას გულის დაავადებების რისკთან დაკავშირებულ ექვსწლიან გამოკვლევაში. ამ გამოკვლევის ყველა მონაწილე დასაწყისში არ უჩიოდა გულს. თითოეული მათგანი გამოკითხეს და დაადგინეს, თუ რისხვის რა მაჩვენებელი ჰქონდათ: დაბალი, საშუალო თუ მაღალი. ექვსი წლის განმავლობაში 256-ს გულის შეტევა დაემართა. გამოკვლევამ ცხადყო, რომ საშუალო მაჩვენებლის მქონეთ გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკი 35 პროცენტით აქვთ მომატებული. გამოკვლევის ინიციატორი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის დოქტორი, ჯენის უილიამსი, ამბობს: „რისხვას შეუძლია ადამიანი გულის შეტევამდე მიიყვანოს, განსაკუთრებით შუა ხნის ადამიანები, რომლებსაც სისხლის ნორმალური წნევა აქვთ“. ამიტომ, მკვლევართა რჩევით, რისხვის მიდრეკილების მქონე ადამიანებმა სტრესის მომხსნელი საშუალებების გამოყენებაზე უნდა იფიქრონ.

მოწევა დღეს

„საუკუნის განმავლობაში მოწევის რეკლამირების შემდეგ მსოფლიო სიგარეტისთვის ზურგის შექცევას აპირებს“, — ნათქვამია ერთ პუბლიკაციაში („Worldwatch Issue Alert“). 1990-დან 1999 წლამდე სიგარეტის მოხმარება მსოფლიოში 11 პროცენტით შემცირდა. კლების ეს ტენდენცია შეერთებულ შტატებში თითქმის ორი ათწლეული გრძელდება; 1999 წელს, 1980 წელთან შედარებით, შეერთებულ შტატებში 42 პროცენტით ნაკლები სიგარეტი მოსწიეს. ცნობაში ამ კლების მიზეზად მოხსენიებულია სიგარეტის საწინააღმდეგო კამპანიები, მოწევის საშიშროებასთან დაკავშირებული სულ უფრო მეტი ინფორმაცია და სიძვირე. გარდა ამისა, „მოწეული სიგარეტების საშუალო რაოდენობა ერთ ადამიანზე საფრანგეთში 1985 წლის პიკიდან 19 პროცენტით დაეცა, ჩინეთში 1990 წლიდან — 8 პროცენტით, იაპონიაში კი 1992 წლიდან — 4 პროცენტით“, — ნათქვამია ცნობაში.

დაუზღვევლები ავადმყოფობას უგულებელყოფენ

როგორც სააგენტო „რეიტერი“ იტყობინება, შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მათ, რომელთაც არა აქვთ სამედიცინო დაზღვევა, უფრო შესაძლებელია, უგულებელყონ დაავადების სიმპტომები და იშვიათად მიმართონ სამედიცინო დახმარებას“. გამოკვლევა, რომლის შედეგებიც თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „Archives of Internal Medicine“-ში, დაფუძნებული იყო ჯანდაცვის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე. გამოკვლევამ ნათელყო, რომ ისინი, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა, ისეთი სერიოზული ავადმყოფობის ნიშნების გამოვლენის დროსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, მხედველობის გაუარესება ან მკერდზე სიმსივნური წარმონაქმნი, გაცილებით იშვიათად ცდილობდნენ, სამედიცინო დახმარებისთვის მიემართათ, ვიდრე ისინი, ვისაც ასეთი დაზღვევა ჰქონდა. ცნობაში ნათქვამია: „უცნაურია, მაგრამ მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაში დადგენილია პაციენტის უფლებათა ბილი, ჯერ კიდევ არ დაგვიდგენია პაციენტად ყოფნის უფლება“.