არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავართვათ თავი წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებს

როგორ გავართვათ თავი წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებს

როგორ გავართვათ თავი წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებს

„ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში გახშირებული შარდვა დამეწყო. ზოგჯერ ყოველ ნახევარ საათში ვშარდავდი, რის გამოც გადავწყვიტე, ექიმისთვის მიმემართა. აღმოჩნდა, რომ წინამდებარე ჯირკვალი უნდა ამომეკვეთა“. მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის იმ კლინიკებში, სადაც წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებს მკურნალობენ. რის გაკეთება შეუძლია მამაკაცს ამ ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად? რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს?

წინამდებარე ჯირკვალი წაბლის ფორმის ორგანოა, რომელიც შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს. მის სისქეში გაივლის შარდსადენის დასაწყისი (იხილეთ მამაკაცის მენჯის ორგანოების ილუსტრაცია). ზრდადასრულებული მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი დაახლოებით 20 გრამს იწონის. მისი საშუალო სიგრძე უდრის 3 სანტიმეტრს, სიგანე — 4 სანტიმეტრს, ხოლო სისქე (წინა-უკანა მიმართულებით) — 2 სანტიმეტრს. ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც სპერმის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს. ეს სეკრეტი ლიმონმჟავას, კალციუმსა და სხვადასხვა ფერმენტს შეიცავს, რის გამოც, როგორც ჩანს, უფრო ცხოველმყოფელი და აქტიური ხდება სპერმატოზოიდი. გარდა ამისა, პროსტატის მიერ გამომუშავებული სეკრეტი თუთიასაც შეიცავს, რომელიც, მეცნიერების აზრით, აფერხებს ორგანიზმში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარებას.

როგორ ამოვიცნოთ წინამდებარე ჯირკვლის დაავადება

მამაკაცის მენჯის ორგანოებთან დაკავშირებული რამდენიმე სიმპტომი, შესაძლოა, წინამდებარე ჯირკვლის ანთების ან სიმსივნის მიმანიშნებელი იყოს. პროსტატიტმა — წინამდებარე ჯირკვლის ანთებამ — შეიძლება გამოიწვიოს სიცხე, გაძნელებული შარდვა და გავის ძვლის ან შარდის ბუშტის არეში ტკივილი. როდესაც წინამდებარე ჯირკვალი ძალიან შეშუპებულია, ამან შეიძლება შარდის მწვავე შეკავება გამოიწვიოს. თუ ანთება ინფექციურ ხასიათს ატარებს, მას ბაქტერიულ პროსტატიტს უწოდებენ. ის შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული. ამ დროს, ჩვეულებრივ, შარდსადენი მილის გავლით იჭრება ინფექცია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ანთების მიზეზი ცნობილი არ არის. ასეთ შემთხვევაში დაავადებას არაბაქტერიულ პროსტატიტს უწოდებენ.

წინამდებარე ჯირკვლის დაავადების დროს ხშირად აღენიშნებათ გახშირებული შარდვა, ღამით შარდვა, შარდის ნაკადის მოდუნება და მოშარდვის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა. ეს სიმპტომები კეთილთვისებიანი სიმსივნის არსებობაზე — წინამდებარე ჯირკვლის ადენომაზე — მიგვანიშნებს, რითაც შეიძლება 40 წელს გადაცილებული მამაკაცები დაავადნენ. დაავადების განვითარების რისკი ასაკთან ერთად მატულობს. ამ ავადმყოფობით 55 წლის მამაკაცების 25 პროცენტი და 75 წლის მამაკაცების 50 პროცენტია დაავადებული.

წინამდებარე ჯირკვალში შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნეც განვითარდეს. ჩვეულებრივ, წინამდებარე ჯირკვლის კიბო შეიძლება პროფილაქტიკური გასინჯვის დროს იქნეს აღმოჩენილი მაშინაც კი, როცა ავადმყოფი არაფერს უჩივის. უფრო შორს წასული ფორმების დროს შარდის მწვავე შეკავება ვითარდება და შარდის ბუშტი გადავსებულია. როდესაც სიმსივნური მეტასტაზი სხვა ორგანოებზეც ვრცელდება, შეიძლება წელის არეში ტკივილი შეიგრძნობოდეს, თან სდევდეს დარღვევები ნერვულ სისტემაში და ფეხების შესივება ლიმფური სისტემის დაზიანების გამო. გასულ წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულთა დაახლოებით 300 000 ახალი შემთხვევის შესახებ იტყობინებოდნენ, რომელთაგანაც 41 000 სიკვდილით დასრულდა. სწავლულთა აზრით, 60-დან 69 წლამდე მამაკაცების 30 პროცენტსა და 80-დან 89 წლამდე მამაკაცების 67 პროცენტს წინამდებარე ჯირკვლის კიბო განუვითარდება.

უფრო მეტად ვის შეიძლება განუვითარდეს ეს დაავადება?

გამოკვლევამ ცხადყო, რომ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში სწრაფად მატულობს წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი სახის კიბო შავკანიანებში ორჯერ უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე თეთრკანიანებში. ეს დაავადება სხვადასხვაგვარად არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში; ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში იჩენს თავს, სამხრეთ ამერიკაში არცთუ ისე ხშირია, ხოლო აზიაში კი ნაკლებად გვხვდება. აქედან გამომდინარე, გარემო პირობებმა ან კვების თავისებურებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე. თუ მამაკაცები ისეთ ქვეყნებში გადადიან საცხოვრებლად, სადაც ხშირად იჩენს თავს ეს ავადმყოფობა, მათი დაავადების რისკიც იზრდება.

იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავებსაც წინამდებარე ჯირკვლის კიბო ჰქონდათ, უფრო მეტია ამ დაავადების განვითარების ალბათობა. „ისინი, რომელთა მამას ან ძმას წინამდებარე ჯირკვლის კიბო ჰქონდა, დაავადების ორჯერ მეტი რისკის წინაშე დგანან“, — იტყობინება ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება. ამ დავაადების განვითარების ზოგი რისკ-ფაქტორია ასაკი, რასა, ეროვნება, მემკვიდრეობა, კვება და ფიზიკური პასიურობა. იმ მამაკაცებში, რომლებიც კალორიული საკვებს დიდი რაოდენობით იღებენ და ნაკლებად მოძრაობენ, კიბოს განვითარების რისკი უფრო დიდია.

წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების თავიდან აცილება

თუმცა მეცნიერებმა ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან, რა იწვევს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, ისინი ფიქრობენ, რომ ამას შეიძლება განაპირობებდეს მემკვიდრეობითი და ჰორმონული ფაქტორები. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ამ დაავადების ხელშემწყობი ორი რისკ-ფაქტორი — არასწორი კვება და ფიზიკური პასიურობა — გავაკონტროლოთ. ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება გვირჩევს: „შევამციროთ ჩვენს რაციონში ცხოველური მაღალკალორიული საკვები და უმეტესად მცენარეული საკვებით ვიკვებოთ“. ეს საზოგადოება აგრეთვე გვირჩევს, რომ „ყოველდღიურად ხილისა და ბოსტნეულის ხუთი ან მეტი პორცია შევჭამოთ“ და ჩვენს რაციონში ყოველთვის შედიოდეს პური, მარცვლეული, მაკარონი, პარკოსნები, სხვადასხვა ბურღულეული და ბრინჯი. პომიდორში, გრეიპფრუტსა და საზამთროში უხვად არის ლიკოპინები — ჟანგვაწინაღი ნივთიერებები, რომლებიც დნმ-ს დაზიანებისგან იცავენ და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს ამცირებენ. გარდა ამისა, როგორც ზოგი სპეციალისტი ამბობს, ამ მხრივ დამხმარეა გარკვეული სამკურნალო ბალახები და მინერალები.

ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოებისა და ამერიკის უროლოგიური ასოციაციის სპეციალისტების აზრით, პროფილაქტიკური გასინჯვის შედეგად ზოგჯერ შესაძლებელია პაციენტის გადარჩენა. მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, თუ კიბოს ადრეულ სტადიაშივე აღმოაჩენენ. ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება ურჩევს 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს (ან 45-ს გადაცილებულებს, თუ ისინი სარისკო ჯგუფს მიეკუთვნებიან), ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება *.

გამოკვლევაში უნდა იქნეს ჩართული სისხლის ანალიზიც იმის გამოსარკვევად, თუ რა რაოდენობით არის სპეციფიკური პროსტატული ანტიგენი სისხლში. ეს ანტიგენი არის ცილა, რომელიც წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში წარმოიქმნება. მისი შემცველობის დონე ჯირკვლის დაავადებისას იზრდება. „თუ სისხლის ანალიზის შედეგები არ არის ნორმის ფარგლებში, სთხოვეთ თქვენს ექიმს, გითხრათ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიბო გაქვთ, და გჭირდებათ თუ არა შემდგომი გამოკვლევები“, — გვირჩევს ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება. საჭიროა სწორი ნაწლავიდან წინამდებარე ჯირკვლის პალპაციით შემოწმებაც. სწორი ნაწლავიდან ექიმს შეუძლია იგრძნოს, რა პათოლოგიური ცვლილებები განიცადა წინამდებარე ჯირკვალმა, რადგან ეს ჯირკვალი მოთავსებულია სწორი ნაწლავის წინ (იხილეთ მამაკაცის მენჯის ორგანოების ილუსტრაცია, გვ. 20). „როდესაც ანტიგენის შემცველობის განსაზღვრის მიზნით აღებული სისხლის ანალიზი და სწორი ნაწლავიდან პალპაცია დაავადების არსებობაზე მიანიშნებს“, კარგი იქნებოდა ტრანსრექტალური ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია. ამ პროცედურას 20 წუთი სჭირდება.

ყოველწლიური უროლოგიური გამოკვლევის შედეგად არა მხოლოდ კიბო შეიძლება იქნეს აღმოჩენილი, არამედ — ადრეულ სტადიაში წინამდებარე ჯირკვლის ადენომაც (ეს დაავადება ზემოთ იყო განხილული); ეს კი ამ ავადმყოფობის ნაკლებად რადიკალური მეთოდით მკურნალობის საშუალებას იძლევა (იხილეთ ჩარჩო „წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მკურნალობა“). ზნეობრივად სუფთა ცხოვრება ადამიანს იცავს ვენერიული დაავადებებისგან, რომლებმაც შეიძლება პროსტატიტი გამოიწვიონ.

რასაკვირველია, აუცილებელია, გაუფრთხილდეთ წინამდებარე ჯირკვალს. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მამაკაცი ამბობს, რომ სავსებით გამოკეთდა ოპერაციის შემდეგ. მისი აზრით, „ყველა მამაკაცმა პროფილაქტიკის მიზნით ყოველწლიურად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება“, მაშინაც კი, თუ ვერ ამჩნევენ რაიმე სიმპტომს.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 თუ თქვენც ამ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებით, გთავაზობთ, გადახედოთ ქვემოთ მოცემულ ჩარჩოს „წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სიმპტომები“.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სიმპტომები

როგორ ჩავატაროთ ტესტი: უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს და შემოხაზეთ შესაბამისი ციფრი.

1—6 კითხვაზე პასუხის ვარიანტები:

0— არც ერთხელ.

1— ხუთი შემთხვევიდან ერთზე ნაკლებად.

2— შემთხვევათა ნახევარზე ნაკლებად.

3— შემთხვევათა ნახევარჯერ.

4— შემთხვევათა ნახევარზე მეტჯერ.

5— თითქმის ყოველთვის.

1. გასული თვის განმავლობაში, მოშარდვის შემდეგ, რამდენად ხშირად გრძნობდით მოშარდვის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობას? 0 1 2 3 4 5

2. გასული თვის განმავლობაში რამდენჯერ გადიოდით შარდზე ორ საათზე ნაკლები დროის ინტერვალში? 0 1 2 3 4 5

3. გასული თვის განმავლობაში რამდენჯერ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა რამდენიმეჯერ დაიწყეთ და შეწყვიტეთ მოშარდვა? 0 1 2 3 4 5

4. გასული თვის განმავლობაში რამდენჯერ იგრძენით, რომ გიჭირდათ შარდის შეკავება? 0 1 2 3 4 5

5. გასული თვის განმავლობაში მოშარდვის დროს რამდენჯერ გქონდათ შარდის დუნე ნაკადი? 0 1 2 3 4 5

6. გასული თვის განმავლობაში რამდენჯერ გაგიჭირდათ მოშარდვა? 0 1 2 3 4 5

7. გასული თვის განმავლობაში საშუალოდ რამდენჯერ შარდავდით ღამის პერიოდში? (შემოხაზეთ შესაბამისი ციფრი) 0 1 2 3 4 5

თქვენ მიერ შემოხაზული ყველა ციფრის შეჯამებით გაიგებთ, თუ რამდენად დიდია იმის რისკი, რომ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა გაქვთ. დაბალი 0—7; საშუალო 8—19; მაღალი 20—35.

[საავტორო უფლება]

(ტესტი შედგენილია ამერიკის უროლოგიური ასოციაციის მიერ)

[ჩარჩო 24 გვერდზე]

წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მკურნალობა

მედიკამენტები: ბევრი სხვადასხვა სახის მედიკამენტი გამოიყენება იმისდა მიხედვით, თუ რა სიმპტომები აქვს თითოეულ ავადმყოფს. მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენთვის წამლის გამოწერა.

მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა: ავადმყოფი პერიოდულად გადის სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ არ სარგებლობს წამლებით.

▪ ქირურგიული ჩარევა:

ა) წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული ელექტრორეზექციის დროს ქირურგს ორგანიზმში შარდსადენი მილის გავლით შეჰყავს სპეციალური ინსტრუმენტი — რეზექტოსკოპი, ენდოსკოპიური ხელსაწყო მარყუჟისმაგვარი მოძრავი ელექტროდით, რომელიც კვეთს ქსოვილს და მოწვავს სისხლძარღვებს. ამ შემთხვევაში გარედან გაკვეთა არ არის საჭირო. ეს პროცედურა დაახლოებით საათ-ნახევარი გრძელდება. ტრანსურეთრული პროცედურები ნაკლებად ტრავმირებადია იმ ოპერაციებთან შედარებით, რომელთა დროსაც გარედან გაკვეთა მოითხოვება.

ბ) წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული გაკვეთა ზემოთ აღნიშნული პროცედურის მსგავსია. მაგრამ ასეთი ოპერაციის დროს შარდსადენი მილის გაფართოება შარდის ბუშტის ყელისა და თვით წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილების რამდენიმე ადგილის გაკვეთით ხდება.

გ) ღია ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა ტრანსურეთრული რეზექციის გამოყენება შეუძლებელია იმის გამო, რომ წინამდებარე ჯირკვალი საკმაოდ გადიდებულია. ღია ოპერაციის დროს საჭიროა გარედან გაკვეთა.

დ) ლაზერული ქირურგიის დროს ლაზერის გამოყენებით წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური ქსოვილის დაშლა ხდება.

საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტმა უნდა მიიღოს იმასთან დაკავშირებით, იმკურნალებს თუ არა საერთოდ, და თუ იმკურნალებს, რომელ მეთოდს აირჩევს. ახლახან „ნიუ-იორკ ტამზი“ იუწყებოდა, რომ ზოგი სპეციალისტი ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, საერთოდ მიზანშეწონილია თუ არა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დასადგენად ავადმყოფის, განსაკუთრებით ხნიერი მამაკაცების, სამედიცინო გამოკვლევა. საქმე ის არის, რომ „ეს დაავადება, შეიძლება ნელა პროგრესირებდეს და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნიდეს, მაშინ როცა მისმა მკურნალობამ შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს“.

[ჩარჩო 24 გვერდზე]

კითხვები, რომლებიც შეგიძლიათ ექიმს დაუსვათ ოპერაციამდე

1. რა სახის ოპერაციის გაკეთებას მირჩევდით?

2. რატომ მჭირდება ოპერაციის გაკეთება?

3. ოპერაციის გარდა რა ალტერნატივები არსებობს?

4. რა შედეგებს გამოიღებს ოპერაცია?

5. რა რისკთან არის დაკავშირებული ოპერაციის გაკეთება (მაგალითად, სისხლის დენა ან იმპოტენცია)?

6. რა მოხდება, თუ არ გავიკეთებ ოპერაციას?

7. სად შემიძლია სხვა სპეციალისტის აზრის გაგება?

8. გაქვთ თუ არა ასეთი ოპერაციის სისხლის გადაუსხმელად გაკეთების გამოცდილება?

9. სად გაკეთდება ოპერაცია? აფასებს თუ არა საავადმყოფოს მედპერსონალი პაციენტის უფლებას სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით?

10. რა სახის ანესთეზიის გაკეთება დამჭირდება? დასწრებია თუ არა ეს ანესთეზიოლოგი სისხლის გადაუსხმელად გაკეთებულ ოპერაციებს?

11. რამდენ ხანში გამოვჯანმრთელდები?

12. რა დამიჯდება ოპერაცია?

[დიაგრამა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მამაკაცის მენჯის ორგანოების ილუსტრაცია.

შარდის ბუშტი.

წინამდებარე ჯირკვალი.

სწორი ნაწლავი.

შარდსადენი მილი.

[სურათი 25 გვერდზე]

მარგებელმა კვებამ და ზომიერმა ვარჯიშმა შეიძლება შეამციროს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების საშიშროება.