საბოლოო გამოსავალი!
საბოლოო გამოსავალი!
წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ყოველი ბავშვი ნამდვილად სასურველია, ნამდვილად უყვართ და კურთხეულია მზრუნველი, მოსიყვარულე მშობლებით, რომლებსაც გულწრფელად სურთ, თავიანთ შვილებს, რამდენადაც შესაძლებელია, საუკეთესოდ უხელმძღვანელონ და აღზარდონ. წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ყოველი ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელია, ბავშვები აღარ არიან უპატრონოდ და მატერიალური საჭიროებების გამო მუშაობა აღარ ართმევს მათ ბავშვობას!
მართლაც რომ კარგი იქნებოდა! დასაჯერებელია? იეჰოვას მოწმეები ორი მიზეზის გამო ფიქრობენ, რომ ეს დასაჯერებელია.
მშობლებს ნაწილობრივ შეუძლიათ გამოსავლის პოვნა
უეჭველია, დაეთანხმებით იმას, რომ სრულასაკოვნებს ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების
გადაწყვეტის, ხანდახან მათი თავიდან არიდების, ძალა შესწევთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ ასე მოქმედება სურთ. დიახ, პრობლემებიდან გამოსავლის მიგნება გარკვეულწილად მშობლებზეა დამოკიდებული.მაგალითად, თუ სრულასაკოვნები ითვალისწინებენ ბიბლიურ რჩევას იმის თაობაზე, რომ „ცოლი არ გაეყაროს ქმარს. . . ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს“, მათი შვილები არ იტანჯებიან განცალკევებული ან განქორწინებული მშობლების ოჯახში ცხოვრებით (1 კორინთელთა 7:10, 11).
თუ სრულასაკოვანი ადამიანები ემორჩილებიან ბიბლიურ რჩევას: „მოვიქცეთ თავდაჭერილად. . . არა მსუნაგობით და ლოთობით“, მათი შვილები არ იტანჯებიან ლოთი ან ნარკომანი მშობლების მიერ მიყენებული ტკივილით (რომაელთა 13:13; ეფესელთა 5:18).
თუ სრულასაკოვნები ითვალისწინებენ ‘სიძვისგან განრიდებასთნ’ დაკავშირებულ ბიბლიურ რჩევას, თავიანთ შვილებს ისეთ გარემოში გაზრდის საშიშროებისგან იცავენ, სადაც ისინი იგრძნობდნენ, რომ ზედმეტნი არიან. ასეთი გარემო, შესაძლოა, მარტოხელა მშობლის ოჯახი იყოს (1 თესალონიკელთა 4:3; მათე 19:9).
თუ სრულასაკოვანი ადამიანები ემორჩილებიან ბიბლიურ რჩევას: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“, და ‘გიყვარდეთ შვილები’, მათი შვილები არ განიცდიან ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს იმის გამო, რომ ცუდად ექცევიან (კოლასელთა 3:21; ტიტე 2:4).
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ყველა სრულასაკოვანი გაითვალისწინებდა იესოს რჩევას: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“, ნუთუ იქნებოდა მილიონობით ბავშვი არასასურველი და სიყვარულს მოკლებული? (მათე 7:12).
საბედნიეროდ, არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებიც მოწადინებული არიან ყოველივე ზემოხსენებულის შესასრულებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არ სურს ამის გაკეთება და პრობლემაც სწორედ ეს არის. ხშირად მათი ძალისხმევაც კი, ვისაც ბავშვთა საკეთილდღეოდ თავისი წვლილის შეტანა სურს, ადამიანთა არასრულყოფილებისა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო უშედეგოა. ადამიანებს შეუძლიათ ნაწილობრივ იპოვონ გამოსავალი ბავშვთა პრობლემებიდან; მაგრამ ნათელია, რომ მათ ძალა არ შესწევთ სრული გამოსავლის მოსაძებნად.
ღვთის მთავრობა საბოლოოდ გადაწყვეტს პრობლემებს
წინა სტატიაში მოხსენიებულ მწერალ ჯონ რასკინს მტკიცედ სწამდა, რომ „სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა ბავშვის კარგად დაბინავებაზე, ჩაცმაზე, გამოკვებასა და განათლებაზე ზრუნვა მანამ, სანამ ის დამოუკიდებელი გახდება“. მაგრამ რასკინმა აღიარა, რომ „ამის შესასრულებლად მთავრობას ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ხალხზე, რაც დღესდღეობით მხოლოდ ოცნებაა“.
მთავრობას მხოლოდ ღვთის მხარდაჭერით ექნება ისეთი სასიკეთო ძალაუფლება, რომელზეც რასკინი საუბრობდა. სწორედ ასეთი აღთქმული მთავრობა მოიხსენია იესომ მათეს 6:9, 10-ში. მალე, როდესაც ღვთის ეს მთავრობა დედამიწის მართვის სადავეს დაეპატრონება, ის თავის ძალაუფლებას ყველა ხალხზე განავრცობს — დააბინავებს, შემოსავს, გამოკვებავს და განათლებას მიაღებინებს თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის ბავშვებს (ესაია 65:17—25). მაგრამ ეს სრულყოფილი მთავრობა უფრო მეტსაც გააკეთებს.
ღვთის სამეფო ადამიანებს გაასრულყოფილებს და შვილების სრულყოფილად აღზრდის პირობებს შეუქმნის (იობი 33:24—26). ბავშვები, როგორც ეს გაეროს ბავშვის უფლებათა დეკლარაციაშია ნათქვამი, მშვიდობისა და საერთაშორისო ძმობის ატმოსფეროში გაიზრდებიან (ფსალმუნი 45:9, 10). აღარასოდეს იქნება საჭირო ბავშვთა საერთაშორისო წელი ან ბავშვის უფლებათა კონვენცია.
ამ ზეციერი სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, ადვილად აღუდგენს სრულყოფილ ჯანმრთელობას მშობლებსა და ხეიბარ ბავშვებს. ამის გარანტიას დედამიწაზე მის მიერ მოხდენილი სასწაულებრივი განკურნებები გვაძლევს (ლუკა 6:17—19; იოანე 5:3—9; 9:1—7). მას გარდაცვლილი შვილებისა და მშობლების მკვდრეთით აღდგენაც ძალუძს! (მათე 9:18—25).
რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ კარზეა მომდგარი ის დრო, როცა ღმერთი ყველა ბავშვის სასარგებლოდ იმოქმედებს!
[ჩარჩო⁄სურათები 12 გვერდზე]
დახმარება ახალგაზრდებისთვის
იეჰოვას მოწმეები გულწრფელად არიან დაინტერესებული, რომ დაეხმარონ ახალგაზრდებს როგორც გარკვეული პრობლემების თავიდან აცილებაში, ისე გარდაუვალ პრობლემებთან საუკეთესოდ გამკლავებაში. ამიტომ ისინი წლების განმავლობაში აქვეყნებენ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვების, ისე მოზარდი ახალგაზრდების მოთხოვნილებებისთვისაა გათვალისწინებული. ამ საშუალებებში შედის წიგნები „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, აგრეთვე ვიდეოფილმი „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“. მათი მიღება შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეებისგან, რომლებიც თქვენს მახლობლად ცხოვრობენ, ან შეგიძლიათ ამის შესახებ მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
რაც შეეხება საკუთარ შვილებს, მათი პრობლემების ერთობლივი რეგულარული განხილვით იეჰოვას მოწმეები აგრძნობინებენ მათ, რომ ისინი სასურველნი არიან და სიყვარულს იმსახურებენ. მშობლები ხშირად იყენებენ ზემოხსენებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ შესანიშნავ მასალას, რათა ახალგაზრდებს პროგრესულად და რეგულარულად ასწავლონ. ხომ არ გსურთ ასეთივე მეთოდის გამოყენება თქვენს შვილებთან?