არსებობს საფუძველი იმედისთვის?
არსებობს საფუძველი იმედისთვის?
„სირთულეებით აღსავსე ქორწინების ერთი პრობლემა ის არის, რომ წყვილს ხელი აქვს ჩაქნეული და ცოლ-ქმარი აღარ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას. ასეთი უიმედობა ხელს უშლით იმაში, რომ თავიანთ ურთიერთობებში ცვლილებები შეიტანონ, რადგან მათში რამე აღმშენებლობითის გაკეთების სურვილს კლავს“ (დ-რ ერონ ბეკი).
წარმოიდგინეთ, რომ რაღაც გტკივათ და გასასინჯად ექიმს მიმართეთ. თქვენ შეწუხებული ხართ — და ეს გასაგებიცაა. ბოლოს და ბოლოს, თქვენს ჯანმრთელობას, თავად თქვენს სიცოცხლესაც კი შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. მაგრამ დავუშვათ, ექიმმა შეგამოწმათ და გაგახარათ იმ ცნობით, რომ თუმცა თქვენი პრობლემა არ არის უმნიშვნელო, თქვენი განკურნება შესაძლებელია. ფაქტობრივად, ექიმი გეუბნებათ, რომ, თუ გარკვეულ დიეტასა და ვარჯიშის გონივრულ პროგრამას საგულდაგულოდ მიჰყვებით, შეიძლება სავსებით გამოკეთდეთ. უეჭველად, დიდ შვებას იგრძნობდით და მის რჩევას სიხარულით გაითვალისწინებდით!
ეს სიტუაცია შევადაროთ ჩვენი საუბრის თემას. განიცდით თუ არა თქვენს ქორწინებაში რამე „ტკივილს“? რასაკვირველია, ყოველ ქორწინებას თან სდევს თავისი პრობლემები და უთანხმოებები. ასე რომ, თქვენს ურთიერთობაში ზოგი რთული მომენტის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ქორწინება უსიყვარულოა. მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუკი მტკივნეული სიტუაცია კვირების, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გრძელდება? თუკი ეს ასეა, წუხილის მიზეზი მართლაც გქონიათ, რადგან ეს უმნიშვნელო საკითხი როდია. მართლაც, იმას, თუ როგორია თქვენი ქორწინება, შეუძლია თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მხარეზე იქონიოს გავლენა. მაგალითად, ფიქრობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობა შეიძლება ისეთი პრობლემების გამომწვევი მთავარი ფაქტორი იყოს, როგორიცაა დეპრესია, დაბალი პროდუქტიულობა სამსახურში და ბავშვების წარუმატებლობა სკოლაში. მაგრამ პრობლემა ამით არ ამოიწურება. ქრისტიანებმა იციან, რომ მეუღლესთან ურთიერთობამ თავად ღმერთთან ურთიერთობაზე შეიძლება იმოქმედოს (1 პეტრე 3:7).
ის ფაქტი, რომ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის პრობლემები არსებობს, არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია უიმედოა. ქორწინებისთვის რეალისტური თვალით შეხედვას — რომ მასში სირთულეების არსებობა გარდაუვალია — შეუძლია წყვილს დაეხმაროს პრობლემების ნამდვილი სახის დანახვასა და მათ გადასაწყვეტად მოქმედებაში. დაქორწინებული მამაკაცი, სახელად აიზეკი, ამბობს: „ნორმალურად არ მიმაჩნდა ის, რომ დაქორწინებული წყვილები ხან ბედნიერების მწვერვალზე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ და ხან — პრობლემების მორევში. ვფიქრობდი, რომ თავად ჩვენ გვჭირდა რაღაც!“.
მაშინაც კი, თუ თქვენი ქორწინება უსიყვარულო გახდა, მისი გადარჩენა შესაძლებელია. მართლაც, დაძაბული ურთიერთობით გამოწვეული ემოციური ჭრილობები შეიძლება ღრმა იყოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ წლების განმავლობაში პრობლემები პრობლემებად რჩება. მიუხედავად ამისა, იმედისთვის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. აღძვრას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქორწინებაში სერიოზული პრობლემების მქონე ორივე მხარეს შეუძლია მდგომარეობის *.
გამოსწორება, თუკი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ორივესთვისასე რომ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენად მსურს იმის მიღწევა, რომ სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდეს?“. გსურთ თუ არა თქვენ და თქვენს მეუღლეს, ყოველი ღონე იხმაროთ ქორწინებაში თქვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად? დ-რ ბეკი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, ამბობს: „ხშირად გავუოცებივარ იმას, თუ როგორ გაუმჯობესებულა, ერთი შეხედვით, ცუდი ურთიერთობა, როდესაც პარტნიორები ერთად იღვწოდნენ უარყოფითი მხარეების გამოსასწორებლად და თავიანთი ქორწინების დადებით მხარეებს აძლიერებდნენ“. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება, თუკი თქვენი მეუღლე მხარს არ გიბამთ? ან იმ დროს, როცა ჩანს, რომ პრობლემის არსებობას საერთოდ ვერ ამჩნევს? ფუჭი ხომ არ იქნება თქვენი ძალისხმევა, რომელსაც ქორწინების გადასარჩენად მარტო გამოიჩენთ? არავითარ შემთხვევაში! „თუკი თქვენ გარკვეულ ცვლილებებს მოახდენთ თქვენს დამოკიდებულებაში, — ამბობს დ-რ ბეკი, — ამით, თავისთავად, შეიძლება თქვენი მეუღლეც ცვლილებების მოსახდენად აღიძრას — ძალიან ხშირად ეს ასეც ხდება“.
ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენს შემთხვევაში ეს არ მოხდება. თავად ასეთი პესიმისტური აზროვნება შეიძლება დიდ საფრთხეს უქმნიდეს თქვენს ქორწინებას! ერთ-ერთმა თქვენგანმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ეს? თუკი მკვდარი წერტილიდან დაიძვრებით, თქვენმა მეუღლემ შეიძლება დაინახოს, რომ თქვენთან თანამშრომლობა უფრო ბედნიერი ქორწინების აღსაშენებლად სარგებლობის მომტანია.
მაშ, რის გაკეთება შეგიძლიათ — როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთად — თქვენი ქორწინების გადასარჩენად? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბიბლია უდიდეს დახმარებას გაგიწევთ. ვნახოთ, როგორ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 უნდა ითქვას, რომ ზოგ უკიდურეს შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი მიზეზები იმისათვის, რომ ცოლმა და ქმარმა ცალ-ცალკე იცხოვროს (1 კორინთელთა 7:10, 11). ამასთანავე, ბიბლია განქორწინების ნებას იძლევა სიძვის მიზეზის გამო (მათე 19:9). თუ ვინმეს ორგულ მეუღლესთან განქორწინება სურს, ეს მისი პირადი საქმეა, და სხვებმა უდანაშაულო მეუღლეს არ უნდა დააძალონ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება (იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოქვეყნებული წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვ. 158—161).