არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ რა სახის მკურნალობას აირჩევთ?

აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ რა სახის მკურნალობას აირჩევთ?

ბიბლიის თვალსაზრისი

აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ რა სახის მკურნალობას აირჩევთ?

ავადმყოფობა, უძლურება და ტრავმები კაცობრიობისთვის ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. ჯანმრთელობის ამ მტრებთან ბრძოლისას ბევრი შვებას მკურნალობაში ეძებს. იესო ქრისტე აღიარებდა ასეთი მცდელობების შესაძლო სარგებლიანობას და ადასტურებდა, რომ „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ“ (ლუკა 5:31).

ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, ლუკა, რომელმაც ეს სიტყვები ჩაწერა, თავად ექიმი იყო (კოლასელთა 4:14). შესაძლოა, თავიანთი ერთობლივი მოგზაურობებისას, ლუკა პავლე მოციქულს მკურნალობდა ხოლმე. მაგრამ საღვთო წერილში ვხვდებით თუ არა სადმე კონკრეტულ მითითებას ქრისტიანებისთვის მისაღებ მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით? აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ რა სახის მკურნალობას აირჩევთ?

ბიბლიური პრინციპები

ბიბლიას შეუძლია დაეხმაროს ადამიანს მკურნალობასთან დაკავშირებით ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად, მეორე რჯულის 18:10—12 ნათელყოფს, რომ მარჩიელობისა და ჯადოქრობის მსგავსი საქმიანობები ‘სძაგს’ იეჰოვას. ‘მისნობაში’, რომელთან დაკავშირებითაც პავლე გვაფრთხილებდა, ეს აკრძალული ქმედებებიც უნდა შედიოდეს (გალატელთა 5:19—21). ამიტომაც, ჭეშმარიტი ქრისტიანები ერიდებიან ნებისმიერ იმ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პროცედურას, რომელშიც აშკარად სპირიტიზმი ფიგურირებს.

ბიბლიიდან აგრეთვე ჩანს, რომ შემოქმედი დიდად აფასებს სიცოცხლისა და სისხლის სიწმინდეს (დაბადება 9:3, 4). რადგან გადაწყვეტილი აქვთ, დაემორჩილონ ‘სისხლისგან თავშეკავების’ ბრძანებას, იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ ისეთ სამედიცინო პროცედურებზე, რომლებიც სისხლისგან თავშეკავების ბიბლიურ განკარგულებას არღვევს (საქმეები 15:28, 29). ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ნებისმიერ სამედიცინო მკურნალობას უარყოფენ, არამედ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საკუთარი თავისა და თავიანთი შვილებისთვის ყველაზე საუკეთესო სამკურნალო მეთოდებს ეძიებენ. მაგრამ სთხოვენ მედიკოსებს, მათი რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით უმკურნალონ.

დაუკვირდით თქვენს ნაბიჯებს

მეფე სოლომონი გვაფრთხილებდა, რომ „სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება“ (იგავნი 14:15). მაშინაც კი, როდესაც მკურნალობის არჩეული მეთოდი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს, მაინც უნდა ‘დავუკვირდეთ საკუთარ ნაბიჯებს’. მკურნალობის ყველა ფორმა სასარგებლო როდია. როდესაც იესომ თქვა, ‘მკურნალი სნეულებს სჭირდებათო’, მას იმ დროს არსებული ყველა სამკურნალო მეთოდი არ მოუწონებია. მან იცოდა, რომ მკურნალობის ზოგი ფორმა სასარგებლო იყო, ზოგი კი მცდარი *.

მსგავსი ვითარებაა დღესაც, მკურნალობის ზოგი მეთოდი შეიძლება უსარგებლო, თაღლითურიც კი იყოს. არასაკმარისმა გამჭრიახობამ ადამიანი შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მკურნალობის მეთოდი, რომელიც ერთი ადამიანისთვის სასარგებლო აღმოჩნდა, მეორესთვის შეიძლება არაეფექტური და საზიანოც კი იყოს. მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გონიერმა ადამიანმა საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონოს თავისი არჩევანი, ნაცვლად იმისა, რომ ‘ყველა სიტყვას დაუჯეროს’, მაშინაც კი, როცა რჩევას კეთილმოსურნე მეგობრებისგან იღებს. მან ‘აზრიანობა’ უნდა გამოიჩინოს და სანდო წყაროდან უნდა ცდილობდეს ინფორმაციის მიღებას, რათა არჩევანი გათვითცნობიერების შემდეგ გააკეთოს (ტიტე 2:12).

გქონდეს რეალისტური შეხედულება და იყავი გონიერი

სავსებით ბუნებრივია, დაინტერესებული ვიყოთ ჯანმრთელობით. ჯანმრთელობისთვის სათანადო ყურადღების დათმობით მადლიერებას ვავლენთ სიცოცხლისადმი, რომელიც ღვთისგან ძღვნად მივიღეთ (ფსალმუნი 35:10). თუმცა ქრისტიანები ცდილობენ, სათანადოდ იმკურნალონ, მათი სურვილია, გაწონასწორებული შეხედულება იქონიონ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, თუკი შედარებით ჯანმრთელ ადამიანს თავისი ჯანმრთელობა მეტისმეტად ადარდებს, მას შეიძლება მხედველობიდან „უფრო მნიშვნელოვანი რამ“ (აქ) გამორჩეს (ფილიპელთა 1:10; 2:3, 4).

იესოს დღეებში მცხოვრებმა ერთმა უკურნებელი სენით დაავადებულმა ქალმა თავისი ქრონიკული ავადმყოფობის სამკურნალოდ ‘რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა’ ექიმებში. რა იყო შედეგი? განკურნების ნაცვლად მისი მდგომარეობა გაუარესდა, რამაც ქალს გული გაუტეხა (მარკოზი 5:25, 26). შვების მისაღებად ყველა ღონე იხმარა, მაგრამ ვერაფერმა უშველა. მისი შემთხვევა იმდროინდელი მედიცინის შეზღუდულ შესაძლებლობებზე მეტყველებს. დღესაც კი, მედიცინის დარგში ჩატარებული გამოკვლევებისა და ტექნოლოგიაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მრავალი ადამიანი მსგავს მდგომარეობაში იმყოფება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მედიცინის შესაძლებლობებზე რეალისტური თვალსაზრისი ვიქონიოთ. სრულყოფილი ჯანმრთელობა ამჟამად ჩვენთვის მიუღწეველია. ქრისტიანებს ესმით, რომ ღვთის მიერ ‘ხალხთა განსაკურნავად’ დანიშნული დრო ჯერ არ დამდგარა (გამოცხადება 22:1, 2). ამიტომაც, მკურნალობასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა განვივითაროთ (ფილიპელთა 4:5).

ცხადია, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სახის მკურნალობას ავირჩევთ. ამიტომ, მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენმა არჩევანმა კარგი ჯანმრთელობისა და ღმერთთან ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი უნდა აირეკლოს. თუ ასე მოვიქცევით, შევძლებთ ნდობით დაველოდოთ იეჰოვას იმ დანაპირების შესრულებას, რომ დიდებულ ახალ ქვეყნიერებაში „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 მაგალითად, დიოსკორიდეს მიერ შედგენილ პირველი საუკუნის სამედიცინო ენციკლოპედიაში სიყვითლის სამკურნალო საშუალებად ღვინისა და თხის ექსკრემენტებისგან დამზადებული ნაყენის დალევა იყო მიჩნეული! დღეს, რასაკვირველია, ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი წამალი უფრო გააუარესებდა ავადმყოფის მდგომარეობას.

[სურათი 27 გვერდზე]

სერ ლიუკ ფაილდსი, „ექიმი“, 1891 წელი.

[საავტორო უფლებები დაცულია]

Tate Gallery, London/Art Resource, NY