არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენი ქორწინების გადარჩენა შესაძლებელია!

თქვენი ქორწინების გადარჩენა შესაძლებელია!

თქვენი ქორწინების გადარჩენა შესაძლებელია!

ბიბლიაში უხვად არის პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ცოლ-ქმრისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის, ვისი შთაგონებითაც დაიწერა ბიბლია, ქორწინების დამაარსებელიცაა.

ბიბლიაში ქორწინება რეალისტურად არის აღწერილი. ის აღიარებს, რომ ცოლ-ქმარს „გაჭირვება“ ან, როგორც „ახალ ინგლისურ ბიბლიაშია“ ნათარგმნი, „ტკივილი და მწუხარება“ ექნება (1 კორინთელთა 7:28). მაგრამ ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ ქორწინებას შეუძლია და კიდევაც უნდა მოგვგვაროს სიხარული და აღტყინება (იგავნი 5:18, 19). ეს ორი აზრი ერთიმეორეს არ ეწინააღმდეგება. ისინი, უბრალოდ, გვიჩვენებენ, რომ, სერიოზული პრობლემების მიუხედავად, წყვილს შეუძლია ახლო და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდეთ ურთიერთშორის.

არის თუ არა თქვენს ქორწინებაში ასეთი ურთიერთობის ნაკლებობა? ტკივილი და გულგატეხილობა ხომ არ ჩრდილავს იმ სიახლოვესა და სიხარულს, რომელიც ერთ დროს იყო თქვენს ურთიერთობაში? მაშინაც კი, თუ თქვენი ურთიერთობები ქორწინებაში წლების მანძილზე სიყვარულს მოკლებული იყო, ამ დანაკარგის ანაზღაურება შესაძლებელია. ამასთანავე, რასაკვირველია, თქვენ რეალისტი უნდა იყოთ. არც ერთ არასრულყოფილ მამაკაცს ან ქალს არ შეუძლია იმის მიღწევა, რომ ჰქონდეს სრულყოფილი ცოლქმრობა. მიუხედავად ამისა, არსებობს ზომები, რომელთა მიღებითაც თქვენთვის შესაძლებელი იქნება უარყოფითი მხარეების გამოსწორება.

შემდგომი მასალის კითხვისას შეეცადეთ განსაზღვროთ, განსაკუთრებით რომელი პუნქტები გეხებათ. ნაცვლად იმისა, რომ მეუღლის ნაკლოვანებებზე გაამახვილოთ ყურადღება, შეარჩიეთ რამდენიმე შემოთავაზებული რჩევა, რომელთა გათვალისწინება თქვენ შეგიძლიათ და საღვთო წერილში მოცემული რჩევა გამოიყენეთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ქორწინების გადარჩენა უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე წარმოგედგინათ.

მოდი თავდაპირველად განწყობილებაზე ვიმსჯელოთ, რადგან თქვენი შეხედულება ვალდებულებაზე და მეუღლისადმი თქვენი გრძნობები უაღრესად მნიშვნელოვანია.

თქვენი შეხედულება მოვალეობაზე

თუკი ცოლქმრული ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობთ, არსებითად მნიშვნელოვანია, თუ როგორი შეხედულება გაქვთ ხანგრძლივ მოვალეობაზე. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა ქორწინება იმიტომ დააარსა, რომ ორ ადამიანს განუყრელად ეცხოვრა ერთად (დაბადება 2:24; მათე 19:4, 5). ამიტომაც, თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან არ წააგავს იმ სამსახურს, რომელიც შეიძლება მიატოვოთ ან — ბინას, რომელიც შეიძლება დატოვოთ, უბრალოდ, ხელშეკრულების გაუქმებითა და სხვაგან გადასვლით. როდესაც უღლდებოდით, საქორწინო აღთქმა დადეთ, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, მეუღლის გვერდით იქნებოდით. მოვალეობის დიდი გრძნობა ეთანხმება იესო ქრისტეს სიტყვებს, რომლებიც მან დაახლოებით 2000 წლის წინათ წარმოთქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

ზოგმა შეიძლება თქვას: „ჩვენ ხომ ისევ ერთად ვართ. განა ეს იმას არ ამტკიცებს, რომ მოვალეობის გრძნობა გაგვაჩნია?“. შესაძლოა. მაგრამ, როგორც სტატიების ამ სერიის დასაწყისში იყო აღნიშნული, ერთად მყოფი ზოგი წყვილი მკვდარი წერტილიდან არ იძვრის და უსიყვარულო ქორწინების მახეშია გაბმული. თქვენი მიზანია, ქორწინება სასიამოვნო გახადოთ და არა მხოლოდ ასატანი. მოვალეობაში იგულისხმება ერთგულება არა მხოლოდ თავად ცოლქმრობისადმი, არამედ იმ ადამიანისადმი ვისაც სიყვარული შეჰფიცეთ და ზრუნვა აღუთქვით (ეფესელთა 5:33).

მეუღლისადმი მიმართული სიტყვებიდან ჩანს, თუ რამდენად ღრმად არის თქვენში მოვალეობის გრძნობა. მაგალითად, გაცხარებული კამათის დროს ზოგი ცოლ-ქმარი ამის მსგავს დაუფიქრებელ სიტყვებს ესვრის ერთმანეთს: „გტოვებ!“, ან „წავალ და იმას ვიპოვი, ვინც დამაფასებს!“. მაშინაც კი, როცა ასეთი სიტყვები პირდაპირი გაგებით არ არის ნათქვამი, ისინი ძირს უთხრიან მოვალეობის გრძნობას, ვინაიდან მასში იგულისხმება ის, რომ კარები ყოველთვის ღიაა და ის, ვინც ასეთ რამეს ამბობს, ყოველთვის მზადაა წასასვლელად.

თუ გინდათ, რომ ცოლქმრულ ურთიერთობებში სიყვარული აღადგინოთ, გამორიცხეთ ასეთი მუქარა თქვენი საუბრებიდან. დაფიქრდით, მოაწყობდით თუ არა ბინას, თუკი გეცოდინებოდათ, რომ დღეს თუ ხვალ იქიდან წახვიდოდით? მაშ, რატომღა ელით, რომ თქვენმა მეუღლემ იმოქმედოს იმ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც დღეს თუ ხვალ შეიძლება დასრულდეს? გადაწყვიტეთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ პრობლემების გადასაჭრელად.

აი რა გააკეთა ერთმა ცოლმა ქმართან ცხოვრების მშფოთვარე პერიოდის შემდეგ. „მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ არ მომწონდა, ურთიერთობის გაწყვეტაზე არ მიფიქრია, — ამბობს ის, — რაც უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის, სიტუაციას როგორღაც ვაგვარებდით ხოლმე. ხოლო ახლა, ორი ძალზე რთული წლის შემდეგ, გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ სრულიად ბედნიერები ვართ ერთად“.

დიახ, მოვალეობაში თანამშრომლობა იგულისხმება — არა მხოლოდ თანაარსებობა, არამედ ბრძოლა საერთო მიზნის მისაღწევად. მაგრამ შეიძლება ფიქრობთ, რომ მხოლოდ მოვალეობის გრძნობის გამო ხართ ერთად. თუ ეს ასეა, გული არ გაიტეხოთ. სიყვარულის აღდგენა შესაძლებელია. როგორ?

პატივი ეცით თქვენს მეუღლეს

ბიბლიაში ნათქვამია: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი“ (ებრაელთა 13:4; რომაელთა 12:10). ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ თარგმნილია როგორც „პატიოსანი“, ბიბლიის სხვა ადგილებში ნათარგმნია როგორც ‘ფასეული’, „პატივცემული“ და „ძვირფასი“. როდესაც რაღაცას დიდად ვაფასებთ, მას მთელი გულმოდგინებით ვუფრთხილდებით. შესაძლოა, დაგინახავთ ადამიანი, რომელსაც ძვირადღირებული ახალი მანქანა ჰყავს. ის ზრუნავს იმაზე, რომ მისი საყვარელი ავტომობილი კრიალებდეს და კარგ მდგომარეობაში იყოს. მისთვის უმნიშვნელო ნაკაწრის გაჩენაც კი უდიდესი ტრაგედიაა! სხვები ამნაირადვე ზრუნავენ ჯანმრთელობაზე. რატომ? იმიტომ რომ თავიანთ ჯანმრთელობას აფასებენ და სურთ, გაუფრთხილდნენ მას.

ამნაირადვე მოუფრთხილდით თქვენს ქორწინებას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“ (1 კორინთელთა 13:7). ნაცვლად იმისა, რომ პესიმისტური განწყობილება იქონიოთ — ყოველგვარ გაუმჯობესებაზე ხელი ჩაიქნიოთ და თქვათ, რომ სინამდვილეში არასოდეს გყვარებიათ ერთმანეთი, ძალიან ადრე დაქორწინდით ან არ იცოდით, რას აკეთებდით — ნუთუ კარგი არ იქნებოდა, გქონოდათ უკეთესის იმედი, გემოქმედათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მოთმინებით დალოდებოდით შედეგებს? «ჩემთან საკონსულტაციოდ მოსული ადამიანებისგან რამდენჯერ მსმენია ასეთი სიტყვები: „მეტი აღარ შემიძლია!“ — ამბობს ერთი კონსულტანტი ქორწინების საკითხებში, — ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ თავიანთი ურთიერთდამოკიდებულება და იფიქრონ, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება, მეუღლეები დაუფიქრებლად უსვამენ ხაზს თავად ქორწინებას, იმ ფასეულობების ჩათვლით, რომლებიც მათ აერთიანებდათ, თავიანთ წარსულსა და მომავლის ყოველგვარ იმედს».

რა წარსული მოვლენები გაერთიანებთ მეუღლესთან? თქვენს ურთიერთობაში არსებული სირთულეების მიუხედავად, უეჭველია, შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთად გატარებული სასიამოვნო წუთები, მიღწევები და ის ამოცანები, რომელთა წინაშეც მდგარხართ. დაფიქრდით ამ შემთხვევებზე და თქვენი ურთიერთობის გამოსწორების გულწრფელი მცდელობით ნათელყავით, რომ პატივს სცემთ თქვენს ქორწინებას და თქვენს მეუღლეს. ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთი უდიდეს ინტერესს ავლენს მეუღლეების ურთიერთდამოკიდებულების მიმართ. მაგალითად, წინასწარმეტყველ მალაქიას დღეებში იეჰოვა კიცხავდა ისრაელ ქმრებს, რომლებიც ღალატობდნენ თავიანთ ცოლებს და დაუფიქრებლად ეყრებოდნენ მათ (მალაქია 2:13—16). ქრისტიანებს სურთ, რომ მათმა ქორწინებამ იეჰოვა ღმერთს მიაგოს პატივი.

კონფლიქტი — რამდენად სერიოზულია?

უსიყვარულო ცოლქმრობის ხელშემწყობი მთავარი ფაქტორი, ჩანს, რომ ცოლ-ქმრის მიერ კონფლიქტების მოგვარების უუნარობაში მდგომარეობს. რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ადამიანი, დროდადრო ყველა ქორწინებაში იქნება უთანხმოებები. მაგრამ იმ წყვილებმა, რომელთაც განუწყვეტლივ მოსდით უთანხმოებები, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ წლების შემდეგ მათი სიყვარული განელდა. მათ შეიძლება დაასკვნან კიდეც: „საერთოდ არ ვეწყობით ერთმანეთს. ყოველთვის ვჩხუბობთ!“.

მაგრამ კონფლიქტების არსებობა ქორწინების დასასრულს არ უნდა ნიშნავდეს. მაშ, საინტერესოა, როგორ უნდა გაართვათ თავი კონფლიქტებს? წარმატებულ ქორწინებაში ცოლ-ქმარი პრობლემების შესახებ ისე ლაპარაკობს, რომ, როგორც ამას ერთი ექიმი უწოდებს, „ახლო მტრებად“ არ იქცევიან.

‘ენის ხელში’

იცით თუ არა თქვენ და თქვენმა მეუღლემ, როგორ ილაპარაკოთ პრობლემების შესახებ? ორივე უნდა იყოთ დაინტერესებული მათი გადაწყვეტით. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ხელოვნებაა, რომლის დაუფლება შეიძლება არც ისე იოლი იყოს. რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არასრულყოფილების გამო ყოველი ჩვენგანი დროდადრო „სცოდავს სიტყვით“ (იაკობი 3:2, სსგ). მეორე მიზეზი ისაა, რომ ზოგი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ. ადრეული ასაკიდანვე ისინი, გარკვეულწილად, ეჩვეოდნენ იმ აზრს, რომ თავშეუკავებელი მრისხანება და სალანძღავი სიტყვების გამოყენება ნორმალურია. ასეთ გარემოში გაზრდილი ბიჭი შეიძლება ‘ბრაზიან და რისხვიან კაცად’ იქცეს (იგავნი 29:22). მსგავსად ამისა, ასეთივე გარემოში აღზრდილი ქალიშვილიც შეიძლება „ანჩხლ“ და „ბრაზიან“ ქალად ჩამოყალიბდეს (იგავნი 21:19). შეიძლება ძნელი იყოს აზროვნებისა და ქცევის ძვალ-რბილში გამჯდარი ნორმების აღმოფხვრა *.

კონფლიქტის მოსაგვარებლად აზრების ახლებურად გამოხატვის სწავლაა საჭირო. ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი, ვინაიდან ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავნი 18:21). დიახ, შეიძლება უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ ის, თუ როგორ ელაპარაკებით მეუღლეს, მაგრამ ამით თქვენი ურთიერთობა შეიძლება ან გაუარესდეს, ან გაუმჯობესდეს. „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, — ნათქვამია სხვა ბიბლიურ იგავში, — ბრძენკაცის ენა კი მკურნალია“ (იგავნი 12:18).

მაშინაც კი, როცა ჩანს, რომ ძირითადად თქვენი მეუღლეა უთანხმოებების მიზეზი, კარგად აწონ-დაწონეთ და მერე თქვით თქვენი სათქმელი. საზიანოა თქვენი სიტყვები თუ სასიკეთო? აბრაზებს თუ ამშვიდებს სხვა ადამიანს? ‘საწყენი სიტყვა რისხვას იწვევს’, — ნათქვამია ბიბლიაში. ამის საპირისპიროდ, „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს“ (იგავნი 15:1). საწყენი სიტყვები — თუნდაც მშვიდად იყოს ნათქვამი — მდგომარეობას გაამწვავებს.

რასაკვირველია, თუკი რაღაც გაწუხებთ, აზრის გამოთქმის სრული უფლება გაქვთ (დაბადება 21:9—12). მაგრამ ამის გაკეთება შეგიძლიათ უსარკაზმოდ, შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე. საკუთარ თავს მტკიცე საზღვრები დაუდგინეთ — რომ თქვენს მეუღლეს არ ეტყვით ამის მსგავს რამეს: „მძულხარ“ ან „ნეტავ არასოდეს გამოგყოლოდი“ და „რამ მომაყვანინა შენი თავი ცოლად“. და თუმცა ქრისტიანი მოციქული პავლე ქვემოთ მოცემულ ბიბლიურ მუხლში კონკრეტულად ქორწინებას არ ეხებოდა, გონივრული იქნებოდა, არ გაბმულიყავით იმ მახეში, რომელსაც ის ‘სიტყვებზე პაექრობასა’ და ‘წვრილმანების გამო ცხარე კამათს’ უწოდებდა * (1 ტიმოთე 6:4, 5, აქ). თუკი თქვენი მეუღლე ასე იქცევა, თქვენ ამნაირადვე ნუ უპასუხებთ. რამდენადაც ეს თქვენი მხრივ შესაძლებელია, დაიცავით სიმშვიდე (რომაელთა 12:17, 18; ფილიპელთა 2:14).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ, გაცხარებისას სიტყვების შერჩევა ძნელია. „ენაც ცეცხლია, — ამბობს ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი იაკობი, — ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე“ (იაკობი 3:6, 8). მაშ, რის გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც ხედავთ, რომ დაძაბულობა მატულობს? როგორ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ მეუღლეს ისე, რომ კონფლიქტი ჩაახშოთ და ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ?

მდგომარეობის განმუხტვა

ზოგმა დაინახა, რომ რისხვის განელება და მტკივნეულ საკითხებზე საუბარი უფრო ადვილია მაშინ, როდესაც ხაზს უსვამენ თავიანთ განცდებს და არა მეუღლის მოქმედებებს. მაგალითად, „გულნატკენი ვარ იმის გამო, რაც თქვი“ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე „შენ გული მატკინე“ ან „სანამ რაღაცას იტყოდე, კარგად უნდა დაფიქრდე“. უნდა ითქვას ისიც, რომ მაშინ, როცა თქვენს განცდებს გამოხატავთ, თქვენი ხმის ტონში სიმწარე და სიძულვილი არ უნდა იგრძნობოდეს. თქვენი მიზანი პრობლემის განხილვა უნდა იყოს, და არა პიროვნებაზე იერიშის მიტანა (დაბადება 27:46; 28:1).

გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არსებობს „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ (ეკლესიასტე 3:7). როდესაც ორი ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობს, არც ერთი არ უსმენს ერთმანეთს, ამით კი არაფერი მიიღწევა. ასე რომ, როდესაც მოსმენის ჯერი გიდგებათ, იყავით ‘სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი’. არანაკლებ მნიშვნელოვანია, იყოთ „რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19). პირდაპირი გაგებით ნუ მიიღებთ თქვენი მეუღლის მიერ წარმოთქმულ ყოველ უხეშ სიტყვას; არც ‘გულისწყრომად იჩქაროთ’ (ეკლესიასტე 7:9). ნაცვლად ამისა, შეეცადეთ თქვენი მეუღლის სიტყვების მიღმა მის გრძნობებს ჩასწვდეთ. „გონიერი კაცი სულგრძელია, — ნათქვამია ბიბლიაში, — და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა“ (იგავნი 19:11). გონიერებას შეუძლია ცოლს ან ქმარს უთანხმოების გამომწვევი მიზეზების დანახვაში დაეხმაროს.

მაგალითად, ცოლის ჩივილი, რომ ქმარი დროს არ უთმობს, როგორც ჩანს, უბრალოდ, რაღაც საათებისა და წუთების განმავლობაში ქმრის მის გვერდით არყოფნას არ ეხება. მასში შეიძლება უფრო ის იგულისხმებოდეს, რომ მისი გრძნობები უგულებელყოფილია და არ არის დაფასებული. მსგავსად ამისა, ქმრის ჩივილი, რომ მისი ცოლი უყაირათოდ ხარჯავს ფულს, შეიძლება მხოლოდ გარკვეულ თანხას არ ეხებოდეს. ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მას არაფრად აგდებენ. გონიერი ცოლ-ქმარი გამოიკვლევს და ჩასწვდება პრობლემის არსს (იგავნი 16:23).

ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება? რასაკვირველია! ზოგჯერ, მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, შეიძლება მოხდეს ისე, რომ მაინც უხეშად მიმართოთ ერთმანეთს და განრისხდეთ. როდესაც დაინახავთ, რომ სადაცაა აფეთქდებით, სჯობს მიჰყვეთ იგავნის 17:14-ში მოცემულ რჩევას: „ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“. არაფერია არასწორი იმაში, რომ მსჯელობა გადადოთ იმ დრომდე, სანამ არ დაწყნარდებით. თუკი გეძნელებათ ლაპარაკი და ატყობთ, რომ თავს ვერ შეიკავებთ, შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს, დასხდეთ მოწიფულ მეგობართან ერთად, რომელიც თქვენ შორის არსებული უთანხმოებების გარკვევაში დაგეხმარებათ *.

შეინარჩუნეთ რეალისტური თვალსაზრისი

გული არ გაიტეხოთ, თუკი თქვენი ოჯახი არ არის ისეთი, როგორიც ტრფობის დროს წარმოგედგინათ. ექსპერტთა თქმით, „უმრავლესობისთვის ქორწინებას არ მოაქვს უსასრულო ნეტარება. ის ხან ია-ვარდით მოფენილ, ხან კი ეკლიან გზას ჰგავს“.

დიახ, ოჯახური ცხოვრება, შესაძლოა, რომანებში აღწერილ ისტორიას არ გვაგონებდეს, მაგრამ არც ტრაგედია უნდა იყოს. თუმცა დადგება დრო, როდესაც თქვენცა და თქვენს მეუღლესაც ერთმანეთის ატანა მოგიწევთ; ისეთი მომენტებიც გექნებათ, როდესაც შეძლებთ თქვენი უთანხმოებების დავიწყებას და ერთად ყოფნით გაიხარებთ, გაერთობით და ერთმანეთთან მეგობრულად ისაუბრებთ (ეფესელთა 4:2; კოლასელთა 3:13). ზუსტად ამ მომენტებში შეიძლება კვლავ აინთოს ჩამქრალი სიყვარული.

გახსოვდეთ, ორ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს სრულყოფილი ცოლქმრობა, მაგრამ მათ შეუძლიათ, გარკვეულწილად, ბედნიერები იყვნენ. მართლაც, სირთულეების მიუხედავადაც კი, თქვენი ურთიერთობა შეიძლება უზომო კმაყოფილების მომტანი იყოს. ერთ რამეში იყავით დარწმუნებული — თუკი ურთიერთობის გაუმჯობესებას ორივე თქვენგანი საკმაო ძალ-ღონეს ახმარს და მზად ხართ, იყოთ დამთმობი და ‘სხვისი სარგებელი ეძებოთ’, ეს საფუძვლიანი მიზეზია იმის დასაჯერებლად, რომ თქვენი ქორწინების გადარჩენა შესაძლებელია (1 კორინთელთა 10:24).

[სქოლიოები]

^ აბზ. 22 მშობლების გავლენის სიძლიერე ადამიანს არ აძლევს იმის უფლებას, რომ მეუღლეს უხეშად ელაპარაკოს. მაგრამ ამ გავლენით შეიძლება აიხსნას, თუ რამდენად ღრმად შეიძლება გაუჯდეს ადამიანს ასეთი მიდრეკილებები და რა ძნელია მათი აღმოფხვრა.

^ აბზ. 25 ბერძნული სიტყვა, რომელიც დედნიდან „წვრილმანების გამო ცხარე კამათად“ ითარგმნა, „ურთიერთგაღიზიანებადაც“ შეიძლება ითარგმნოს.

^ აბზ. 31 იეჰოვას მოწმეებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ კრების უხუცესებს მიმართონ. თუმცა უხუცესები არ ერევიან დაქორწინებული წყვილების პირად საქმეებში, მათ შეუძლიათ გასაჭირში მყოფ წყვილს დაეხმარონ (იაკობი 5:14, 15).

[ჩანართი 12 გვერდზე]

საზიანოა თქვენი სიტყვები თუ სასიკეთო?

[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]

ნაზად ისროლეთ ბურთი

ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6). უდავოდ, ეს პრინციპი ქორწინებასაც მიესადაგება! თვალსაჩინოებისთვის, ბურთით თამაშის დროს ბურთის გადაგდებას ისეთნაირად ცდილობთ, რომ მეორე მოთამაშემ ადვილად დაიჭიროს. თქვენ არ ისვრით მას ისეთი ძალით, რომ პარტნიორს რამე ატკინოთ. იგივე პრინციპი გამოიყენეთ, როდესაც მეუღლეს ესაუბრებით. მწარე რეპლიკების სროლა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. ნაცვლად ამისა, ილაპარაკეთ ნაზად და ‘მადლიანი ენით’, რომ თქვენმა მეუღლემ გაიგოს თქვენი სათქმელი.

[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]

გაიხსენეთ წარსული!

წაიკითხეთ ძველი წერილები და ბარათები. დაათვალიერეთ სურათები. შეეკითხეთ საკუთარ თავს: „რამ მიმიზიდა ჩემს მეუღლეში? რა თვისებებით მოვიხიბლე ყველაზე მეტად? რა გვიკეთებია ერთად? რაზე გვიცინია?“. შემდეგ ეს მოგონებები გაუზიარეთ თქვენს მეუღლეს. საუბარი, რომელიც იწყება ფრაზით „გახსოვს. . .?“, შეიძლება ორივეს დაგეხმაროთ იმ გრძნობების გამოცოცხლებაში, რომლებიც ერთ დროს გაერთიანებდათ.

[ჩარჩო 12 გვერდზე]

ახალი მეუღლე — იგივე პრობლემები

ზოგ ადამიანს, ვინც თავს სიყვარულს მოკლებული ქორწინების მახეში გაბმულად მიიჩნევს, ახალ მეუღლესთან სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. მაგრამ ბიბლია კიცხავს ღალატს. ის აცხადებს, რომ ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი „უჭკუოა“ და ‘თავის სულს წარწყმედს’ (იგავნი 6:32). საბოლოო ჯამში, მოუნანიებელი მოღალატე ღვთის კეთილგანწყობილებას კარგავს, რაც ყველაზე უარესია (ებრაელთა 13:4).

ღალატი რომ სრული უგუნურებაა, სხვა მხრივაც ჩანს. ჯერ ერთი, მოსალოდნელია, რომ ხელახლა დაქორწინებული ადამიანი იმავე პრობლემების წინაშე დადგეს, რაც პირველი ქორწინებისას ჰქონდა. დ-რ დაიენ მედვედს სხვა საყურადღებო ფაქტორიც მოჰყავს: „პირველი, რაც თქვენმა ახალმა მეუღლემ თქვენს შესახებ გაიგო, — ამბობს ის, — არის ის, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს უღალატოთ ვინმეს. მან იცის, რომ შეიძლება მოატყუოთ ის ადამიანი, ვისაც რაღაცის პირობა მიეცით. იცის, რომ თავის გამართლება კარგად გეხერხებათ, რომ შეგიძლიათ მოვალეობას თავი აარიდოთ. მან იცის, რომ ხორციელი სიამოვნება და თვითკმაყოფილება საცდურია თქვენთვის. . . რა დაარწმუნებს თქვენს ახალ მეუღლეს იმაში, რომ ახალი თავგადასავლები კვლავაც არ მიგიზიდავთ?“.

[ჩარჩო 14 გვერდზე]

ბიბლიური იგავების სიბრძნე

იგავნი 10:19 „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“.

როდესაც გულნატკენი ხართ, სიტყვები შეიძლება ცოტა ვერ მოზომოთ — მოგვიანებით კი ინანოთ ამაზე.

იგავნი 15:18 „ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს“.

მოსალოდნელია, რომ გესლიანი ენით გამოთქმულმა ბრალდებებმა თქვენს მეუღლეს თავდაცვითი პოზიცია დააკავებინოს, მაშინ როცა მოთმინებით მოსმენა ორივეს დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

იგავნი 17:27 „მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია“.

როდესაც გრძნობთ, რომ რისხდებით, უკეთესი იქნება, დადუმდეთ, რათა თავიდან აირიდოთ უკიდურესი დაპირისპირება.

იგავნი 29:11 „ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას“.

უმნიშვნელოვანესია თავშეკავება. უხეში სიტყვების გააფთრებით წამოსროლა მხოლოდ დაგაშორებთ მეუღლეს.