მიირთვით ბოსტნეული!
მიირთვით ბოსტნეული!
„გამოიღვიძეთის!“ კორესპონდენტისგან ბრაზილიაში
„მწარეა“. „უგემურია“. „არასოდეს გამისინჯავს“.
ეს მხოლოდ ზოგი მიზეზია იმისა, თუ ბევრი რატომ არ ჭამს ბოსტნეულს. რა შეიძლება ითქვას თქვენზე? ყოველდღიურად მიირთმევთ ბოსტნეულს? ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ ჩაატარა გამოკითხვა იმის გამოსაკვლევად, თუ რატომ უყვარს ზოგს ბოსტნეული, ზოგს კი — არა.
მათ, ვინც ბოსტნეულს მიირთმევს, თქვეს, რომ მშობლებმა ასწავლეს, რამდენად მნიშვნელოვანია ბოსტნეულის, პარკოსნებისა და ხილის საკვებად გამოყენება. მათგან განსხვავებით, მრავალი, ვისაც ბოსტნეული არ უყვარს, ბავშვობისას არ მიაჩვიეს მათ ჭამას. ისინი უპირატესობას მაღალკალორიულ, არასრულფასოვან საკვებს ანიჭებდნენ. მიუხედავად ამისა, ისინიც დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ ბოსტნეულის მიღება მნიშვნელოვანია კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მშობლებო, მიაჩვიეთ ბავშვები ბოსტნეულის ჭამას! როგორ? გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში „Facts for Life“ მოცემულია რჩევა, რომ დაახლოებით ექვსი თვის ბავშვებს ძუძუთი ან ხელოვნური კვების შემდეგ, სულ მცირე, დღეში ერთხელ უნდა მიეცეთ მოხარშული, კანგაცლილი და გახეხილი ბოსტნეული. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება საკვები, მით უფრო უკეთესია ბავშვისთვის. ბრაზილიელი პედიატრი დ-რი ვაგნერ ლოპოტეი, ამბობს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში, როცა ბავშვს უმთავრესად რძით კვებავენ, სხვა საკვების დამატება „ბავშვს საშუალებას მისცემს, რომ სხვა საჭმელსაც მიეჩვიოს“.
წიგნში „მედიცინა — მითები და ჭეშმარიტებები“ („Medicina—Mitos y Verdades“) კარლა ლეონელი გვირჩევს, რომ ბავშვს საკვებად შეიძლება მიეცეს ცოტაოდენი ფორთოხლის წვენი, ხილის (მაგალითად: ბანანის, ვაშლის, პაპაიას) პიურე, ფაფეული და ბოსტნეულის სუპი უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე ეს ზემოთ იყო აღნიშნული. რადგანაც შეხედულებები განსხვავდება, გონივრული იქნებოდა, თუ რჩევისათვის პედიატრს მიმართავდით.