არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნან მადოლის საიდუმლოება

ნან მადოლის საიდუმლოება

ნან მადოლის საიდუმლოება

ვინ მისცა დასაბამი ამ „წყნარი ოკეანის ვენეციას“? რა ხელმა ააგო? რატომ მიატოვეს?

გიტაცებთ ამაღელვებელი საიდუმლოება და მასთან დაკავშირებული თავგადასავლები? მაშ, მოდი მოვინახულოთ ნან მადოლის ნანგრევები — საუკუნოვანი გამოცანა, რომელიც მრავალ მნახველს საგონებელში აგდებდა.

ნან მადოლი ადამიანის ხელით შექმნილი პატარა კუნძულებისა და არხების გამაოგნებელი ლაბირინთია, რომელიც ათასი წლის წინათ მიკრონეზიის კუნძულ პონაპეს ნაპირთან წყალმარჩხ ადგილას, წყალქვეშა კლდეზე ააშენეს *. როცა ამ ადგილს წყლით სავალი გზით ვუახლოვდებით, მანგროს ხეები და ხშირი ტროპიკული მცენარეულობა ნანგრევებს თვალისთვის შეუმჩნეველს ხდის. როგორც კი ჩვენმა კატარღამ ფრთხილად შეცურა მოსახვევში, მოულოდნელად ჩვენ თვალწინ ეს საოცარი საინჟინრო ხელოვნების შედევრი გადაიშალა.

პირველად გამოჩნდა მასიური კედლები, რომელთაგანაც ზოგი ქალაქის კვარტალის სიგრძისაა. ეს დიდი კედლები, რომლებიც კუთხეების მიმართულებით თანდათანობით მაღლდება და მრუდე რკალს ქმნის, ერთმანეთზე ჯვარედინად დაწყობილი ბაზალტის უზარმაზარი სვეტებისგან არის აშენებული.

სახელწოდება „ნან მადოლი“ ნიშნავს „სივრცეთა ადგილს“ და კარგად აღწერს ადამიანის ხელით შექმნილი არხების ქსელს, რომელიც გარს ერტყმის კუნძულებს. შესაძლოა, XIX საუკუნის პირველ ათწლეულში ნან მადოლს პირველად ევროპელი მეზღვაურები წააწყდნენ. მათ თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ მათ ისეთი შიში და მოკრძალება მოჰგვარა, რომ ამ ყოფილ პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს „წყნარი ოკეანის ვენეცია“ უწოდეს. მაგრამ ამ მეზღვაურებს ნან მადოლის მთელი ბრწყინვალება არასოდეს უხილავთ, რადგან მათ ჩასვლამდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე ის იდუმალებით მოცულ ვითარებაში მიატოვეს.

ორმა მეგზურმა გვითხრა, რომ ნან მადოლი თითქმის 80 ჰექტარზეა გადაჭიმული. მათ აგვიხსნეს, რომ მის ოთხმოცდათორმეტივე პატარა კუნძულს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. ზოგი საცხოვრებლის დანიშნულებას ასრულებდა, სხვები კი საჭმლის მოსამზადებლად, კანოეს გასაკეთებლად და რიტუალური ცეკვების შესასრულებლად იყო განკუთვნილი. თუმცა კუნძულებს სხვადასხვა ფორმა და ზომა აქვთ მიცემული, ტიპობრივი კუნძული მართკუთხაა და თითქმის უტოლდება საფეხბურთო მოედანს. პატარა კუნძულების უმრავლესობა სავსეა მცენარეულობით. მაგრამ ის, რასაც ეს მცენარეულობა ჩვენი თვალთახედვიდან ფარავს, უჩვეულოდ შთამბეჭდავია.

სამეფო ციხე-სიმაგრე

ნან მადოლის საიდუმლოებაზე დასაფიქრებლად საუკეთესო ადგილი ნან დაუვასად წოდებული შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრეა. თუმცა ამ ნანგრევების დასათვალიერებლად უნავოდაც შეიძლება ზღვის წყალზე ფონს გასვლა, უკეთესია ამ ადგილამდე ნავით მიხვიდეთ. ნან მადოლი ნაოსნობისთვის იყო გამიზნული და მისი არხების სიგანე ოთხრიგი გზატკეცილის სიგანეს უტოლდება. ისინი საკმაოდ წყალმარჩხია. მოქცევის დროს წყალი წელამდე თუ მისწვდება კაცს, რაც გასულ საუკუნეებში ნან მადოლს დაპყრობის მიზნით მოსული ხომალდებისგან უდავოდ იცავდა. ჩვენი მეგზურები ფრთხილად მართავდნენ კატარღას სანაოსნო გზებზე, რომ მისი წევის ხრახნი ქვემოდან მარჯნებს არ დაეზიანებინათ.

როგორც კი ნან დაუვასის ნავმისადგომში შევედით, პირდაპირ უძველეს ტაძრამდე მიმყვან კიბეზე შევდგით ფეხი. კიბის ამ შთამბეჭდავმა ბაქანმა 3—4 მეტრი სისქისა და 8—9 მეტრი სიმაღლის ძველ კედლებთან მიგვიყვანა. ამ გამძლე კოშკებმა ტროპიკული ქარიშხლები და ტაიფუნებიც კი გადაიტანეს.

გიგანტური კედლების შიგნით დიდი ეზოა, რომლის ცენტრში ქვის აკლდამაა. ეს პირქუში ადგილი სამეფო საცხედრეა, სადაც ერთ დროს მეფეებს დასტიროდნენ ხოლმე. სვლა რომ გავაგრძელეთ, მიწისქვეშა გასასვლელი აღმოვაჩინეთ. მეგზურებმა გვირჩიეს, ქვებს შორის გახსნილ ვიწრო ხვრელში გავმძვრალიყავით, და მალე, წელში მოხრილები, პატარა და ბნელ მიწისქვეშა საკანში აღმოვჩნდით. „თქვენ ციხეში ხართ, — აგვიხსნა ერთმა მეგზურმა, — ეს ის ადგილია ნან მადოლზე, სადაც პატიმრები მოჰყავდათ“. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ეგრძნო თავი ტუსაღს, როდესაც ციხის „კარს“ ორტონიანი ლოდით დაუხშობდნენ. გაგვიხარდა, იქიდან გარეთ რომ გამოვედით.

უჩვეულო სამშენებლო ბლოკები

ნან მადოლის ნანგრევებში ხეტიალმა დაგვანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა იყო საჭირო მის ასაშენებლად. მარჯნის ყორე პატარა კუნძულებისთვის საძირკვლის ფუნქციას ასრულებს; მათ ბაზალტის უამრავი გრძელი და ზორბა სვეტისთვის უნდა გაეძლოთ. სვეტების მოყვანილობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ პირველ მნახველთა აზრით, ფორმა მათ ადამიანებმა მისცეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სვეტების ფორმა ბუნებრივად არის პრიზმის მსგავსი და ყოველ მათგანს ხუთიდან რვამდე გვერდი აქვს.

ათასობით მეგალითური სვეტი, რომელთაგანაც ზოგი სიმაღლეში 5 მეტრს აღწევს და ხუთ ტონაზე მეტს იწონის, სხვა ადგილიდანაა მოტანილი. ვარაუდობენ, რომ საძირკვლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი 50 ტონას იწონის! რადგან ამგვარ წყალმარჩხ ადგილებში ასეთი წონა ტივს ჩაძირავდა, გაოცებული ვიყავით იმით, თუ როგორ უნდა მოეხერხებინათ ამ უშველებელი ლოდების ტრანსპორტირება ნან მადოლზე და შემდეგ მათი თავის ადგილზე ატანა; მითუმეტეს, რომ ბაზალტის ლოდების მოსაპოვებელი უახლოესი ადგილი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს — იქამდე მისასვლელად კუნძულ პონაპეს გარშემო ნახევარზე მეტი გზის გავლაა საჭირო!

წლების განმავლობაში ნან მადოლის საიდუმლოებამ რამდენიმე ლეგენდა წარმოშვა. ერთ ასეთ ლეგენდაში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ მრავალი საუკუნის წინათ ღმერთებმა ორ ძმას ჯადოსნური ძალა მიანიჭეს, რათა მძიმე ლოდები ცაში აეტაცათ და მშენებლობის ადგილზე „ფრენა-ფრენით“ მიეტანათ. სხვა ლეგენდაში ლაპარაკია იმაზე, რომ ერთ დროს პონაპეში არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც ბგერითი ტალღების გაკონტროლების საიდუმლოს ფლობდა, რაც იმის საშუალებას იძლეოდა, რომ ვეებერთელა ლოდები ჰაერში აეწიათ და დანიშნულების ადგილზე ასე მიეტანათ.

ჩვენმა მეგზურებმა უფრო დამაჯერებლად აგვიხსნეს ის, რომ ნან მადოლის ასაშენებლად დიდი სამუშაო ძალა იყო გამოყენებული და მშენებლობის დამთავრებას საუკუნეები დასჭირდა. ბევრად უფრო ადვილი დასაჯერებელია, რომ ბაზალტის ლოდები ფიზიკური ძალით აეწიათ და საყრდენად პალმის ხეების დამრეცად დაწყობილი მორები გამოეყენებინათ. მაგრამ რჩება კითხვა: „მაინც, როგორ გადაზიდეს ლოდები ნან მადოლზე?“.

აეხდება ფარდა ამ საიდუმლოებას?

არავის შეუძლია იმის თქმა, თუ სინამდვილეში, როგორ აშენდა ნან მადოლი და, რაც, ალბათ, კიდევ უფრო დამაფიქრებელია, რატომ მიატოვეს ის. ბევრი ამტკიცებს, რომ ნან მადოლზე იერიში მიიტანეს და დაიპყრეს. სხვები ამბობენ, რომ უცხოელებმა პონაპეში ჩაიტანეს დაავადება, რომელმაც მოსახლეობა მოსპო. სხვა მოსაზრების თანახმად, ძლიერმა ტაიფუნმა კუნძულზე საკვების მარაგი გაანადგურა, რამაც აიძულა ხალხი, მიეტოვებინათ კუნძული. რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ნან მადოლი, სულ მცირე, 200 წელია, რაც გაუკაცრიელებულია.

ამგვარად, ეს ძველი საოცრება მრავალ კითხვასა და მწირ პასუხებს გვიტოვებს. ჩვენი კატარღით უკან დაბრუნებისას თავში ერთი კითხვა გვიტრიალებდა: „ნეტავ ოდესმე თუ შეძლებს ვინმე ნან მადოლის საიდუმლოების ამოხსნას?“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 პონაპე ეკვატორთან ახლოს მდებარეობს, ჰავაის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 5 000 კმ-ში.

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

პონაპე

[სურათი 16 გვერდზე]

ნავმისადგომი და ციხე-სიმაგრის მთავარი შესასვლელი.

[სურათი 17 გვერდზე]

მასიური გარე კედელი.

[სურათი 18 გვერდზე]

ცენტრში მდებარე ქვის აკლდამა.

[სურათი 18 გვერდზე]

ხელოვნური არხების ქსელი, რომელიც დაახლოებით 80 ჰექტარს იკავებს.

[საავტორო უფლება]

© 2000 Nik Wheeler