არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ქრება სიყვარული?

რატომ ქრება სიყვარული?

რატომ ქრება სიყვარული?

„ჩანს, რომ შეყვარება გაცილებით ადვილია, ვიდრე სიყვარულის შენარჩუნება“ (დ-რ კარენ კაიზერი).

უსიყვარულო ქორწინებათა რიცხვის მომრავლება, ალბათ, გასაკვირი არც უნდა იყოს. ქორწინება ადამიანებს შორის არსებულ უფაქიზეს დამოკიდებულებათა ერთობლიობაა, ბევრი კი ისე ქორწინდება, რომ ამისთვის თითქმის მოუმზადებელია. „მართვის მოწმობის მისაღებად ჩვენგან გარკვეული უნარიანობის წარმოჩენა მოითხოვება, — შენიშნავს დ-რ დინ იდელი, — მაგრამ ქორწინების მოწმობის მისაღებად, უბრალოდ, ხელის მოწერაც საკმარისია“.

ამგვარად, მაშინ როცა მრავალი ქორწინება წარმატებულია და წყვილისთვის ბედნიერება მოაქვს, ზოგისთვის ის ტანჯვის მიზეზი ხდება. შესაძლოა, ერთი ან ორივე მეუღლე დაქორწინებისას ბევრს მოელოდა ქორწინებიდან, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარი აკლდათ. „როდესაც ადამიანები პირველად უახლოვდებიან ერთმანეთს, — განმარტავს დ-რ ჰერი რაისი, — მათ ერთმანეთში დარწმუნებულობის დიდი გრძნობა უჩნდებათ“. ისინი ფიქრობენ, რომ მათი პარტნიორი, თითქოსდა, „დედამიწაზე მცხოვრები ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველაფერში უგებს მას. ზოგჯერ ეს გრძნობა ქრება, და ამ შემთხვევაში, ქორწინება შეიძლება დიდად დაზარალდეს“.

საბედნიეროდ, ბევრ ქორწინებას ეს არ ეხება. მაგრამ მოდი მოკლედ განვიხილოთ იმ ფაქტორებიდან რამდენიმე, რომელთაც ზოგ შემთხვევაში სიყვარულის ჩახშობა შეუძლიათ.

იმედგაცრუება — „ეს არ არის ის, რასაც ველოდი“

„როცა ჯიმს გავყევი, — ამბობს როუზი, — ვფიქრობდი, მძინარე მზეთუნახავისა და მშვენიერი უფლისწულის მსგავსნი ვიქნებოდით — რომანტიკულები, მოსიყვარულე და ყურადღებიანები ერთმანეთის მიმართ“. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ როუზს „უფლისწული“ იმდენად მომხიბვლელად აღარ ეჩვენებოდა. „მან საშინლად გამიცრუა იმედები“, — ამბობს ის.

ბევრ კინოფილმში, წიგნსა და პოპულარულ სიმღერაში სიყვარული არარეალისტურად არის ასახული. ტრფობის პერიოდში მამაკაციცა და ქალიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათმა ოცნებებმა ფრთები შეისხა; მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ასკვნიან, რომ, სინამდვილეში, მათ მართლაც უოცნებიათ! თუკი ქორწინება, რომელიც შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო, არ ამართლებს წყვილის მოლოდინს და ზღაპრებში მოთხრობილ სასიყვარულო ისტორიას არ ემსგავსება, შესაძლოა, სრული მარცხით დამთავრდეს.

რასაკვირველია, სავსებით ნორმალურია, ქორწინებისგან ადამიანი რაღაცას ელოდეს. მაგალითად, ბუნებრივია, მეუღლის მხრიდან მოელოდე სიყვარულს, ყურადღებასა და მხარდაჭერას. მაგრამ ეს სურვილებიც კი შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს. „ლამის ვიფიქრო, რომ არ გავთხოვილვარ, — ამბობს მინა, ახალგაზრდა ინდოელი ქალი, — თავს მარტოდ და უგულებელყოფილად ვგრძნობ“.

შეუთავსებლობა — „ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო“

„მე და ჩემს ქმარს, ფაქტობრივად, ყველაფერში ურთიერთსაპირისპირო აზრი გვაქვს, — ამბობს ერთი ქალი, — დღე ისე არ გავა, მწარედ არ ვინანო, მასზე გათხოვების გადაწყვეტილება რომ მივიღე. არანაირად არ ვეწყობით ერთმანეთს“.

ჩვეულებრივ, დაქორწინებულ წყვილს დიდი დრო არ სჭირდება იმის დასადგენად, რომ ისინი იმდენად არ ჰგვანებიან ერთმანეთს, რამდენადაც ეს ტრფობის პერიოდში ეჩვენებოდათ. „ქორწინებაში ხშირად ვლინდება ხოლმე ის თვისებები, რომელთა ერთმანეთისგან დამალვასაც პარტნიორები მანამდე, ასე თუ ისე, ახერხებდნენ, — წერს დ-რ ნინა ფილდსი.

შედეგად, ქორწინების შემდეგ ზოგმა წყვილმა შეიძლება დაასკვნას, რომ ისინი სრულიად შეუფერებლები არიან. „გემოვნების საკითხებსა და პიროვნულ თვისებებში გარკვეული მსგავსების მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა ისე ქორწინდება, რომ სტილის, ჩვევებისა და დამოკიდებულებების საკითხში დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, — ამბობს დ-რ ერონ ბეკი. ბევრმა წყვილმა არ იცის, თუ როგორ შეუთავსონ ერთმანეთს ეს სხვაობები.

კონფლიქტი — „ყოველთვის ვკამათობთ“

„გაოცებული ვიყავით იმით, თუ რამდენად ხშირად ვჩხუბობდით — ვყვიროდით კიდეც, ან უფრო უარესი, გაბრაზებულები დღეების განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს“, — ამბობს სინდი თავისი ქორწინების პირველი დღეების აღწერისას.

ქორწინებაში უთანხმოებები გარდაუვალია. მაგრამ როგორ წყვეტენ მათ? „ჰარმონიულ ქორწინებაში, — წერს დ-რ დენიელ გოულმენი, — ცოლ-ქმარი თავისუფლად გამოთქვამს უკმაყოფილებას. მაგრამ ამის საპირისპიროდ, წარუმატებელ ქორწინებაში ძალზე ხშირად გაბრაზებულ გულზე უკმაყოფილებას აგრესიულად გამოხატავენ ხოლმე; ცოლ-ქმარს, ფაქტობრივად, ერთმანეთის პიროვნულ თვისებებზე მიაქვთ იერიში“.

ასეთ დროს საუბარი ემსგავსება ბრძოლის ველს, სადაც მეუღლეები თავიანთ შეხედულებებს გააფთრებით იცავენ და, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვები ურთიერთგაგებისა და ურთიერთობის „ხიდებად“ აქციონ, მათ საბრძოლო იარაღად იყენებენ. ექსპერტთა ერთი ჯგუფი ამბობს: „კონტროლს დაუქვემდებარებელი გაცხარებული კამათის დროს ერთ-ერთი ყველაზე საზიანო რამ არის ის, რომ პარტნიორები ერთმანეთს ეუბნებიან ისეთ რამეს, რაც მათი ქორწინების მაკავშირებელ ჯაჭვს გაწყვეტით ემუქრება“.

აპათია — „ხელი ჩავიქნიეთ ყველაფერზე“

„ჩვენი ქორწინების გადარჩენაზე ხელი ჩავიქნიე, — აღიარა ერთმა ქალმა გათხოვებიდან ხუთი წლის შემდეგ, — ვიცი, რომ მას აღარაფერი ეშველება. ასე რომ, მთელი ჩემი საფიქრალი ჩვენი შვილებია“.

ნათქვამია, რომ სიყვარულის ნამდვილი მტერი სიძულვილი კი არა — აპათიაა. მართლაც, გულგრილობა ქორწინებისთვის შეიძლება ისევე დამანგრეველი აღმოჩნდეს, როგორც მტრობა.

მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი მეუღლე იმდენად ეჩვევა უსიყვარულო ქორწინებას, რომ რაიმე ცვლილების შეტანის ყოველგვარი იმედი უქრება და ყველაფერზე ხელს იქნევს. მაგალითად, ერთმა ქმარმა თქვა, რომ 23 წლის განმავლობაში მეუღლეობის გაწევა ჰგავდა „ისეთ სამსახურში მუშაობას, რომელიც არ მოგწონს“. მან დასძინა: „შენი მხრიდან ყველაფერს აკეთებ, რის გაკეთებაც შეგიძლია ამ სიტუაციაში“. მსგავსად ამისა, ერთმა ქალმა, სახელად უენდიმ, რომელიც შვიდი წელია გათხოვილია, თავის ქმართან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი დაკარგა. „იმდენჯერ ვეცადე, — ამბობს ის, — ის კი ყოველთვის მაწბილებდა. დეპრესიაში ჩავვარდი. აღარ მინდა, იგივე გამოვცადო. თუკი თავს კვლავ დავიიმედებ, მხოლოდ დავიტანჯები. მირჩევნია, არაფერს ველოდო — მართალია, ეს არ გამაბედნიერებს, მაგრამ დეპრესიაში მაინც არ ჩამაგდებს“.

იმედგაცრუება, შეუთავსებლობა, კონფლიქტი და აპათია მხოლოდ რამდენიმეა იმ ფაქტორებიდან, რომელთაც უსიყვარულო ქორწინებაში თავისი წვლილი შეაქვთ. ცხადია, უფრო მეტი ფაქტორი არსებობს — რამდენიმე მათგანი მე-5 გვერდზე მოცემულ ჩარჩოშია ჩამოთვლილი. ქორწინების წარუმატებლობის მიზეზთა არსებობის მიუხედავად, არის თუ არა რაიმე იმედი მეუღლეთათვის, რომლებიც, ასე ვთქვათ, უსიყვარულო ქორწინების მახეში არიან გაბმული?

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

უსიყვარულო ქორწინება — ზოგი სხვა ფაქტორი

ფული: „ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ოჯახის ბიუჯეტის წარმოება დააკავშირებდა წყვილს, რადგან ამ დროს მათ ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევდათ, ძირითადი მოთხოვნილებებისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს გააერთიანებდნენ და თავიანთი შრომის ნაყოფითაც ერთად ისიამოვნებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ის, რასაც წყვილის გაერთიანება შეეძლო, ხშირად მათი დაშორების მიზეზი ხდება“ (დ-რ ერონ ბეკი).

მშობლობა: „აღმოვაჩინეთ, რომ პირველი ბავშვის დაბადებას წყვილების 67 პროცენტის ცოლქმრული ურთიერთობები საგრძნობლად შეეწირა, და მათ შორის კონფლიქტებიც რვაჯერ გაიზარდა. ნაწილობრივ, ეს იმით არის განპირობებული, რომ მშობლები იღლებიან და ერთმანეთისთვის ბევრი დრო აღარ რჩებათ“ (დ-რ ჯონ გოტმანი).

სიცრუე: „ორგულობაში, ჩვეულებრივ, სიცრუე შედის, ხოლო სიცრუე სხვა არაფერია, თუ არა ნდობის ბოროტად გამოყენება. თუკი ნდობა ყველა წარმატებული ხანგრძლივი ქორწინების უმთავრეს შემადგენელ ნაწილად ითვლება, განა გასაკვირია, რომ სიცრუეს ცოლქმრული ურთიერთობის მოსპობა შეუძლია?“ (დ-რ ნინა ფილდსი).

სექსი: „როდესაც ადამიანები განქორწინებისთვის ემზადებიან, ამ მოვლენას წინ უსწრებს მრავალწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თავს იჩენს მეტად გავრცელებული პრობლემა — პარტნიორისთვის სექსუალურ ურთიერთობებზე უარის თქმა. ზოგ შემთხვევაში სექსუალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ურყევი, სხვა შემთხვევაში კი სექსი მექანიკურ ხასიათს ატარებდა; უბრალოდ, ერთი პარტნიორის ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა“ (ჯუდით ვალერშტაინი, ფსიქოლოგი).

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

რა გავლენას ახდენს ეს შვილებზე?

შეუძლია თუ არა იმას, თუ როგორია თქვენი ქორწინება, ზეგავლენა მოახდინოს თქვენს შვილებზე? დ-რ ჯონ გოტმანის სიტყვებისამებრ, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იკვლევდა დაქორწინებულ წყვილთა ურთიერთობებს, პასუხი დადებითია. „ორი ათწლიანი გამოკვლევის შემდეგ, — ამბობს ის, — აღმოვაჩინეთ, რომ სიყვარულს მოკლებული ურთიერთობის მქონე მშობლების შვილებს თამაშის დროს პულსი უფრო უხშირდებათ და დამშვიდება უჭირთ. ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტები დროთა განმავლობაში იწვევს იმას, რომ ბავშვებს, უნარიანობისდა მიუხედავად, სკოლაში უფრო დაბალი მოსწრება აქვთ“. ამის საპირისპიროდ, დ-რ გოტმანი ამბობს, რომ კარგი ურთიერთობის მქონე წყვილთა შვილები „უფრო უკეთესად სწავლობენ და საზოგადოებაშიც უკეთესი ყოფაქცევით გამოირჩევიან, ვინაიდან მშობლებმა დაანახვეს მათ, თუ როგორ მოეპყრონ სხვა ადამიანებს პატივისცემით და როგორ დასძლიონ ემოციური ტკივილი“.