არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

თვალებს ჟანგბადი აკლდება

„გლოუბ ენდ მეილის“ ცნობის თანახმად, კონტაქტური ლინზების მატარებელთა თვალებს შეიძლება ჟანგბადი მოაკლდეს. „ვასკულარიზაცია ხდება მაშინ, როცა რქოვანა [თვალის გამჭვირვალე გარსი] ვეღარ იღებს მისთვის აუცილებელ ჟანგბადს, რომელსაც ჰაერთან კონტაქტის დროს იღებდა, და კომპენსაციის მიზნით სისხლძარღვების წარმოქმნას იწყებს“. შედეგად, ამას მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავეც კი შეიძლება მოჰყვეს. ტორონტოს საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური განყოფილების მთავარი ექიმი, დ-რ რეიმონდ სტაინი, ამბობს, რომ „ყველაზე უარესი რამ ხდება მაშინ, როცა პაციენტი არ უვლის ლინზებს და არც ოპტიკოსთან მიდის რჩევის მისაღებად. ოპტიკოსები ურჩევენ პაციენტებს, კონსულტაცია გაიარონ ოფთალმოლოგთან იმაში დასარწმუნებლად, რომ თვალებისთვის შესაფერის კონტაქტურ ლინზებს ატარებენ, შემდგომ კი უნდა მიჰყვნენ ლინზების ხმარების რეკომენდებულ გეგმას და ლინზების მოვლის ინსტრუქცია დაიცვან.

ბრაზილიელები მეგობრობას გადაეჩვივნენ

როგორც გაზეთი „გლობუ“ იუწყება, ამჟამად ბრაზილიელები უფრო ნაკლებად უმეგობრდებიან ერთმანეთს, ვიდრე ათი წლის წინათ. სან-პაულუს უნივერსიტეტის თანამშრომელი ფსიქოლოგის, მარია აბიგაილ დე სოუზას, სიტყვების თანახმად, ამის ხელშემწყობი ფაქტორებია შრომის ბაზარზე გამართული ცხარე კონკურენცია, ბრძოლა გარკვეული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად და თავისუფალი დროის სიმცირე. სან-პაულუს ადვენტისტთა ჯანმრთელობის ცენტრის მთავარი ექიმი, სეზარ ვასკონსელოსი, ამბობს: „ნამდვილი მეგობრები რომ ვიყოლიოთ, ამისათვის საჭიროა ჩვენი გრძნობები გავუზიაროთ მათ, გული გადავუშალოთ, ბედნიერება ან მწუხარება გამოვხატოთ, ძნელად გასამხელ და, უბრალოდ, ყოველდღიურ საკითხებზე ვესაუბროთ. ეს დროსა და ემოციური კავშირების განმტკიცებას საჭიროებს. უმრავლესობა გაუზიარებდა თავის გრძნობებს სხვებს, მაგრამ ამის გაკეთებისა ეშინიათ. საფრთხეს რომ გვერდი აუარონ, ზედაპირულ მეგობრობას ამჯობინებენ“.

გლოვა და დეპრესია

70-დან 79 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცების გამოკითხვამ ცხადყო, რომ მეუღლის დაკარგვიდან ორი წლის განმავლობაში ზოგ მათგანს მწვავე დეპრესია უვითარდებოდა. გამოკვლევაში მონაწილენი ექვს ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. ჯგუფები მეუღლის სიკვდილიდან გასული დროის მიხედვით იყო შედგენილი. დეპრესიის სიმპტომების შესაფასებლად გამოკვლევაში მონაწილეები როგორც გასაუბრებით გამოკითხეს, ისე ანკეტებიც გამოიყენეს. გამოკითხულთა 38 პროცენტი მამაკაცები იყვნენ, ხოლო 62 — ქალები. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ახლად დაქვრივებულთა დეპრესიის დონე ცხრაჯერ აღემატებოდა დაქორწინებულ პირთა დეპრესიას, რომელთაც მსგავსი მძიმე დანაკლისი არ განუცდიათ.

ინტერნეტული პორნოგრაფიით გატაცებულები

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ «ინტერნეტის, სულ მცირე, 200 000 მომხმარებელი გატაცებულია პორნოგრაფიული საიტებით, უხამსი შინაარსის „ჩეთ-რუმებით“ ან სხვა სექსუალური შინაარსის მქონე ელექტრონული მასალით», — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. ეს გამოკვლევა, რომელსაც სათავეში ედგნენ სტანფორდისა და დიუკენის უნივერსიტეტების ფსიქოლოგები, ერთ-ერთი პირველია იმ გამოკვლევათა შორის, რომელთა მეშვეობითაც ინტერნეტის „კიბერსექსუალური მანიაკების“ რიცხვის მიახლოებითი განსაზღვრა მოხდა. მკვლევარების თქმით, უხამსი შინაარსის ვებ საიტებს ეს ადამიანები კვირაში 11 საათზე მეტს უთმობენ. გაზეთში, რომელიც მკვლევარების სიტყვებს ციტირებს, ნათქვამია: „ეს ჯანდაცვის სისტემისთვის ახალი და ფარული საშიშროებაა, რომელმაც ძალიან სწრაფად იჩინა თავი. ნაწილობრივ, ეს იმით აიხსნება, რომ ბევრს არ ესმის, რამდენად სერიოზულ საფრთხეში იგდებს თავს“.

შიდსი ანადგურებს აფრიკას

გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის, თქმით, გასულ წელს აფრიკაში შიდს-მა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ომმა (იგულისხმება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სიერა-ლეონეში, ანგოლაში, კონგოს სახალხო რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, სომალიში, ერიტრეასა და სუდანში მომხდარი ომები). შიდს-ით დაავადებული 36 მილიონი ადამიანიდან თითქმის ორი მესამედი აფრიკის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. კოტ-დ’ივუარში სასწავლო წლის ყოველ დღეს შიდს-ით ერთი მასწავლებელი კვდება, ბოტსვანაში კი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70-დან 41 წლამდე დაეცა. ფიქრობენ, რომ 2005 წლისთვის ზიმბაბვეში ჯანდაცვისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის 60 პროცენტი აივ-ისა და შიდს-ის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება, მაგრამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეს თანხაც კი არ იქნება საკმარისი. შიდს-ზე ლაპარაკს ერიდებიან მალავისა და ზამბიაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან მაღალია; სამხრეთ აფრიკაში კი დაავადებულებს ერიდებიან, იტყობინება ლონდონში გამომავალი გაზეთი „გარდიანი“. „ჯერჯერობით ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ხვდება იმას, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს უბედურება აფრიკაში ცხოვრების დონეზე, მის ეკონომიკურ პოტენციალსა და მის სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე“, — განაცხადა ბ-ნმა ანანმა.