არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გადავიტანო მამის სახლიდან წასვლა?

როგორ გადავიტანო მამის სახლიდან წასვლა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გადავიტანო მამის სახლიდან წასვლა?

„უმამოდ ცხოვრება მიჭირდა. მე მხოლოდ მცირეოდენი ყურადღება მინდოდა“ (ჰენრი) *.

ჯოანა 13 წლის იყო, როდესაც მამამისი სახლიდან წავიდა. ალკოჰოლს მიძალებული მაინცდამაინც არ ცდილობდა, ოჯახის დატოვების შემდეგ შვილებთან ჰქონოდა ურთიერთობა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჯოანა არ იმყოფება ასეთ მდგომარეობაში; მამების მიერ ბევრი ახალგაზრდაა მიტოვებული.

თუ მსგავსი რამ შენც შეგემთხვა, ალბათ, შენც გიჭირს ამასთან გამკლავება. შეიძლება დროდადრო ტკივილი და გულისწყრომა იგრძნო, დანაღვლიანდე და გულგატეხილობა დაგეუფლოს. შეიძლება იმის ცდუნებაც კი გქონდეს, რომ დაუმორჩილებლობა გამოავლინო. როგორც ერთხელ ბიბლიის მწერალმა სოლომონმა აღნიშნა, «გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს [„სისულელეს ჩაადენინებს“, აქ]» (ეკლესიასტე 7:7).

‘სისულელის ჩადენა’

ჯეიმზმა მამის სახლიდან წასვლის შემდეგ ‘სისულელე ჩაიდინა’. მან თქვა: „არავის არ ვუჯერებდი, დედასაც კი არ ვუგდებდი ყურს. ხშირად ვჩხუბობდი, ყოველთვის ვიტყუებოდი და ღამღამობით სახლიდან ვიპარებოდი, რადგან არავის არაფრად ვაგდებდი. დედა ცდილობდა ჩემ შეჩერებას, მაგრამ ვერ შეძლო“. გაიუმჯობესა დაუმორჩილებლობით ჯეიმზმა თავისი მდგომარეობა? საეჭვოა. ის ამბობს, რომ მალე „გემო გაუსინჯა ნარკოტიკებს, სკოლაში გაკვეთილების გაცდენა დაიწყო და სწავლაში ჩამორჩა“. ცოტა ხანში ის სულ უფრო ცუდად იქცეოდა. „მაღაზიებს ვტეხდი, — აღიარებს ის, — გასაძარცვავად ხალხსაც თავს ვესხმოდი. ორჯერ დამაპატიმრეს და მცირე ხნით ციხეში ჩამსვეს, მაგრამ ამანაც ვერ შემაჩერა“.

როდესაც ჯეიმზს ჰკითხეს, რამ უბიძგა მას დაუმორჩილებლობისკენ, თქვა: „რაც მამაჩემი სახლიდან წავიდა, მისი ხელი მომაკლდა. სინამდვილეში, არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რამხელა ტკივილს ვაყენებდი დედას, ჩემს უმცროს და-ძმას და საკუთარ თავსაც კი. მამის ყურადღება და მზრუნველობა მჭირდებოდა“.

მაგრამ დაუმორჩილებლობა კიდევ უფრო ამძაფრებს ცუდ მდგომარეობას (იობი 36:18, 21). მაგალითად, ჯეიმზმა მხოლოდ საკუთარ თავს კი არ შეუქმნა პრობლემები, არამედ — დედასაც და და-ძმასაც, რომლებიც მის გამო ნერვიულობდნენ და განიცდიდნენ მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფაქტის მხედველობაში მიღება, რომ დაუმორჩილებლობით ადამიანი ღვთის წინააღმდეგ ილაშქრებს. ბოლოს და ბოლოს, იეჰოვა ხომ მოითხოვს ახალგაზრდებისგან, რომ დაემორჩილონ თავიანთ დედებს (იგავნი 1:8; 30:17).

გულისწყრომის დაძლევა

როგორ შეგიძლია დასძლიო სიბრაზე და გულისწყრომა, რომელსაც შეიძლება მამის მიმართ გრძნობდე? პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, შეგეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რომ შენი ბრალი არ არის მისი სახლიდან წასვლა, და მომხდარი ფაქტი არც იმაზე მეტყველებს, რომ მას აღარ უყვარხარ და არ ზრუნავს შენზე. მართალია, შეიძლება მტკივნეული იყოს, როცა მამა ნაკლებად ცდილობს, დაგირეკოს ან მოგინახულოს, მაგრამ როგორც ამ სერიის წინა სტატიაში იყო ნაჩვენები *, ოჯახიდან წასული მამებიდან ბევრი ვეღარ პოულობს საერთო ენას შვილებთან არა იმიტომ, რომ მათ არ უყვართ ისინი, არამედ თავიანთ დანაშაულს გრძნობენ და სინდისი ქენჯნით. სხვები, ჯოანას მამის მსგავსად, ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს ეძალებიან, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურად მოქცევაში.

რანაირ მდგომარეობაშიც უნდა აღმოჩნდე, ეცადე, გახსოვდეს, რომ შენი მშობლები არასრულყოფილები არიან. ბიბლია ადასტურებს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23; 5:12). მართალია, ეს არ ამართლებს გულსატკენ და უპასუხისმგებლო საქციელს. მაგრამ იმ ფაქტის აღიარებამ, რომ ჩვენ ყველას შთამომავლობით გადმოგვეცა არასრულყოფილება, შეიძლება გაგვიადვილოს მტანჯველი გულისწყრომისა და სიბრაზის დაძლევა.

შესაძლოა, ეკლესიასტეს 7:10-ში გამოთქმული აზრი დაგეხმაროს სიბრაზისა და გულისწყრომის დაძლევაში, რომელსაც შეიძლება შენი მშობლების მიმართ გრძნობდე. დაუკვირდი, რა გაფრთხილებაა მოცემული ამ მუხლში იმასთან დაკავშირებით, რომ ყურადღება არ გავამახვილოთ წარსულზე: „ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას“. მაშასადამე, ნაცვლად იმისა, რომ წარსულით იცხოვრო, უკეთესი იქნება, შესაძლებლობისამებრ ყველაფერი გააკეთო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

გამოავლინე ინიციატივა

მაგალითად, შეგეძლო მამასთან დასაკავშირებლად თავად გამოგევლინა ინიციატივა. მართალია, მან მიგატოვა და შეიძლება სამართლიანად ფიქრობ, რომ ის არის ვალდებული, პირველმა გადადგას ნაბიჯი. მაგრამ, თუ მან ვერ შეძლო ამის გაკეთება და მასთან იშვიათად ურთიერთობის გამო დანაღვლიანებული ხარ და თავს უბედურად გრძნობ, ხომ არ ღირდა, თავად გეცადა მდგომარეობის გამოსწორება? დაფიქრდი იმაზე, თუ როგორ მოიქცა იესო, როცა ზოგმა მისმა მეგობარმა გული ატკინა. თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო ღამეს მისმა მოციქულებმა მიატოვეს იგი; პეტრეს თავი მოჰქონდა, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, არ მიატოვებდა იესოს, მაგრამ მან ერთხელ კი არა, სამჯერ უარყო ის! (მათე 26:31—35; ლუკა 22:54—62).

პეტრეს ნაკლოვანებების მიუხედავად, იესოს მაინც უყვარდა ის. აღდგომის შემდეგ იესომ მასთან ურთიერთობის აღსადგენად პირველმა გადადგა ნაბიჯი და პირადად ეჩვენა პეტრეს (1 კორინთელთა 15:5). საინტერესოა, რომ, როდესაც იესომ ჰკითხა პეტრეს, ‘უყვარდა თუ არა ის’, პეტრემ უპასუხა: „კი, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. საძრახისი საქციელის მიუხედავად, პეტრეს კვლავაც უყვარდა იესო (იოანე 21:15).

ისევე როგორც პეტრესა და იესოს შემთხვევაში, შენი და მამაშენის მდგომარეობაც შეიძლება არ იყოს ისეთი გამოუვალი, როგორიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მამა, ალბათ, გამოგეხმაურებოდა, თუ ინიციატივას გამოავლენდი; მაგალითად, თუ დაურეკავდი, წერილს მისწერდი ან მოინახულებდი. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჰენრი იხსენებს: „ერთხელ მამაჩემს წერილი მივწერე და მისგან საპასუხო წერილი მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამაყობდა ჩემით. მე ჩარჩოში ჩავსვი ეს წერილი და წლების განმავლობაში კედელზე მიკიდია“.

ჯოანამ და მისმა და-ძმამაც პირველი ნაბიჯი თვითონ გადადგეს თავიანთი ალკოჰოლიკი მამის მოსანახულებლად. „ის არ იყო მთლად საუკეთესო მდგომარეობაში, — აღიარებს ჯოანა. — მაგრამ მისი ნახვა მაინც მესიამოვნა“. ინიციატივის საკუთარ თავზე აღებამ, შესაძლოა, კარგი ნაყოფი გამოიღოს შენს შემთხვევაშიც. თუ თავდაპირველად საპასუხო რეაქცია არ იქნება, შეგეძლო, გარკვეული დროის შემდეგ ხელახლა გეცადა იმავეს გაკეთება.

უარყოფით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება

სოლომონი შეგვახსენებს, რომ არის „ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა“ (ეკლესიასტე 3:6). ზოგჯერ ახალგაზრდებს უწევთ იმ მტკივნეული ფაქტის წინაშე დადგომა, როცა მათი მამები უარს ამბობენ საკუთარ შვილებთან ურთიერთობაზე. თუ მამაშენიც ამნაირადვე მოიქცა, ალბათ, ერთხელაც იქნება და მიხვდება, რამდენი რამ დაკარგა იმით, რომ ვერ შეძლო შენთან ურთიერთობის შენარჩუნება.

დარწმუნებული იყავი, რომ მის მიერ შენი უარყოფა იმას არ ნიშნავს, რომ უღირსი ადამიანი ხარ. ფსალმუნმომღერალი დავითი აცხადებს: „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე“ (ფსალმუნი 26:10). დიახ, ღვთის თვალში შენ ისევ ძალიან ძვირფასი ხარ (ლუკა 12:6, 7).

ამიტომ, თუ გულგატეხილი ან დათრგუნული ხარ, ლოცვაში გამოთქვი შენი საწუხარი ღვთის წინაშე (ფსალმუნი 61:9). აუხსენი მას, თუ რას გრძნობ. დარწმუნებული იყავი, რომ ის მოგისმენს და განუგეშებს. სხვა ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფსალმუნი 93:19).

თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობაც დაგეხმარება უარყოფით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებაში. იგავნის 17:17-ში ნათქვამია: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“. ასეთი ნამდვილი მეგობრების პოვნა შეგიძლია იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ კრებებში. შეიძლება განსაკუთრებით დაგეხმაროს კრების უხეცესების გაცნობა. ჯოანას უმცროსი ძმა, პიტერი, გვირჩევს: „ესაუბრეთ კრებაში სრულასაკოვან ქრისტიანებს და ისინი დიდ დახმარებას აღმოგიჩენენ. თუ მამამ მიგატოვათ, მოუყევით მათ თქვენი გრძნობების შესახებ“. შეიძლება კრების უხუცესებმაც შემოგთავაზონ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაართვა თავი ზოგ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც უწინ მამა ასრულებდა; მაგალითად, სახლის გარემონტებას.

დედაშენსაც შეუძლია მხარში ამოგიდგეს. მართალია, ის შეიძლება თავად განიცდიდეს ემოციურ ტკივილს, მაგრამ, თუ თავაზიანად გამოხატავ შენს გრძნობებს, ის, უეჭველად, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მხარდაჭერა აღმოგიჩინოს.

მხარში ამოუდექი ოჯახს!

ოჯახში მამის არყოფნამ შეიძლება ბევრ რამეზე იქონიოს გავლენა. დედაშენმა შეიძლება მუშაობა დაიწყოს და ორ სამუშაო ადგილზეც კი იმუშაოს აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შენ და შენს და-ძმებს შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ დედას და უფრო მეტი საოჯახო საქმის შესრულება იტვირთოთ. შენ შეძლებ ასეთ ცვლილებებთან შეგუებას, თუ უანგარო ქრისტიანულ სიყვარულს გამოიმუშავებ (კოლასელთა 3:14). ეს დაგეხმარება დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნებასა და გულისწყრომის დაძლევაში (1 კორინთელთა 13:4—7). პიტერი ამბობს: „სწორად მოვიქეცი, რომ მხარში ამოვუდექი ოჯახს — კმაყოფილებას მანიჭებდა ის, რომ დედასა და ჩემს დებს ვეხმარებოდი“.

უდავოა, რომ მამის სახლიდან წასვლა სამწუხარო და მტკივნეულია. მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ ღვთის, მოსიყვარულე ქრისტიანი მეგობრებისა და ოჯახების დახმარებით, შენ და შენი ოჯახი შეძლებთ ამასთან გამკლავებას *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 11 იხილეთ სტატია „რატომ მიგვატოვა მამამ?“, რომელიც მოცემულია „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 დეკემბერი, 2000 წ.).

^ აბზ. 27 მარტოხელა მშობლის ოჯახში ცხოვრებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატიები „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (22 დეკემბერი, 1990 წ. და 22 მარტი, 1991 წ., [ინგლ.]).

[სურათები 26 გვერდზე]

ზოგმა ახალგაზრდამ მამასთან დასაკავშირებლად თავად გამოავლინა ინიციატივა.