არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არ შეეპუოთ სისუსტეებს და დაისახეთ მიზნები!

არ შეეპუოთ სისუსტეებს და დაისახეთ მიზნები!

არ შეეპუოთ სისუსტეებს და დაისახეთ მიზნები!

ნიუ-იორკის აეროპორტ „ლაგვარდიას“ მახლობლად მდებარე სახლში ცხოვრობენ უილიამ (ბილ) მაინერზი და მისი ცოლი როუზი. სამოცდაათ წელს გადაცილებული თავაზიანი დიასახლისი, ხალისიანად იღებს სტუმარს. მყუდრო სასტუმრო ოთახს აშკარად ეტყობა მხიარული დიასახლისის ხელი. შესასვლელში განლაგებულ მშვენიერ თაიგულებსა და კედლებზე ჩამოკიდებულ ფერად ნახატებში სიხარულისა და სიცოცხლისადმი სიყვარული გამოიხატება.

სასტუმრო ოთახიდან ნათელ ოთახში გავდივართ, სადაც ვხვდებით ბილს. ეს 77 წლის მამაკაცი ლოგინში წევს და ზურგით ლეიბზეა მიყრდნობილი. მნახველის დანახვისას კეთილი თვალები უბრწყინდება და სასიამოვნოდ იღიმის. ის სიამოვნებით ადგებოდა, ჩამოგართმევდათ ხელს და გადაგეხვეოდათ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია. თუ მის მარცხენა ხელს არ ჩავთვლით, ბილი კისრიდან ფეხის ტერფამდე პარალიზებულია.

ჯანმრთელობა ბილს 26 წლიდან გაუუარესდა. ამასთან დაკავშირებით ვკითხეთ, თუ რა ეხმარებოდა ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში. ბილმა და როუზმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. „ჩვენ ავადმყოფს არავის ვიცნობთ“, — ამბობს როუზი და გულიანად იცინის. ბილს თვალები სიამოვნებისგან უციმციმებს; მას ეცინება და თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. „აქ არავინაა ავად“, — ამბობს ის ხორხისმიერი ხმით და ენის ბორძიკით. როუზმა და ბილმა განაგრძეს ხუმრობა და ცოტა ხანში ოთახი მათი სიცილით აივსო. აშკარაა, რომ, 1945 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ბილისა და როუზის ურთიერთსიყვარული დღესაც ცოცხალია. ბილს კვლავ დავუსვით კითხვა: „გულწრფელად რომ თქვათ, რა სირთულეებს წააწყდით? რა დაგეხმარათ მათთან გამკლავებასა და სიცოცხლეზე ოპტიმისტური შეხედულების შენარჩუნებაში?“. თხოვნის შემდეგ ბილი დავიყოლიეთ თავისი ისტორიის მოყოლაზე. ქვემოთ მოცემული მასალა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს, ბილსა და მის მეუღლეს შორის გამართული საუბრების საფუძველზეა მომზადებული.

პრობლემები იწყება

1949 წლის ოქტომბერში — როუზზე დაქორწინებიდან სამი წლისა და ქალიშვილის, ვიკის, შეძენიდან სამი თვის შემდეგ — ბილმა გაიგო, რომ ერთ-ერთ მბგერ იოგზე სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა. ეს სიმსივნე ამოკვეთეს. რამდენიმე თვის შემდეგ ექიმმა ბილს სხვა უსიამოვნო ამბავი შეატყობინა — მეტასტაზები მთელ ხორხს მოსდებოდა. „მითხრეს, რომ, ლარინგექტომიას თუ არ გავიკეთებდი — ანუ ხორხს მთლიანად თუ არ ამომკვეთდნენ — მხოლოდ ორ წელიწადს ვიცოცხლებდი“.

ბილსა და როუზს გააგებინეს, თუ რა შედეგებს მოიტანდა ეს ოპერაცია. ხორხი, ანუ ხმის წარმომქმნელი აპარატი იწყება ენის ფესვიდან და სასულეს შესავალთან მთავრდება. ხორხის შიგნით ორი მბგერი იოგია. როდესაც ფილტვებიდან ამონასუნთქი ჰაერი იოგების გავლით გადის, ისინი ირხევა და წარმოიქმნება მეტყველებისთვის საჭირო ბგერები. ხორხის ამოკვეთის შემთხვევაში სასულეს წვერს ყელში გამოყვანილ მუდმივ ხვრელს უკავშირებენ. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფი ამ ხვრელის მეშვეობით სუნთქავს — მაგრამ ხმას კარგავს.

„როცა ეს ახსნა მოვისმინე, გავბრაზდი“, — ამბობს ბილი, — პატარა გოგონა გვყავდა, მე კარგი სამუშაო მქონდა, ცხოვრებისგან ბევრს მოველოდით, ახლა კი ყველაფერი წყალში იყრებოდა“. მაგრამ იმ მიზეზის გამო, რომ ლარინგექტომია მის სიცოცხლეს იხსნიდა, ბილი ოპერაციაზე დათანხმდა. „ოპერაციის შემდეგ, — ყვება ბილი, — ყლაპვა არ შემეძლო. ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი; დავმუნჯდი“. როდესაც როუზმა მოინახულა ბილი, ის მხოლოდ ბლოკნოტში ჩაწერილი სიტყვებით ესაუბრებოდა. ეს ძალიან მძიმე დრო იყო. ამ სირთულის დასაძლევად მათ ახალი მიზნები უნდა დაესახათ.

უტყვი და უმუშევარი

ლარინგექტომიის შემდეგ ბილი არა მხოლოდ დამუნჯდა, სამუშაოც დაკარგა. ის მექანიკურ საამქროში მუშაობდა, მაგრამ ამჟამად, იმის გამო, რომ მხოლოდ ყელში გაკეთებული ხვრელით სუნთქავდა, მტვერს, რაიმე მკვეთრსა და ძლიერ სუნს მისი ფილტვების დაზიანება შეეძლო. მას ახალი სამუშაო უნდა ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არ შეეძლო, მესაათეების სკოლაში ჩაეწერა. „ეს ჩემს ძველ სამუშაოს წააგავდა, — ამბობს ბილი, — რაღაც მექანიზმის ნაწილების აწყობა მეხერხებოდა; საათების აწყობის დროსაც ხომ ნაწილებს ერთმანეთთან აერთებ. უბრალოდ, ისინი 25 კილოგრამს აღარ იწონიან!“. ამ სკოლის დამთავრებისთანავე ბილმა იპოვა სამსახური, სადაც მესაათედ დაიწყო მუშაობა. ერთი მიზანი მიღწეული იყო.

ამასობაში, ბილმა დაიწყო სწავლა კლასში, სადაც საყლაპავი მილის მეშვეობით მეტყველებას ასწავლიდნენ. ასეთი მეტყველების დროს ბგერა წარმოიქმნება არა მბგერი იოგებით, არამედ საყლაპავ მილში წარმოქმნილი ვიბრაციებით, ეს ის მილია, რომლითაც საჭმელი ყელიდან კუჭამდე აღწევს. თავიდან ჰაერის ჩაყლაპვასა და საყლაპავ მილში ჩაშვებას სწავლობენ, შემდეგ მის უკან ამოშვებას განსაზღვრული სახით. ამოსვლისას ჰაერი საყლაპავი მილის კედლების რხევას იწვევს, რაც ხორხისმიერ ბგერებს წარმოშობს. პირისა და ტუჩების მეშვეობით ადამიანი ამ ბგერებს სიტყვის სახით გამოთქვამს.

«ადრე, მხოლოდ მაშინ ვუშვებდი ჰაერს, როცა კარგად გეახლებოდით, — ღიმილით ამბობს ბილი, — მაგრამ მერე იძულებული გავხდი, ეს განუწყვეტლივ მეკეთებინა. თავიდან, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმას ვახერხებდი, მაგალითად: [ჰაერის შეშვება, ჩაყლაპვა, ამოშვება] „როგორა [ჰაერის შეშვება, ჩაყლაპვა, ამოშვება] ხარ?“. ეს არ იყო ადვილი. შემდეგ, ჩემმა მასწავლებელმა მირჩია, ზარდანჩოსგან დამზადებული ლუდისმაგვარი სასმელი დამელია დიდი რაოდენობით, რადგან ეს შუშხუნა სასმელი ჰაერს ამომაშვებინებდა. ასე რომ, როგორც კი როუზი ვიკის სასეირნოდ გაიყვანდა ხოლმე, ვსვამდი და ვუშვებდი ჰაერს, ვსვამდი და ვუშვებდი ჰაერს. ამ საქმეს ბევრი ძალ-ღონე შევალიე!».

მიუხედავად იმისა, რომ ყველა იმ პაციენტიდან, ვისაც ლარინგექტომიას უკეთებენ, 60 პროცენტი ვერ ეუფლება საყლაპავი მილის მეშვეობით მეტყველებას, ბილმა ეს შეძლო. ვიკი, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით ორი წლის იყო, თავისდაუნებურად სტიმულს აძლევდა თავის მამას. ბილი იხსენებს: «ვიკი დამელაპარაკებოდა ხოლმე, მერე შემომხედავდა და პასუხს ელოდა. მაგრამ ერთი სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებდი. ის კიდევ მელაპარაკებოდა და მელაპარაკებოდა, მაგრამ ისევ უპასუხოდ რჩებოდა. გაღიზიანებული ვიკი დედას მიუბრუნდებოდა ხოლმე და ეუბნებოდა: „უთხარი რა მამას, დამელაპარაკოს!“. მისი სიტყვები გულს მტკენდა და მტკიცედ გადავწყვიტე, კვლავ ავლაპარაკებულიყავი». ვიკის, როუზისა და სხვების გულის გასახარად ბილმა ესეც შეძლო. კიდევ ერთი მიზანი იქნა მიღწეული.

ახალი დარტყმა

1951 წლის დასასრულისთვის ბილი და როუზი ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ექიმები შიშობდნენ, რომ სიმსივნეს კვლავ არ ეჩინა თავი, და ბილს ურჩიეს, სხივური თერაპიისთვის მიემართა. ბილი დათანხმდა. მკურნალობის დასასრულს ის იმედითა და ხალისით უყურებდა სიცოცხლეს. მაშინ არ იცოდა, რომ მის ჯანმრთელობას ახალი დარტყმა ელოდა!

გავიდა დაახლოებით ერთი წელი. ერთ დღეს ბილს თითები გაუშეშდა. მერე მან კიბეზე ასვლა ვერ შეძლო; ცოტა ხნის შემდეგ სიარულის დროს წაიქცა და ფეხზე ვეღარ წამოდგა. ანალიზებმა უჩვენა, რომ დასხივებამ (რომელიც იმ დროს ისე ზუსტად არ კეთდებოდა, როგორც დღეს) ზურგის ტვინი დაუზიანა. ბილს უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა. ერთმა ექიმმა ისიც კი უთხრა, რომ მისი გადარჩენის შანსი „ნულს უდრიდა“. ბილსა და როუზს თავზარი დაეცათ.

მიუხედავად ამისა, ბილი არ შეეპუა ამ ახალ დარტყმას და ფიზიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად ექვსი თვით საავადმყოფოში დაწვა. მართალია, მკურნალობამ მისი ფიზიკური მდგომარეობა ვერ შეცვალა, მაგრამ საავადმყოფოში ყოფნამ მის ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოახდინა — ცვლილება, რომელმაც იეჰოვა გააცნო. როგორ მოხდა ეს?

გაიგო პრობლემების გამომწვევი მიზეზი და გაძლიერდა

ამ ექვსი თვის მანძილზე ბილი ებრაელთა საავადმყოფოში 19 პარალიზებულ მამაკაცთან ერთად ერთ ოთახში იწვა — ისინი ყველა ორთოდოქსი იუდეველები იყვნენ. ყოველ შუადღეს ეს მამაკაცები ბიბლიის შესახებ მსჯელობდნენ. ბილი, რომელიც რეგულარულად დადიოდა ბაპტისტთა ეკლესიაში, მხოლოდ უსმენდა მათ. მაგრამ საავადმყოფოდან გაწერის დროისთვის მოსმენილიდან მან ის დასკვნა გამოიტანა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მხოლოდ ერთი პიროვნებაა და რომ მოძღვრება სამების შესახებ ბიბლიას ეწინააღმდეგება. შედეგად ამას მოჰყვა ის, რომ ბილი აღარასოდეს წასულა თავის ეკლესიაში. მიუხედავად ამისა გრძნობდა, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად სულიერი ხელმძღვანელობა ესაჭიროებოდა. „ღმერთს დახმარებას ვთხოვდი, — ამბობს ბილი, — და ჩემს ლოცვებზე პასუხიც მივიღე“.

1953 წლის ერთ შაბათ დღეს ბილსა და როუზს შეუარა როი დუგლასმა, ხნიერმა მამაკაცმა, რომელიც ერთ დროს მათ მეზობლად ცხოვრობდა და იცოდა, რომ ბილი სავალალო მდგომარეობაში იყო. როიმ, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ბილს ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, ბილი კი დასთანხმდა. ბიბლიასა და წიგნში „დაე მართალი იყოს ღმერთი“ * წაკითხულმა მასალამ ბილს თვალები აუხილა. მან როუზსაც გაუზიარა ნასწავლი და შესწავლას ისიც შეუერთდა. როუზი იხსენებს: „ეკლესიაში გვეუბნებოდნენ, რომ დაავადება ღვთის სასჯელი იყო, მაგრამ ბიბლიის შესწავლიდან გავიგეთ, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. გულს მოგვეშვა“. ბილი დასძენს: „ბიბლიიდან გავიგეთ, თუ რა იყო საერთოდ პრობლემების, მათ შორის ჩემი დაავადების, მიზეზი; გავიგეთ ისიც, რომ უკეთესი მომავალი გველოდა. ყოველივე ეს ჩემი მდგომარეობის ატანაში დაგვეხმარა“. 1954 წელს ბილმა და როუზმა ახალ მიზანს მიაღწიეს. ისინი მოინათლნენ და იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

შემდგომი ზომების მიღება

ამასობაში, ბილი იმდენად პარალიზებული გახდა, რომ სამუშაოს გაგრძელება აღარ შეეძლო. თავი რომ გაეტანათ, ბილმა და როუზმა როლები გაცვალეს: ბილი დარჩა სახლში ვიკისთან, ხოლო როუზმა საათების ამწყობ კომპანიაში დაიწყო მუშაობა — აქ მან 35 წელი იმუშავა!

«ჩვენს გოგონაზე ზრუნვა უდიდეს სიხარულს მანიჭებდა, — იხსენებს ბილი, — პატარა ვიკისაც სიამოვნებდა მამასთან ყოფნა. ყველას, ვისაც კი შეხვდებოდა, ამაყად ეუბნებოდა: „მე მამიკოს ვუვლი!“. მოგვიანებით, როცა ის სკოლაში წავიდა, საშინაო დავალების შესრულებაში ვეხმარებოდი და ხშირად ერთად ვთამაშობდით. გარდა ამისა, მისთვის ბიბლიური პრინციპების სწავლების შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა».

სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ბილისა და მისი ოჯახისთვის სიხარულის კიდევ ერთი წყარო იყო. სახლიდან სამეფო დარბაზამდე ბილს ერთი საათის განმავლობაში კოჭლობით უნდა ევლო, მაგრამ მას არ გაუცდენია შეხვედრები. მოგვიანებით, ქალაქის სხვა უბანში გადასვლის შემდეგ, ბილმა და როუზმა პატარა ავტომობილი შეიძინეს და როუზს ოჯახი მანქანით მიყავდა დარბაზამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბილს მხოლოდ მოკლე-მოკლედ შეეძლო ლაპარაკი, ის თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაეწერა. ბილი იხსენებს: „ვწერდი იმას, რის თქმაც მინდოდა, სხვა ძმა კი კითხულობდა. გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი მოხსენების შინაარსის მიხედვით რჩევას მაძლევდა“.

კრების სხვა წევრებიც ეხმარებოდნენ ბილს, სამქადაგებლო მსახურებაში რომ რეგულარულად მიეღო მონაწილეობა. მისი შეუპოვრობის შემყურეთ არ გაჰკვირვებიათ ის, რომ მოგვიანებით ბილი სამსახურებრივ თანაშემწედ დაინიშნა კრებაში. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ფეხები სრულიად წაერთვა და დამბლამ უფრო და უფრო დასცა, იძულებული გახდა, თავის ბინაში გამოკეტილიყო, საბოლოოდ კი ლოგინად ჩავარდა. გაუმკლავდებოდა ამ მდგომარეობას?

სიამოვნების მომგვრელი გატაცება

„მთელი დღეების განმავლობაში სახლში ყოფნისას ვფიქრობდი, რა მეკეთებინა, — ამბობს ბილი, — პარალიზებამდე ფოტოსურათებს ვიღებდი ხოლმე. გადავწყვიტე, ხატვა მეცადა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არასოდეს არაფერი დამიხატავს. თანაც, ყოველთვის მარჯვენა ხელით უფრო მეხერხებოდა საქმის კეთება, მაგრამ ახლა მარჯვენა ხელი მთლიანად და მარცხენა ხელის ორი თითი პარალიზებული მქონდა. ასე იყო თუ ისე, როუზმა სამხატვრო ხელოვნებისა და ტექნიკისადმი მიძღვნილი წიგნების მთელი დასტა იყიდა. შევისწავლე ისინი და მარცხენა ხელით დავაპირე ხატვა. ჩემი ნახატების უმეტესობა თავის უკანასკნელ ნავსაყუდელს ნაგვის ყუთში პოულობდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხატვა ვისწავლე“.

ბილისა და როუზის ბინას ამჟამად აკვარელით შესრულებული ნახატების შესანიშნავი კოლექცია ამშვენებს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბილმა თავისსავე მოლოდინს გადააჭარბა და აქაც წარმატებას მიაღწია. „დაახლოებით ხუთი წლის წინათ, — განაგრძობს ბილი, — მარცხენა ხელი ისე ამიკანკალდა, რომ იძულებული გავხდი, ფუნჯი სამუდამოდ გვერდზე გადამედო, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე ამ ჰობიმ უდიდესი კმაყოფილება მომანიჭა“.

კიდევ ერთი მიზანი

ბილი მოგვითხრობს: „50 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო პრობლემები შემექმნა. ბიბლიის კითხვა ახლაც მანუგეშებს, — განსაკუთრებით კი „ფსალმუნებისა“ და „იობის“. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებსაც სიამოვნებით ვკითხულობ. აგრეთვე ძალიან ვმხნევდები, როდესაც ჩვენი კრების წევრები და მიმომსვლელი ზედამხედველები მაკითხავენ და აღმშენებლობით შემთხვევებს მიზიარებენ. გარდა ამისა, სამეფო დარბაზთან სატელეფონო კავშირი იმის საშუალებას მაძლევს, რომ შეხვედრების პროგრამა მოვისმინო; კონგრესების პროგრამის ვიდეოჩანაწერებსაც კი ვიღებ ხოლმე.

მადლიერი ვარ, რომ ასეთი მოსიყვარულე ცოლით ვარ კურთხეული. წლების განმავლობაში ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ჩვენი ქალიშვილიც, რომელიც ამჟამად თავის ოჯახთან ერთად ემსახურება იეჰოვას, უდიდესი სიხარულის წყაროა. განსაკუთრებით ვმადლობ იეჰოვას იმისთვის, რომ მეხმარება, თავის დიდებულ პიროვნებასთან ახლო ურთიერთობა ვიქონიო. დღეს, როდესაც ჩემი სხეული და ხმა უფრო და უფრო სუსტდება, ხშირად ვფიქრობ პავლე მოციქულის სიტყვებზე: „არ ვეცემით სულით; რადგანაც თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, შინაგანი დღითი დღე ახლდება“ (2 კორინთელთა 4:16, სსგ). დიახ, სანამ ცოცხალი ვარ, სულიერად უნდა ვიფხიზლო — ეს არის ჩემი მიზანი“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ; ამჟამად აღარ გამოიცემა.

[ჩანართი 12 გვერდზე]

„ოპერაციის შემდეგ ყლაპვა არ შემეძლო. ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი; დავმუნჯდი“.

[სურათი 13 გვერდზე]

ბილი და როუზი დღეს.