არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გრძნობების მორევში

გრძნობების მორევში

გრძნობების მორევში

„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ უკურნებელი სენი მჭირდა, — იხსენებს ერთი ხანში შესული მამაკაცი, — ვცდილობდი, შიში განმედევნა, მაგრამ გაურკვევლობის გრძნობამ გამთანგა“. მისი სიტყვები ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ სერიოზული დაავადება არა მხოლოდ ფიზიკურად სტანჯავს ადამიანს, არამედ ემოციურადაც. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან ასეთ დარტყმებს. მრავალი მათგანი დაგარწმუნებდათ იმაში, რომ ქრონიკულ დაავადებასთან წარმატებით გამკლავების რამდენიმე საშუალება არსებობს. მაგრამ სანამ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ, მოდი ჯერ კარგად გავეცნოთ იმ გრძნობებს, რომლებიც შეიძლება თავდაპირველად გაგიჩნდეთ.

დაუჯერებლობა, გაგონილის უარყოფა, ნაღვლიანობა

თქვენი გრძნობები შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს სხვა ადამიანების გრძნობებისგან. და მაინც, მედიკოსები და თავად ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ დაავადებულებს ხშირად მსგავსი განცდები ეუფლებათ. თავდაპირველი ელდისა და დაუჯერებლობის შემდეგ შეიძლება გაგონილი უარყოთ: „შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს“, „აქ რაღაც შეცდომაა“, „შეიძლება ანალიზები აერიათ“. ერთმა ქალმა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა. ის შემდეგნაირად აღწერს თავის რეაქციას გაგონილზე: „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს თავზე საბანი გადავიფარე, და ვიმედოვნებდი, რომ, როდესაც თავს ამოვყოფდი, ყველაფერი ჩავლილი იქნებოდა“.

მაგრამ, როდესაც რეალობას თვალს უსწორებთ, გაგონილის უარყოფა გზას უთმობს გულდამძიმებულობის გამომხატველ ნაღვლიანობას, რომელიც საავდრო ღრუბელივით მოქუფრულა თქვენს თავზე და თითქოს გარდაუვალი უბედურების მოახლოებას მოასწავებს. „რამდენ ხანს ვიცოცხლებ?“, „მთელი დარჩენილი სიცოცხლე ტკივილებისგან უნდა ვიტანჯო?“ — ამ და ამის მსგავსმა კითხვებმა შეიძლება მოსვენება დაგიკარგოთ. შეიძლება იმ დროში დაბრუნებას ნატრობდეთ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდით დიაგნოზი, მაგრამ ამის გაკეთება არ ძალგიძთ. ცოტა ხანში შეიძლება სხვა მტკივნეული და ძლიერი გრძნობების მორევშიც აღმოჩნდეთ. რა გრძნობებია ეს?

გაურკვევლობა, წუხილი, შიში

სერიოზულ დაავადებას თქვენს ცხოვრებაში გაურკვევლობა და წუხილი შემოაქვს. „ჩემი მდგომარეობა ისეთია, რომ არ ვიცი, რას ველოდო. ეს კი დროდადრო სიცოცხლეს მიმწარებს, — ამბობს პარკინსონის დაავადების მქონე მამაკაცი, — ყოველდღე იმაზე უნდა ვიფიქრო, ეს დღე რას მომიტანს“. შესაძლოა, თქვენი დაავადებაც გაშინებთ. თუკი ის მოულოდნელად დაგატყდათ თავს, შეიძლება შიშმა შეგიპყროთ. იმ შემთხვევაში, თუკი წლების განმავლობაში რაღაც გაწუხებდათ და იმ დროისთვის არასწორი დიაგნოზი დაუსვამთ, შემდეგ კი თქვენი დაავადების სწორი დიაგნოზი გაიგეთ, შიშმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიჩქმალული იყო, შეიძლება მთელი სიძლიერით იჩინოს თავი. თავდაპირველად შეიძლება შვებაც კი იგრძნოთ იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანები დაიჯერებენ, რომ ნამდვილად ავად ხართ და არაფერს აზვიადებთ. მაგრამ შვების გრძნობამ შეიძლება ცოტა ხანში გაიაროს და შიშმა მოგიცვათ, როდესაც მიხვდებით, თუ რას უნდა ელოდოთ დიაგნოზიდან გამომდინარე.

შეიძლება იმის შიშიც გაგიჩნდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლს დაკარგავთ. თუკი დამოუკიდებლობას აფასებთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში შეიძლება გულს გიღრღნიდეთ ის აზრი, რომ უფრო და უფრო დამოკიდებული გახდებით სხვებზე. შესაძლოა, შიშობთ, რომ ავადმყოფობა თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდება და ყოველ ნაბიჯს გიკარნახებთ.

გულისწყრომა, სირცხვილი, მარტოობის გრძნობა

იმის ცოდნას, რომ თქვენს ცხოვრებაზე თანდათანობით კარგავთ კონტროლს, გულისწყრომის გამოწვევაც შეუძლია. „რაღა მე უნდა დამმართნოდა ეს? რით დავიმსახურე ეს?“ — შეიძლება დაგებადოთ კითხვები. თქვენი ჯანმრთელობის შერყევა უსამართლოდ და უაზროდ გეჩვენებათ. სირცხვილის გრძნობამ და სასოწარკვეთილებამაც შეიძლება მოგიცვათ. ერთი დამბლადაცემული ადამიანი იხსენებს: „ძალიან მრცხვენოდა, რომ ყველაფერი რაღაც არასასიამოვნო შემთხვევის გამო დამემართა!“.

ძალაუნებურად, შეიძლება ხალხისგანაც გაირიყოთ. ავადმყოფობის გამო კარჩაკეტილობას ადვილად მოსდევს საზოგადოებისგან იზოლირება. თუკი დაავადების გამო სახლში ხართ ჩაკეტილი, შეიძლება თავად ვეღარ შეძლოთ ძველი მეგობრების მონახულება, მაგრამ უწინდელზე მეტად გსურდეთ ადამიანებთან კონტაქტი. თავდაპირველი ხშირი მონახულებებისა და სატელეფონო ზარების შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებად შეგეხმიანონ.

რადგანაც გულს გტკენთ ის, რომ მეგობრები თანდათანობით გტოვებენ, ამ მტკივნეული მოვლენის გამო შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოთ. თავისთავად ცხადია და გასაგებიცაა, რომ სხვებთან შეხვედრამდე შეიძლება განმარტოება გესაჭიროებოდეთ, ამისათვის კი გარკვეული დროის გამონახვაა საჭირო. მაგრამ, თუკი ამის გამო უფრო და უფრო გაირიყებით სხვებისგან, შეიძლება საზოგადოებისგან იზოლირებიდან (როდესაც სხვები არ მოდიან თქვენ სანახავად) ემოციურ იზოლირებაში (როდესაც თქვენ არ გსურთ ვინმეს ნახვა) აღმოჩნდეთ. ორივე შემთხვევაში შეიძლება მარტოობის ძლიერ გრძნობასთან მოგიწიოთ ბრძოლა *. დროდადრო შეიძლება იმასაც კი ფიქრობდეთ, გადაიტანთ თუ არა ხვალინდელ დღეს.

ისწავლეთ სხვებისგან

მაგრამ თქვენი მდგომარეობა უიმედო არ არის. თუკი ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესებამ საგონებელში ჩაგაგდოთ, არსებობს პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმითაც შეიძლება გარკვეულწილად შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.

მართალია, სტატიების ეს სერია ვერ გადაწყვეტს ქრონიკული დაავადებით გამოწვეულ თქვენს პრობლემას, როგორიც უნდა იყოს ის, მაგრამ აქ მოცემული ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი მდგომარეობის ატანასა და მასთან გამკლავებაში. სიმსივნით დაავადებულმა ერთმა ქალმა თავისი აზრები და გრძნობები შემდეგნაირად შეაფასა: „გაგონილის უარყოფის შემდეგ ძლიერმა გულისწყრომამ მომიცვა, შემდეგ კი დავიწყე იმის გამორკვევა, ჯერ კიდევ რის ძალა შემწევდა“. თქვენც შეგიძლიათ გაერკვიოთ თქვენს შესაძლებლობებში და ამისათვის მიმართოთ იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი რამ განუცდია. შეგიძლიათ გაიგოთ მათგან, თუ როგორ გამოიყენოთ ის ძალა, რაც გაქვთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 ცხადია, ბევრი ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის ამ სხვადასხვა გრძნობას.

[ჩანართი 5 გვერდზე]

„რაღა მე უნდა დამმართნოდა ეს? რით დავიმსახურე ეს?“ — შეიძლება დაგებადოთ კითხვები.