არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პაწიას აღზრდა ბუნების წიაღში

პაწიას აღზრდა ბუნების წიაღში

პაწიას აღზრდა ბუნების წიაღში

ჩვენი კორესპონდენტისგან კენიაში

აფრიკის ვრცელ, ბალახით დაფარულ ტრამალებში ჩნდება პაწია. გარიჟრაჟზე, როცა მზის სხივები იწვერება, ის ყრუ ხმით ეცემა მიწაზე. დედამისი ფრთხილად იხრება და თავის სველ და ლაპლაპა ახალშობილს მოფანფალებულ ფეხებზე აყენებს. სხვა დედები და დები მოიჩქარიან, რომ ახლოდან კარგად შეათვალიერონ, შეეხონ და დაყნოსონ პაწია. 120 კგ წონისა და 90 სმ სიმაღლის აფრიკული სპილოს ნაშიერი ჯოგის სხვა წევრებში დიდ აღელვებას იწვევს.

ათასობით კილომეტრის მოშორებით, ამერიკის კონტინენტზე, სათითის ზომის მინიატურული ბუდე ხის ტოტზეა მიკრული. აქ კოლიბრის ერთ-ერთი სახეობის (Calypte helenae) წყვილი, რომელიც ზომით მფრინავ მწერებს არ აღემატება, ორ პატარა ბარტყს დასტრიალებს. ეს ჭრელი ფრინველები, რომლებიც გასაოცარი სიჩქარით ფრენენ, გულადი მშობლები არიან; ისინი ცდილობენ, განდევნონ ყველა, ვინც კი მათ პატარებთან მიახლოებას გაბედავს, დიდი ცხოველებისა და ადამიანების ჩათვლით.

ახალშობილი ცხოველები ყველას გვიზიდავს. ბავშვები აღტაცებაში მოდიან ლეკვების დაბადების ხილვით. ვის არ გასცინებია ცელქი კნუტის თამაშზე, დედის ბეწვზე ჩაბღუჯული პაწია მაიმუნის საყვარელ გარეგნობაზე ან ბუს მართვეზე, რომელიც თავისი უსაფრთხო ბუდიდან ფართოდ გახელილი თვალებით გაოცებული იცქირება?

ხშირ შემთხვევაში ცხოველთა ნაშიერნი თოთო ბავშვებივით უსუსურნი არ არიან. ზოგს დაბადებიდანვე, როგორც კი პატარა ფეხებით მიწას შეეხება, შეუძლია ირბინოს. სხვებს მშობლები აღარ პატრონობენ და მთლიანად თავიანთ კმაყოფაზე ტოვებენ — მათ თვითონ უნდა გაიტანონ და დაიცვან თავი. მაგრამ ბევრი ნაშიერისა და პაწია მწერის გადარჩენა მშობლების მიერ აღზრდაზე, დაცვაზე, კვებაზე, წვრთნასა და ზრუნვაზეა დამოკიდებული, რაც, მთლიანობაში, მშობლებსა და მათ ნაშიერებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის შედეგს წარმოადგენს.

არაჩვეულებრივი მარჩენლები

მწერების, თევზების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების უმრავლესობას დიდად არ აღელვებს შთამომავლების კეთილდღეობა. მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც აღნიშვნის ღირსია. ერთი ძალზე უჩვეულო მარჩენალია შიშისმომგვრელი ნილოსის ნიანგი. ეს ცივსისხლიანი ქვეწარმავალი იმდენად დიდ მზრუნველობას იჩენს თავისი ნაშიერისადმი, რომ შეუძლებელია, ეს შეუმჩნეველი დარჩეს. მას შემდეგ, რაც კვერცხებს თბილ ქვიშაზე დადებენ, თავიანთი შთამომავლის დაცვის მიზნით მშობლები ახლო-მახლო ტრიალებენ. როდესაც პატარა ნიანგების გამოჩეკვის დრო ახლოვდება, ისინი ყიყინს იწყებენ, რითაც დედას მიანიშნებენ, ნაჭუჭები მოგვაშორეო. ცოტა ხნის შემდეგ დედა ნიანგი გამოჩეკილ პატარებს თავისი ძლიერი ყბებით ნაზად უყრის თავს და წყალთან მიჰყავს, რომ დაბანოს და ქვიშა მოაშოროს. ცნობილია, რომ მამა ნიანგსაც მიჰყავს ხოლმე თავისი „ბავშვები“ დასაბანად. რამდენიმე დღის განმავლობაში პატარები დედასთან ახლოს არიან წყალში და იხვის ჭუჭულებივით უკან დასდევენ. ამგვარად, ისინი დედის შიშისმომგვრელი ძალით არიან დაცული.

გასაოცარია, მაგრამ ზოგი თევზიც კარგი მშობელია. ტილაპიათა უმრავლესობა, რომლებიც მტკნარ წყლებში ბინადრობენ, ქვირითს პირში ინახავენ. ახლად გამოჩეკილი პაწია ლიფსიტები მშობლებთან ახლოს თავისუფლად დაცურავენ. თუ რამე საშიშროება ახლოვდება, მშობლები ფართოდ აღებენ პირს, რითაც თავიანთ პატარებს საშუალებას აძლევენ, რომ შიგ შევარდნენ და დაიმალონ. საფრთხის ჩავლისას პატარები სამშვიდობოს გამოდიან და თავიანთ ჩვეულებრივ საქმიანობას უბრუნდებიან.

ჭიანჭველებიც, ფუტკრებიცა და ტერმიტებიც შესანიშნავად ზრუნავენ და იცავენ თავიანთ პატარებს. ისინი ცნობილი არიან, როგორც „საზოგადოებრივი“ მწერები; ცხოვრობენ კოლონიებად, თავიანთი კვერცხებისთვის ბუდეს აშენებენ და პატარებს საკვებით უზრუნველყოფენ. ამის ცნობილი მაგალითია მეთაფლია ფუტკარი. სკაში მოკალათებულ პატარებზე ზრუნვისას ათასობით მუშაფუტკარი მხარდამხარ იღწვის. ინსტინქტური სიბრძნე კარნახობს მათ, ააშენონ, შეაკეთონ და დაასუფთაონ თავიანთი „ბაგა-ბაღი“; ამავე სიბრძნით ისინი მის ტემპერატურასა და ტენიანობასაც კი აკონტროლებენ.

მშობლების ფრთებქვეშ

უამრავი ფრინველი არაჩვეულებრივი მშობელია; ბუდის ადგილსამყოფლის შერჩევისას, აშენებისას და ოჯახზე ზრუნვისას ისინი დროსა და ენერგიას არ იშურებენ. შენიშნეს, რომ ბუდობის მთელი 120-დღიანი პერიოდის განმავლობაში ერთმა თავდადებულმა მამალმა რქაცხვირამ 1 600-ზე მეტჯერ მიაკითხა თავის ბუდეს და „ცოლს“ ხილის 24 000-ზე მეტი ლუკმა უწილადა!

მოხეტიალე ალბატროსიც სანდო მარჩენალია. საკვების მოსაძიებლად ეს ფრინველი, პირდაპირი გაგებით, ათასობით კილომეტრზე მიფრინავს, მაშინ როცა ბუდეში დარჩენილი მისი ერთგული „მეუღლე“ მოთმინებით ელის მის დაბრუნებას.

უდაბურ ადგილებში მობინადრე ზოგი ფრინველი პატარების წყურვილის მოსაკლავად ეფექტურ მეთოდს მიმართავს: ისინი წყლის გუბესთან მიფრინავენ, გულმკერდზე ბუმბულს ისველებენ, ხოლო შემდეგ ბუდეში ბრუნდებიან და ბარტყებს სველი ბუმბულებიდან არწყულებენ.

თუ ფრინველთა ზოგ სახეობას ბევრი პირდაფჩენილი ბარტყის გამოკვების ამოცანა მძიმე ტვირთად აწევს, სხვა ფრინველებს „სთხოვენ“, „დაუსხდნენ“ მათ ბარტყებს. ეს დამხმარეები, ჩვეულებრივ, მათი წამოზრდილი „შვილები“ არიან, რომელთაც სურთ, დაეხმარონ მშობლებს ბარტყების გამოკვებასა და დაცვაში.

მშობლები შეჰფოფინებენ თავიანთ პატარებს

მშობლები პატარა ბარტყებს მთელი დღის განმავლობაში თავს დასტრიალებენ და იცავენ. თავსხმის დროს ბარტყები წვიმამ და სიცივემ რომ არ შეაწუხოს, მშობლები ხშირად ფრთებს შლიან და ბუდეს ეფარებიან. შოშიები შესანიშნავი დიასახლისები არიან. ბუდე რომ ტილებისა და რწყილებისგან დაიცვან, ეს საზრიანი ფრინველები გარკვეული შხამიანი მცენარეების ნაწილებს აგროვებენ და ბუდეში და ბუდის გარშემო აწყობენ, რაც მავნე მწერების მომსპობი ან დამაფრთხობელი ინსექტიციდის დანიშნულებას ასრულებს.

შთამომავლის დაცვისას დედა ტყის ქათამი უზადო მოხერხებულობას იჩენს. თუ მის ბარტყს საშიშროება ემუქრება, ის ისე მოაქცევს მას ფეხებსა და სხეულს შორის, რომ არ გაუვარდეს, შემდეგ გაშლის ფრთებს და შორს მიფრინავს; თავისი ძვირფასი ტვირთი მას უსაფრთხო ადგილას გადაჰყავს. როდესაც ხედავენ, რომ მათ ბარტყებს მტაცებელი უახლოვდება, ზოგი გულადი მშობელი დიდი ოსტატობით მოაჩვენებს თავს დაჭრილად, რათა მტაცებელი ბარტყებს მოსწყვიტოს. მტაცებელი რომ ბუდიდან შორს გაიტყუოს, დედა ფრინველი მიწაზე დაჭრილივით აფართხალებს ფრთებს, და როცა საშიშროება ჩაივლის, მყისვე წყვეტს ამ სპექტაკლს და მიფრინავს. ის ფრინველები, რომლებიც ბუდეს მიწაზე იკეთებენ, მტაცებლების შესაშინებლად გარკვეულ ხმებს გამოსცემენ. ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ბუს ერთ-ერთი სახეობა (Speotyto cunicularia) გველივით სისინებს, როცა ატყობს, რომ მისი „ბინით“ ვიღაც დაინტერესდა. პირველი ამერიკელი ახალმოსახლეები დარწმუნებული იყვნენ, რომ პატარა ბუები ჩხრიალა გველებთან „ერთ ჭერქვეშ“ ცხოვრობდნენ, და ამის გამო ისინი სათოფეზე ვერ ეკარებოდნენ მათ საცხოვრებელ ადგილს!

დედა ძუძუმწოვრები

ცხოველთა სამყაროში მშობლის ზრუნვა თავის უმაღლეს საფეხურს ძუძუმწოვართა შორის აღწევს. დედა სპილოები იმდენად ერთგულები არიან თავიანთი ნაშიერების, რომ მთელი 50 წლის განმავლობაში არ წყვეტენ მათთან მჭიდრო კავშირს. ნაშიერი დიდად არის დამოკიდებული დედაზე. თავისი ვეება სხეულით დედა მას მცხუნვარე მზისგან იფარავს, ნაზად აწოვებს ძუძუს და იმის უფლებას აძლევს, რომ თავისი პაწაწინა ხორთუმით მისწვდეს მის პირს და პირიდან ცოტაოდენი მცენარეულობა გამოსტაცოს. დედა რეგულარულად ბანს თავის ნაშიერს — ჯერ ზურგზე წყალს შეასხურებს, მერე კი ხორთუმით „ხეხავს“. პატარა სპილოს მთელი ოჯახი შეჰფოფინებს. ჯოგის წევრი სხვა დედალი სპილოებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯოგის „ახალგაზრდა“ წევრების გამოკვებაში, „აღზრდასა“ და დაცვაში.

სხვა დიდ ძუძუმწოვარას, ბეჰემოთს, შეუძლია, თავისი ნაშიერი წყალში გააჩინოს. დედები პატარებს ძუძუს წყალში აწოვებენ, ნაშიერები მხოლოდ ჰაერის ჩასაყლაპავად ამოყვინთავენ ხოლმე და შემდეგ ისევ წყალში ეშვებიან, სადაც ძუძუს წოვას განაგრძობენ. დედა ბეჰემოთი გააფთრებით იცავს თავის ახალშობილ ნაშიერს.

მწვანე ანთრებიც შესანიშნავი დედები არიან. პატარას დაბადების პირველი საათების განმავლობაში დედა ფრთხილად იკრავს მას გულში; ამ დროს ორივე თუ არა, ერთი ხელი მაინც მის კისერზე ან მხრებზე აქვს მოხვეული. პირველ კვირას პატარა შეიძლება ინსტინქტურად ჩაებღაუჭოს დედის ბეწვს და თავისი დროის უმეტესი ნაწილი ასეთ მდგომარეობაში გაატაროს. დედამ შეიძლება სხვა დედალ მაიმუნებს მისცეს იმის უფლება, რომ მის პატარასთან გაატარონ დრო: მოეფერონ, თითებით ბეწვი დაუვარცხნონ, მოეხვიონ და ეთამაშონ ოჯახის ამ ახალშობილ წევრს.

მართლაც, ბევრი ქმნილება ‘ინსტინქტურად ბრძენია’ (აქ) და თავიანთ პატარებზე ზრუნვისას შესანიშნავ მოხერხებულობას ავლენს (იგავნი 30:24—28). პატარების მოთხოვნილებების შენიშვნის, სიტუაციის შეფასებისა და გონივრულად მოქმედების მათი უნარი, შეუძლებელია, ბრმა შემთხვევითობის შედეგი ყოფილიყო. ეს ყველაფერი გენიალური კონსტრუქტორის — ყოველივეს შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის — გონივრული ჩანაფიქრის შედეგია (ფსალმუნი 103:24).

[სურათი 15 გვერდზე]

ბუს ბარტყები.

[სურათი 16 გვერდზე]

ტილაპიები ქვირითს პირში ინახავენ.

[საავტორო უფლება]

Courtesy LSU Agricultural Center

[სურათები 16 გვერდზე]

ნიანგები ატარებენ თავიანთ პატარებს.

[საავტორო უფლება]

© Adam Britton, http://crocodilian.com

[სურათი 17 გვერდზე]

რქაცხვირა.

[სურათი 17 გვერდზე]

ალბატროსი თავის ბარტყთან.

[სურათი 17 გვერდზე]

შოშია.

[სურათი 17 გვერდზე]

ტყის ქათამი.

[სურათი 18 გვერდზე]

მწვანე ანთრები.

[საავტორო უფლება]

© Joe McDonald

[სურათი 18 გვერდზე]

დედა ბეჰემოთები გააფთრებით იცავენ თავიანთ პატარებს.

[სურათი 18 გვერდზე]

დედა ბაბუინები უვლიან პატარებს.

[საავტორო უფლება]

© Joe McDonald